მ. 40 – უდანაშაულობის პრეზუმფცია როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუცია მე-40 მუხლით აღიარებს თავისუფალ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს _ უდანაშაულობის პრეზუმფციას. როგორც ზემოთ აღინიშნა, 42-ე მუხლით კონსტიტუცია აღიარებს სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას და მის შემადგენელ იმ ცალკეულ უფლებებსა თუ პრინციპებს, რომლებიც ადამიანის საპროცესო უფლებათა ძირითადი ბირთვია, ზღუდავს სახელმწიფო ხელისუფლებას და ადგენს პიროვნებისა და ხელისუფლების ურთიერთობის საფუძვლებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და გაბატონებული სამართლებრივი შეხედულება უდანაშაულობის პრეზუმფციას მიიჩნევს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების არსებით, განუყოფელ შემადგენელ ნაწილად და ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს ამ პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ცალკე, დამოუკიდებელი მუხლით აღიარებს მას (მ. 40). ამავე დროს, კონსტიტუცია იზიარებს გაგრძელება. ევროპული კონვენციის მიდგომასაც, რადგან მე-40 მუხლით აღიარებული უდანაშაულობის პრეზუმფცია კონსტიტუციურ-სამართლებრივად 42-ე მუხლით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით:
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც, რომელიც აფართოებს კონსტიტუციის მე-40 მუხლის დებულების შინაარსს და აცხადებს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე, ხოლო კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს არა მარტო ბრალდებულის, არამედ ეჭვმიტანილის სასარგებლოდაც. ზემოაღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს პირის დაკავების მომენტიდან სისხლისსამართლებრივი განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სტადია, რადგან ნებისმიერი შენიშვნა, რომელსაც მოსამართლე გააკეთებს საქმის განხილვის დამთავრების ან პირის გამართლების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად ჩაითვლება. გარდა ამისა, მართალია, ეს პრინციპი ძირითად საპროცესო გარანტიას წარმოადგენს, მაგრამ მისი მოქმედებისა და გამოყენების სფერო გაცილებით ფართოა. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა თანაბრად სავალდებულოა როგორც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე ყველა სახელმწიფო ორგანოსა და მოსამართლისათვის, ისე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირისათვის. ანუ, ისევე როგორც მოსამართლეები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა ეყრდნობოდნენ წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრს ბრალდებულისა თუ განსასჯელის მიმართ, სხვა სახელმწიფო ორგანოთა თანამდებობის პირებიც არ უნდა გამოთქვამდნენ მოსაზრებებს პირის ბრალეულობის შესახებ. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ან მის დაწყებამდე ქვეყნდება მიკერძოებული და არაობიექტური საგაზეთო პუბლიკაციები, სადაც ბრალდებული უკვე დამნაშავედ არის შერაცხული. ამ დროს სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბრალდებულს შეუქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მან ასევე პრესის საშუალებით გააბათილოს საგაზეთო პუბლიკაციების არგუმენტები.
მე-40 მუხლით ადამიანი არ არის დაცული სახელმწიფოს იმ მოქმედებებისაგან, რომლებიც თან სდევს სისხლისსამართლებრივ დევნას (მაგალითად, წინასწარი დაკავება ან დაპატიმრება). მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს ადამიანს სხვა პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან. გარდა ამისა, უდანაშაულობის პრეზუმფციის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი _ ყოველგვარი ეჭვი _ ბრალდებულის სასარგებლოდ~ (in dubio pro reo) _ ერთერთი უმთავრესი კრიტერიუმია მტკიცებულებათა შეფასებისას. მოსამართლე ვალდებულია, არ აღიაროს ისეთი ფაქტებისა და მტკიცებულებების უტყუარობა, როდესაც ნეიტრალური მხრიდან ობიექტური შეფასებისას რჩება ამ მტკიცებულებათა უტყუარობის ეჭვი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს უდანაშაულობის პრეზუმფციის ზემოაღნიშნულ შინაარსს. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შემადგენელი ნაწილია,2 და აცხადებს, რომ ამ პრინციპის დაცვა ევალება ყველა სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირს. საქმეში ალენე დე რიბემონი საფრანგეთის წინააღმდეგ3 სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევად მიიჩნია შინაგან საქმეთა მინისტრისა და კრიმინალური პოლიციის დირექტორის განცხადება, რომლებმაც ქალბატონი რიბემონი მკვლელობის თანამონაწილედ და წამქეზებლად მოიხსენიეს, თუმცა ამ დროს ქალბატონ რიბემონს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ჰქონდა წაყენებული ბრალი და, შესაბამისად, სასამართლო განხილვაც არ იყო დაწყებული. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა საჭიროა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროსაც. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ავსტრიის ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ, როცა გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, დაუშვებელია ეროვნული სასამართლო ეყრდნობოდეს პირის ბრალეულობის ეჭვს და ამ საფუძვლით უარი უთხრას მას კომპენსაციაზე. ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ, რადგან პირი გაამართლეს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის საფუძველზე, ანუ იმის გამო, რომ ყველა ეჭვი გადაწყდა მისი, როგორც ბრალდებულის სასარგებლოდ, ეროვნულმა სასამართლომ არ შეიძლება არ დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა იმ საფუძვლით, თითქოს მაინც არსებობს ეჭვი პირის ბრალეულობის შესახებ~.4 ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევა.
