საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ. საპროცესო უფლებათა ძირითად ბლოკს, რომელიც შედგება მე-18, მე-40 და 42-ე მუხლებისაგან. ამ ბლოკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი კი 42-ე მუხლია, რომლის თითოეული პუნქტი ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა უმნიშვნელოვანეს პრინციპებს შეიცავს. ესენია: სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება, უფლება კანონიერ სასამართლოზე, დაცვის უფლება, ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა (ne bis in idem);იმ დანაშაულისათვის დასჯის დაუშვებლობა, რომელიც მისი ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა (nulla poena sine lege),კანონის უკუძალის პრინციპი, შეჯიბრებითობის, იგივე საშუალებათა თანასწორობის პრინციპი, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის საკითხი და უკანონოდ მიყენებული ზარალის სახელმწიფო სახსრებიდან სრული ანაზღაურების უფლება. ამ უფლებებს ხშირად მართლმსაჯულების ძირითად უფლებებსაც უწოდებენ.
1. სასამართლო დაცვის (სამართლიანი სასამართლოს) ძირითადი უფლება
I. შესავალი
42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, `ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს~. სასამართლოსათვის მიმართვის და სამართლებრივი დაცვის ეს ძირითადი ნორმა განმტკიცებულია იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, `დაცვის უფლება გარანტირებულია~, აგრეთვე მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით, რომლებიც დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლებებს განსაზღვრავს:
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. … დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით…
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს..
ადამიანის სრულყოფილი და სამართლიანი დაცვა უზრუნველყოფილია 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, `ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს~. ამ პუნქტში მოცემული დებულება შეჯიბრებითობის (იგივე საშუალებათა თანასწორობის) პრინციპს ეფუძნება. დიდი მნიშვნელობა აქვს 42-ე მუხლის მე-8 პუნქტსაც, რომელიც აცხადებს, რომ `არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.~ სწორედ ამ და ზემოთ ციტირებული დებულებებიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო დაცვის უფლებას ხშირად `სამართლიან სასამართლოზე ადამიანის ძირითად უფლებას. უწოდებენ. ზემოთქმულთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და გაბატონებული სამართლებრივი შეხედულება სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების არსებით, განუყოფელ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს თავისუფალ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განმსაზღვრელ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს _ უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს ამ პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ცალკე, დამოუკიდებელი მუხლით აღიარებს მას (მ. 40). მიუხედავად ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ 42-ე მუხლის სხვადასხვა პუნქტში მოცემული დებულებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვან, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე არანაკლები მნიშვნელობის პრინციპებს წარმოადგენენ, მაგრამ შინაარსობრივი ურთიერთკავშირის გამო ისინი სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების ფრთებქვეშაა გაერთიანებული. ასეთივე შინაარსობრივი ურთიერთკავშირიდან და კონსტიტუციურსამართლებრივი ერთიანობიდან გამომდინარე, მართებული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მისი შემადგენელი ერთერთი ძირითადი პრინციპის _ უდანაშაულობის პრეზუმფციის ერთად განხილვა. ამ მიდგომას ამყარებს კონვენციის მე-6 მუხლიც, რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას და მის შემადგენელ, მასთან შინაარსობრივად დაკავშირებულ სხვა უფლებებსაც, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციას: მე-2 პუნქტის მიხედვით, `ყველა, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალეულობა დამტკიცდება კანონის შესაბამისად..
II. დაცული სფერო
როგორც აღინიშნა, სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება ძირითადი საპროცესო უფლებაა და წარმოადგენს საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მატერიალური სამართალი. ფიზიკური პირის პრეტენზიას სამართლიან სასამართლო დაცვაზე, ანუ სასამართლოსათვის მიმართვაზე ხშირად `ადამიანის უძველეს პროცესუალურ უფლებას უწოდებენ. ამ უფლების მიხედვით, ყველას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო სასამართლო მოსმენა, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ დაარღვია მისი უფლებები; არავინ შეიძლება იყოს სასამართლო პროცესის შიშველი ობიექტი, ყველას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი შესაძლებლობა, პროცესის მიმდინარეობისას გამოთქვას თავისი შეხედულება, რათა ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს თავად პროცესზეც და სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად ადამიანის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი და ყოვლისმომცველი დაცვა კი უპირველესად ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შემოწმებას, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევს. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე. თავისუფალი, დემოკრატიული წესწყობილების არსებობისა და გამართული ფუნქციონირებისათვის აღნიშნულ დებულებას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ამას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომელმაც საქმეზე- „დელკური ბელგიის წინააღმდეგ“
განაცხადა: `დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მისი შეზღუდვითი ახსნა-განმარტება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ჭრილში დაუშვებელია.
