მოდერნიზაცია და კორუფცია

სამუელ პ. ჰანტინგტონი

25 იანვარი 2023

კორუფცია არის საჯარო მოხელეთა ისეთი ქმედება, როდესაც ხდება მიღებული ნორმებიდან გადახვევა პირადი გამორჩენის მიზნით. ცხადია, რომ კორუფცია ყველა საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ არსებობენ საზოგადოებები, სადაც ის მეტადაა გავრცელებული და ისეთებიც, სადაც კორუფცია ნაკლებია. როგორც წესი, კორუფცია საზოგადოების ევოლუციის პერიოდში მეტად იჩენს თავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. იმპრესიონისტული სინამდვილე ცხადყოფს, რომ მისი მასშტაბი ურთიერთკავშირშია სწრაფ სოციალურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციასთან. მე-18 და მე-20 საუკუნეების ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის კორუფცია ნაკლებად იყო დამახასიათებელი, ვიდრე მე-19 საუკუნისათვის. იგივე შეიძლება ითქვას მე-17 და მე-19 საუკუნეების ბოლო პერიოდის ბრიტანეთზე. ნუთუ უბრალო დამთხვევაა, რომ ინგლისისა და ამერიკის საზოგადო ცხოვრებაში კორუფციის მაღალი დონე ემთხვევა სამრეწველო რევოლუციის გავლენას, სიმდიდრისა და ძალაუფლების ახალი წყაროს განვითარებას და ახალი კლასის გამოჩენას, რომელიც მთავრობას ახალ მოთხოვნებს უყენებს? ორივე შემთხვევაში პოლიტიკური ინსტიტუტები განიცდიან გარკვეულ დაკნინებას. ცხადია, კორუფცია არის ეფექტური პოლიტიკური ინსტიტუციონალიზმის დეფიციტის შედეგი.

საჯარო მოხელეები დამოუკიდებლობის და თანმიმდევრულობის ნაკლებობას განიცდიან და თავიანთ ინსტიტუციონალურ დანიშნულებას შინაგან მოთხოვნებს უქვემდებარებენ. სხვადასხვა კულტურებში კორუფცია მეტნაკლებადაა გავრცელებული, მაგრამ ის ყველაზე მასშტაბური მოდერნიზაციის ყველაზე მძაფრ ფაზაში ხდება. კორუფციის დონეებში შესაძლო სხვაობა, რომელიც მოდერნიზებულ და პოლიტიკურად განვითარებულ ატლანტიკურ სამყაროსა და ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებს შორის იჩენს თავს, სწორედ პოლიტიკური მოდერნიზაციისა და პოლიტიკური განვითარების დონეებს შორის არსებული განსხვავების ასახვაა. როცა სამხედრო ხუნტისა და რევოლუციური მოძრაობის ლიდერები ამხელენ `კორუფციას~ მათ საზოგადოებებში, ისინი რეალურად ამხელენ საკუთარ საზოგადოებათა ჩამორჩენილობას. რატომ შობს მოდერნიზაცია კორუფციას? იკვეთება სამი კავშირი. პირველი, მოდერნიზაცია საზოგადოების ძირეულ ღირებულებებს ცვლის. ეს ნიშნავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ უნივერსალურ და წარმატებაზე ორიენტირებულ ნორმათა თანდათანობით მიღებას, ასევე ლოიალურობის აუცილებლობას, ინდივიდებისა და ჯგუფების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტიფიკაციას და ასევე სახელმწიფოსთან მიმართებაში ყველა მოქალაქის თანასწორი უფლებებისა და ვალდებულებების გავრცელებას. როგორც წესი, ამ ნორმათა მიღება პირველად ხდება სტუდენტების, სამხედრო პირების ან სხვათა მიერ, რომლებიც უცხოეთში ბედის ანაბარა აღმოჩენილან. ასეთი ჯგუფები შემდგომში იწყებენ საკუთარი საზოგადოებების ახალი და უცხო ქვეყნისთვის დამახასიათებელი ნორმებით განსჯას. საქციელი, რომელიც ტრადიციული ნორმების მიხედვით მისაღები და ლეგიტიმური იყო, თანამედროვე შეხედულებებით მიუღებელი და კორუმპირებული ჩანს. ამგვარად, კორუფცია განვითარებად საზოგადოებაში ნაწილობრივ არის არა იმდენად მიღებული ნორმებიდან გადახრის შედეგი, არამედ სტანდარტი და კრიტერიუმი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მართებულად და რა არასწორად, რასაც სულ მცირე ზოგიერთი ტრადიციული წესის კორუფციად მიჩნევამდე მივყავართ.

