პროექტები

თავისუფლების მხარდაჭერის ქსელის მიზანია გაუმკლავდეს საქართველოს მთავრობის ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

თავისუფლების მხარდაჭერის ქსელი აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილების და ორგანიზაციული კუთვნილების მქონე 300-ზე მეტ მოხალისეს, რომელთა მიზანია მომიტინგეების უფლებების დაცვა, დემოკრატიის მხარდაჭერა და საქართველოში ევროპული ღირებულებების განმტკიცება.

2024 წლის 28 ნოემბერს ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას მოჰყვა ხალხმრავალი გამოსვლა და საზოგადოების მშვიდობიანი წინააღმდეგობა. მთავრობამ პროტესტის გაჩერება ძალადობრივად სცადა - დაიჭირა ხუთასზე მეტი ადამიანი, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია 300-ზე მეტი დაკავებული.

თავისუფლების მხარდაჭერის ქსელის ფარგლებში მუშაობს მოხალისეთა 6 ჯგუფი: ცხელი ხაზის, ადვოკატების, ექიმების, საინფორმაციო-ანალიტიკური, გარე აქტივობების, ანალიტიკოსებისა და ლოჯისტიკის ჯგუფები.

ცხელი ხაზის ჯგუფი ეხმარება დაკავებულების ოჯახის წევრებს მათი ახლობლების მოძიებაში და შემდგომ დაკავებულისთვის შესაბამისი იურისტის მოძებნაში.

იურიდიული ჯგუფი აერთიანებს მოხალისე ადვოკატებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან და იურიდიული ფირმიდან, უფასო კონსულტაციას უწევს აქციაზე დაზარალებულ მომიტინგეებს და მათი ოჯახის წევრებს; დაკავებულებს სთავაზობს სასამართლო წარმომადგენლობას და თვალყურს ადევნებს მთავრობის ძალადობრივ ქმედებებს საერთაშორისო ადვოკატირებისთვის.

სამედიცინო ჯგუფი აერთიანებს ექიმებისა და ექთნების ხუთ მობილურ ჯგუფს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე პირველად დახმარებას და გადაუდებელ სამედიცინო ტრანპორტირებას.

საინფორმაციო ანალიტიკური ჯგუფი ქმნის შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ საპროტესტო გზავნილებს, მულტი-მედია პროდუქციას, პოსტერებს, საინფორმაციო ბუკლეტებს, ვიდეო-ამხსნელებს, რათა გააძლიეროს წინააღმდეგობის მოძრაობის ხმა. ჯგუფი აკვირდება პრორუსულ და სამთავრობო ტელეარხებს, აანალიზებს პროპაგანდის მთავარ გზავნილებს და ებრძვის დეზინფორმაციას.

გარე აქტივობების ჯგუფის მიზანია საპროტესტო მოძრაობის გზავნილების გავრცელება, პოსტერების გაკვრა, ფლაერების დარიგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პოსტერების ჩამოხევასა და განადგურებაზე ქართულ ოცნებას ყოველდღიურად უწევს რესურსის ხარჯვა.

ლოჯისტიკის ჯგუფს ევალება საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერა რესურსების ეფექტური კოორდინაციის გზით. რაც გულისხმობს - მოხალისეების ტრასპორტირებას, მათ შორის, მოხალისე ადვოკატების წაყვანას რეგიონის იზოლატორებში; გარე აქტივობის ჯგუფის დახმარებას პოსტერების გავრცელებაში.

პროექტის მიზანია მოიკვლიოს და ეფექტურად გაავრცელოს ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ რუსული კომპანიების სერვისისა ან/და რუსული წარმოშობის პროდუქტების შესყიდვის შესახებ.

მსგავსი შესყიდვები კავშირშია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან და კორუფციულ რისკებთან, აგრეთვე რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდასთან.

კვლევის ბენეფიციარია ფართო საზოგადოება, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ რუსული სერვისისა თუ პროდუქტის შესყიდვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ამ საკითხებზე საზოგადოებაში დისკუსიის წახალისების მიზნით “თავისუფლების ინსტიტუტი” აქტიურად იმუშავებს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, მათ შორის მედიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.

პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

პროექტი მიზნად ისახავს დევნილ ქალთა ომის გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდას, დავიწყებულ და მიჩქმალულ მსხვერპლთათვის სასაუბრო პლატფორმის მიცემას, საზოგადოების მხრიდან მათ შემჩნევას და მათი გამოცდილების აღიარებას.

პროექტის ფარგლებში შეგროვდება ისტორიები და გამოქვეყნდება კვლევა ომის დანაშაულების გენდერულ ასპექტებზე.

პროექტი დაიწყო 2023 წლის 1 მაისს და გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში. პროექტის უფროსი მკვლევრები არიან თინა ცომაია და ია შალამბერიძე, რომელთაც აქვთ ფემიციდის თემაზე მუშაობის გამოცდილება. პროექტში ჩართულნი არიან, ასევე, მკვლევრები აფხაზთა კრებიდან, დალი ტაბაღუა და ცოტნე პატარაია. აფხაზთა კრება 1990-იანი წლებიდან აგროვებს დევნილთა ისტორიებს.