განსახილველი ძირითადი უფლების მფლობელია ყველა ფიზიკური პირი განურჩევლად მოქალაქეობისა. ამასთან, კონსტიტუციის 45-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე, და სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენების უფლება აქვთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც.
სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე. სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემით, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს წევრების დანიშვნის წესს, სასამართლოზე ზემოქმედების განხორციელების აღმკვეთ გარანტიებს, აგრეთვე მოსამართლეთა პირადი და სოციალური უსაფრთხოების გარანტიებს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ მოთხოვნას და ადგენს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს, რომელთა დიდი ნაწილიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავში _ `სასამართლო ხელისუფლება~. გარდა ამისა, `საერთო სასამართლოების შესახებ~ ორგანული კანონი აცხადებს, რომ `მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით (მ. 8, პ. 2).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, ისე მხარეებისაგან. სასამართლომ ასევე განსაზღვრა `მიუკერძოებლობის~ შინაარსი და განაცხადა, რომ მიუკერძოებლობა ნიშნავს წინაზრახვის ან მიკერძოების უქონლობას. მოცემულ კონტექსტში უნდა განვასხვაოთ: სუბიექტური მიდგომა, რომელიც კონკრეტული საქმის ირგვლივ მოსამართლის პირად მრწამსს ასახავს, და ობიექტური მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს, არსებობდა თუ არა საკმარისი გარანტიები, რათა გამორიცხული ყოფილიყო ნებისმიერი ეჭვი ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, მოქმედებს იმის პრეზუმფცია, რომ კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის მიუკერძოებლობა არასოდეს იწვევს ეჭვს, თუ არ არსებობს ჩვენებები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს. გარდა ამისა, ყოველ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული, არსებობს თუ არა მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებელი უდავო ფაქტები, რომლებიც მის მიუკერძოებლობაზე ახდენენ გავლენას. ამ დროს მნიშვნელობას იძენს ყველა გარემოება, განურჩევლად მათი ხასიათისა. ეს გარემოებები საბოლოოდ გავლენას ახდენს მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე, რაც თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების არსებობისა და განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია სასამართლო განხილვის საჯაროობა. ამ პრინციპის არსებობა არა მხოლოდ მხარეთა, არამედ საზოგადოების ინტერესებშიც შედის. სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპის რეალური მოქმედება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საზოგადოების ნდობის ხარისხს მართლმსაჯულებისადმი. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადი უფლების ამ მოთხოვნას და ადგენს, რომ სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე; დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე კინო და ფოტოგადაღების, აუდიო და ვიდეოჩაწერის აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით. საყურადღებოა, რომ ევროპული კონვენცია ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო სხდომა შეიძლება დაიხუროს და პრესა ან საზოგადოება არ დაიშვას მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე, რაც სრულიად სამართლიანი დებულებაა, რადგან შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში ეს აუცილებელი იყოს მხარეთა ინტერესების დასაცავად ან გამომდინარეობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯაროობა მოითხოვება სამართალწარმოების ნებისმიერი ეტაპის მიმართ, რომელიც ზეგავლენას ახდენს განსასჯელის საქმის `განსაზღვრაზე~. ამასთან, საჯაროობა არ შეიძლება დარღვეულად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მოითხოვს სხდომის დახურვას.
სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო მოსმენისას დაცული უნდა იყოს მხარეთა თანასწორობა, სასამართლო პროცესის ყოველ მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებების გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა. არც ერთ მხარეს არ უნდა მიეცეს რაიმე არსებითი უპირატესობა მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით. საშუალებათა თანასწორობის, იგივე შეჯიბრებითობის ეს პრინციპი უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ზოგადად, არამედ ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომელიც სასამართლო განხილვის საგანია. მხარეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ფაქტებისა და არგუმენტების შესახებ. ამავე დროს, თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეფასების გამოხატვისა და საწინააღმდეგო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა ყველა იმ მტკიცებულების მიმართ, რომელსაც წარმოადგენს მეორე მხარე ან რომელსაც იხილავს სასამართლო საკუთარი ინიციატივით. სასამართლოს არა აქვს უფლება გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნოს იმ ფაქტებს,რომელთა შესახებაც მხარეებს არ გამოუთქვამთ საკუთარი შეხედულება. საკუთარი შეხედულების, საწინააღმდეგო არგუმენტების გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების უფლება მოიცავს აგრეთვე შუამდგომლობათა წარდგენის უფლებას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების ამ მოთხოვნას _ `საერთო სასამართლოების შესახებ~ ორგანული კანონის მიხედვით, `მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე~, ხოლო `სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კი, `მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.
ზემოაღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც აღიარებულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების დარღვევა იმ საქმეებში, რომლებშიც ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს ბრალდების იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებზეც ინფორმაცია არ მიეწოდა მოპასუხე მხარეს. სასამართლომ ასევე დააფიქსირა ამ პრინციპის დარღვევა საქმეებში, რომლებშიც ერთ-ერთ მხარეს უარი უთხრეს საქმის მასალების გაცნობაზე და როდესაც ერთ-ერთ მხარეს სასამართლოს მიერ უარი ეთქვა წარდგენილი მტკიცებულების განხილვაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როცა მხარეს ეძლევა საკუთარი შეხედულების გამოთქმისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, ეს სრულიადაც არ ნიშნავს სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების დარღვევით პროცესის ჩატარებას. დაუშვებელია მხარემ მოახდინოს სასამართლო პროცესის ბლოკირება იმით, რომ არ გამოიყენოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მისთვის არაერთხელ მიცემული შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში, ჯერ ერთი, მხარის მიერ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა მოტივირებული უნდა იყოს არაორაზროვანი ფორმით, და მეორე, თუ პირი უარს განაცხადებს სასამართლოს მოსმენაში მონაწილეობაზე, მისი ინტერესების დამცველი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს პროცესში.
შეჯიბრებითობის, ანუ საშუალებათა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეობს იმის აუცილებლობა, რომ ნებისმიერი პირი მისთვის გასაგებ ენაზე დეტალურად იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შინაარსის შესახებ. ეს ეხება ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც ბრალდებულს უნდა ეცნობოს ბრალდების წაყენებისა და საქმის აღძვრის დროს, აგრეთვე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად შეაფასა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ განაცხადა, რომ მას ენობრივი ბარიერი ჰქონდა და აუცილებლად საჭიროებდა თარჯიმნის დახმარებას, მაგრამ ეროვნულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ `განსასჯელი, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას, არასამართლიან პირობებში აღმოჩნდება, თუ მას არ მიეცა საშუალება გაეცნოს საბრალდებო აქტსა და სხვა დოკუმენტებს მისთვის გასაგებ ენაზე. სამართალწარმოებაში არსებული ყველა დოკუმენტისა თუ განაცხადის შინაარსის გაგება აუცილებელია განსასჯელისათვის, რათა მან ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის ძირითადი უფლებით.18 ამასთან, სასამართლომ არ მიიჩნია კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ პირს დაუნიშნა ადვოკატი, რომელსაც შეეძლო როგორც სამართალწარმოების ოფიციალურ, ისე პირის მშობლიურ ენაზე საუბარი და ამით თავისი დასაცავის სრულყოფილი დაცვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლოებში სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, იმავდროულად კი სავალდებულოა პირი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, უზრუნველყოფილი იყოს თარჯიმნით. თარჯიმნის მომსახურება უნდა ანაზღაურდეს ბიუჯეტის ხარჯზე.19 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით უზრუნველყოფილია დაცვის უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობასა და სურვილს, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ შეუძლია სამართლებრივი დახმარების ანაზღაურება საკუთარი სახსრებით, მიეცეს ამის საშუალება უფასოდ იმ შემთხვევებში, როცა ამას მოითხოვს სამართლიანი მართლმსაჯულების ინტერესები. დაცვის უფლების ამ მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს სასამართლოს და ყველა სხვა თანამდებობის პირს, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ `ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და თავისუფლებები.~20 ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია ასევე სრულიად ნათელია. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებისას სასამართლომ განაცხადა, რომ `როდესაც არსებობს თავისუფლების აღკვეთის საფრთხე, მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს დაცვის უფლების უზრუნველყოფას.
დაცვის უფლება გულისხმობს აგრეთვე პირის უფლებას, ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. ამ უფლებათა მჭიდრო ურთიერთკავშირი აშკარაა, რადგან ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება დაცვის მოსამზადებლად არის სწორედ ადვოკატის მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარეობს აგრეთვე იმის აუცილებლობა, რომ ბრალდებულისა თუ განსასჯელის დამცველს ჰქონდეს კლიენტთან თავისუფალი და კონფიდენციალური დაკავშირებისა და შეხვედრების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაწვრილებით განმარტა დაცვის უფლების შინაარსი და აღნიშნა, რომ დამცველის დახმარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს „დაკავების მომენტიდან“, რადგან დაკავებულ, ბრალდებულ თუ განსასჯელ პირს სჭირდება დამცველის დახმარება თავისი `კანონიერი ინტერესების დასაცავად და მისთვის კვალიფიციური იურიდიული დახმარების გასაწევად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია დაცვის და დასაცავი პირის უფლება, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს დასაცავი პირის სურვილიდან. `საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს დაცვის უფლების ისეთ პირობებს, როდესაც უპირატესობა ენიჭება დასაცავი პირის სურვილსა და უნარს, ჰყავდეს დამცველი.~ 23 სასამართლოს აზრით, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა განახორციელოს სრულფასოვანი დაცვა, რაც გულისხმობს ისეთ დროს და შესაძლებლობას, რომელიც სისხლის სამართლის ყოველი კონკრეტული საქმის სირთულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს მისცემდა სრულფასოვანი მომზადების შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონსულტაციები და შეხვედრები ადვოკატსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის უნდა მიმდინარეობდეს დამსწრეების გარეშე, კერძო გარემოში, რათა დაცული იყოს ამ პირთა კონფიდენციალური ურთიერთობა და თავად ადვოკატის პროფესიული საიდუმლოებაც. ამასთან, სასამართლომ განაცხადა, რომ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში, სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდოს ასეთი შეხვედრები, მაგალითად, როდესაც იკვეთება დასაბუთებული ეჭვი, რომ ადვოკატი ბოროტად იყენებს თავის პროფესიულ მდგომარეობას და საიდუმლოდ ათანხმებს თავის კლიენტთან მტკიცებულებათა დამალვის ან განადგურების, ან სასამართლო პროცესის სხვა სერიოზული გზით ობსტრუქციას გეგმას.
42-ე მუხლის მე-6 პუნქტით კონსტიტუცია აღიარებს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს _ ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და დაკითხვა ისეთსავე პირობებში, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. ეს უფლება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ეყრდნობა და უზრუნველყოფს პირის უფლებას, დაკითხოს თვითონ ან დაიკითხონ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, აგრეთვე გარანტირებული იყოს დაცვის მოწმეთა დასწრება და დაკითხვა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ მოწმეთა თანაბარ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე _ ბიონიში ავსტრიის წინააღმდეგ _ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ დაცვის მიერ გამოძახებული მოწმეები უნდა დაჰკითხოს ისეთივე პირობებში, როგორც თავის მხრივ ექსპერტად მოწვეული მოწმეები. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მუდმივად აფიქსირებდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას იმ საქმეებში, რომლებშიც ეროვნული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაფუძნებული იყო ანონიმურ მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა დაკითხვის საშუალებაც არ ჰქონდა დაცვის მხარეს. სასამართლომ ასევე დააფიქსირა დარღვევა საქმეში, როცა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს არ მიეცა საშუალება, დაეკითხა ბელგიის სამეფო ოჯახის წევრი იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფუძნებული იყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.28 ამავე დროს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოს უფლება აქვს, უარი უთხრას განსასჯელის მხარეს მოწმის გამოძახებაზე, თუ ნათელია, რომ მოწმის ჩვენებას საქმის არსებითი განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სასამართლო დაცვის ანუ სამართლიანი სასამართლო განხილვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ბრალდებულის უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს დუმილის უფლება. საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს, რომ `არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.~ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ29 ), აღნიშნული უფლება წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისოსამართლებრივ ნორმას და სისხლის სამართლის პროცესში იგი ნებისმიერ დასჯად ქმედებაზე და ნებისმიერ ბრალდებაზე ვრცელდება. ამ უფლების ძირითადი შინაარსი ისაა, რომ დაიცვას განსასჯელი ხელისუფლების იძულებისაგან, კერძოდ, არ დაიშვას მტკიცებულებების მოპოვება განსასჯელის იძულების გზით. სასამართლო დაცვა ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები უნდა ჩატარდეს გონივრულად მისაღებ ვადებში და არ მოხდეს მათი დაუსრულებელი გაჭიანურება. ამით სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლება მოითხოვს, მართლმსაჯულება განხორციელდეს ისეთი დაყოვნების გარეშე, რომელიც ძირს უთხრის მისდამი ადამიანების ნდობას. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი პროცედურები, რომლებიც შეესაბამება ძირითადი უფლების ამ მოთხოვნას და უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებას სამართლიან, დროულ და ეფექტიან სასამართლოზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით, კერძოდ, საქმის სირთულის, მომჩივანის ქცევისა და ეროვნული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოქმედების გათვალისწინებით.30 მეორე მხრივ, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების მოთხოვნაა ხელისუფლების ისეთი გადაწყვეტილებების მაქსიმალური შემცირება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. ამ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რომლის მიხედვითაც, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ეს ნორმა კონსტიტუციურ-სამართლებრივად უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების კონკრეტული გამოხატულება და საჯარო სამართლებრივი პროცესის ფუნდამენტური პრინციპია. ბუნებრივია, აქ შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როცა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების და აღსრულების შეჩერება არ ხდება, რადგან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს კონკრეტული ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებას, მაგრამ ეს შემთხვევები მხოლოდ გამონაკლისი უნდა იყოს ზოგადი წესიდან. ასეთი გამონაკლისები ჩამოთვლილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;
ბ) იგი წარმოადგენს პოლიციის ორგანოს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც გამოცემულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;
ე) ეს გათვალისწინებულია კანონით.
სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას ეწინააღმდეგება ისეთი ნორმები, რომლებიცარაგონივრულ სასამართლო ხარჯებს ადგენს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სასამართლოსათვის მიმართვას. ეს განსაკუთრებით სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ეხება. სასამართლო დაცვა არ უნდა იყოს დამოკიდებული მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე. კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს მოთხოვნა შესაბამისი ნორმების დადგენით, სასამართლოებმა კი მხედველობაში უნდა მიიღონ მოქალაქის სოციალური მდგომარეობა. საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, აგრეთვე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე (მ. 47) ან კიდევ ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა (მ. 48).
III. დაცულ სფეროში ჩარევა
უსაშველოდ გრძელი და დაუსრულებელი სასამართლო პროცედურა არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების ფაქტობრივი გაუქმება და, შესაბამისად, მის დაცულ სფეროში მძიმე ჩარევა. ასევე მძიმე ჩარევაა ისეთი შემთხვევა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა შეცდომას, ანუ გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ ამ შეცდომის საფუძველზე. ეს კი მაშინ ხდება, როცა არ არის გამორიცხული, რომ პროცესზე კონკრეტული პირის გამოკითხვა და მოსმენა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, პირმა, რომელიც მსგავსი შემთხვევის გამო დარღვეულად მიიჩნევს სასამართლო დაცვის ძირითად უფლებას, უნდა მოიყვანოს ის ფაქტები, რომლებსაც ის წარმოადგენდა სასამართლო პროცესზე მისი მოსმენის შემთხვევაში, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება შემოწმდეს, შეეძლო თუ არა სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების მოსმენის შემთხვევაში. საქართველოს კანონი `საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილებათა სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, სასამართლოებში მოსამართლის არყოფნის ან განსახილველი საქმეების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლის უფლების განსახორციელებლად მიავლინოს სხვა სასამართლოს მოსამართლე (მ. 13), რათა ამით თავიდან აიცილოს საქმეთა განხილვის ვადების და, შესაბამისად, სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების დარღვევა.
IV.ჩარევის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი
სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ადამიანის სამართლებრივი დაცვის პროცედურული და ორგანიზაციული ნორმები, რაც უნდა შეესაბამებოდეს 42-ე მუხლის მოთხოვნებს და სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შინაარსს. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სხვა ძირითად უფლებებთან კოლიზიის შემთხვევაში. თუმცა ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რომელ უფლებასთან შეიძლება მოხდეს კოლიზია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი შესაძლო კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი ჩარევის გასამართლებლად.
