პასუხის პასუხი საქართველოს რკინიგზას

23 აგვისტო 2024
პასუხის პასუხი საქართველოს რკინიგზას

საქართველოს რკინიგზამ 2024 წლის 22 აგვისტოს ატვირთა დირექტორთა საბჭოს დადგენილება, რის თანახმადაც მან გაუწყვიტა 216 მილიონის ღირებულების კონტრაქტი რუსული პროდუქციის შემომტანს შპს “გეორგიას”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 25 დეკემბერს 216 942 625 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა შპს "გეორგიას", რომელსაც 10 ლოკომოტივი უნდა ეყიდა რუსული ქარხნისგან სააქციო საზოგადოება “ურალსკიე ლოკომოტივისგან” (ООО Уральские локомотивы).

ხელშეკრულებას თავიდანვე რამდენიმე საეჭვო გარემოება ჰქონდა. გამარჯვებული კომპანიის შპს “გეორგიას” დირექტორი, ძიძიკაშვილი მმართველი პარტიის - ქართულ ოცნების შემწირველი აღმოჩნდა, 2017 წელის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიას 40 000 ლარი შესწირა. ეს აჩენდა ეჭვს კორუფციის შესახებ - მმართველ პარტიასთან კომპანიის დირექტორის კავშირები ხომ არ აისახება მის შანსებზე მილიონიანი ხელშეკრულება მოიგოს?

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავად რუსული ლოკომოტივების წარმომავლობა. “ურალსკიე ლოკომოტივის” ქარხანა 2024 წლის 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა პირადად დაათვალიერა და ქარხანასთან დაკავშირებულია რუსი სანქცირებული მილიარდერი დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკი. ქარხანა “ურალსკიე ლოკომოტივი” “სინარა - სატრანსპორტო მანქანების” (ОАО «Синара – Транспортные машины”) მფლობელობაშია. მფლობელი იყო რუსი სანქცირებული მილიარდერი პუმპიანსკი, რომელმაც 2022 წელს, დასანქცირების შემდეგ, დატოვა “სინარა - სატრანსპორტო მანქანების” კომპანიის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო. სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ ფორმალური აქტი იყო და მიზნად ისახავდა მილიარდიანი კომპანიისთვის სანქციების არიდებას.

თავად პუმპიანსკი 2017 წლიდან არის ე.წ. 96 „ოლიგარქის“ სიაში, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგე, 2022 წელს კი დაასანქცირა ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წლის ივნისის თვეში ევროკავშირს სასამართლო პროცესი მოუგო დიმიტრი პუმპიანსკიმ, რადგან საბჭომ ვერ დაასაბუთა პუმპიანსკის მნიშვნელობა რუსეთში მას შემდეგ, რაც მან დატოვა და გაყიდა თავისი აქციები TMK-სა და „Синара – Транспортные машины”-ში 2022 წლის მარტში. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია “ის ახლა მხოლოდ კერძო პირია და აღარ არის ჩართული რაიმე ბიზნეს საქმიანობაში რუსეთში ან სხვაგან, რის შედეგადაც ის არ შეიძლება იყოს კლასიფიცირებული, როგორც "წამყვანი ბიზნესმენი" ამ კრიტერიუმის მნიშვნელობით". სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ მიატოვა საკუთარი კომპანიები, რომ სანქციებისგან თავის არიდების საშუალება ჰქონოდა.

“სინარა - სატრანსპორტო მანქანები” (ОАО «Синара – Транспортные машины”) სანქციებს მაინც ვერ ასცდა. 2024 წლის 12 ივნისს კომპანია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში მოხვდა. აშშ-ს დაწესებული სანქციები გულისხმობს, რომ კომპანიის აქტივები, ეკონომიკური რესურსები უნდა გაიყინოს. სანქციებისგან გვერდის ავლისთვის შექმნილი კომპანიებიც ვერ იქნება მშველელი - სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიული პირზე რომელიც გააფორმების კონტრაქტს ან დადებს გარიგებას “სინარა - სატრანსპორტო მანქანებთან”.