პროექტი ხორციელდება ფინეთის საელჩოს მხარდაჭერით. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფინეთის საელჩოს პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. პროექტის პარტნიორია ონლაინ მედია ტაბულა.

თავისუფლების ინსტიტუტმა პარტნიორებთან (აფხაზთა კრება, ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება) დაიწყო აფხაზეთში რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ქართველთა გენოციდად აღიარების კამპანია.

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების არ არსებობამ ხელი შეუწყო რუსეთის და მისი ეფექტური კონტროლის ჯგუფების მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი დანაშაუალებების მტკიცებულებები ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო და გამხდარიყო მხოლოდ არქივების საკუთრება. პარტნიორებთან ერთად სწორედ ამიტომ დავიწყეთ კამპანია - ბუჩამდე იყო აფხაზეთი - რათა მივცეთ ამოთქმის საშუალება რუსეთის სისასტიკის დავიწყებულ მსხვერპლთ. კამპანიამ დაიმსახურა საერთაშორისო მედიის, ყურადღება.

ჩატარდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმების ჩვენება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში საქართველოს მასშტაბით, და ორი ინტერაქციული გამოფენა “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” თბილისსა (კლუბი ხიდი) და ქუთაისში (კლუბი ბუდე).

კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია “აფხაზეთი უკრაინის შემდეგ” კახა ბენდუქის კამპუსში.

გენოციდის აღიარების კამპანია გრძელდება.

ხელი მოაწერე პეტიციას.

თავისუფლების ინსტიტუტი 2022 წლის ნოემბრიდან იწყებს ახალ პროექტს - პოლიტიკური ცვლილებების სკოლა.

სკოლა მასპინძლობს ყოველკვირეულ დისკუსიებს, სადაც მონაწილეებთან ერთად ცვლილებათა ისტორიის პერსპექტივით ვმსჯელობთ, როგორ ვაქციოთ პოლიტიკურად შეუძლებელი - პოლიტიკურად გარდაუვალად.

პროექტში მონაწილეობისთვის შეავსეთ ფორმა - https://forms.gle/V87G1SNWkQhgVMt56

თავისუფლების ინსტიტუტი რეფორმების საგზაო რუკის მზადებას იწყებს.

პროექტი ახალი რესპუბლიკა შეიმუშავებს პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს მომავალ ლიდერებს ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან ყველა ძირითადი სფეროს ფუნდამენტურ გარდაქმნაში დაეხმარება.

ნდობის მანდატი მოპოვებისთანავე იმ რეფორმებში უნდა დაბანდდეს, რომლებიც თავისუფლებას, სამართლიანობასა და სოლიდარობას მაღალი იდეალებიდან პრაქტიკულ ცვლილებებად აქცევს. ამის გარეშე, დასავლური ღირებულებების კეთილისმყოფელ გავლენას თითოეული მოქალაქე საკუთარ ცხოვრებაზე უშუალოდ ვერ იგრძნობს და თავს კიდევ ერთხელ ჩათვლის მოტყუებულად.

გარდაუვალი კრახისთვის განწირული ბოროტების იმპერიის უკანასკნელი გაბრძოლება ტოლი ძალის უკუქმედებას აღძრავს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხელახალი დამონების წარუმატებელი მცდელობა თავისუფლების მძლავრ იმპულსად გარდაიქმნება. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ეს ენერგია უაზროდ გაიფლანგება თუ საქართველოს ევროპულ მომავალს მოხმარდება.

30 წლის წინ ჩვენი ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ხალხთა საპყრობილის ნგრევით მოცემულ შანსს, ცენტრალური ევროპის ერებთან ერთად დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის წიაღში.

20 წლის წინ თავისუფლების ინსტიტუტის მონაწილეობით შემუშავებული გარდაქმნების გეგმა - 10 ნაბიჯი თავისუფლებისათვის - რეფორმისტული ძალების კონსოლიდაციის საფუძველი გახდა და თავისი წვლილი შეიტანა ვარდების რევოლუციის წარმატებაში. ამის მიუხედავად, საბჭოთა გადმონაშთებისგან სრული გათავისუფლება ვერ მოვახერხეთ, შემდეგ კი, ჩავარდნების გამოსწორების ნაცვლად, მკვეთრი უკუსვლა დავიწყეთ.

სახელმწიფოს გადაგვარება იმ ხარისხისაა, რომ მისი ხელახლა დაფუძნების გარეშე ყველა ცალკეული რეფორმა ფუჭი იქნება. მიტაცებული სახელმწიფო საერთო სიკეთის სამსახურში უნდა ჩადგეს და მისი ცენტრი პიროვნების ღირსება გახდეს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკა, როგორც ბუნებით სამართალზე დაფუძნებული, წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა ურღვევი ხელშეკრულება.

