ლარი ფლინტი ამერიკაში პოპულარული პიროვნებაა, მაგრამ არცთუ ყველასათვის საყვარელი და საპატივცემულო. იგი პორნოგრაფიული ჟურნალების გამომცემელია. მარტო ეს იკმარებდა ჩვეულებრივი ამერიკელისთვის თუ ქართველისთვის, გერმანელისთვის თუ ესტონელისთვის, რომ მისთვის ეჭვისთვალით შეეხედათ (გინდაც ამ ჩვეულებრივ ადამიანებს ერთხელ მაინც გაქცეოდათ ეს ეჭვიანი თვალი ფლინტის მიერ გამოცემული პორნოჟურნალებისაკენ).
მაგრამ პორნოჟურნალების გამოცემა არ არის ბატონი ფლინტის მიერ საზოგადოებისათვის ნასროლი ერთადერთი ხელთათმანი. იგი მუდმივად აფორიაქებს ადამიანებს საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების შეტორტმანებითა და საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანების პორნოგაშარჟებით. მისი ატანა რთულია.
მაგრამ მას იტანენ. უფრო მეტიც, ცნობილმა რეჟისორმა მილოშ ფორმანმა ფილმი გადაიღო მასზე, სახელწოდებით „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ფილმში სასამართლო დარბაზიდან გამოსულ სკანდალურ ლარის ჟურნალისტები ეკითხებიან, რა უნდა ცხოვრებაში და რისთვის იბრძვის საერთოდ.
ლარი პასუხობს:
„მეც მედიას წარმოვადგენ, მაგრამ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონეს. მეცჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი ჩვენს შორის. ცდილობენ აკრძალონ ჩემიგამოცემები, როგორც საზოგადოებისათვის მიუღებელი, მაგრამ თუ დღეს ამკრძალავენ მე,მერე მოგადგებიან თქვენ – ვინც პოლიტიკაზე წერთ და ხვალ თქვენს აკრძალვასმოინდომებენ იმ მოტივით, რომ შეურაცხყოფთ ამა თუ იმ პოლიტიკოსსა და სახელმწიფომოხელეს“.
სხვათა შორის, იმავე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დასკვნაც ლარი ფლინტის საქმესთან დაკავშირებით:
დიახ, ლარი ფლინტი საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების წინააღმდეგ მიდის;
დიახ, ლარი ფლინტი საზოგადოებისათვის საპატივცემულო ადამიანებს შეურაცხჰყოფს;
დიახ, ლარი ფლინტის გამოცემები მთელი საზოგადოების გამოწვევაა;
მაგრამ, მოდით, შევხედოთ სასწორს, რომლის ერთ პინაზე საზოგადოებრივი ნორმები და კონკრეტული პიროვნებების ღირსება დევს, ხოლო მეორეზე – სიტყვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ნორმები და თითოეული პიროვნება სწორედაც რომ უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ზრუნვისა და საყოველთაო გაფრთხილების საგანი, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ვინმეს შეზღუდვა (ანუ ლარი ფლინტისთვის პორნოგამოცემების აკრძალვა) დაბადებს აგრესიას მასსა და მის, თუნდაც არცთუ მრავალრიცხოვან მკითხველებში, ხოლო ეს აგრესია მომავალში ძალადობის წყარო შეიძლება გახდეს. დღეს ერთი ადამიანის შეურაცხყოფის გამო ვინმესთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ მომავალში შეიძლება მოიტანის შედეგი, როცა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ყველა – დღეს შეურაცხყოფილიც და მასთან ერთად მთელი საზოგადოებაც. დემოკრატიას „პრობლემა“ მართლაც ახლავს თან: იგი გაძლევს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას, მაგრამ იგი ამის საშუალებას აძლევს ყველას – იმათაც, ვინც შენთვის, ან თუნდაც მთელი საზოგადოებისათვის მიუღებელ თვალსაზრისს გამოთქვამს. იგი ხელში გაძლევს „იარაღს“, მაგრამ იმავე „იარაღს“ აძლევს მოწინააღმდეგესაც. და მხოლოდ გამოცდილი და ჭკუადამჯდარი მსროლელები არ აძლევენ თავს უფლებას, ჰაიჰარად იტაცონ იარაღზე ხელი.
ამიტომ, დემოკრატია გამოცდაა… ჩვენივე მოთმინების გამოცდა. სიტყვით შეურაცხყოფილს, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლების აკრძალვის სურვილიც გაგვიჩნდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც სხვაგან, ამ სფეროშიც საზოგადოება თავად აწესებს ყურით მოსასმენი სიტყვის ზომა-წონას. თუ რაღაც სიტყვა საზოგადოებას „ყურს ჭრის“, მან ამ სიტყვის მთქმელს ასევე სიტყვით უნდა შეაგნებინოს, რომ იგი არ იღებს ასეთ სიტყვას, საუბრის ასეთ ტონს ან მიმართვის ასეთ ფორმას. სხვათა შორის, აკრძალვების დაწესებას ყოველთვის ,,კეთილშობილური ზრახვები” უდევს საფუძვლად. მაგალითად, სრულიად კეთილშობილი მოსაზრებებით, საკუთარი ენის ნორმებზე ზრუნვის გამო, შეიძლება არ დავუშვათ იმგვარი სტატიების ბეჭდვა, სადაც ეს ნორმები დარღვეულია, მაგრამ ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ერთი-ორი კორექტურული შეცდომის გამო, გაზეთის ფურცლებიდან არ ამოვარდება ხელისუფლების არგუმენტირებული კრიტიკის შემცველი მასალებიც. ხოლო რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მასალების გამოქვეყნება საზოგადოებისათვის, ამის განსჯა თავად მკითხველისათვის მიგვინდია.
