თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა – თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა – თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება

Written by Administrator   // January 15, 2013   // Comments Off

თავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გავრცელდეს თანამდებობის პირთა საქმეებზე. ეს ინიციატივა წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, თუმცა, იმისათვის რომ რეფორმის მიზანი – მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, მართლმსაჯულების პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა – მიღწეული იყოს, საჭიროა პროექტის დახვეწა.
პოლიტიკური და მედია ინტერესის მქონე, აგრეთვე არაპოპულარული უმცირესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ საქმეებზე რთული იქნება წინასწარი მიკერძოებისგან თავისუფალი მსაჯულების მოძიება, ვინაიდან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მიზანმიმართული პროპაგანდის ან ცრურწმენების მსხვერპლი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის აუცილებლად მიგვაჩნია კანონში არსებული დამცავი მექანიზმების გაფართოება, რათა მხარეებს მიეცეთ ქმედითი შესაძლებლობა შეარჩიონ მიუკერძოებელი მსაჯულები.
კერძოდ, საჭიროა რომ მკვეთრად გაფართოვდეს (მინიმუმ გასამმაგდეს) მსაჯულობის კანდიდატების დაუსაბუთებელი აცილების უფლება. ამასთანავე, მოსამართლეს უნდა მიეცეს უფლება, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, მსაჯულების შერჩევის სხდომაზე მოიწვიოს არა 100, არამედ მეტი კანდიდატი.
პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გამოიყენება არა მხოლოდ უშუალოდ ყოფილი თანამდებობის პირების წინაღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეები, არამედ ხშირად ასეთ ზეწოლა ხორციელდება ირიბად, მათი ნათესავებისა და ახლობლების სისხლისსამართლებრივი დევნის გზით. აქედან გამომდინარე, მხოლოდ თანამდებობის პირთა ვიწრო წრეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების შემოფარგვლა არ არის საკმარისი მართლმსაჯულების პოლიტიზაციის გამოსარიცხად. აუცილებელია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საყოველთაო უფლება 2014 წლის ნაცვლად ამოქმედდეს დაუყოვნებლივ. საქართველოს ყველა მოქალაქე და არა მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ უფლებით მათი საქმე განიხილოს ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ.
იმისათვის, რათა შემცირდეს ფაბრიკირებული მტკიცებულებების მეშვეობით ნაფიც მსაჯულთა შეცდომაში შეყვანის საფრთხე, ასევე აუცილებელია, რომ 2014 წლის ნაცვლად ახლავე ამოქმედდეს საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც იცავს პირის უფლებას მოწმის სახით ჩვენება მისცეს მხოლოდ სასამართლოში. ამ ნორმის ამოქმედების დაჩქარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ ყოფილი თანამდებობის პირების წინაღმდეგ ბრალდებათა დიდ ნაწილი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება, რომლებიც რიგ შემთხვევებში, თავად ამ მოწმეთა განცხადებით, იძულების გზით იყო მიღებული.
აქვე გვინდა მივუთითოთ საპროცესო კოდექსის სხვა ნაკლოვანებაზეც, რაც სამართლიანი პროცესის ჩატარებას უშლის ხელს. აუცილებელია კოდექსში შევიდეს სათანადო ცვლილებები და დამატებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ დაკავების, ჩხრეკის ან მოსმენის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს მხოლოდ პროკურატურის მიერ კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებენ რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და რომ არსებობს რეალისტური საფრთხე, რომ ის მიიმალება, მოსპობს მტკიცებულებებს, დააშინებს მოწმეებს. ეს სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს მხოლოდ ზეპირი მოსმენის საფუძველზე, ხოლო მხარეს უნდა ქონდეს მისი გასაჩივრების უფლება.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტურ დანერგვას და გამორიცხავს ინსტიტუტის დისკრედიტაციის საფრთხეებს.
თავისუფლების ინსტიტუტი, როგორც ნაფიც მსაჯულთა დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანაავტორი და ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემდგომი გაძლიერებისთვის აუცილებელია მისი სრულად გავრცელება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments