სამედიცინო უნივერსიტეტმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი რუსულ კომპანიას გადაუხადა

24 ოქტომბერი 2023
სამედიცინო უნივერსიტეტმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი რუსულ კომპანიას გადაუხადა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) 2022 წლის 28 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს 'ელვა'-ს ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო). სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თსსუ-ს მეორე და მესამე სასწავლო კორპუსებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 410 722 ლარი. ტენდერის გამოცხადებიდან სამ დღეში თსსუ-მ გამოაცხადა მეორე ტენდერი, შენობის მშენებლობისა და საკანალიზაციო სამუშაოებისთვის, რომელშიც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. ამ ტენდერის ღირებულება 176 332 ლარია.

შპს 'ელვა'-ს ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) რუსული კომპანიის ფილიალია საქართველოში. ამავდროულად, გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული აქვს ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარებული სამუშაოები, და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს შპს 'ელვა' რუსეთის ფედერაციაში, ქ. ორენბურგში, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ტერიტორიის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს 'ელვა' შავ სიაში შეიყვანა 2022 წლის 15 ნოემბერს. შავ სიაში შეყვანის საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა. აღნიშნული კომპანია ჯამში სამი ტენდერის გამოა შავ სიაში.

თსსუმ ხელშეკრულება გაუფორმა რუსულ კომპანიას, რომელსაც ტექნიკურ დოკუმენტაციაში გამოცდილების დასადასტურებლად მხოლოდ რუსეთში წარმოებული სამუშაოები აქვს წარმოდგენილი. შედეგიც მალევე მიიღო - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ცუდად შესრულების გამო თსსუ-სთან დადებული ბოლო, 176 332 ლარის ღირებულების, ხელშეკრულებისთვის კომპანია შავ სიაში კიდევ ერთხელ გახდა შესაყვანი უკვე 2023 წელს.

შპს 'ელვა'-ს ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო)-ს რვა ტენდერი აქვს მოგებული. ერთი გამარტივებული შესყიდვაა, ხუთ ტენდერში კი კონკურენტი არ ჰყოლია. მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 1 742 671 ლარს შეადგენს. კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ოთხი დირექტორი გამოიცვალა და ერთ-ერთი თენგიზ მაჭავარიანია, რომელიც ორმაგი (საქართველოს და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობს. ამავე პირზეა გაფორმებული რუსეთში რეგისტრირებული შპს 'ელვა'.

თავისუფლების ინსტიტუტის პოზიციით, კომპანია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადებულ კონკურსში, უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიზე მოქმედი კომპანია და პროდუქცია რომელსაც კომპანია გამოიყენებს უნდა იყოს მომზადებული/დამზადებული ამავე წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. ეს აგვაცილებს რუსული წარმოშობის კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო სახსრების გადინებას რუსული აგრესიის დაფინანსებაში და საეჭვო კომპანიებთან თანამშრომლობის მზარდ რისკებს.

წყაროები:

  • კომპანია - შპს ელვას ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) - 420006889
  • ტენდერის ნომრები: NAT220014884; NAT220015130
  • შავი სია - https://shorturl.at/ctD13

ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

მსგავსი სიახლეები