საქმეში მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ, რომელშიც ჟურნალისტი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააჯარიმეს ცილისწამებისათვის იმ საფუძვლით, რომ იგივე ბრალდებით სხვა ჟურნალისტს სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ, როცა ადამიანს არ ეძლევა სამართლებრივი დაცვის საშუალება, ეს ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ გააფართოვა ამ პრინციპის მოქმედების სფერო და განაცხადა, რომ ზოგ შემთხვევაში იგი ვრცელდება სამოქალაქო საქმეებზეც, რომლებსაც სასამართლო განიხილავს `სისხლისსამართლებრივის~ კონტექსტში (აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალწარმოება). გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა უდანაშაულობის პრეზუმფციის ის კომპონენტი, რომლითაც იგი იცავს ადამიანს სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან და საქმეში ა. პ., მ. პ. და თ. პ. შვეიცარიის წინააღმდეგ7 ამ პრინციპის დარღვევად მიიჩნია სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოქმედება. ამ ორგანოებმა ჯარიმის გადახდა დააკისრეს ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰქონდათ იმ პირთა საცხოვრებელი ბინები, რომლებიც დამნაშავედ ცნეს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამო. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევად ითვლება ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ხელყოფილია მისი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომელიც აცხადებს: ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა (მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება). აქედან გამომდინარე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იქნება ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც სასამართლო მტკიცების ტვირთს ბრალდების მხრიდან გადაიტანს დაცვის მხარეზე და გადაწყვეტილებას დაასაბუთებს იმით, რომ ბრალდებულმა ვერ დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა. ევროპულმა სასამართლომ სწორედ ამ ნაწილის და, შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევა დააფიქსირა საქმეში ტელფნერი ავსტრიის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ სასამართლოს წევრები თავისი მოვალეობის შესრულებას არ უნდა შეუდგნენ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრით, რომ განსასჯელმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს და ყოველი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა იმ შემთხვევაში, როცა მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდების მხრიდან დაცვის მხარეზე. განსახილველ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა, რომლებმაც ვერ დაადგინეს პრიმა ფაციე დამაჯერებელი შემთხვევა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხრიდან გადაიტანეს დაცვის მხარეზე, რითაც დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.
მ. 42, პ. 4 – ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა (ne bis in idem) ნე ბის ინ იდემ, ანუ ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა ასევე საპროცესო ძირითადი უფლება და ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი პრინციპია. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. აღნიშნული უფლებით დაცულია ნებისმიერი ფიზიკური პირი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა თუ მოქალაქეობის არქონისა. დაცული სიკეთე არის ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა. ერთი და იგივე დანაშაული ნიშნავს წარსულში არსებულ გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც აღიძრა და სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო სასამართლო განაჩენის მიხედვით, კონკრეტული ბრალდებული პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ან თანამონაწილედ. ანუ მოცემული პრინციპის ამოქმედების აუცილებელი წინაპირობაა კანონის საფუძველზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობა. ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გაჩენა, მაგალითად, დანაშაულის ჩადენისათვის პირის დასჯიდან გარკვეული დროის შემდეგ, დანაშაულის მსხვერპლის ჯანმრთელობის გაუარესება ან მისი გარდაცვალება, არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის განახლების და ამ ახალი დანაშაულისათვის პირის დასჯის საფუძვლად. დასჯილი პირისათვის დამატებითი ან უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება პრინციპს ნე ბის ინ იდემ. იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლისსამართლებრივ სასჯელთან ერთად პირს დაეკისრება დისციპლინური სასჯელიც, მაგრამ ორივე სახის სასჯელის საფუძველი ერთი და იგივე დანაშაულია, ასევე სახეზე გვაქვს ნე ბის ინ იდემ პრინციპის დარღვევა. ნე ბის ინ იდემ პრინციპი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლომ გამოიტანა პირის გამამართლებელი გადაწყვეტილება. დაუშვებელია იმავე საკითხთან დაკავშირებით ახალი საქმის აღძვრა და სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს დადასტურებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. გამონაკლისია შემთხვევა, როცა საქმეში გამოიკვეთება და წარმოიშობა ახალი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი განხილვა და შეფასება არ მომხდარა სასამართლო პროცესზე. Ne bis in idem პრინციპის ამოქმედების აუცილებელ წინაპირობაში, რომლის მიხედვითაც უნდა არსებობდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, იგულისხმება, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება. ანუ სხვა სახელმწიფოთა სასამართლოების გადაწყვეტილებათა არსებობა არ იწვევს ნე ბის ინ იდემ პრინციპის ამოქმედებას და პირს შეიძლება, დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან უცხო სახელმწიფოში ჩაიდინა. ამას ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ Ne bis in idem პრინციპი აბსოლუტურად უზრუნველყოფილია, ანუ კონსტიტუცია არ ადგენს ამ პრინციპის შემზღუდავ ფარგლებს. შესაბამისად, ამ პრინციპის ნებისმიერი დარღვევა ანტიკონსტიტუციურია და შეუძლებელია მისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება რაიმე საფუძვლით.
