თავისუფლების ინსტიტუტი ოფიციალურად შეიქმნა 1996 წლის 22 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა.

ის აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების, განათლების რეფორმის, დემოკრატიული ღირებულებების, ანტი-კორუფციული და სხვა მიმართულებებით ცნობიერების ამაღლებისათვის.

თავისუფლების ინსტიტუტმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად 2003 წელს გამოაქვეყნა მანიფესტი „კმარა ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ,“ რომელიც მიზნად ისახავდა იმ პერიოდის საქართველოს რეფორმირებას, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების დანერგვასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.

მანიფესტის პუნქტები მოიცავდა სახელმწიფო მართვის საბჭოური სისტემის რეფორმას, სახელმწიფო თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონებისა და შემოსავლების ჩამორთმევის კანონის მიღებას, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების გაძლიერებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას და ლიბერალური საგადასახადო კოდექსის მიღებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, თბილისისა და ფოთის მერების არჩევითობას, 2007 წლამდე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას, შეიარაღებულ ძალებში გაწვევის სისტემის გაუქმებას და პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას, ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღებას, სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ადამიანის უფლებების დაცვის, შეჯიბრობითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებას, საპენსიო და სახელფასო დავალიანებების 2006 წლამდე სრულ დაფარვას, საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის მინიჭებას, სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევითობას, განათლების დაფინანსების სტიპენდიური სისტემის შემოღებას, სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას, სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნას.

გარდა სხვადასხვა სახელმძღვანელოების, კვლევებისა და ჟურნალისტური გამოძიებებისა, ორგანიზაცია გამოსცემდა ჟურნალს “თავისუფლება”.

2003 წლის ვარდების რევოლუციასა და შემდგომ გატარებულ რეფორმებში თავისუფლების ინსტიტუტს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის "კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევის" შეფასებით, “როდესაც საქართველოში შესაძლებლობა გაჩნდა რეფორმატორების ამ ჯგუფის დიდი ხნის გამომუშავებული იდეოლოგიური სიმტკიცე არსებითი იყო ახალი მთავრობის სწრაფად მოქმედებისთვის".

თავისუფლების ინსტიტუტი განახლდა 2019 წლის 20 აგვისტოს კრების ოქმით.

განახლებული თავისუფლების ინსიტუტის გამგეობის წევრები: ბექა მინდიაშვილი, გიორგი ბედინეიშვილი, გიორგი მელაძე, ვახტანგ ლეჟავა, თამარ ჩერგოლეიშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ლევან რამიშვილი, ნინო გოგიბერიძე, ქეთევან მსხილაძე.

აღმასრულებელი დირექტორი სალომე ხვადაგიანი.

თავისუფლების ინსტიტუტის მიზანია ბუნებითი სამართლისა და თავისუფლების დაცვა და გავრცელება.

ინსტიტუტი თავისი საქმიანობით ესწრაფვის, დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში, რამაც პლურალისტური დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების აშენებამდე უნდა მიგვიყვანოს.