2. მ. 42, პ. 2 – უფლება კანონიერ სასამართლოზე ადამიანის ძირითადი უფლება კანონიერ სასამართლოზე, სხვა საპროცესო ძირითად უფლებებთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შემადგენელი ნაწილი და კონკრეტული გამოხატულებაა. საქართველოს კონსტიტუცია ამ ძირითად უფლებას უზრუნველყოფს 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, `ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის გაბატონებული სამართლებრივი შეხედულება, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, `კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიან ან საჯარო მოსმენაზე~. სწორედ ამ კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნულ ძირითად უფლებას 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებს და ამით ხაზს უსვამს მის პირდაპირ კავშირს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. კანონიერ სასამართლოზე ძირითადი უფლების სუბიექტია ყველა ფიზიკური პირი, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ მოქალაქეობის არქონისა. ეს უფლება არის გარანტია, რომლის საფუძველზეც თავიდან ავიცილებთ ფიზიკური პირის სასამართლო გზით დაცვაზე სხვადასხვა საშუალებებით ზეგავლენისა და სასამართლო პროცესის მანიპულირების საფრთხეს. დაუშვებელია სასამართლოთა განსჯადობისა და შემადგენლობის ისეთი წესით განსაზღვრა, რომლის მიზანიც იქნება კონკრეტულ სასამართლო საქმეთა ამორჩევა და განხილვა. ეს ძირითადი უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლო განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა შინაარსობრივი, ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით `საერთო სასამართლოების შესახებდა საპროცესო კოდექსებით.
კანონიერ სასამართლოზე ადამიანის ძირითადი უფლება მოქალაქეებს იცავს მოსამართლეთა ან სასამართლოთა მიერ მათთვის `სასურველი~ საქმეების საკუთარი შეხედულებისამებრ `ამორჩევის~ შესაძლებლობისაგან. შესაბამისად, აღნიშნული უფლება გამორიცხავს შემთხვევითობას საქმეთა ამორჩევისა და მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის საკითხებში. ნეგატიური თვალსაზრისით, უზრუნველყოფილია უფლება, რომლის მიხედვითაც, კანონით გათვალისწინებული კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში დაუშვებელია საქმის განხილვა კონკრეტული მოსამართლის მიერ (ე.წ. აცილების უფლება). აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას შესაბამისი პირობები ამ ძირითადი უფლების რეალური განხორციელებისათვის, კერძოდ კი _ შეიმუშაოს კანონები, რომელთა საშუალებითაც წინასწარვე მაქსიმალურად ნათლად იქნება განსაზღვრული, თუ როგორ განაწილდება სასამართლოში საქმეები და რომელი მოსამართლე განიხილავს კონკრეტულ საქმეს. კანონიერი სასამართლოს ძირითადი უფლების ზემოხსენებულ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს კანონი `საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილებათა სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ, რომლითაც განსაზღვრულია რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი (მ. 1). საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით (მ. 4). რიგითობით პირველი ნომერი ენიჭება იმ მოსამართლეს, რომლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასო ანბანის მიხედვით პირველია (მ. 5). სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები და სხვა მასალები მოსამართლეთა შორის ნაწილდება სასამართლოში საქმის შემოსვლის თანამიმდევრობის მიხედვით; შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო საქმე გადაეცემა რიგითობით მომდევნო მოსამართლეს (მ. 8). მოცემულ ძირითად უფლებაში ჩარევაა, მაგალითად, ის შემთხვევები, როცა სასამართლოებში საქმეთა განაწილების კანონითა და სასამართლოთა სამუშაო რეგლამენტით დადგენილი წესების დარღვევით საქმეს იხილავს ე.წ. არასათანადო მოსამართლე. მძიმე ჩარევაა აგრეთვე საქმის განხილვა სასამართლოთა ტერიტორიული ან ინსტანციური იურისდიქციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციით, უფლება კანონიერ სასამართლოზე უზრუნველყოფილია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ანუ იგი აბსოლუტური ძირითადი უფლებაა. შესაბამისად, დაუშვებელია რაიმე სახით მისი შეზღუდვა. აღნიშნული უფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა დაცულ სფეროში კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართლებელი ჩარევა იქნება. ასევე გაუმართლებელია ჩარევა კოლიდირებული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, რადგან ასეთი სიკეთე უბრალოდ არ არსებობს.
გამოქვეყნების დრო 30/11/2012