აკრძალვებს ცენზურასთან და ტოტალიტარიზმთან მივყავართ, საზოგადოების მიერ სიტყვა-პასუხის ნორმების თანდათან გამომუშავებას – სიტყვის რეალურ თავისუფლებასთან. აკრძალვა მოცემულ მომენტში ,,გვშველის”, ,,შვებას გვგვრის”, მაგრამ გრძელვადიანად პრობლემებს გვიქმნის. ამა თუ იმ საკითხზე, ამა თუ იმ სფეროში საზოგადოებრივი ნორმების თანდათან გამომუშავება გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ, როცა იგი რაღაც ფორმას იძენს, მის მიერ მოტანილი შედეგი ნამდვილად მყარია და მართლაც სასარგებლო.
ვიმეორებ, მყარი მხოლოდ შედეგია, ანუ ის სარგებელი, რაც კითხვების (თუნდაც საჩოთიროს) მუდმივ დასმას და ამ კითხვებზე პასუხის (თუნდაც საჩოთიროს) მუდმივ ძიებას მოაქვს. თავად ნორმები კი მუდმივად უნდა ექვემდებარებოდნენ ცვლილებას თუ არა, მათ თაობაზე კითხვების დასმას მაინც, რადგან ის საზოგადოებრივი ნორმები, რომლებსაც ლარი ფლინტივით სკანდალური პიროვნებები ყველა ქვეყანაში და ყველა დროში ესხმოდნენ და ესხმიან თავს, ყოველთვის როდი დგანან საღ აზრთან ახლოს.
ქართულ საზოგადოებაში იმ დროს არსებული ნორმებით განა სწორი არაა ვარსქენი, როცა სვამს სრულიად ბუნებრივ კითხვას ,,ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პური?” განა ,,პოლიტიკური მოტივებით” გამართლებული არ იყო ვარსქენის საქციელი? და რა იქნებოდა, ერთ ადამიანს – შემდგომში წმინდანად შერაცხულს – კითხვები რომ არ გასჩენოდა ამ ,,პოლიტიკური მოტივებისა” და გარკვეული საზოგადოებრივი ნორმების მიზანშეწონილობის შესახებ? ანდა ვაჟას გმირებს რა ვუყოთ, რომელთა კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი სწორედ თემში დადგენილი ქცევის წესებში ვერანაირად ვერ თავსდება?
თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეშიც” ჩვენი სიმპათია ხომ სწორედ საზოგადოებრივი ნორმებიდან ამოვარდნილი იმ ადამიანების მხარესაა, რომლებიც ციციკორეს ,,საზოგადოებრივი ნორმების” წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას. განა სკანადალური, ნორმიდან ამოვარდნილი ტიპაჟები არ არიან ისინი, ვინც ბალახს ჭამს და კუჭი არ ეშლება, ვინც არარსებულ შიოლას ელის, ვინც მატარებლის ელმავალივით დათუხთუხებს? და რა იქნებოდა წუთისოფელი, რომ თუნდაც თავისი არსებობით, ისინი კითხვებს არ აჩენდნენ ჩვენს გონებაში?
მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ, როგორ მოვიდა საზოგადოებრივ აზრთან წინააღმდეგობაში ის რამდენიმე მამაკაცი, რომელმაც ზაფხულის პაპანაქებაში შორტების ანდა სანდლების (თანაც წინდის გარეშე!) ჩაცმა ,,გაბედა”. იბრძოლა ამ ,,საზოგადოებრივმა აზრმა” და ბოლოს მიხვდა, რომ ჩაიცვას კომფორტულად (და, საერთოდ, როგორც მოესურვება ისე) ადამიანის უფლებაა და აქ საზომად ვერ გამოდგება ის, თუ ,,რას იტყვიან უბანში” ან ,,როგორ შეხედავენ ამას ნათესავები”.
სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ სხვების აზრს ანგარიში არ გავუწიოთ. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ სხვების აზრს ზედმეტად არ გავუწიოთ ანგარიში – შეგვეძლოს, დავდგეთ რაიმე პოზიციაზე (როგორც იგი წარმოგვიდგენია და გვესმის) და საკუთარი აზრის გამომუშავების და გამოთქმის უუნარობას ,,გაბატონებული საზოგადოებრივი შეხედულების” მუქი ფარდა არ ჩამოვაფაროთ.