ჯერაც ძნელია იმის თქმა, თუ როდის შევძლებთ ისტორიის ამ ფურცლის დახურვას, მაგრამ როცა ეს მოხდება, დიდია ალბათობა, რომ შესაძლებლობათა ახალი ფანჯარა კვლავაც ვერ გამოვიყენოთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართველი პოლიტიკოსების უმწიფრობა შეიძლება გახდეს. მათ შემზარავ უმრავლესობას არ გააჩნია საზოგადოების წინ წაყვანის არც ინტელექტუალური და არც მორალური რესურსი.

ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გაამყარა განცდა, რომ პოლიტიკური კლასი უპრინციპო ოპორტუნისტებისა და ეგომანიაკი პოპულისტებისგან შედგება. ნიჰილისტური მოლოდინი, რომ ოპოზიციიდან მთავრობაში შესაკრებთა გადანაცვლებით რიგითი მოქალაქისათვის სასიკეთოდ საერთო ჯამში არაფერი იცვლება, წინსვლას შეუძლებელს ხდის.

უიმედობას, ცინიზმსა და დემაგოგიას მხოლოდ იდეათა შეჯიბრში დავამარცხებთ. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ბრძოლაა, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოებას ეკისრება. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ იმ ძალების გაძლიერებას, რომლებიც მზად არიან, პოლიტიკაში შემოიტანონ მორალური სიცხადე და აქვთ ინტელექტუალური პოტენციალი, იმოქმედონ ისტორიული გამოწვევების შესაბამისად, არც ცივსისხლიანობა შემოგვასაღონ პრაგმატიზმად და არც ცხელთავიანობა - პატრიოტიზმად.

პირველ რიგში, თავი უნდა დავაღწიოთ ყალბი დილემების ხაფანგს - თითქოს ქრისტიანობა და ლიბერალიზმი, უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, ერთმანეთთან შეუთავსებელია და ან ერთი უნდა ავირჩიოთ ან მეორე. ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია იმის გაცნობიერებაზე, რომ ტრადიცია და ინოვაცია, ინდივიდუალიზმი და სოლიდარობა არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ფასეულობებია.

ყოველივე ეს ახლებური საჯარო ალიანსების მშენებლობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან.

არქივი

თავისუფლების აკადემია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესებას, აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობას და ადგილობრივების ჩართვას პოლიტიკის შექმნის პროცესში. 

თავისუფლების აკადემია აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარებს ასწავლის. შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: პოლიტიკის ადვოკატირება და შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენება საჯარო პოლიტიკის პრობლემების გადასაწყვეტად, საარჩევნო გარემო და დემოკრატია, აქტივიზმის ფორმები - როგორ ვიყოთ რადიკალურად მშვიდობიანი? აქტვიზმი სმარტფონების ეპოქაში, როგორ გადავიღოთ ამბავი,  როგორ დავწეროთ საგამოძიებო სტატია, როგორ გავუმკლავდეთ სიძულვილის ჯგუფებს, საჯარო ინფორმაციის მოძიების გზები, და სხვა.

მონაწილეებმა თეორიული კურსის გავლის შემდეგ დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია მათთვის საინტერესო თემებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

პროექტი ჩატარდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში 2021 წელს. პროექტის შედეგად ქალაქ ბათუმში შეიქმნა ადგილობრივი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი 'არ გადადო', რომელიც მოგვიანებით ორგანიზაციად დარეგისტრირდა. არ გადადო მუშაობს სოციალურ თემებზე, ავარიულ სახლებზე, სკოლების წინ უსაფრთხოების ნორმებსა და ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების გამოწვევებზე.
 

თავისუფლების აკადემია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ახალგაზრდების პოლიტიკით დაინტერესებას, აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობას და ადგილობრივების ჩართვას პოლიტიკის შექმნის პროცესში.

თავისუფლების აკადემია აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარებს ასწავლის. შეხვედრები ჩატარდა შემდეგ თემებზე: მედია როგორც ვოჩდოგი - როგორ გადავიღოთ ამბავი? თვითმმართველობის ორგანოები, უფლებამოსილებები და კონტროლის მექანიზმები; რა უნდა ვიცოდეთ საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან ურთიერთობისას; არაძალადობრივი აქტივიზმის სტრატეგია; როგორ აღმოვაჩინოთ ფლნაგვა; ქართული აქტივიზმის თვითორგანიზების ისტორია; და სხვა.

მონაწილეებმა თეორიული კურსის გავლის შემდეგ დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია მათთვის საინტერესო თემებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში.პროექტი ჩატარდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისში 2022 წელს. პროექტის შედეგად ქალაქ ქუთაისში შეიქმნა ადგილობრივი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი 'როდემდე?!'.

როდემდე მუშაობს ქალაქ ქუთაისში სანიაღვრე სისტემისა და დასუფთავების პრობლემებზე.

სიახლეები