მ. 42, პ. 5 _ არავითარი სასჯელი კანონის გარეშე (Nulla poena sine lege), კანონის უკუძალა
ა) Nulla poena sine lege
კანონიერების უმნიშვნელოვანესი პრინციპი Ne bis in idem (სიტყვასიტყვით: არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ მოქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული სამართალდარღვევად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს, რომელიც, იმავდროულად, საპროცესო ძირითად უფლებას წარმოადგენს, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს:
არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს~. აღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირები. გარდა ამისა, ამ ძირითად უფლებას საფუძვლად უდევს სამართლებრივი სახელმწიფოს სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი: კანონიერების პრინციპი კანონის არაორაზროვნებისა და განსაზღვრულობის პრინციპი სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპი კანონიერების პრინციპის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულის სახეები და სასჯელი მხოლოდ კანონით უნდა განისაზღვროს; სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს ასევე მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონის არაორაზროვნებისა და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლისაგან მოითხოვს გასაგები, არაორაზროვანი და კონკრეტული სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რათა მოქალაქეთათვის შესაძლებელი იყოს კანონის ნორმათა გაგება და ამ ნორმათა შესაბამისად მოქმედება. დაუშვებელია სისხლის სამართლის სფეროში ანალოგიის გამოყენება პირის საზიანოდ, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დასაშვებადაა მიჩნეული ანალოგია პირის სასარგებლოდ, რაც შეიძლება განხორციელდეს სამოსამართლეო სამართალშემოქმედებით, რომელსაც საფუძვლად შეიძლება დაედოს კოდექსის 32-ე და 38-ე მუხლებით აღიარებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი და ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები. კანონის არაორაზროვნებისა და განსაზღვრულობის პრინციპის საწინააღმდეგო იქნება, მაგალითად, კანონის ასეთი ნორმა:
ყველა ქმედება, რომელიც არ შეესაბამება ზნეობის ნორმებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით.
კანონის უკუძალის პრინციპის განსაკუთრებული მნიშვნელობა გაითვალისწინა კონსტიტუციის კანონმდებელმა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებით აღიარა იგი: კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
ეს პრინციპი სრულად აისახა და განიმარტა საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში:
1. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არა აქვს.
2. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
3. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლიდან იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, თუ ახალი კანონი სხვაგვარად აუმჯობესებს ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება. მაგალითად, თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლობის გაქარწყლების ახალი ვადები ან განსხვავებული წესი, უკუძალა ექნება ახალ ნორმებს, იმისდა მიუხედავად, ამსუბუქებს თუ ამკაცრებს იგი პირის მდგომარეობას. ეს წესი სავსებით შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დებულებას, რადგან დანაშაულის ჩამდენ პირს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონი გარანტიას აძლევს მხოლოდ ორ შემთხვევაში. თუ:
ა) ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;
ბ) ქმედების დასჯადობის გამკაცრებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა. ყველა სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონს უკუძალა აქვს.
აღნიშნულ საპროცესო ძირითად უფლებაში ჩარევა დაუშვებელია. კონსტიტუცია არ ადგენს ამ ძირითადი უფლების შეზღუდვის რაიმე საფუძველს. იგი აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებაა. ასევე არ არსებობს ამ ძირითადი უფლების კოლიზიური კონსტიტუციური უფლება ან სამართლებრივი სიკეთე.
სამართლებრივი სახელმწიფო და ნდობის დაცვის პრინციპი
კანონის უკუძალის კონსტიტუციურ პრინციპთან ერთად აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის ნდობის დაცვის განხილვა. ეს პრინციპი კონკრეტულად არ არის მითითებული კონსტიტუციის რომელიმე მუხლში, მაგრამ იგი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციით შექმნილი ახალი ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად აუცილებელია თავად სამართლებრივი სახელმწიფოს შინაარსის მოკლედ განხილვა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა. საქართველოს კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ შეიცავს უშუალო მითითებას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, მაგრამ საკონსტიტუციო სამართალი შედგება არა მარტო კონსტიტუციაში უშუალოდ მოცემული დებულებებისაგან, არამედ აგრეთვე ამ დებულებების შემკვრელი, შინაარსობრივად მათი გამაერთიანებელი საყოველთაო პრინციპებისა და იდეებისაგან, რომლებიც კანონმდებელმა არ დააკონკრეტა არც ერთ წინადადებაში. საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ ასეთ ძირითად პრინციპს განეკუთვნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაზე მოკლე და მარტივი განმარტებით, სამართლებრივია სახელმწიფო, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლება შეზღუდულია სამართლით. უფრო კონკრეტულად, სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება გადმოსცემს კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული კანონებით სახელმწიფოს (აღმასრულებელი ხელისუფლების) შეზღუდვის, ხოლო კონსტიტუციით მთელი სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვის იდეას. საქართველოს კონსტიტუცია პრეამბულაში გარკვევით მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, ძირითად ნაწილში კი უპირობოდ იზიარებს სამართლებრივი სახელმწიფოს ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ დებულებას და აცხადებს, რომ `სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში~ (მ. 5, პ. 1). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დებულება სულ რამდენიმე სიტყვისაგან შედგება, სწორედ ის შეიცავს სამართალზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეას. ამ დებულების განმარტების შედეგად სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გამოხატულია შემდეგი სახით: კანონმდებლობა შებოჭილია კონსტიტუციით, უფრო კონკრეტულად _ კონსტიტუციით შექმნილი და განმტკიცებული სამართლებრივი წესრიგით, აღმასრულებელი ხელისუფლება და მართლმსაჯულება კი . კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული კანონებით, ანუ სამართლით (მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადასტურებულია კონსტიტუციის უზენაესობა და მისი უპირატესი ძალა ყველა სხვა აქტის მიმართ:
`საქართველოს კონსტიტუცია სახელმ წიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას~).
აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკრძალება თავისუფალი, მხოლოდ საკუთარი შეხედულებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. იგი აუცილებლად უნდა იყოს ორიენტირებული მოქმედი სამართლის ნორმებზე, განსაკუთრებით _ კონსტიტუციასა და კანონებზე, ეს კი, ანუ კანონის უპირატესობა, კანონის ნორმის უპირატესი ძალა, სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. კონსტიტუციით განმტკიცებული აღნიშნული ნორმა ნიშნავს, რომ კანონის სახით გადმოცემულ სახელმწიფოს ნებას უპირატესი ძალა აქვს ნებისმიერი სხვა ფორმით გამოხატული სახელმწიფოს ნების მიმართ (რა თქმა უნდა, კონსტიტუციის გარდა). საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებში მითითებულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე (მაგალითად: მ. 19 _ სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებები; მ. 20 _ პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის თავისუფლება; მ. 21 _ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება; მ. 22 _ თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება; მ. 24 _ ინფორმაციის თავისუფლება; მ. 25 _ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ა.შ.), ანუ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან პიროვნების მიმართ ყოველგვარი მოქმედების განხორციელების, მის ცხოვრებასა და საქმიანობაში ჩარევის აუცილებელი წინაპირობაა კანონის არსებობა, რაც ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს განუყოფელი ნიშანია. აღნიშნული დებულების მიხედვით, სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებას) შეუძლია მოქალაქეთა თავისუფლებაში ან მათი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ჩარევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი კანონით იქნება უფლებამოსილი. მე-5 მუხლში მოცემული უმნიშვნელოვანესი დებულების გარდა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დაკონკრეტებულია კონსტიტუციის სხვა მუხლებშიც:
ა) უპირველეს ყოვლისა, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დებულებები სახელმწიფო ორგანოების შექმნისა და ფუნქციონირების, აგრეთვე მათი უფლებამოსილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო ხელისუფლება საფუძველშივე სამართლით არის შეზღუდული;
ბ) სამართლებრივი სახელმწიფო წარმოუდგენელია სახელმწიფოს ძირითადი კანონით, ანუ კონსტიტუციით აღიარებული და განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებების გარეშე.
კონსტიტუციის მე-2 თავში მოცემულია ადამიანის ძირითადი უფლებები, რომლებიც უშუალოდ მოქმედ სამართალს წარმოადგენს და რომლებითაც შეზღუდულია ხალხი და სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას (მ. 7). განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მე-18 და 42-ე მუხლების დებულებებს, რომლებითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება _ თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, აქვე მოცემულია ე.წ. საპროცესო ძირითადი უფლებები; გ) ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.
(მ. 5, პ. 4); დ) 82-ე_91-ე მუხლების დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე აფუძნებს შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილ საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს _ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება შეიცავს სამართლიანობის იდეას. ეს იდეა ყოველი სახელმწიფოებრივი მოქმედების მიზნად სახავს მატერიალური სამართლიანობის მიღწევასა და შენარჩუნებას. სამართლიანობის იდეა მოითხოვს სამართლიანობისაკენ სწრაფვას არა ზოგადად, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონები სამართლიან ნორმებს უნდა შეიცავდეს, სამართლიან წესებს უნდა ადგენდეს და ამ ნორმათა გამოყენებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების ორგანოთა ან სასამართლოთა მხრივ სამართლიან, ანუ შინაარსობრივად გამართულ გადაწყვეტილებამდე და შედეგებამდე უნდა მივყავდეთ. თუ რა არის მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი, ამის თქმა შესაძლებელია მხოლოდ ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებისა და შეფასების შემდეგ. სამართლიანობის მოთხოვნის დარღვევაა, მაგალითად, სისხლის სამართლის დამნაშავის მიმართ მისი ბრალის შეუსაბამო, ზედმეტად მკაცრი სასჯელის გამოყენება, ანუ თუ არ იქნება გათვალისწინებული მისი ბრალის სიდიდე. ასევე უსამართლო იქნება სამხედრო პირის ან საჯარო მოხელის დისციპლინური წესით რამდენჯერმე დასჯა ერთი და იმავე სამსახურებრივი გადაცდომისათვის ან პირის ისეთი ქმედებისათვის, რომელიც ერთდროულად სამსახურებრივ გადაცდომასა და სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს, აგრეთვე პირისათვის ერთდროულად დისციპლინური სახდელისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრება. სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლიანობის მსგავსად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი მიზანია, საზოგადოებაში სამართლებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რას შეიძლება დაეყრდნონ ისინი და რისი ნდობა უნდა ჰქონდეთ. სამართლებრივი უსაფრთხოება ნიშნავს, რომ არ შეიძლება მუდმივად განახლდეს ყოველი სამართლებრივი დავა და რომ სამართლებრივი მშვიდობა მყარდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება გასაჩივრდეს და გადაისინჯოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უსამართლოა; ამისათვის აუცილებელია კანონით განსაზღვრული პირობების შესრულება. კანონმდებელმა ამ სფეროში სამართლიანობის იდეა გამოხატა იმით, რომ დასაშვებად მიიჩნია სასამართლოს მიერ განხილული დავის ხელახალი განხილვა და საქმის გადასინჯვა მხოლოდ რამდენიმე ზუსტად განსაზღვრული გარემოების არსებობისას. ამას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტიც: `სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით~. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს აგრეთვე თანაზომიერების (იგივე პროპორციულობის) პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, ფიზიკური პირი დაცული უნდა იყოს მისი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროში საჯარო ხელისუფლების ზედმეტი, არასაჭირო ჩარევისაგან. თუ ასეთი ჩარევა გადაუდებელი და აუცილებელია, მას უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საფუძველი, ამასთან, ეს საფუძველი თავისი შინაარსის, ფორმის, მიზნისა და გავრცელების მიხედვით, უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული, ნათელი და არაორაზროვანი, რათა მოქალაქემ ადვილად შეიცნოს იგი. თანაზომიერების პრინციპი საშუალებასა და მიზანს შორის ურთიერთობის საფუძველია. ძირითადი უფლების შეზღუდვა რაიმე საშუალებით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი გამოსადეგი და აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად. საშუალება გამოსადეგია, თუ მისი დახმარებით შესაძლებელია დასახული მიზნის მიღწევა. საშუალება აუცილებელია, თუ არ არსებობს სხვა გზა, რომელსაც მსგავსი მოქმედების ძალა აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად ზღუდავს ძირითად უფლებას. შესაბამისად, აუცილებელია ყოველთვის ყველაზე უფრო რბილი, მოქნილი, არარადიკალური საშუალების გამოყენება. ამასთან, ყველა შემთხვევაში, გამოყენებული საშუალება მისაღწევი მიზნის პროპორციული უნდა იყოს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც უკვე განვიხილეთ და რომელიც აღიარებულია კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით: `ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით~; `არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს~. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპით ასევე აკრძალულია ბრალდებულისათვის სასჯელის დაკისრება ბრალის დადასტურების გარეშე, ანუ ყოველი სასჯელის უცილობელი წინაპირობაა ბრალის არსებობა (Nulla poena sine culpa), ბრალდების მტკიცების მოვალეობა კი ბრალმდებელს ეკისრება. დაუშვებელია პირის დასჯა, თუ მას ბრალი არ მიუძღვის. საქართველოს კონსტიტუცია, თავისი საერთო კონცეფციის შესაბამისად, გარკვევით აღიარებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის საფუძვლად მიჩნეული ეს პრინციპი გაცხადებულია კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით: `სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით~. კონსტიტუციის დებულებებით განსაზღვრულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა შექმნისა და საქმიანობის წესი და მათი უფლებამოსილებები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ხელისუფლებებისა. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტი სასამართლო ხელისუფლების შესახებ პირდაპირ მიუთითებს, რომ `სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები~. თუ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ისტორიულ განვითარებას გადავხედავთ, მის ფესვებს ისევ არისტოტელესთან ვნახავთ. არისტოტელე განასხვავებდა ე.წ. რჩევების (სადაც რჩევებს აძლევენ, ბჭობენ სხვადასხვა საკითბზე) ხელისუფლებას (საკანონმდებლო ხელისუფლება), მაგისტრატს (აღმასრულებელი ხელისუფლება) და მართლმსაჯულებას. ჯონ ლოკი ხელისუფლებას ანაწილებდა ხალხზე, პარლამენტზე, მონარქსა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე (თწო ტრეატისეს ოფ გოვერნმენტ, 1690). შარლ ლუი მონტესკიეს საქვეყნოდ ცნობილ ნაშრომში _ `კანონთა გონი~ (1748) _ მოცემული დებულებების შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების დაყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად პირველად გვხვდება პენსილვანიის შტატის კონსტიტუციაში (1776), შემდეგ _ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში (1787), მე-18 საუკუნის ბოლოს კი მას იმეორებს იმანუელ კანტი (`სამართლის თეორიის მეტაფიზიკური საფუძვლები~, 1798). ხელისუფლების დანაწილება მიზნად არ ისახავს მხოლოდ ხელისუფლების ორგანიზაციულ განაწილებას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოზე. ის ძირითადად მიმართულია ძალმომრეობითი, ერთპიროვნული, დიქტატორული მმართველობის საფრთხის თავიდან აცილების ან შემცირებისკენ მაინც. ხელისუფლების უზურპაციისა და უსამართლო მმართველობის საფრთხე მინიმუმამდეა დასული, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს არა ერთი პირი ან ერთი სახელმწიფო ორგანო, არამედ როცა სახელმწიფოს ამოცანები განაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს შორის. ხელისუფლების ორგანიზაციული დანაწილებისას სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები განაწილებულია სხვადასხვა ორგანოზე იმგვარად, რომ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ლეგალურად, კანონიერი გზით მოიპოვოს მთელი სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი. ამასთან, ერთი ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეიძლება იყვნენ სხვა ხელისუფლების თანამდებობის პირები (ხელისუფლების პერსონალური დანაწილება). მაგალითად, დაუშვებელია მოქმედი მოსამართლე იმავე დროს იყოს პარლამენტის წევრი ან მინისტრი, ისევე როგორც დაუშვებელია, მოქმედი სახელმწიფო მოხელე იყოს მოსამართლე ან პარლამენტის წევრი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მიზანია ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ხელისუფლების სამ სხვადასხვა განშტოებას შორის ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმის (Check and balances) შექმნა. საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ამ ძირითად იდეას და ამიტომ ხელისუფლებათა აბსოლუტურ გაყოფას კი არ ახდენს, არამედ ქმნის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების სისტემას. კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების დანაწილების აზრია არა სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების მკაცრი გაყოფა, არამედ ის, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები ერთმანეთს აკონტროლებენ და ზღუდავენ, რათა გაწონასწორდეს სახელმწიფოს ძალაუფლება და დაცული იყოს პიროვნების თავისუფლება. აღნიშნული სისტემა გამოხატულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლში, მაგალითად: პარლამენტი აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას (მ. 48, მ. 56, მ. 59, მ. 60, პ. 2, მ. 64), სასამართლოები (საერთო სასამართლოები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო) ახორციელებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების აქტების კონტროლს კანონებსა და კონსტიტუციასთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით; თავის მხრივ, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობს პრეზიდენტი ე.წ. ვეტოს უფლებით, ამავე დროს, ასამოქმედებლად ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს (მ. 68). ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემაში ძირითადად ერთი ხელისუფლების ორგანო ნიშნავს ან ირჩევს სხვა ხელისუფლების თანამდებობის პირებს და პირიქით. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტი, 90-ე მუხლის მიხედვით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი. გარკვეულ შემთხვევებში, ხელისუფლების სპეციფიკური ამოცანები შეიძლება აღსასრულებლად გადაეცეს სამართლებრივად თვითმყოფად და დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია მოაწესრიგოს შესაბამისი ურთიერთობები საკუთარი პასუხისმგებლობი თა და შეხედულებისამებრ. ასეთ ორგანოებად საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კონტროლის პალატას, რომელთა დამოუკიდებლობის გარანტიები და უფლებამოსილებები აღწერილია 95-ე და 97-ე მუხლებში. ამ მუხლებით განსაზღვრულია, რომ ეროვნული ბანკი და კონტროლის პალატა თავიანთ საქმიანობაში დამოუკიდებელი არიან. მათთვის გადაცემული სახელმწიფოებრივი ამოცანების მნიშვნელობიდან გამომდინარე და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ზემოაღნიშნული ნიშნის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობებზე პირთა გამწესებაში მონაწილეობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამართლებრივი სახელმწიფოს კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია ნდობის დაცვის პრინციპი, რომელიც არსებითადაა დაკავშირებული კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებულ სისხლის სამართლის კანონის უკუძალის პრინციპთან. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ნდობის დაცვის პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს კიდევ ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილთან _ სამართლებრივ უსაფრთხოებასთან. ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ნდობის დაცვას ნიშნავს, კერძოდ, მოქალაქის იმ ნდობის დაცვას, რომ მის მოქმედებას მოგვიანებით არ მოჰყვება მისთვის არასასურველი ის სამართლებრივი შედეგები, რის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო მოქმედების განხორციელებისას. სწორედ აქედან გამომდინარე, ნდობის დაცვა ეხება უკუძალის მქონე და არა მომავალში მოქმედ სამართლებრივ ნორმებს. ნდობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია ე.წ. `ნამდვილი უკუძალის~ მქონე კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტების მიღება. ნამდვილი უკუძალა სახეზე გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ახალი კანონი ეხება წარსულში განხორციელებულ და არსებითად უკვე დამთავრებულ მოქმედებებს თუ გარემოებებს და ადგენს ახალ ნორმებს ამ გარემოებათა შესახებ. ასეთია, მაგალითად, კანონი, რომელიც წარსულში განხორციელებულ მოქმედებებზე აწესებს გადასახადს და მოითხოვს მათ გადახდას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან. ეს კანონი ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, რადგან არყევს მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი და, შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურია. მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა კანონის ნორმები ეხება არა მარტო წარსულში მომხდარ ან მომავალში განსახორციელებელ მოქმედებებს, არამედ აწმყოში მიმდინარე მოვლენას, რომელიც წარსულში წარმოიშვა, აწმყოში აგრძელებს მოქმედებას და შეწყდება მომავალში. ასეთ კანონებს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს უკუძალა და მათ ე.წ. `არანამდვილი უკუძალის~ მქონე ნორმები ჰქვია. მაგალითად, კანონმა შეიძლება დააწესოს ამჟამად არსებული საგადასახადო შეღავათების მომავალში გაუქმების თარიღი. ასეთი ნორმები ძირითადად არ ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, მაგრამ მაინც, ყოველ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოცემული კონკრეტული შემთხვევის გარემოებების შეფასება და იმის გარკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად შეიცვალა (გაუარესების თვალსაზრისით) მოქალაქის სამართლებრივი მდგომარეობა. ამ შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოქალაქის ინტერესის (რომელსაც სურს მოქმედი ნორმის მომავალში არსებობა) შედარებას სახელმწიფოს ინტერესთან, რომელსაც გარკვეული მოსაზრების გამო სურს არსებული ნორმის შეცვლა. სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს ნორმას ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი, რომლის მიხედვითაც, `კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას~. ამდენად, ნდობის დაცვის პრინციპისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული მუხლის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს კანონის უკუძალის პრინციპის ნამდვილი შინაარსი.
მ. 42, პ. 7 – კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები
ა) შესავალი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, `კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს~. ეს დებულება მეორდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტში და უშუალოდ უკავშირდება კონსტიტუციის მე-20 მუხლით უზრუნველყოფილ ადამიანის პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ძირითად უფლებებს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის (მ. 157), კერძო საუბრის საიდუმლოების (მ. 158), პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების (მ. 159), ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის (მ. 160) დარღვევისათვის. ეს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მარტო კერძო პირებს, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელ იმ ოფიციალურ პირებსაც, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით იჭრებიან ადამიანის პირად ცხოვრებაში. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებები მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს, ეს შეზღუდვა კი სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად (რაც დაწვრილებით არის აღწერილი 46-ე მუხლის კომენტარის ფარგლებში). ყოველივე ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტია, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს და ავალდებულებს მას, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, და არა საკუთარი სურვილისამებრ ჩაერიოს ადამიანთა ცხოვრებაში. ამავე დროს, აღნიშნული დებულება აფრთხილებს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილი წესების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ ექნება იურიდიული ძალა და იგი პასუხს აგებს ამ დარღვევისათვის, ისევე როგორც ნებისმიერი კერძო პირი, რომელიც სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩაერევა.
