ქალები ომში - ქალებზე ძალადობა როგორც ომის სტრატეგია აფხაზეთის ომში

31 ივლისი 2024
ქალები ომში - ქალებზე ძალადობა როგორც ომის სტრატეგია აფხაზეთის ომში

მე და დედამ ორი დღე საღორეში, შემდეგი ერთი თვე კი - სარდაფში, ტყვეობაში გავატარეთ. იქ ჩვენსავით ნაცემი, შეურაცხყოფილი ათეულობით ქართველი ქალი და ბავშვი იყო, ბავშვებს დედების თვალწინ ხვრეტდნენ. სარდაფიდან ქალის გაყვანა კი ჯერ მის გაუპატიურებას და შემდეგ დახვრეტას მოასწავებდა. დედა მეცოდებოდა, თორემ სიკვდილს უკვე შეგუებუელი ვიყავი და იქ ყოფნას მერჩივნა, ჩემი აღსასრული დროზე ადრე დამდგარიყო".

პროექტი „ქალები ომში - უთქმელი ისტორიები“ აფხაზეთის ომში მოკლული ქალების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან ზეპირ ისტორიებს იწერს ფინეთის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით. საყურადღებოა, რომ ამ ისტორიების უმეტესობა 30 წელზე მეტ ხანს საზოგადოებისთვის უცნობი იყო. პირველად ამ საკითხის კვლევა 2019 წელს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დავიწყეთ, ქალთა მიმართ განხორციელებულ მკვლელობების - ფემიციდის დოკუმენტირების მიზნით. ვენის დეკლარაციის მიხედვით, კონფლიქტის დროს ქალების მიზანმიმართული მკვლელობა ფემიციდის ერთ-ერთი ფორმაა.

აფხაზეთის ომის დროს ჩვენ მიერ მოპოვებული ცნობების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალების მიმართ სისტემატურად გამოიყენებოდა სექსუალური ძალადობა, უსაზღვრო სისასტიკის და მრავალი სხვა ღირსების შემლახავი ფორმა.

სექსუალური ძალადობა სისტემატურად გამოიყენება, როგორც ომის ტაქტიკა საზოგადოების დამცირების, დაშინებისა და კონტროლისთვის. მაგალითად, Human Rights Watch-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დააფიქსირა ქალებისა და გოგონების მიმართ გავრცელებული სისტემატური სექსუალური ძალადობა კონფლიქტურ ზონებში, სადაც გაუპატიურება გამოიყენებოდა როგორც იარაღი თემის ტერორიზაციისა და დესტაბილიზაციისთვის (Human Rights Watch, 2010). სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიხედვით, გაუპატიურება, სექსუალურ მონობა, იძულებით პროსტიტუცია, იძულებით ორსულობა, იძულებით სტერილიზაცია ან მსგავსი სიმძიმის სექსუალური ძალადობის ნებისმიერ სხვა ფორმა განსაზღვრება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულ და ომის დანაშაულ. აღსანიშნავია, რომ ეს დანაშაულები „არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას“ (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, 1998).

გაუპატიურება, როგორც ომის სტრატეგია, შეიძლება გამოყენებულ იქნას მტრის სამხედრო სულისკვეთების გასანადგურებლად, მებრძოლის მამაკაცურობის წარმოსაჩენად და განიხილება, როგორც ჯილდო ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებისა და ოკუპაციისათვის. ამას გარდა, ირკვევა, რომ კონფლიქტის კონტექსტში ქალებზე ძალადობა მამაკაცების დემორალიზების, საერთო საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითების საშუალებაა.

ჩემი მამამთილი უყურებდა, შემოვიდნენო ტრაქტორები და ახლა წაიღებენ საჭმელს და მორჩა. ერთი ამბავი იყო, კივილი, წივილი. ეს ფრჩხილებს იკვნეტდა თურმე, მაღლიდან ალბათ ხედავდა ტრაქტორს, ეზოს, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა - არა, და მეო კაცი ვარო? „მიშველეეეთ, მიშველეეთ“, - კიოდა ეს ოთხი ქალი. შეიძლება გააუპატიურეს კიდევაც, ეგ არავინ არ იცის. ჩემი მამამთილი რო ადგებოდა ღამე, ტიროდა.“- იხსენებს ჩვენი ერთ-ერთი მთხრობელი.

დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი და სოციალური ღირებულების დაკარგვა არის სტიგმის ნაწილი, რომელიც ასოცირდება ქალთა გაუპატიურებასთან ბევრ საზოგადოებაში.

სექსუალური დანაშაულების შესახებ ინტერვიუ მარინა ნაჭყებიასთან ჩავწერეთ, სადაც ის ყვება: "27 სექტემბერს ჩვენს ეზოში დიდი სატვირთო მანქანა შემოვიდა. რუსები, კაზაკები, სომხები... მქონდა შეგრძნება, რომ ჩვენი სიცოცხლის ბოლო წუთები დადგა... ჩემი ქმარი მიწაზე დააგდეს და წიხლებით შედგნენ...

