სასამართლო

განათლება

უსაფრთხოება

თავდაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურა

გადასახადები

საბანკო რეგულაციები

საპენსიო სისტემა

მონეტარული პოლიტიკა

დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობა

მეცნიერება, კულტურა, სპორტი

ჯანდაცვა

ენერგეტიკა

მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა

მალე დაემატება

პრობლემა 1

საქართველოში სასამართლო ყოველთვის ექვემდებარებოდა პოლიტიკურ ხელისუფლებას. საბჭოთა კავშირში, სადაც საქართველომ იძულებით 70 წელი გაატარა, სასამართლო უშუალოდ ექვემდებარებოდა კომუნისტურ პარტიას. ამ ყველაფერმა მართლმსაჯულების რეპუტაცია დაასამარა, რის შედეგებსაც საზოგადოება დღემდე იმკის. ადამიანებს ნაკლებად სურთ, რომ სასამართლოს მიმართონ და არ აქვთ იმედი, რომ მიმართვის შემთხვევაშიც, სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. შესაბამისად, მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ სახელმწიფოს თვითნებობისგან ინსტიტუტები დაიცავს. მოქალაქეები თუ მიიღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში, სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზრდება. ამის უზრუნველყოფა კი შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენებით. 

საქართველოს კონსტიტუციაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ჩანაწერი ჩნდება 2004 წლის 6 თებერვალიდან: “საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.” საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კი ეს ინსტიტუტი ჩნდება 2010 წლიდან, თუმცა წლების განმავლობაში მისი განსჯადობის პრაქტიკაში უზრუნველყოფა ვერ ხერხდებოდა. 2016 წლის 24 ივნისს საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გავრცელდა დანაშაულთა მცირე ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის მაჩვენებელი სხვა დანაშაულებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ეს დანაშულებია მაგ. მკვლელობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება, ფალსიფიკაცია, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია და ა.შ. გარდა ამისა, პროკურატურა იყენებს მექანიზმებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვა. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია კვალიფიკაციის ცვლილება ისეთ დანაშაულზე, რომელზეც არ ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულს სურდა ამ ინსტიტუტის მიერ საქმის განხილვა, თუმცა მოგვიანებით ამაზე უარი უთქვამს. 

პრობლემა 2

საქართველოში ხშირად ფიქსირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლა. ასეთ დროს დგება საკითხი, თუ ვის უნდა მიმართონ მოსამართლეებმა, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა ან პროცესის სხვა მონაწილეებმა. საგამოძიებო უწყებები პოლიტიკური ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ  და ზემოაღნიშნულ შემთხვევებზე პრაქტიკულად არ რეაგირებენ.

პრობლემა 3

დღეს, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2018 წლის 28 სექტემბრის კვლევის თანახმად, წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკა, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემაზე არსებული არასრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები.

დღეს არ არის შემუშავებული შეფასების სისტემა, რომელზე დაყრდნობითაც დავადგენდით, თუ რის მიხედვით ხდება მოსამართლეებზე სახელფასო დანამატების გაცემა. 

ეს პირდაპირ ასუსტებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. საკანონმდებლო რეგულირების არ არსებობა ტოვებს სივრცეს სისტემის ბოროტად გამოყენების და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

პრობლემა 4

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში კოლეგიური შემადგენლობის განსაზღვრის უფლებამოსილება სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ მინიჭებული. რაც შეეხებათ მოსამართლეებს, რომლებიც საქმეებს ერთპიროვნულად განიხილავენ, აგრეთვე სპეციალიზებულ მოსამართლეებს - მათ შორის საქმეები ნაწილდება შემთხვევითი განაწილების პრინციპით, რიცხვების გენერირების ალგორითმის საფუძველზე.

 სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში, კოლეგიური შემადგენლობის პირობებში საქმის განხილვისას, ელექტრონული პროგრამის საშუალებით, საქმე მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეზე/მომხსენებელ მოსამართლეზე ნაწილდება.

ამის გამო უფრო მარტივია სასამართლო პროცესის მანიპულირება და მასში ხელოვნური ჩარევა, რაც მნიშვნელოვნად არღვევს მიუკერძოებელი სასამართლოს გარანტიას. არსებობს შესაძლებლობა, წინასწარ შეირჩეს მოსამართლე, რომელსაც დაეწერება კონკრეტული საქმე. 

პრობლემა 5

იმისათვის, რომ იურისტი მოსამართლედ დაინიშნოს, საჭიროა მან დააკმაყოფილოს არაერთი კრიტერიუმი, მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. ეს კურსი გრძელდება 16 თვის განმავლობაში, რომლის მიმდინარეობის პერიოდშიც მსმენელს არ აქვს უფლება, სხვაგან იმუშაოს. იგი იღებს სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები, რაც დაახლოებით ყოველთვიყრად 1300 ლარს შეადგენს. კურსის წარმატებით გავლა მსმენელს არ აძლევს გარანტიას, რომ მოსამართლედ დაინიშნება. შესაბამისად, ეს ქმნის ხელოვნურ ბარიერს კომპეტენტური იურისტებისათვის, რომლებსაც სურთ მოსამართლეობა. 

1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გავრცელდება ყველა დანაშაულზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავაზე და ისეთ დავებზე, სადაც ერთ-ერთი მხარე არის მედია, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო დაწესებულება ან რელიგიური გაერთიანება.

2. მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები არ იქნება შეზღუდული კონკრეტული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით და ამასთან, არ იქნება მიბმული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მანდატურის სამსახური იქნება სრულფასოვანი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს მართლმსაჯულების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს. მანდატურის სამსახურს ექნება ბრალდებულის დაკავების და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების უფლება. ასევე, მანდატურის სამსახური დაიცავს მოწმეებს და პროცესის სხვა მონაწილეებს;

3. გაუქმდება მოსამართლეთა სახელფასო დანამატები. მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსგან;

4. საქმეები სამივე ინსტანციაში გადანაწილდება ელექტრონული სისტემით;

5. გაუქმდება იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

მალე დაემატება 

მალე დაემატება