„ის, რაც ბრიტანელებისათვის _ უზნეობად და ჰაუსელებისათვის ტირანულად აღიქმება, ფულანელებისათვის შესაძლოა, საჭიროც და ტრადიციულიც აღმოჩნდეს“

აღნიშნა ჩრდილოეთ ნიგერიაში მოღვაწე მეცნიერმა. ძველი სტანდარტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს ყველა სტანდარტის ლეგიტიმურობას. კონფლიქტი თანამედროვე და ტრადიციულ ნორმებს შორის საშუალებას აძლევს ინდივიდებს, იმოქმედონ მეთოდით, რომელიც არც ერთ ნორმაში არ ჯდება.

კორუფცია საზოგადოებრივი ფუნქციის კერძო ინტერესებისაგან გამიჯვნის გააზრებას გულისხმობს. თუ საზოგადოების კულტურა არ მიჯნავს ერთმანეთისაგან მეფის, როგორც კერძო პირის და მეფის, როგორც მეფის ფუნქციას, შეუძლებელია, დავადანაშაულოთ მეფე კორუფციაში, როდესაც ის საზოგადოებრივ ფულს იყენებს. კერძო ყულაბისა და საზოგადო ხარჯების ერთმანეთისგან გამიჯვნამ მხოლოდ ეტაპობრივად იჩინა თავი თანამედროვე პერიოდის დასაწყისის დასავლეთ ევროპაში. ამ გამიჯვნაზე წარმოდგენის არსებობა აუცილებელია იმის დასადგენად, თუ რა შემთხვევაშია მეფის საქციელი მართებული და რა შემთხვევაში _ კორუმპირებული. ამასთანავე, ბევრ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების თანახმად, ოფიციალურ პირებს ჰქონდათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დაესაქმებინათ თავიანთი ოჯახის წევრები. არავითარი განსხვავება არ არსებობდა სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებასა და ოჯახის წინაშე აღებულ ვალდებულებას შორის. ამგვარი საქციელი მხოლოდ მაშინ შეიძლება შევაფასოთ ნეპოტიზმად და ჩვენს შემთხვევაში კორუფციად, როცა ასეთი კატეგორიებით მსჯელობა საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის გახდება მისაღები. და მართლაც, მიღწევათა სტანდარტის წარმოდგენამ შესაძლოა, გამოიწვიოს უმაღლესი ოჯახის იდენტიფიკაციის სტიმულირება და მათ მეტად იგრძნონ ოჯახის ინტერესების დაცვის საჭიროება იმ საშიშროებისგან, რომელიც უცხო მიდგომებს მოაქვს. ამგვარად, კორუფცია არის საზოგადო კეთილდღეობასა და კერძო ინტერესების ერთმანეთისგან დაცილების პროდუქტი, რომელიც მოდერნიზაციას ახლავს თან.

მოდერნიზაცია ასევე ხელს უწყობს კორუფციას ახალი სიმდიდრისა და ძალაუფლების შექმნის გზით, რომლის ურთიერთდამოკიდებულებას პოლიტიკასთან არ განსაზღვრავს საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული ნორმები, ხოლო თანამედროვე ნორმები საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჯერ არა აქვს მიღებული. ამ თვალსაზრისით კორუფცია არის ახალი მზარდი ჯგუფების პირდაპირი პროდუქტი, რომლებიც ახალი რესურსებით ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას პოლიტიკის სფეროში. კორუფცია შესაძლოა, იყოს პოლიტიკურ სისტემაში ახალი ჯგუფების არაკანონიერი მეთოდებით ასიმილაციის საშუალება, რადგანაც სისტემა უძლური აღმოჩნდა, დროულად მოეხდინა ადაპტირება იმისათვის, რომ მიზნის მისაღწევად უზრუნველეყო ლეგიტიმური და მისაღები საშუალებები. აფრიკაში კორუფცია

„გახდა დამაკავშირებელი ხიდი იმათ შორის, ვისაც, პოლიტიკური ძალაუფლება უპყრია და ვინც სიმდიდრეს აკონტროლებს. ამით კი ასიმილირების შესაძლებლობა მისცა ორ კლასს, რომელიც თვალშისაცემად იყო გამიჯნული ერთმანეთისგან აფრიკული ეროვნული მთავრობის საწყისს ეტაპზე“.

ახალი მილიონერები ყიდულობენ თავიანთთვის ადგილებს სენატსა თუ ლორდთა პალატაში და ამ გზით პოლიტიკურ სისტემასთან დაპირისპირების ნაცვლად, ხდებიან მისი ნაწილი. ასევე, ახლახანს მონობიდან გათავისუფლებულმა მასებმა ან ახლადჩამოსულმა ემიგრანტებმა გამოიყენეს ახალი საარჩევნო უფლება ადგილობრივი პოლიტიკური მანქანისგან სამუშაოსა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამგვარად არსებობს ღარიბთა და მდიდართა კორუფცია. ერთი პოლიტიკურ ძალაუფლებას ფულისათვის ცვლის, ხოლო მეორე ფულს _ პოლიტიკური ძალაუფლებისათვის. მაგრამ ორთავე შემთხვევაში რაღაც საზოგადო (საარჩევნო ხმა, სამსახური ან გადაწყვეტილება) იყიდება პირადი სარგებლისათვის. მესამეც, მოდერნიზაცია ხელს უწყობს კორუფციას იმ ცვლილებებით, რომელსაც იგი პოლიტიკურ სისტემაში ახორციელებს. მოდერნიზაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც განახლების პროცესი დაგვიანებით მიმდინარეობს, ითვალისწინებს მთავრობის ძალაუფლებისა და სამთავრობო რეგულირებასთან დაკავშირებული აქტივობების გაფართოებას. ჩრდილოეთ ნიგერიაში

„ჩაგვრა და კორუფცია მიმართული იყო ჰაუსათა შორის პოლიტიკური ცენტრალიზაციის გაძლიერებისა და სამთავრობო ამოცანების ზრდისაკენ“.

როგორც მაკმულანი აღნიშნავს, ყველა კანონი რომელიმე ჯგუფს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს და შედეგად ეს ჯგუფი კორუფციის პოტენციური წყარო ხდება. კანონთა სიმრავლე შესაბამისად ზრდის კორუფციის შესაძლებლობებს. თუ რა მასშტაბი აქვს ამ შესაძლებლობას პრაქტიკაში, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად უჭერს მოსახლეობა მხარს კანონებს; რამდენად იოლია დაარღვიო კანონი ისე, რომ არ დაისაჯო და რა სარგებელი შეიძლება მიიღო კანონის დარღვევისგან. კანონები, რომელიც ვრცელდება ვაჭრობაზე, საბაჟოზე, გადასახადებსა და ისეთ პოპულარულ და მომგებიან საქმიანობებზე, როგორიცაა აზარტული თამაშები, პროსტიტუცია და სპირტიანი სასმელები, ახდენს კორუფციის მნიშვნელოვან სტიმულირებას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, სადაც კორუფცია ფართოდაა გავრცელებული, კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი კანონების მიღება მხოლოდ კორუფციის შესაძლებლობების ზრდას ემსახურება.

გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყანაში თანამედროვე ღირებულებების დამკვიდრება საწყის ეტაპზე ხშირად უკიდურეს ფორმას იღებს. პატიოსნების, მოუსყიდველობის, უნივერსალიზმის და ღირსების იდეალები ხშირად იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ ცალკეული ინდივიდები და ჯგუფები კორუფციად მიიჩნევენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ნორმალურად და ლეგიტიმურადაც კი ითვლება გაცილებით თანამედროვე საზოგადოებებში. მოდერნიზმისკენ სწრაფვის საწყისი ეტაპი ხშირ შემთხვევაში ავითარებს არაკეთილგონივრულ პურიტანულ სტანდარტებს ისევე, როგორც ეს თავად პურიტანელებში ხორციელდება. ღირებულებათა ამ ესკალაციას მივყავართ გარიგებების და კომპრომისების უარყოფამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკისათვის და ხელს უწყობს პოლიტიკის გაიგივებას კორუფციასთან. ამგვარი მოდერნიზაციის დროს პოლიტიკოსის დანაპირები, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სოფელში ააშენებს საირიგაციო არხებს ფერმებისთვის, ისეთივე კორუფციული ხასიათისაა, როგორც არჩევნებამდე თითოეული სოფლის მცხოვრებისათვის საარჩევნო ხმის სანაცვლოდ ფულის დარიგება. მოდერნიზაციის ფაზაში მყოფი ელიტები გამოირჩევიან ნაციონალიზმით და კონცენტრირებას ახდენენ მთლიანობაში საზოგადოების საერთო კეთილდღეობის სასიცოცხლო უპირატესობაზე. ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ბრაზილია

„კერძო ინტერესების გავლენა საზოგადო პოლიტიკაზე მიიჩნევა ძირეულ `კორუფციად“.

იმავე ნიშნით მთავრობის ქმედება, რომელიც საზოგადოების მოთხოვნასა და ზეწოლას არ პასუხობს, მიიჩნევა `დემაგოგიად“. ბრაზილიის მსგავსს საზოგადოებაში მოდერნიზაციის ფაზაში მყოფი ელემენტები კორუფციად მიიჩნევენ მეგობართა ელჩად დანიშვნას ან კრიტიკის მიჩუმათებას ანდა, სამთავრობო ისტებლიშმენტის გარჯას ინტერესთა ჯგუფის მხარდასაჭერად. უკიდურეს შემთხვევაში, კორუფციისადმი ანტაგონიზმმა შესაძლოა, მიიღოს გამოკვეთილი ფანატიკური პურიტანიზმის ფორმა, რაც დამახასიათებელია რევოლუციური და სამხედრო რეჟიმების უმეტესობისთვის სულ მცირე საწყის ფაზაში. პარადოქსულია, რომ ამ ფანატიკურად ანტიკორუფციულ მენტალიტეტს ისეთივე საბოლოო ეფექტი აქვს, როგორც თავად კორუფციას. ორთავე ეჭვქვეშ აყენებს პოლიტიკის ავტონომიურობას: ერთი კერძო მიზნებს საზოგადო მიზნებით ანაცვლებს, მეორე კი _ პოლიტიკურ ღირებულებებს ტექნიკური ღირებულებებით. განვითარებად საზოგადოებაში სტანდარტთა ესკალაცია, თანმდევი დევალვაცია და პოლიტიკის უგულებელყოფა წარმოადგენს საზოგადოების საჭიროებებზე თანამედროვე ღირებულებების გამარჯვებას. ამგვარად, საზოგადოებაში კორუფციის შემცირება ხშირად განაპირობებს საჯარო მოხელეთა ჩვეული ქცევის ნორმების მასშტაბების შემცირებას და ამავდროულად ამგვარ მოხელეთა ქმედებების ძირეულ ცვლილებას ამ ნორმათა მიმართულებით. შედეგი არის დამკვიდრებულ ნორმებსა და მიღებული ქცევის წესებს შორის თანხვედრა, რაც ორივე მხრიდან გარკვეულ არათანმიმდევრულობას მოითხოვს. ზოგიერთი ქმედება ერთ შემთხვევაში აღიქმება როგორც პოლიტიკური პროცესის ჩვეული ნაწილი, როგორც `წესიერი“ და არა `უწესო საქმე“, როცა სხვა შემთხვევაში ანალოგიურ ქმედებას საერთოდ გმობენ და ემიჯნებიან. ეს პროცესი გაიარა როგორც ინგლისმა, ასევე შეერთებულმა შტატებმაც: ერთ შემთხვევაში პირველი ყიდდა არა ელჩობას, არამედ პერის წოდებას, როცა მეორემ დაუშვა ელჩობის, მაგრამ არა მოსამართლეობის გაყიდვა. როგორც ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა

„აშშ–ში შედეგი არის ნაზავი: პოლიტიკური პატრონაჟის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდა და მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა შორის მექრთამეობა აღმოიფხვრა. ამავე დროს, საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილზე რეფორმები მეტ ნაკლებად გავრცელდა, ერთ სფეროში კორუფციად მიჩნეული ქმედება მეორეში სრულიად მისაღები აღმოჩნდა“.

