მალე დაემატება
პრობლემა 1
საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სასამართლო სისტემის გადატვირთულობაა, რომელიც აფერხებს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმეთა გაჭიანურების ტენდენცია საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით. ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. სასამართლოში საქმეთა გადატვირთულობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ადამიანური რესურსის, კერძოდ, კი სამოქალაქო სამართლის პროფილის მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016-2019 წლის სტატისტიკის თანახმად, წლიდან წლამდე იმატებს განსახილველი საქმეების ნაშთი. ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო მოსამართლეები ვერ ახერხებენ საანგარიშო წლის განმავლობაში შესული საქმეების სრულად განხილვას. აქედან გამომდინარე, დარჩენილი საქმეები გადადის შემდგომ წელზე და ემატება სასამართლოში შესულ საქმეთა ახალ ნაკადს. ეს ციკლი გრძელდება ყოველ წელს და მუდმივად იზრდება განსახილველი საქმეების რაოდენობა.
რაც შეეხება უშუალოდ საქალაქო და რაიონული სასამართლოების დატვირთულობას - განსახილველი საქმეების ნახევარზე მეტი თბილისის საქალაქო სასამართლოში შედის. შესაბამისად, საქმეთა რაოდენობის კუთხით ყველაზე დატვირთული ეს სასამართლოა, სადაც დღევანდელი მდგომარეობით სამოქალაქო სამართლის პროფილის 60 მოსამართლე მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, ყველაზე დატვირთულია იმერეთის და აჭარის სასამართლოები, სადაც განსახილველი საქმეების 9-12% შედის. Მიუხედავად იმისა, რომ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ყველაზე მეტი მოსამართლე მუშაობს, მათი რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი, რადგან ყოველწლიურად იზრდება ამ სასამართლოებში დაუმთავრებელ საქმეთა რიცხვი.
პრობლემა 2
სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება საარბიტრაჟო წარმოებაა. არბიტრაჟი არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც კერძო სექტორი ქმნის და აქვს განხილვის საკუთარი წესები. არბიტრაჟის ტრიბუნალს მისი არაერთი უპირატესობის მიუხედავად, საკმაოდ იშვიათად იყენებენ საქართველოში.
პირველი და უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ დავათა გადაწყვეტის შემდეგ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელია სასამართლო კონტროლის გავლა, იგივე ცნობა-აღსრულება. აღნიშნულ პროცედურას საქართველოში მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზე ასრულებენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, ხოლო საქართველოს საზღვრებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა ისედაც მცირე რაოდენობიდან (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით სააპელაციო სასამართლოში - 38 მოსამართლე (31-თბილისი, 6-ქუთაისი), უზენაეს სასამართლოში - 13 მოსამართლე) კიდევ უფრო ნაკლები მუშაობს არბიტრაჟის საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ცნობა-აღსრულებისთვის 30 დღიანი ვადაა დადგენილი, დღევანდელ რეალობაში, ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი და არანაირი პრაქტიკული გამოყენება მას არ აქვს. საშუალოდ ცნობა-აღსრულების პროცედურა 1 წლიდან 2 წლამდე მერყეობს და ზოგჯერ ამ ვადასაც სცილდება. მიუხედავად იმისა, რომ საარბიტრაჟო განხილვა შესაძლოა შემჭიდროებულ ვადებში დამთავრდეს, თავად გადაწყვეტილების აღსრულება ზემოაღნიშნული მიზეზების გამო მუდმივად ჭიანურდება, რაც არბიტრაჟს მთავარ უპირატესობას - დავის მოკლე ვადაში გადაწყვეტას - უკარგავს. შესაბამისად, მხარეები არ არიან დაინტერესებულნი, გამოიყენონ დავის განხილვის ეს მექანიზმი.
ამასთანავე, გაჭიანურების ნაწილში პრობლემას წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებაზე დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 90 დღიანი ვადა.
ცნობა-აღსრულების პროცედურა პრობლემურია სხვა ნაწილშიც. კანონით განსაზღვრულია, რომ მხარემ ცნობა-აღსრულებისთვის უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი პირდაპირ განსაზღვრავს დოკუმენტთა ჩამონათვალს, თუ რა არის აუცილებელი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისთვის, მოსამართლეს არ ეკრძალება, მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. პრაქტიკაში, მოსამართლეები ითხოვენ საქმის მასალებს, სცდებიან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროცედურულ საფუძვლებს, შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში და ხშირ შემთხვევაში ცვლიან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. ეს ყოველივე კი აზრს უკარგავს მხარის მიერ დავის გადასაწყვეტად არბიტრაჟის არჩევას.
ცნობისა და აღსრულების პროცედურის გარდა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლოში საქმეთა შედინებას და განტვირთავს მას. იმისათვის, რომ მხარეთა შორის დავა განიხილოს არბიტრაჟმა, აუცილებელია, რომ დავის წარმოშობამდე მხარეებს შორის გაფორმებული წინასწარი საარბიტრაჟო შეთანხმება. ეს დამაბრკოლებელი გარემოებაა არაერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, რომლებსაც ამგვარი შეთანხმება არ გაუფორმებიათ, მაგრამ დავის წარმოშობის შემდგომ სურთ არბიტრაჟისთვის ერთობლივად მიმართვა.
პრობლემა 3
სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალებაა დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალებების, მათ შორის მედიაციის ხელმისაწვდომობა. მედიაცია გულისხმობს პროცესს, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის შეთანხმებით დასრულებას. სასამართლო მედიაცია ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში. სასამართლო მედიაციას საქმე იშვიათად გადაეცემა, მხარეებს არ აქვთ საკმარისი მოტივაცია, რათა ისარგებლონ აღნიშნული მექანიზმით.
1. პირველ ინსტანციაში სამოქალაქო სამართლის პროფილის მიმართულებით მოსამართლეთა რაოდენობა გაორმაგდეს და გახდეს 200, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით კი 40-40 და გახდება 70-70.
2. საქართველოში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა განახორციელონ პირველი ინსტანციის მოსამართლეებმა. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურა განახორციელონ მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა. კანონით განისაზღვროს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედნის ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლის, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედნისა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლის გარდა, მოსამართლეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სხვა, საქმესთან დაკავშირებული მასალები, რომლებიც საარბიტრაჟო წარმოების დროს იქნა გამოყენებული. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მხარემ საჩივარი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ნაცვლად 90 დღისა. “მომხმარებელთა არბიტრაჟის” შექმნა, რომელიც წინასწარი შეთანხმების გარეშე, Post factum განიხილავს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის წარმოშობილ დავებს.
3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის არსებული სისტემა შეიცვლება ბრიტანული მოდელით, რაც გულისხმობს საქმის განხილვის ბაჟის ცალკე განსაზღვრას.
მალე დაემატება
მალე დაემატება