ბ) ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თითქოს ყველაფერი ნათელი და გარკვეულია, მაინც უნდა შევჩერდეთ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის დებულებაზე. ეს ნორმა ყურადღებით უნდა განიმარტოს. თავდაპირველად ისე ჩანს, რომ ამ ნორმით იურიდიული ძალის არმქონედ არის გამოცხადებული ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კანონის დარღვევით იქნება მოპოვებული. კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სასამართლოთა სამართალშემოქმედება ცხადყოფს, რომ მოსამართლეები, კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ასეთ მტკიცებულებებს უარყოფენ, არ მიიჩნევენ დასაშვებად და გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებენ მათ. როცა საქმე ეხება სახელმწიფოს (საგამოძიებო ორგანოების) მიერ ბრალდების სასარგებლოდ (ანუ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ) კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ბუნებრივია, ასეთი მიდგომა აუცილებელია და სავსებით შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნას. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აღიარებულ სამართალწარმოების თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის მხარესაც აქვს უფლება და შეეცდება მოიპოვოს ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები. სწორედ ასეთ მტკიცებულებებზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ზოგადი ნორმა, რადგან ამ ნორმის მთავარი მიზანია დაისაჯოს მხოლოდ დამნაშავე; იგი უკრძალავს სასამართლოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს უდანაშაულო ადამიანის დასჯა. აქედან გამომდინარე, როცა დაცვის მხარე წარადგენს ბრალდებულის აშკარად გამამართლებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ნამდვილად კანონის დარღვევით არის მოპოვებული, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ეს მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღებისას, სხვა მტკიცებულებებსა და გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინოს მათი მნიშვნელობაც. მაგალითისათვის შეიძლება წარმოვიდგინოთ სასამართლო პროცესი, რომელზეც განსასჯელს ბრალი ედება მეზობლის მკვლელობაში, რომელთანაც მას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის გამო მეტად რთული და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს მოაქვს მტკიცებულება _ ვიდეოფირი, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული. ვიდეოფირის უკანონობას თავად დაცვის მხარეც აღიარებს, რადგან აცხადებს, რომ ვიდეოფირი მოიპარეს იმ საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მობინადრის ბინიდან, რომლის სადარბაზოსთანაც მოხდა მკვლელობა. ამ მობინადრეს კი, თავის მხრივ, ასევე კანონის დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული სადარბაზოს შესასვლელთან ფარული ვიდეოკამერა, რომელიც აფიქსირებდა ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს, აგრეთვე ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს. ამ ვიდეოფირზე აღბეჭდილი იყო მკვლელობის ფაქტიც და, გვიანი ღამისა და სიბნელის მიუხედავად, გარკვევით ჩანდა, რომ მკვლელი სულ სხვა პირი იყო. ბუნებრივია, რომ ასეთი მტკიცებულება, რომელიც ამართლებს ბრალდებულს, აუცილებლად უნდა გამოიყენოს სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ასეთ შემთხვევებში უარს იტყვის იმ (უკანონოდ მოპოვებული) მტკიცებულების გამოყენებაზე, რომელიც აშკარად აბათილებს ბრალდებას და ამართლებს ბრალდებულს, მივიღებთ ვითარებას, როცა რეალური დამნაშავე დაუსჯელი დარჩება, უდანაშაულო ადამიანი კი უსამართლოდ დაისჯება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2004 წლის 13 თებერვალს შევიდა დამატება, რომელიც შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის დებულების ზემოთ განმარტებულ მოთხოვნებს. ამ დამატების მიხედვით, `სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია:
ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე;
ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახვს განხორციელებულ ქმედებას.