ვიფიქრე, რადგან სიკვდილი მოვიდა, მეც ისე ღირსეულად უნდა დავიღუპო, როგორც ჩემი გმირი ძმა, ტასო და თამამად წამოვიძახე, "მე ტასო ნაჭყებიას და ვარ, მე ქართველი ვარ"! ძირს დამაგდეს და გულისწასვლამდე მირტყეს. მერე მე და დედა შტაბში წაგვიყვანეს. გამაშიშვლეს, კედელთან დამაყენეს და ჩემ ირგვლივ კედლები ავტომატით დაცხრილეს. ხარხარებდნენ, მაგინებდნენ, მცემდნენ... ჩემს ხორცს მოერივნენ და ახლა სულის ჯერი დაუდგათ! მიყვიროდნენ, მაიძულებდნენ მეთქვა, რომ აფხაზების მიწაზე ვიმყოფებოდი, ყოველი უარის შემდეგ, დაუნდობლად მირტყამდნენ. მრავალი უშედეგო მცდელობის მერე კი პირი მიწით გამომივსეს, „აჰა, ჭამე შენი მიწაო“.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განიხილავს ომის სისასტიკეს, როგორც განურჩეველ ქმედებებს, ჩვენ მიერ ჩაწერილი არაერთი ზეპირი ისტორია ცხადჰყოფს სრულიად განსხვავებულ რეალობას - ქალები არ იყვნენ შემთხვევითი მსხვერპლი, არამედ იყვნენ მიზანმიმართული გენდერული ძალადობის, როგორც ომის სტრატეგიის მსხვერპლნი.

„რატომო, რომ ეჩვენებინათ ავტომატი იმაზეც გული გაუსკდებოდაო, მოკვლა რად უნდოდა 90 წლის ქალსო? ეს წყენა ჰქონდა მამას... ქვემოთ მარანი იყო, მახსოვს, ბებია ღვინოს აკეთებდა დიდებულს და იქ... კასრები ქონდათ, ხოდა იქ ჩაწვეს...“ - გვიყვება კიდევ ერთი მთხობელი.

ნაგავსაყრელი. აი, იქ ხვრეტდნენ. იქ ყავდათ ღორები... ეს ღორები დარბოდნენ ყველგან და სადაც რამეს პოულობდნენ ჭამდნენ ყველაფერს... [გვამი] იმდენად იყო უკვე ღორებისგან დაზიანებული, რომ გარჩევა არ შეეძლოთ, უბრალოდ ნახეს... ბებიას პასპორტი იყო გადაშლილი, მაგრამ იქნებ ბებია იყო და დედა გაიყვანეს, ხო იცით, მაშინ ქალებს აუპატიურებდნენ. დედა 53 წლის იყო, მეტის კი არ იყო და ვფიქრობდი, იქნება რამე... - ამბობს მთხრობელი.

მიმდინარე კვლევაში იკვეთება, რომ ქალებზე სისტემატური ძალადობა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ფიზიკური ზიანის მიყენებას, არამედ სოციალური ერთიანობის შელახვას და მოწინააღმდეგე ძალების დემორალიზებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა ემსახურებოდა ეთნიკურ წმენდას, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახური კავშირების განადგურებას. იყო შემთხვევები, რომ ქალზე სექსუალური ძალადობის შემდგომ, დაინგრა ოჯახები ან ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ძალადობის მაგალითები და ფემიციდის შემთხვევები, რომლებზეც ყვებიან მსხვერპლის ახლობლები და თვითმხილველები, ხშირად მეორდება მიმდინარე კონფლიქტებში, მათ შორის უკრაინაში.

აი, ბუჩას ხომ აჩვენებენ ახლა, ბუჩაზე უარესი იყო, აი, მე მიდევს ერთი სურათი, გაგრის სურათი, - იხსენებს გაგრიდან დევნილი მთხრობელი.

ფემიციდისა და გენდერული ძალადობის შესწავლა აფხაზეთის კონფლიქტის კონტექსტში მნიშვნელოვანია მოვლენებიდან ათწლეულების შემდეგაც, რადგან წარსული კონფლიქტების დოკუმენტირება და ანალიზი ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შექმნას, ცოდნის დაგროვებას, რაც თავად საზოგადოების მედეგობას აძლიერებს და ხელს უწყობს პოსტ-ტრავმულ განვითარებასა და მშვიდობას.

გადარჩენილთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის წლების შემდეგ ტრავმის ხელახლა გადააზრება ერთის მხრივ შეიცავს რეტრავმატიზაციის საფრთხეს, მეორეს მხრივ კი ნაბიჯია განკურნებისკენ. ისინი გვიზიარებენ და გვიდასტურებენ თავიანთ გამოცდილებას, რითაც გვაძლევენ უნიკალურ შესაძლებლობას, ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისა და მათი მხარდაჭერისთვის.

ავტორები: თინა ცომაია, ია შალამბერიძე

მსგავსი სიახლეები