თბილისის მერიის დაფუძნებულმა შპს თბილსერვის ჯგუფმა 2022 წლის 23 სექტემბერს გამოაცხადა ტენდერი 10 ცალი კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი მანქანის შესაძენად, რომლის ღირებულება შეადგენდა 4 879 984 ლარს.
თბილსერვის ჯგუფის მიერ შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურად იყო გაწერილი ის მახასიათებლები, რომლებიც შესასყიდ ტექნიკას უნდა დაეკმაყოფილებინა, რაც ნორმალური პრაქტიკაა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შესყიდვების შესახებ კანონი დაუშვებლად მიიჩნევს შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლების განსაზღრისას მათ ზედმეტ კონკრეტიზაციას, რათა კონკურენცია არ შეიზღუდოს და მაქსიმალურად იყოს ტენდერი მორგებული სხვადასხვა წარმოების პროდუქციასა და მომსახურებას. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს ბიზნეს ჯგუფი 2010-მა, რომელიც არის რუსული კომპანია კამაზის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რისი დამადასტურებელი სერთიფიკატიც კომპანიამ სწორედ ამ ტენდერის მიმდინარეობისას ატვირთა. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანოსთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მათი სატენდერო პირობებით რუსულ ავტომობილებს შეიძენდნენ. კომპანიამ 10 კამაზი 2023 წლის მარტის და აპრილის თვეებში მიაწოდა თბილსერვის ჯგუფს, ღირებულებით 4,442,000 ლარი.
მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რუსული წარმომავლობის ავტომანქანების შეძენის შესახებ, მომზადდა არაერთი სიუჟეტი და კვლევა, რომლებიც აკრიტიკებდა მერიას რუსული წარმოშობის ტექნიკის შეძენის გამო, მათ შორის ფლანგვის დეტექტორმა მოამზადა სტატია რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ სს კამაზი (ПАО КАМАЗ) და სს კურგანდორმაში (АО КУРГАНДОРМАШ), ანუ კომპანიები რომლისგან შპს ბიზნეს ჯგუფ 2010 ავტომანქანებს ყიდულობდა, სანქცირებული იყო დასავლური სახელმწიფოების მიერ, კერძოდ: 2022 წლის მარტში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალები, სადაც ასახული იყო თუ როგორ მართავდნენ რუსი სამხედროები კამაზის ტვირთმზიდავებს ბელარუსის ტერიტორიაზე და როგორ გადაჰქონდათ სპეციალური სარაკეტო სისტემა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული JSC NPO High Precision Systems-ის მიერ იყო წარმოებული. მოგვინებით "Bellingcat-ის ცნობილმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ იყენებენ რუსეთის სამხედროები “KAMAZ”-ის სატვირტო მანქანებს უკრაინის ტერიტორიაზე. ამას გარდა კომპანია აფილირებულია რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Rostec-თან, რადგან მისი წილების 50 პროცენტი სწორედ Rostec-ის საკუთრებშია".
"შესაბამისად, 2022 წლის მარტში რუსული კომპანია KAMAZ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დაასანქცირა. კომპანია დაასანქცირა ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც, ესენია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია ახალი ზენლანდია, შვეიცარია. საინტერესოა, რომ OFAC-მა ასევე დაასანქცირა KAMAZ-თან დაკავშირებული ყველა კომპანია, რომელიც კონტროლდება KAMAZ-ის მიერ ან მისი სახელით ოპერირებს ბაზარზე".
შესაბამისად, თბილსერვის ჯგუფისთვის 2022 წლის შემოდგომაზე, ტენდერის გამოცხადების დროისთვის, უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო კომპანია კამაზის სანქცირებისა და მისი საეჭვო წარსულის შესახებ, კერძოდ, მისი კავშირის შესახებ რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან და უკრაინის ომში რუსეთის არმიის მომარაგებაში გაწეულ წვლილზეც. მიუხედავად ამისა ხელშეკრულება მაინც გაფორმდა და თბილისის მერიამ რუსულ კამაზებში 4 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. როდესაც თბილისის მერ კახა კალაძეს ამ საკითხზე შეკითხვები დაუსვეს, მან თავი იმართლა, რომ თბილისის მერიას არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რითაც აღნიშნულ ტენდერში რუსული, სანქცირებული პროდუქციის შესყიდვას ხელს შეუშლიდა. „თბილისის მერია არ განსაზღვრავს, რომელი კომპანიიდან უნდა იყოს შესყიდული ტექნიკა და არანაირი უფლება არ აქვს, კანონით განსაზღვროს, რომელი ქვეყნიდან ან რომელი ფირმის უნდა იყოს ტექნიკა. თბილისის მერია აცხადებს შესაბამის ტენდერს, რომელიც არის კანონით გაწერილი. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, აღნიშნულ კომპანიებს ვერ ექნებათ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ეს შეიძლება იყოს ქართული კომპანია ან უცხოური“ - კახა კალაძე, 1 მაისი 2023.