საზოგადოებაში ასეთი დისკრიმინაციული მიდგომის უნარის განვითარება არის მოდერნიზაციიდან თანამედროვეობაში გადასვლის ნიშანი. კორუფციის ფუნქციები, ისევე როგორც საფუძვლები, ძალადობის ანალოგიურია. ორთავე გამოწვეულია მოდერნიზაციით. ორივესთვის სიმპტომატურია პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტე; ორივე ხასიათდება, რასაც ჩვენ შესაძლოა ვუწოდოთ, პრეტორიანულ საზოგადოებად; ორთავე არის საშუალება, რომლითაც ინდივიდები და ჯგუფები ურთიერთობენ პოლიტიკურ სისტემასთან და რა თქმა უნდა, მოქმედებენ იმ მეთოდებით, რომლებიც არღვევენ სისტემის მორალს/ზნეობრივ ნორმებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, სადაც მაღალია კორუფციის შესაძლებლობა, მაღალია ძალადობის პოტენციალიც. რაღაც დონემდე, არამართებული ქცევის ერთი ფორმა შესაძლოა, ჩაანაცვლოს სხვა ფორმამ, მაგრამ მეტწილად სხვადასხვა სოციალური ძალები თითოეულისათვის ერთდროულად სხვადასხვა შესაძლებლობებს მიმართავენ. თუმცა ძალადობის დამკვიდრება სისტემის ფუნქციონირებას უფრო უქმნის საფრთხეს, ვიდრე კორუფციის გავრცელება. საზოგადო მიზნებზე თანხმობის არარსებობის პირობებში, კორუფცია მის ჩანაცვლებას კერძო მიზნებით ახდენს. ორივე, კორუფციაც და ძალადობაც არის სისტემაზე მოთხოვნების წაყენების არალეგიტიმური საშუალება, მაგრამ კორუფცია ამასთანავე არის ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების არალეგიტიმური საშუალება. ძალადობა უფრო ხშირად არის სიმბოლური საპროტესტო ჟესტი, რომელიც ხორციელდება უსასყიდლოდ და სარგებლის ნახვას მიზნად არც ისახავს. ძალადობა არის უკიდურესი გაუცხოების სიმპტომი. ის, ვინც ქრთამავს პოლიციელებს, უფრო მისაღებია სისტემისათვის, ვიდრე ის, ვისაც მასზე იერიში მიაქვს. როგორც პოლიტიკურ აპარატს, კორუფციას მოაქვს სწრაფი, სპეციფიური და კონკრეტული სარგებელი ჯგუფებისთვის, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სრულიად გაუცხოებულნი აღმოჩნდნენ საზოგადოებისგან. ამდენად კორუფციამ შესაძლოა, პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერის ფუნქცია შეიძინოს იმავე სახით, როგორც ამას რეფორმა ახორციელებს. კორუფციამ შესაძლოა, ჩაანაცვლოს რეფორმა და ორთავემ _ კორუფციამ და რეფორმამ გამოიწვიოს რევოლუცია. კორუფცია ამცირებს ჯგუფების ზეწოლას პოლიტიკურ ცვლილებებზე, ისევე როგორც რეფორმა ამცირებს კლასობრივ ზეწოლას სტრუქტურულ ცვლილებებზე. მაგალითად, ბრაზილიაში სამთავრობო სესხის პროფკავშირული ასოციაციის ლიდერებზე გაცემის შემდეგ, მათ შეწყვიტეს მთავრობისადმი ასოციაციის საერთო პრეტენზიების წაყენება. ამგვარი ღალატი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მთავრობაზე კლასის ან პროფკავშირული ასოციაციის ზეწოლის შესამცირებლად. კორუფციის მდგომარეობა, რომელსაც საზოგადოებაში მოდერნიზაცია წარმოშობს, ცხადია, არის ტრადიციული საზოგადოებისათვის, ისევე, როგორც მოდერნიზაციის პროცესისათვის დამახასიათებელი ფუნქცია. ტრადიციულ საზოგადოებაში კონკურენტულ ღირებულებათა რამოდენიმე სისტემის ან კულტურის არსებობა ხელს უწყობს კორუფციას ამ საზოგადოებაში. შედარებით ჰომოგენურ საზოგადოებაში, კორუფციის მასშტაბი, მოდერნიზაციის პროცესში იზრდება, ტრადიციულ საზოგადოებაში კი პირიქით, სოციალური სტრატიფიკაციის დონეს უკავშირდება. მჭიდროდ შეკავშირებული კლასის ან კასტის სტრუქტურა ნიშნავს მაღალგანვითარებული წესების სისტემას, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სხვადასხვა სტატუსის მქონე ინდივიდთა შორის. ამ ნორმებს აძლიერებს ინდივიდთა საკუთარ ჯგუფში სოციალიზაცია და სხვა ჯგუფთა დასჯის მოლოდინი. ამგვარ საზოგადოებაში შიდა ჯგუფურ ურთიერთობაში მართებულ ნორმათა დაუცველობამ შესაძლოა, გამოიწვიოს აშკარა პერსონალური დეზორგანიზაცია და უბედურება. შედეგად, უმჯობესია, კორუფცია ნაკლებად იყოს გავრცელებული ფეოდალური საზოგადოების მოდერნიზაციის პროცესში, ვიდრე ცენტრალიზებული ბიუროკრატიული საზოგადოების მოდერნიზაციის დროს. უმჯობესი იქნებოდა, კორუფცია ნაკლები ყოფილიყო იაპონიაში, ვიდრე ჩინეთში; ინდუსურ კულტურაში, ვიდრე ისლამურში. იმპრესიონისტული სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ეს შესაძლოა, მართლაც არსებითი აღმოჩნდეს. დასავლური საზოგადოების ერთი შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ავსტრალიას და დიდ ბრიტანეთს აშშ-სა და კანადასთან შედარებით, `კლასობრივი არჩევნების სამართლიანად მაღალი დონე“ გააჩნია. თუმცა პოლიტიკური კორუფცია უფრო გავრცელებულია უკანასკნელ ორ ქვეყანაში, ვიდრე პირველ ორში, კვებეკი კი ამ ოთხი ქვეყნიდან, ალბათ, ყველაზე კორუმპირებული ადგილია. ასე რომ, `კლასობრივად მეტად პოლარიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ნაკლები პოლიტიკური კორუფცია“. ანალოგიურად, ლათინური ამერიკის `მულატ“ ქვეყნებში (პანამა, კუბა, ვენესუელა, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა და ჰაიტი) `არის ბევრად მაღალი სოციალური თანასწორობა და ბევრად ნაკლები სიმტკიცე სოციალურ სტრუქტურებში, ვიდრე `ინდიელურ“ ქვეყნებში (მექსიკა, ეკვადორი, გვატემალა, პერუ, ბოლივია) ან `მეტისურში~ (ჩილე, კოლუმბია, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, პერუ). შესაბამისად, შედარებით დამკვიდრებული ზედა კლასის არარსებობა ნიშნავს მმართველი კლასის ეთიკის დეფიციტს, მისი მდგომარეობა-ვალდებულების მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე

„ჩნდება პატარა ეჭვი, რომ ეს ამ სოციო–რასისტული კატეგორიის ის ქვეყნებია, სადაც პოლიტიკური მექრთამეობა ყველაზე შემაშფოთებელ დონეს აღწევს“.

