ქართული ჯარის რუსული კვება გრძელდება

22 აგვისტო 2024
ქართული ჯარის რუსული კვება გრძელდება

ქართული ჯარის რუსული კვება გრძელდება, ამჯერად კვლევის ფოკუსშია გაყინული თევზი. 2023 წლის ნოემბრის და 2024 წლის აპრილის თვეში ქართული ჯარისთვის სახელმწიფომ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა 6 000 ლარის რუსული კომპანიის დამზადებული გაყინული თევზი - უთავო ორაგული.

მიმწოდებელი კომპანიაა შპს “ოკეან ფიშ იმპორტ”, რომელმაც თავის მხრივ რუსული პროდუქცია შეიძინა ЗАО “ПИЛЕНГА 2”-ისგან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ქართული თევზი იყოს ქართველი ჯარისკაცების რაციონში, მმართველი ხელისუფლება რუსულ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ სანქციების რამდენიმე ტალღა დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რუსულ კომპანიებს, ბიზნესს და იმ იურიდიულ პირებს რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან უკრაინაში მიმდინარე ომში.

საქართველოს ხელისუფლება კი ქართულ ჯარს ისევ რუსული პროდუქციით ამარაგებს. მკითხველი თუ გადახედავს თავისუფლების ინსტიტუტის კვლევას “რუსეთი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში” ნახავს, რომ ქართული ჯარი არა მხოლოდ რუსული ანაკომით იკვებება, არამედ მათ რაციონში არსებული პროდუქტების უმრავლესობა რუსული წარმოშობისაა.

ქართული ჯარის კვებას უზრუნველყოფს კომპანია - შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა”, რომელსაც წესით და რიგით ევალება საერთაშორისო (მათ შორის NATO-ს) სტანდარტებს მორგებული კვების შეთავაზება შეიარაღებული ძალებისთვის. 2023 წლამდე გარედან დაკვირვება კიდევ შესაძლებელი იყო რას და რატომ ყიდულობდა ჯარისთვის ეს კომპანია, თუმცა 2023 წლის შემდეგ ეს სივრცე გარე დამკვირვებლებისთვის ჩაიკეტა და კონსოლიდირებულ ტენდერებს შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა” აღარ აცხადებს.

წყაროები:

კომპანია - შპს “ოკეან ფიშ იმპორტ" 400335749

ტენდერის ნომრები: CMR240060051 CMR230148895

ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

მსგავსი სიახლეები