თუმცა, კალაძის ეს განცხადება სრულყოფილად არ ასახავს რეალობას და ჩვენ საქართველოს კანონმდებლობიდან და სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკიდან მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც ცხადს გახდის, თუ როგორ შეეძლო მერიას ერთის მხრივ, თვიდანვე დაეზღვია ტენდერში რუსული, სანქცირებული პროდუქციის შესყიდვა, ხოლო მეორეს მხრივ, ჩაეშალა ტენდერი და არ გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს ბიზნეს ჯგუფ 2010-თან, რომელიც რუსულ კამაზებს სთავაზობდა თბილისის მერიას.
კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-12 პრიმა მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად: „შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.
ხოლო, იმავე კანონის მეცხრე პუნქტი შემსყიდველს აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს სატენდერო პირობები, ტენდერის გამოცხადების შემდეგაც: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ობიექტისა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა. ასეთ შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით.“
შესაბამისად, კანონის ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერიას თავიდანვე შეეძლო სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად განესაზღვრა, რომ დაებლოკა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია და პირდაპირ გაეწერა შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები (წარმომავლობის ჩათვლით) იმგვარად, რომ კონკურსში ვერ გასულიყო რუსული სანქცირებული კომპანია.
ამგვარი დათქმების ჩადება სატენდერო დოკუმენტაციაში ახალი ამბავი არ არის და ამის პრაქტიკა არსებობს კიდეც, მაგალითად 2023 წლის მაისში საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი (NAT230011266) 1,291,000 ლარი ოდენობით, რომელიც ეხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კახათში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას. ამ ტენდერის პირობებში პირდაპირ იყო პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრული, რომ “დოკუმენტაცია სავალდებულოდ მომზადებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის, ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე” ეს ჩანაწერი ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ტენდერში ვერ გაიმარჯვებს ისეთი კომპანია, რომლის საქმიანობა და მისი გამოცდილებაც, დაკავშირებულია რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირებასთან, რუსული პროდუქციის წარმოებასთან, შესყიდვასთან და სხვა. მითუმეტეს თუ საუბარია სანქცირებულ პროდუქციაზე. თბილსერვის ჯგუფის შეეძლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში, გამოცდილების პუნქტში, მიეთითებინა ჩანაწერი, რომ პროდუქტი უნდა ყოფილიყო მსოფლიო ბრენდის და კომპანიას უნდა ჰქონოდა ევროკავშირში მიწოდების გამოცდილება, ასევე პროდუქტი შეძენილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა. აღნიშნული ჩანაწერით თავიდან ავიცილებდით რუსული ნაწარმის შესყიდვას.
ამავე დროს, შესყიდვების კანონის მე-7 მუხლის თანახმად: “სახ. შესყიდვის პროცედურა შეიძლება შეჩერდეს ხელშეკრულების დადებამდე, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”.
თბილისის მერიას შეეძლო უკვე შემდგარი ტენდერის შეჩერებამე-7 მუხლის საფუძვლით - სახელმწიფო ინტერესია ხელშეკრულება არ დაიდოს რუსულ, სანქცირებულ კომპანიასთან და ეს არ აღიქვას დასავლელმა პარტნიორებმა, როგორც სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარება; ასევე, სახელმწიფო ინტერესია ნაკლებად შევიდეს ქართული ეკონომიკისა და მითუმეტეს ბიუჯეტის ფული იმ რუსულ კომპანიებში, რომლებიც რუსეთის არმიას ამარაგებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერიამ უკვე გააკეთა მსგავსი რამ, როდესაც რუსულ კომპანია ვაგონმშენთან გააუქმა 50 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი, მატარებლის ვაგონების შესყიდვაზე, მას შემდეგ, რაც ეს კომპანია 2023 წლის მაისში სანქცირებულთა სიაში მოხვდა. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ გამოიყენა იგივე მეთოდი თბილისის მერიამ რუსული კამაზების შეძენისას და რატომ არ დაიზღვია თავი ამგვარი პროდუქციის შეძენისგან.
წყარო:
ავტორები: დავით მჟავანაძე, ბესიკ დონაძე.
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.