პერეზ ხიმენესი ვენესუელაში, ბატისტა კუბაში, ტრუხილიო დომინიკანთა რესპუბლიკაში _ ყველა მათგანს დაბალი სოციალური წარმომავლობა აქვს და თითოეული მათგანი ულტრამილიონერი საჯარო სამსახურში ყოფნის დროს გახდა. ასევე, `ბრაზილია და პანამა ცნობილი არიან მეტად `დემოკრატიული“, ფართოდ გავრცელებული მექრთამეობით~. კორუფციის გავრცელება აფრიკულ სახელმწიფოებში გამოწვეულია მკაცრი კლასობრივი დაყოფის არარსებობით. როგორც აფრიკის ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა,

„სწრაფმა ცვლილებამ, სიღარიბიდან სიმდიდრისკენ და ერთი მდგომარეობიდან მეორისაკენ, ხელი შეუშალა კლასის ფენომენის განვითარებას, იქნება ეს მემკვიდრეობითი სტატუსი თუ კლასის თვითშეგნება“.

თუმცა იგივე მობილურობა ზრდის კორუფციის შესაძლებლობებს. ანალოგიურად, ფილიპინებისა და ტაილანდისთვის, სადაც გონივრულად ცვალებადი და ღია საზოგადოებები არსებობს, სოციალური მობილურობის მაღალი ხარისხით, დამახასიათებელია ფართოდგავრცელებული პოლიტიკური კორუფცია. კორუფციის უმეტესი ფორმებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური საქმიანობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გაცვლა. საზოგადოებაში, სადაც სიმდიდრის დაგროვების მრავალი შესაძლებლობა და მცირე პოლიტიკური ძალაუფლება არსებობს, გაბატონებული მოდელია პირველის გამოყენება მეორის მისაღწევად. შეერთებულ შტატებში, სიმდიდრე უფროა ასპარეზი პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობა _ სიმდიდრისა. საჯარო თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით ბევრად უფრო მკაცრად იკრძალება და ეს წესი მეტად არის დაცული, ვიდრე პირადი სიმდიდრის თანამდებობის მოსაპოვებლად გამოყენება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში დღესაც გაოცებას და სკეპტიციზმს იწვევს ამერიკული პოლიტიკის გამაოგნებელი ფენომენი, რომლის მიხედვითაც, მინისტრს ან პრეზიდენტის თანაშემწეს უწევს სამსახურიდან წასვლა, რათა სათანადოდ უზრუნველყოს ოჯახი. მოდერნიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში, როგორც წესი, საპირისპირო სიტუაციას აქვს ადგილი. კერძო საქმიანობის შედეგად სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობები შეზღუდულია ტრადიციული ნორმებით, ეკონომიკური როლის მონოპოლია ეთნიკური უმცირესობების მიერ ან უცხოური კომპანიებისა და ინვესტორების დომინირება ეკონომიკაზე. ამგვარ საზოგადოებაში პოლიტიკა ხდება გზა სიმდიდრისაკენ. ბევრ განვითარებად ქვეყანაში უნარიანი და ამბიციური ახალგაზრდა კაცი უფრო ადვილად გახდება მინისტრთა კაბინეტის წევრი პოლიტიკური გზით, ვიდრე მილიონერი _ ბიზნესის გზით. ამგვარად, ამერიკული პრაქტიკისგან განსხვავებით, მოდერნიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში შესაძლოა, ნორმალურად ჩაითვალოს სახელმწიფო თანამდებობის გამოყენება პირადი სარგებლისათვის და ამავდროულად მკაცრად შეფასდეს პირადი სიმდიდრის გამოყენება სახელმწიფო თანამდებობის მოსაპოვებლად. კორუფციის, ისევე როგორც ძალადობის შედეგები თავს იჩენს, როცა პოლიტიკის გარეშე წინსვლა შეუძლებელია და სახეზეა სუსტი და მოუქნელი პოლიტიკური ინსტიტუტები და მათი ენერგია მიმართულია პოლიტიკურად არამართლზომიერი ქმედებებისკენ. უცხოური ბიზნესის ფართოდ გავრცელება ქვეყანაში განსაკუთრებით უწყობს ხელს კორუფციის აღზევებას, რადგანაც უცხოელებს ნაკლებ უხერხულობას უქმნის არსებულ საზოგადოებრივ ნორმათა დარღვევა და იმიტომაც, რომ ისინი ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვან წყაროებს აკონტროლებენ, რაც აიძულებს ადგილობრივ პოტენციურ მეწარმეებს, წარმატებას პოლიტიკის მეშვეობით მიაღწიონ. ტეილორის მიერ ფილიპინების დახასიათებამ უდაოდ ფართო გამოხმაურება ჰპოვა განვითარებად ქვეყნებში:

„ფილიპინებისათვის პოლიტიკა მთავარი ინდუსტრიაა: ის არის ცხოვრების გზა. პოლიტიკა არის მაგისტრალური გზა ძალაუფლებისაკენ, რაც თავის მხრივ, არის მთავარი გზა სიმდიდრისკენ… მცირე დროში ბევრი ფული შესაძლოა, გაკეთდეს პოლიტიკური გავლენის მეშვეობით, ვიდრე სხვა რაიმე საშუალებით“.