რაც შეეხება ფარული აუდიო ან ვიდეოჩანაწერის დასაშვებობის საკითხს, მისი განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა შესაბამისი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა, რაც საშუალებას მოგვცემს შევადაროთ ისინი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის დებულების ზემოთ მოცემულ განმარტებას. ამ სახელმწიფოებში მოსამართლეები ავტომატურად და ფორმალურად არ უარყოფენ უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს. მაგალითად, შოტლანდიაში მოქმედებს ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ყველა მტკიცებულება დასაშვებია, თუ მას შეხება აქვს საქმესთან. ინგლისსა და უელსშიც ესაა მტკიცებულებათა დასაშვებობის მთავარი კრიტერიუმი. უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას დაუშვებლად ცნობს სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ არა ავტომატურად. ყოველთვის დაუშვებლად ცნობენ მტკიცებულებას, რომელიც ზიანს აყენებს დაცვის მხარის ინტერესებს. ძალიან განსხვავებულია ჰოლანდიის კანონმდებლობა, სადაც არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს კერძო პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული და სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემული მტკიცებულების დაუშვებლობას, თუმცა ჰოლანდიაშიც სრულიად დაუშვებელია ბრალდებულის პირადი ცხოვრებისა და ინტერესების დამცველი ნორმის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება სასამართლოს მიერ. დანიაში კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება აუცილებლად არ იწვევს მის დაუშვებლობას. სასამართლო, როგორც წესი, მას მხედველობაში იღებს, მაგრამ ეს არ ეხება გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და, ამასთან, პოლიციის მოხელე, რომელმაც უკანონოდ მოიპოვა მტკიცებულება, პასუხს აგებს ამისათვის. საფრანგეთში უმთავრესია მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასებისას მოსამართლე სარგებლობს სრული თავისუფლებით, მაგრამ იგი ვერ დაეყრდნობა სახელმწიფოს მიერ კანონის ან ბრალდებულის უფლებათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. გერმანიაშიც ასევე გადამწყვეტია მოსამართლის შინაგანი რწმენა, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება კი ავტომატურად დაუშვებლად არ ითვლება. იტალიაში მოსამართლეს შეუძლია დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც კანონში უშუალოდ არ არის მოხსენიებული, თუ იგი საქმეს უშუალოდ ეხება და არ ხელყოფს ბრალდებულის უფლებებს. ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები კი ყოველთვის დასაშვებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირია შემთხვევა, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დაცვის მხარის მიერ უკანონოდ მოპოვებულ წერილობით და ვიდეოდოკუმენტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. გ) კერძო საუბარი და ფარული ჩანაწერები განსახილველ საკითხს მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის პირადი ცხოვრების სფეროში და კერძო საუბრისას გამოყენებული ფარული მოსმენისა და ჩანაწერის მტკიცებულებად აღიარების პრობლემა. ზემოთ უკვე დაწვრილებით აღვწერეთ სახელმწიფოს მიერ ადამიანების პირადი ცხოვრებისა და კერძო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის კონსტიტუციური და საკანონმდებლო საფუძვლები. კონსტიტუციის მე-20 მუხლი და კანონმდებლობის ზემოთ დასახელებული დებულებები უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობას. სახელმწიფოს ამ სფეროში შეჭრა შეუძლია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და კანონით დადგენილი წესით. კანონის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის პირადი ცხოვრებიდან რამე დეტალების დაფიქსირება დაუშვებელია, ამ გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს არა აქვთ იურიდიული ძალა და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინებს მათ. სხვა ვითარება იქმნება კერძო პირების მხრიდან ინდივიდთა პირად ცხოვრებაში ჩარევისას. ადამიანის პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებები, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული და იცავს ინდივიდს სახელმწიფოსაგან. მაგრამ, ამავე დროს, ეს უფლებები (და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები) უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების ყოვლისმომცველ დაცვას, რომელიც მიმართულია კერძო პირების მხრიდან ჩარევის წინააღმდეგაც. თუ არ არსებობს თვით ინდივიდის თანხმობა, დაუშვებელია რომელიმე ფიზიკური პირი ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში, თვალყური ადევნოს მას ფარულად, მოუსმინოს მის საუბარს, ფარულად ჩაიწეროს და ა.შ. მაგრამ, ადამიანის პირადი ცხოვრების სფეროს ასეთი ყოვლისმომცველი დაცვის მიუხედავად, აქაც არსებობს გამონაკლისი და იგი, უპირველეს ყოვლისა, საჯარო პირებს ეხება. როგორც ცნობილია, საჯარო პირების პირადი ცხოვრების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციებს ასრულებენ და, შესაბამისად, გამუდმებით არიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით უფრო სუსტად ვრცელდება ძირითადი უფლებებით უზრუნველყოფილი დაცვა. ისინი იძულებული არიან, შეეგუონ ამ მდგომარეობას, რადგან ეს განპირობებულია მათივე სურვილით _ იმუშაონ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე და შეასრულონ ისეთი ფუნქციები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარე, საჯარო პირმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი შეცდომა და ამ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება მკაცრად იქნება შეფასებული და გაკრიტიკებული საზოგადოების მიერ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით. სწორედ ამიტომ უნდა განვასხვაოთ საჯარო პირის პირადი ცხოვრება ჩვეულებრივ მოქალაქეთა პირადი ცხოვრებისაგან. საჯარო პირის პირადი ცხოვრების სფერო მისი საცხოვრებელი სახლის კარის ზღურბლთან მთავრდება (ამას ადასტურებს დემოკრატიულ სახელმწიფოთა მრავალწლიანი სამართალშემოქმედება). როგორც კი ამ ზღურბლს გადმოაბიჯებს, იგი ყველასათვის საჯარო პირია და მისი საუბრებისა თუ საქმიანობის მიმართ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი იზრდება. შესაბამისად, კერძო საუბარი და ურთიერთობა მას შეიძლება ჰქონდეს ძირითადად საკუთარ სახლში თავისი ოჯახის წევრებთან და სხვა უახლოეს ნათესავებთან. მაგრამ, როცა საჯარო პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესაუბრება კერძო პირს, არის თუ არა ეს კერძო საუბარი და მისი პირადი ცხოვრების სფერო? რა თქმა უნდა, არა. საჯარო პირი ამ დროს თავის საჯარო ფუნქციას ასრულებს; ამიტომ ეს არ არის კერძო საუბარი და, შესაბამისად, იგი არ არის დაცული პირადი ცხოვრების, კერძო საუბრისა და მიმოწერის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებებით. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო პირის მიერ ნებისმიერი ფორმით მიღებული ან გაცემული ინფორმაცია არის საჯარო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, როცა საჯარო პირი, იქნება ეს მინისტრი, პროკურორი, მოსამართლე თუ ვინმე სხვა, ინდივიდს საუბრისას მოსთხოვს ქრთამს და ამ ყველაფერს ეს ინდივიდი ფარულად ჩაიწერს, ცხადია, რომ ამ ჩანაწერის საფუძველზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ხოლო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღებისას.
გამოქვეყნების დრო 30/11/2012