რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში ახლადდაარსებული კომპანია Aero Handling Georgia ემსახურება, რომლის უკანაც სავარაუდოდ TAV GEORGIA და Georgian Airways-ი დგას

16 ივნისი 2023
რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში ახლადდაარსებული კომპანია Aero Handling Georgia ემსახურება, რომლის უკანაც სავარაუდოდ TAV GEORGIA და Georgian Airways-ი დგას

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია აზიმუტის ავიახომალდებს საქართველოში ფრენის ნებართვა მისცა, გაჩნდა კითხვა, თუ რომელი კომპანია გაუწევდა მათ ე.წ “მიწისზედა მომსახურებას”.

როგორც TAV GEORGIA-მ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ამ სერვისს ის რუსულ თვითმფრინავებს არ გაუწევდა და ნებართვა ახალ კომპანია “Aero Handling Georgia”-ს მისცა. Aero Handling Georgia 2023 წლის 21 აპრილს დაარსდა, მისი 60%-იან წილს ვალერი კვარაცხელიას შვილი, დავით კვარაცხელია ფლობს, 40%-ს კი Georgian Airways-ს დირექტორის, თამაზ გაიაშვილის მისამართზე რეგისტრირებული 22 წლის კაცი, დავით წივწივაძე.

თავისუფლების ინსტიტუტი დაინტერესდა სინამდვილეში ვინ დგას ახალი კომპანიის უკან და როგორ მოახერხა 4 კვირით ადრე დაარსებულმა კომპანიამ შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია და კვირაში ათობით ავიახომალდისთვის სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

აღნიშნულის გადასამოწმებლად თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები 2023 წლის მაისის ბოლო კვირაში თბილისის აეროპორტს ვეწვიეთ, რათა ადგილზე დავკვირვებოდით, თუ რომელი ავიახომალდებისთვის რომელი კომპანია ასრულებდა მიწისზედა მომსახურებას და, მათ შორის, ვინ ემსახურებოდა აზიმუტის თვითმფრინავებს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ ვიდეო/ფოტო მასალებში კარგად ჩანს, რომ ტექნიკა, რომელიც რუსული აზიმუტის ხომალდებს ემსახურება, ახალი კომპანია Aero Handling Georgia-ს ლოგოს ქვეშ ოპერირებს, ხოლო პერსონალი, რომელიც მგზავრთა რეგისტრაციასა და სხვაგვარ მომსახურებაზე მუშაობს, იმ უნიფორმებში არის წარმოდგენილი, რომელსაც Georgian Airways-ის თანამშრომლები იყენებდნენ - ეს ქართული ავიაკომპანიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ფოტოთიც დასტურდება.

იმავე დღეს, Georgian Airways-ის ერთ-ერთ ხომალდს მიწისზედა მომსახურება, მსგავსად აზიმუტის თვითმფრინავებისა, გაუწია Aero Handling Georgia-ს ლოგოს ქვეშ მყოფმა ტექნიკამ. ეს, შესაძლოა, ადასტურებს იმ ეჭვს, რომ რუსულ თვითმფრინავებს სინამდვილეში ქართული ავიაკომპანიის ტექნიკა და სტაფი ემსახურება.

ამავე დროს, ანონიმურმა წყარომ თავისუფლების ინსტიტუტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ტექნიკა, რომელიც ამჟამად Aero Handling Georgia-ს ლოგოს ქვეშ ოპერირებს, შესაძლოა, ეკუთვნოდეს TAV GEORGIA-ს. მაგალითად, ანონიმური წყარო ადასტურებს, რომ მანამდე TAV GEORGIA-ს ლოგოთი შეუნიშნავს მუქი ფერის მიკროავტობუსი, რომელიც ჩვენ მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალებში ჩანს.