აკრძალვების დაწესება ან მათ დასაწესებლად ,,საზოგადოებრივ აზრზე” აპელირება საკმაოდ სახოფათოა. ერთ დღეს, შეიძლება, მართლაც ყველა შეთანხმდეს, რომ ქუჩაში შორტებით სიარული ქართველ მამაკაცს არ ,,შეეფერება”, მაგრამ ხვალ შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ,,ქუდის გარეშე ქართველ კაცს არასოდეს უვლია” და რომ უქუდოდ სიარულის აკრძალვაა საჭირო. სად გავავლოთ ზღვარი შესაფერის და შეუფერებელ ჩაცმას შორის? ვინ დაიჭერს სახაზავს ხელში, რომ ყოველი გამვლელის შარვლის ტოტის ზომა აიღოს? ან სანქცია რა უნდა იყოს ამ ,,დანაშაულისათვის”?
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ სტრიქონების მკითხელთაგან ზოგიერთი წერილის ავტორს ნაკლად ჩაუთვლის ასეთი პრიმიტიული მაგალითების მოყვანას და სულაც ვერანაირ კავშირს ვერ დაინახავს, ერთი მხრივ, დემოკრატიასა და დემოკრატიულ პრინციპებსა და, მეორე მხრივ, ისეთ ყოფით მაგალითებს შორის, როგორიც შორტებისა თუ სანდლების ჩაცმაა.
არადა კავშირი პირდაპირია: ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა და კომფორტის მიღწევა, რასაც დასავლურმა საზოგადოებებმა მიაღწიეს და რასაც ქართველები ასე ძალიან (და მეტწილად მანკიერი გზებით) ვესწრაფით, მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დაცვით არის შესაძლებელი. ყველას უნდა სახლში ჰქონდეს ევროკომფორტი, მაგრამ იგი მხოლოდ ერთეულებს ექნებათ მანამ, სანამ ეს ერთეულები, ჩვენივე მდუმარე თანხმობით, ნებისმიერი მეთოდით ხმას აკმენდინებენ მათთვის მიუღებელ ადამიანებს.
როცა ეთანხმები სხვისთვის აზრის გამოთქმის უფლების წართმევას, არ ხარ დაზღვეული, რომ ხვალ შენც არ წაგართმევენ მას. როცა ეთანხმები (არაა მნიშვნელოვანი, რა მიზეზის გამო) სხვის ცემას, არ ხარ დაზღვეული, რომ ხვალ შენ ან შენი ოჯახის წევრს არ ცემენ. ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთეულები იქნებიან დაცული და არასგზით ისინიც, ვინც თავად მოითხოვდა განსხვავებულიშეხედულებების, განსხვავებული რწმენის, განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა შეზღუდვას. აკრძალვა გალიიდან გამოშვებული ლომია, რომელმაც შეიძლება მისთვის კარის გამღებიც შესანსლოს.
სამწუხაროა, რომ ზოგჯერ საზოგადოება მკაფიოდ ვერ ხედავს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რომლის იქით ტოტალიტარიზმი იწყება. ჰიტლერს 1933 წელსვე არ დაუწყია ებრაელთა დევნა და გერმანული საზოგადოება ისე ნელ-ნელა მიუახლოვდა მისთვის საბედისწერო მიჯნას, რომ ბევრმა გერმანელმა საფრთხის გააზრებაც ვერ მოასწრო.
მართალია, საქართველოს ხელისუფლება ჰიტლერის ორგანიზებულობით ვერ ,,დაიკვეხნის”, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში სწორედ მისი არაორგანიზებულობა და მართლწესრიგის მოშლა იძლევა იგივე ეფექტს. იმის გამო, რომ არ აღკვეთა საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფა და ქართული ტრადიციისათვის შეუფერებელი და ქრისტიანული მორალისათვის მიუღებელი საქციელი – სხვა ადამიანისათვის ღირსების აყრა და მისთვის თავის გადახოტრა – მივედით წერტილამდე, როცა ძალადობა ჩვენი ცხოვრების თანამდევი ელემენტი გახდა.
დღეს საკუთარი ხალხის წინაშე დისკრედიტირებულ ხელისუფლებას სურს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველა პრობლემის სათავე ჟურნალისტია, რომლის მართალი სიტყვა, თურმე, მთავრობას მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევს; არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც, თურმე, მთავრობას საზღვარგარეთ ,,აბეზღებს”; პოლიტიკური პარტიაა, რომლის კრიტიკა, თურმე, ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს.
ვერც ერთი მთავრობა ვერ იტანს, როცა აკრიტიკებენ, მაგრამ იგი ვალდებულია, აიტანოს კრიტიკა, რათა მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახებზე მზრუნველ ადამიანთა კლანად არ იქცეს.
საზოგადოებასაც უჭირს მისგან განსხვავებული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების ატანა, მაგრამ უნდა ესმოდეს: მთავრობას სწორედ მაშინ ეძლევა შანსი, ზღვარი დაუდოს მის კრიტიკოსთა სიტყვის თავისუფლებას, როცა ჩვენვე ვაძლევთ მას ამის მაგალითს.
გამოქვეყნების დრო 17/09/2013