თბილისის მერიის მფლობელობაში არსებულმა შპს 'თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ' 2023 წლის მაისის თვეში გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და რკინიგზის საშენი მასალების შესაძენად. ტენდერის დასრულებამდე ორი დღით ადრე მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ‘ბეთანი’. კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა და სამუშაოების ჩასატარებლად მიიღო 945 610 ლარი.
შპს 'ბეთანის' და შპს 'თბილისის სატრანსპორტო კომპანიის' ურთიერთობა ერთი ტენდერით არ სრულდება - გასული წლის 13 ოქტომბერს კიდევ ერთი ტენდერი გაუფორმეს 544 100 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენის გასაკეთებლად.
შპს 'ბეთანი' 2003 წლიდან არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ლერი მოსაშვილია.
თავისუფლების ინსტიტუტმა გამოიკვლია ორივე ტენდერი. დგინდება, რომ აღნიშულ კომპანიას რუსული და ბელორუსული ნაწარმი შემოაქვს საქართველოში და ოკუპანტი ქვეყნის ცამეტ კომპანიასთან თანამშრომლობს.
კომპანიების ჩამონათვალი:
ასევე დადგინდა, რომ ღია სააქციო საზოგადოება 'სევერსტალ-მეტიზი' (ОАО Северсталь-метиз) შვილობილი კომპანიაა სააციო საზოგადოება სევერსტალის (Северсталь), რომელიც 2022 წლის მარტში დაასანქცირა ამერიკამ და ბრიტანეთმა. ასევე სანქციების ქვეშაა კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა უკრაინაში რუსეთის ომის ხელშეწყობის გამო.
ალექსეი მორდაშოვი რუსი ოლიგარქია, რომელიც დაახლოებულია კრემლის მმართველ ვერტიკალთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან. 2021 წელს ფორბსის მიხედვით ის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო რუსეთში. მას წილი აქვთ კრემლის მაღალი თანამდებობის პირების პირად ბანკ, ბანკ როსიაში, ასევე ფლობს წილს სატელევიზიო სადგურებში. ის პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზე. მისი კომპანია, სევერსტალი, მნიშვნელოვანია რუსეთის არმიის ფოლადის ნაწილებით და ფოლადის ნაწარმით (მათ შორის დაჯავშნილი ფოლადით) მომარაგების კუთხით.
შპს 'ბეთანის' ორივე ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ატვირთული აქვს რუსული მწარმოებლის საგარანტიო წერილები. თავად რუსული კომპანიის მიერ წარმოდგენილ ინვოისებში კი მითითებულია, რომ აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილია შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის (და არა შპს “ბეთანი”-სთვის, რომლის გავლითაც მიეწოდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას რუსული ნაწარმი).
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ შპს “ბეთანი” მხოლოდ საბუთების მიმტან-მომტანის ფორმალურ ფუნქციას ასრულებს, რეალურად კი რუსულ კომპანიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის პირდაპირი თანამშრომლობა ხდება.
საქართველოს საბიუჯტო სახსრები მიემართება ოკუპანტი სახელმწიფოს კომპანიებში. ამ შემთხვევაში შპს “ბეთანის” გავლით, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” დაკვეთით, ჯამში 1 489 710 ლარი გადავუხადეთ კრემლის ეკონომიკურ ვერტიკალს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თავიდანვე შეეძლო სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად განესაზღვრა, რომ დაებლოკა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია და პირდაპირ გაეწერა შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები წარმომავლობის ჩათვლით.
წყაროები:
კომპანია - შპს 'ბეთანი' - 420006889
ტენდერის ნომრები: NAT230010091; NAT220013704
ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.