რუსული კომპანიის მიერ უვარგისი საჭმელია შეტანილი გორის 63 ბაგა-ბაღში

4 აპრილი 2024
რუსული კომპანიის მიერ უვარგისი საჭმელია შეტანილი გორის 63 ბაგა-ბაღში

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რუსული წარმოშობის კომპანიას 414 155 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა 63 ბაგა-ბაღის რძის პროდუქტების მომარაგებისთვის 2023 წლის თებერვალში. ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რუსულმა კომპანიამ ითაღლითა, ბაგა-ბაღებში შემოიტანა უხარისხო, კონტრაქტთან შეუსაბამო პროდუქცია, მათ შორის საკვებად უვარგისი არაჟანი და ხაჭო.

შპს ‘ამალთეა ჯგუფი’ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის აგვისტოს თვეში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის დირექტორი ხათუნა მიქაცაძეა. შპს “ამალთეა ჯგუფის” 45% წილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანგელინა ტრიპალინა ფლობს, ხოლო 5% წილს - ბესიკ ლაჩაშვილი, რომელიც სარგებლობს ორმაგი მოქალაქეობით - საქართველოს და რუსეთის ფედერაციის. დარჩენილ 50%_იან წილს ინაწილებენ დავით ჩაჩუა და ავთანდილ ხუჭუა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შპს ‘ამალთეა ჯგუფს’ ევალებოდა რძის პროდუქტების (ხაჭო, კარაქი, იოგურტი, შესქელებული რძე, მაწონი, პასტერიზეული რძე და არაჟანი) მიწოდება 63 ბაგა-ბაღისთვის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.

2023 წლის 24 მარტს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის, და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში რუსული წარმოშობის კომპანიის მიერ ქართული ბაღებისთვის გადაცემულ პროდუქციას ჩაუტარდა ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი.

დადგინდა, რომ რუსულმა კომპანიამ მოატყუა საქართველოს სახელმწიფო და უხარისხო პროდუქცია მიჰყიდა:

  • ხელშეკრულების მიხედვით ყველის ცხიმიანობა უნდა ყოფილიყო 40%, და აღმოჩნდა 8,03%.
  • მაწონის ცხიმიანობა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 3,2%, აღმოჩნდა - 2,26%.
  • არაჟნის შემთხვევაში ცხიმიანობა ხელშეკრულებით იყო 12-იდან 20 პროცენტამდე, ხოლო კვლევის შედეგად აღმოჩნდა 10,07 %.
  • ხაჭოს ცხიმიანობა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო არანაკლებ 9%, ხოლო კვლევის შედეგად აღმოჩნდა 5,92%.

შპს ‘ამალთეა ჯგუფის’ მიერ ბაგა-ბაღებში შეტანილი უხარისხო პროდუქტების ეტიკეტებზე მითითებული იყო ცხიმიანობის ის მაჩვენებლები, როლებიც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, მაგრამ ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანია თაღლითობს და მონაცემებს იტყუება. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შპს ‘ამალთეა ჯგუფს’ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.

სახელმწიფომ ლაბორატორიულად დაადგინა, რომ მარტში შპს ‘ამალთეა ჯგუფი’ ბაგა-ბაღებს დაბალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს, დააჯარიმა, მაგრამ კონტრაქტი არ გაუწყვეტია და კომპანიამ ბაგა-ბაღების მომარაგება გააგრძელა აპრილში, მაისში, ივნისში და ივლისის თვეებშიც.

აპრილში, მაისსა და ივნისში შემოტანილი პროდუქცია ისევ შეამოწმა გ. ნათაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, ივლისის თვეში მიღებული პროდუქტი კი უკვე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ ხაჭოც და არაჟანიც უვარგისია საკვებად.

ხაჭოს შემოწმების შედეგ პროდუქტში აღმოჩნდა მეტალის ნივთი და ობი; არაჟნის პროდუქტში კი აღმოჩნდა კოლიფორმული ბაქტერიები; რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტები არ შეესაბამება სასურსათო ნედლეულის ჰიგიენურ მოთხოვნებს და საკვები პროდუქტების ხარისხის სტანდარტებს.

საერთო ჯამში კომპანიამ მიიღო სამი გაფრთხილება - ყოველ გართხილებაზე ჯარიმდებოდა 250 ან 83 ლარით. სამხარაულის ექსპერტიზისი ბიუროს დასკვნის შემდეგ კი, 2023 წლის 17 ივლისს, რუსული წარმოშობის კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტეს უხარისხო, საკვებად უვარგისი პროდუქტის გამო და დააკისრეს ჯარიმად მთლიანი თანხის 5%, რაც 20 707 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს უკვე გადახდილი ჰქონდა სრული თანხის 56% (233 732 ლარი).

წყაროები:

კომპანია: შპს ამალთეა ჯგუფი, 405553627
ტენდერის ნომერი: NAT230002475

ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

მსგავსი სიახლეები