შესაძლო თაღლითურ სქემაში TAV GEORGIA-ს სავარაუდო ჩართულობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ აზიმუტის თვითმფრინავში მგზავრთა ჩასხდომა ხორციელდებოდა მისადგმელი ხიდით, რომელიც აეროხომალდს პირდაპირ ტერმინალთან აკავშირებს. თბილისის აეროპორტში არსებული მისადგმელი ხიდი ძვირადღირებული მოწყობილობაა, ჩვენი ანონიმური წყაროს თანახმად, ხიდი TAV GEORGIA-ს საკუთრებაშია, შესაბამისად, TAV GEORGIA-ს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში მგზავრები ამ ხიდით ვერ ისარგებლებდნენ და მათ ტერმინალის გარე ტერიტორიიდან - მისადგმელი კიბით/ტრაპით მოუწევდათ სარგებლობა, რაც, ცხადია, ნაკლებად კომფორტული გზა არის თვითმფრინავში მოსახვედრად. თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ სხდებიან აზიმუტის მგზავრები აღნიშნული ხიდის გავლით აეროხომალდში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის აეროპორტში, ჩვენი დაკვირვებით, ფაქტობრივად არ გადაადგილდებოდა ტექნიკა, რომელსაც TAV GEORGIA ან Aero Handling Georgia-ს ლოგო არ ჰქონდა ზედ დატანილი. საინტერესოა, რომ ლოგოების შრიფტი და ფერი იდენტურია. ანონიმური წყარო ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მანამდე თბილისის აეროპორტში არსებულ აირზენას ტექნიკას რაიმე განმასხვავებელი ნიშანი არ ჰქონდა და მომსახურებასაც ლოგოს გარეშე სწევდა.

შესაბამისად, ვინაიდან დღეს აეროპორტში ამგვარი ტექნიკა არ შეინიშნება, ეს, შესაძლოა, ადასტურებდეს ეჭვს, რომ ფრენებამდე 3 კვირით ადრე დაარსებული Aero Handling Georgia, შესაძლოა, იყენებდეს მანამდე აირზენას შემადგენლობაში არსებულ ტექნიკას და, აგრეთვე, TAV GEORGIA_ს საკუთრებაში მყოფ ზოგიერთ ტექნიკასაც.

აღნიშნულ საკითხებზე განმარტება აირზენასა და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ და, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, გაასაჯაროონ ის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც მათ საკუთარი ტექნიკა Aero Handling Georgia-ს დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადასცეს.


რუსული ავიახოამლდების მომსახურების ნებართვის სანაცვლოდ ხელისუფლებასთან TAV GEORGIA-ს სავარაუდო გარიგებაზე შესაძლოა მიუთითებდეს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა დააანონსა ვაზიანის აეროპორტის განახლება, რომელიც, სავარაუდოდ, TAV GEORGIA_ს დაევალება. სახელმწიფოსა და TAV-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე TAV GEORGIA-ს გარეშე ახალი აეროპორტი ვერ მოეწყობა. ამ ხელშეკრულების ერთგულება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა.


თავისუფლების ინსტიტუტს გააჩნია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბაზარზე ახალი კომპანიის Aero Handling Georgia-ს უკან სინამდვილეში TAV GEORGIA-სა და Georgian Airways დგას, რომლებიც საკუთარი ტექნიკითა და სხვაგვარი რესურსით ემსახურებიან რუსულ თვითმფრინავებს. ამ სავარაუდო სქემის მიზანი კი შესაძლოა იყოს TAV GEORGIA-სა და Georgian Airways-ს მხრიდან რეპუტაციული ზიანის თავიდან არიდება, რაც რუსული ავიახომალდების მომსახურებამ შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ დასანქცირების შიში, რაზეც აშშ-ს სახ. დეპარტამენტმა ისაუბრა 11 მაისის განცხადებაში.

TAV GEORGIA-სა და Georgian Airways-ის ამგვარი სავარაუდო გარიგება შესაძლოა ჩაითვალოს სანქციებისგან თავის არიდების გზად. ასევე, ქართული მხარის მიერ რუსულ ეკონომიკასა და ბაზარზე დამოკიდებულების ზრდის პროცესად, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

წყაროები:

  • https://shorturl.at/rHST5
  • https://bm.ge/ka/article/tav-tan-dadebuli-xelshekrulebis-ertguli-vrchebit---qvrivishvili/135800/
  • https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ს/კ 404672895
  • https://shorturl.at/htFGV

ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

მსგავსი სიახლეები