თავისუფლების ინსტიტუტმა ამ სახიფათო ტენდერის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

2024 წლის 20 აგვისტოს. 21 აგვისტოს საქართველოს რკინიგზამ თავისუფლების ინსტიტუტი ტყუილში დაადანაშაულა და თავი იმართლა, რომ კონტრაქტი გაწყვიტა რუსული ქარხნის სანქციების გამო. საქართველოს რკინიგზა იქცევა ურცხვად - კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვეტილება 21 აგვისტოს ჩათვლით არსად არ ყოფილა ატვირთული. 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე შპს “გეორგიასთან” გაფორმებული ხელშეკრულების სტატუსი მიმდინარე იყო.

საქართველოს რკინიგზამ მხოლოდ 22 აგვისტოს ატვირთა დირექტორთა საბჭოს დადგენილება და გაფორმებული ხელშეკრულება ორმხრივად შეწყდა.

საინტერესოა, რომ შპს საქართველოს რკინიგზის ტენდერში მიმდინარე ხელშეკრულების ცვლილება ორჯერ განხორციელდა. პირველი ცვლილება 2023 წლის 29 დეკემბერს აიტვირთა, განცხადების შეტანის თარიღი 27 დეკემბერია. ცვლილება ითვალისწინებდა შპს “გეორგიას” დირექტორის წერილის დაკმაყოფილებას რის შემდეგაც შეიცვალა მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტები, სხვა მხრივ უცვლელი დარჩა ხელშეკრულება.

მეორე ცვლილება 2024 წლის 24 მაისს აიტვირთა, დირექტორთა საბჭოს დადგენილება 21 მაისითაა დათარიღებული. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და მიწოდების ვადები შეიცვალა - საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთი ექსპლუატაციაში ჯერ მიღებული არ არის და ელმავლების სწრაფი მოწოდება გამოიწვევს გაუმართლებელ ფინანსურ და ეკონომიკურ ხარჯებსო. ახალი შეთანხმებით, 1 ერთეული ელმავლის მოწოდება უნდა მომხდარიყო 2024 წლის 15 აგვისტომდე.

22 აგვისტოს აიტვირთა მესამე ცვლილება - დირექტორთა საბჭოს დადგენილება, რომელიც 12 აგვისტოთია დათარიღებული და რითიც შეწყვიტეს გაფორმებული ხელშეკრულება სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან. ჩვენ დავინტერესდით, შპს “გეორგიამ” მოასწრო თუ არა პირველი ელმავლის მიწოდება კომპანიისთვის. თავისუფლების ინსტიტუტის ზარებს კომპანიის დირექტორი ირაკლი ჩხეტია არ პასუხობს, ონლაინ მედია ტაბულას ჟურნალისტი კი გასაუბრების შემდეგ დაბლოკა.

12 აგვისტოს ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში „Синара – Транспортные машины” შეტანა. “ვინაიდან, ხსენებული სანქციები შესაძლებელია გავრცელდეს არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კომპანიაზე არამედ სხვა, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულ პირებზეც, თუ ისინი გააფორმებენ კონტრაქტს ან შეასრულებენ გარიგებ(ებს)ას სპეციალური სანქციების სიაში მითითებულ კომპანიებთან” - ამ საფუძვლით შეწყვიტა რკინიგზამ კონტრაქტი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რკინიგზა უფრო გულმოდგინედ იცავს თავს დასანქცირებისგან, ვიდრე თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ღია სააქციო საზოგადოება 'სევერსტალ-მეტიზი'-სგან (ОАО Северсталь-метиз) კვლავ აგრძელებს პროდუქციის შეძენას.

თავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება, რომ საქართველოს რკინიგზამ შეწყვიტა რუსულ სანქცირებულ ქარხანასთან თანამშრომლობა. ასევე, მოვუწოდებთ, მოიბოდიშოს თავისუფლების ინსტიტუტისთვის ტყუილის გავრცელების დაბრალებისთვის - 21 აგვისტოს ჩათვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიას არსად ჰქონდა ინფორმაცია ატვირთული.

პირველი ორი ცვლილების ატვირთვას საქართველოს რკინიგზა 2-3 დღეში ახერხებდა, რატომღაც ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილების გამოქვეყნებას ათი დღე დასჭირდა. საქართველოს რკინიგზამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის მიერ დაგვიანებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე და მოკრძალებული იყოს მისივე ქმედებით დამდგარი შედეგების შეფასებისას.

მსგავსი სიახლეები