საჯარო თანამდებობის, როგორც სიმდიდრის მოხვეჭის საშუალების, გამოყენება, ნიშნავს პოლიტიკური ღირებულებებისა და ინსტიტუტების დაქვემდებარებას ეკონომიკური ღირებულებებისა და ინსტიტუტებისათვის. პოლიტიკის მთავარი დანიშნულება ხდება არა საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა, არამედ ინდივიდუალური ინტერესების ხელშეწყობა. ყველა საზოგადოებაში კორუფციის მასშტაბი (ე.ი. კორუფციულ გარიგებებში ჩართული საზოგადოებრივი სერვისისა და კერძო საქონლის საშუალო ღირებულება) იზრდება, როცა პირი წინაურდება ბიუროკრატიულ იერარქიაში. თუმცა კორუფციის მოცულობა (ე.ი. სიხშირე, რომლითაც მოსახლეობის ჯგუფი ერთვება კორუფციულ ქმედებებში) პოლიტიკური თუ ბიუროკრატიული სტრუქტურის მოცემულ დონეზე, სხვადასხვა საზოგადოებებში შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. პოლიტიკურ სისტემათა უმეტესობაში კორუფციის ხვედრითი წილი მაღალია ბიუროკრატიული და პოლიტიკური ხელისუფლების ქვედა რგოლებში. ზოგიერთ საზოგადოებაში კორუფციის მასშტაბი უცვლელი რჩება ან იზრდება, თუკი ვინმე წინაურდება პოლიტიკურ იერარქიაში. როგორც ინტენსიურობის, ასევე მასშტაბის თვალსაზრისით პარლამენტარები უფრო კორუმპირებულნი არიან, ვიდრე ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები; ასევე, მაღალი რანგის ბიუროკრატები უფრო კორუმპირებულნი არიან, ვიდრე დაბალი რანგისანი. ყველაზე კორუმპირებული მაინც მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან, ხოლო მათ შორის ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი ან უმაღლესი ხელმძღვანელი. ამგვარ საზოგადოებაში უმაღლეს ხელმძღვანელებს _ ნკრუმაჰი, სარიტი, სან მარტინი, პერეზ ხიმენეზი, ტრუხილიო _ შეუძლიათ, გააკეთონ ათობით და ასობით მილიონი დოლარი. ამგვარ სისტემაში კორუფცია ხაზს უსვამს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას. მათ, ვინც მოიხვეჭა პოლიტიკური ძალაუფლება, მეტი შანსი ეძლევა, მოიპოვოს მეტი ქონება. კორუფციის ამგვარი მოდელი პოლიტიკური ინსტიტუციონალიზაციის ძალიან დაბალი დონის მანიშნებელია, როდესაც საზოგადოების უმაღლესი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც ყველაზე უფრო ნაკლებად უნდა განიცდიდნენ გარე გავლენას, ფაქტიურად ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ამგვარ ზემოქმედებებს. კორუფციის ეს მოდელი შეუთავსებადია პოლიტიკურ სტაბილიზაციასთან, რადგან პოლიტიკური აპარატის ან ბიუროკრატიის მეშვეობით წინსვლის შესაძლებლობა ღია რჩება. ცხადია, თუ ახალგაზრდა პოლიტიკოსების თაობა არ ჩაეზიარება ძველ ლიდერებს სარგებელში, ან თუ ჯარში პოლკოვნიკს თითქმის არ აქვს გენერლობის იმედი, სისტემა ხდება მიდრეკილი ძალადობრივი დამხობისკენ. ამგვარ საზოგადოებაში პოლიტიკური კორუფციაც და პოლიტიკური სტაბილურობაც ვერტიკალურ ცვლილებებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ საზოგადოებაში კი პირიქით ხდება, ანუ კორუფციის მოცულობა იზრდება, როგორც კი ვინმე ქვეითდება პოლიტიკურ ან ბიუროკრატიულ იერარქიაში. დაბალი რანგის ბიუროკრატიული მოხელე უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მაღალი რანგის. შტატისა და ადგილობრივი მოხელეები უფრო ავლენენ კორუფციისადმი მიდრეკილებას, ვიდრე სახელმწიფო მოხელენი. უმაღლესი ეროვნული ხელმძღვანელობა და საერთოეროვნული კაბინეტი შედარებით თავისუფალია კორუფციისაგან, როცა ქალაქის საბჭო და რეგიონული ხელმძღვანელობა ღრმადაა ჩაფლული მასში. ასეთი მოდელი რეალობაა ისეთი განვითარებული თანამედროვე საზოგადოებისათვის, როგორიცაა მაგალითად შეერთებული შტატები და ასევე სულ მცირე ზოგიერთი ისეთი განვითარებადი საზოგადოებისათვის, როგორიცაა ინდოეთი. ხსენებული მოდელი ალბათ ასევე დამკვიდრებულია კომუნისტურ ქვეყნებში. ამ ტიპის საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სამართლიანად ძლიერი, ეროვნული პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობაა, რომლებიც ახდენენ მზარდი პოლიტიკური ლიდერების სოციალიზაციას ღირებულებათა კოდექსში და ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტები არიან საკმაოდ ავტონომიური და დიფერენცირებული, როცა დაბალი რანგის რეგიონალური პოლიტიკური ჩინოვნიკები და ორგანიზაციები უფრო მჭიდრო კავშირში არიან სხვა სოციალურ ძალებთან და ჯგუფებთან. კორუფციის ამ მოდელმა შესაძლოა, განამტკიცოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. საზოგადოების მაღალი რანგის ლიდერები მართალნი არიან პოლიტიკური კულტურის მიერ დადგენილ ნორმებთან მიმართებაში და ღებულობენ პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მორალურ ძალას, როგორც ეკონომიკური სარგებლის სუროგატს. სამაგიეროდ დაბალი რანგის მოხელეები პოლიტიკური მდგომარეობის ნაკლებობის კომპენსირებას კორუფციაში მონაწილეობის გზით ახდენენ. შურისძიების გრძნობას ლიდერთა ძალაუფლებაზე მათი წვრილმანი ქრთამები ანეიტრალებს. ისევე როგორც პოლიტიკურ პარტნიორთა არეალის გაფართოებით გამოწვეული კორუფცია უწყობს ხელს პოლიტიკურ სისტემაში ახალ ჯგუფთა ინტეგრირებას, ასევე სამთავრობო რეგულაციის გაფართოების შედეგად წარმოქმნილი კორუფცია ახდენს გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე. კორუფცია შესაძლოა, იყოს ტრადიციული კანონებისა და ბიუროკრატიული წესების გადალახვის ერთერთი მეთოდი, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ ექსპანსიას. 1870-80-იან წლების შეერთებულ შტატებში შტატის საკანონმდებლო ორგანოებისა და ქალაქის საბჭოების კორუფციამ, რომელიც თავს იჩენდა რკინიგზის, კომუნალური კეთილმოწყობის და სამრეწველო კორპორაციებში, უეჭველად დააჩქარა ამერიკული ეკონომიკის განვითარება. ვეინერის აზრით, რომელიც იკვლევდა ინდოეთს,

„ ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იქნებოდა პარალიზებული, თუ არ იარსებებდა მოქნილობა, რომელიც „მაღარიჩის“ პრაქტიკამ შეიტანა კომპლექსურ და მკაცრ ადმინისტრაციულ სისტემაში“.

ანალოგიურად, ბრაზილიაში კუბიჩეკის ხანის დროს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე შეესაბამებოდა პარლამენტის კარუფციის დონეს, ინდუსტრიული მეწარმე ფულს იხდიდა პროტექციასა და კონსერვატორი სოფლელი საკანონმდებლო დახმარებაში. არსებობს მოსაზრება, რომ ეგვიპტის საზოგადოებაში კორუფციის შეზღუდვის სამთავრობო მცდელობის ერთ-ერთი შედეგი არის ეკონომიკური განვითარებისათვის დამატებითი დაბრკოლებების შექმნა. ეკონომიკური ზრდის პირობებში საზოგადოებაში მკაცრ, ცენტრალიზებულ, არაპატიოსან ბიუროკრატიაზე უარესი ერთადერთი რამ არის _ მკაცრი, ცენტრალიზებული, პატიოსანი ბიუროკრატია. შედარებით არაკორუმპირებულ საზოგადოებაში _ მაგალითად, ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ტრადიციული ნორმები კვლავ ძლიერია _ კორუფცია გარკვეული მოცულობით შესაძლოა, სასურველ საპოხ მასალად გამოდგეს, რომელიც გააადვილებს გზას მოდერნიზაციისკენ. განვითარებული ტრადიციული საზოგადოება შესაძლოა, გამოსწორდეს ან სულ მცირე გათანამედროვდეს _ მცირე კორუფციის მეშვეობით, თუმცა საზოგადოება, სადაც კორუფცია ყველგან აღწევს, ვითარებას მეტი კორუფცია ვერ გამოასწორებს. კორუფცია ბუნებით მიმართულია, სამთავრობო ბიუროკრატიის სისუსტეების კიდევ უფრო შესასუსტებლად ან პირიქით, უკვდავსაყოფად. ამ თვალსაზრისით, ის შეუთავსებელია პოლიტიკურ განვითარებასთან. თუმცა, დროდადრო კორუფციის გარკვეული ფორმები ხელს უწყობს პოლიტიკურ განვითარებას პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გზით. ჰარინგტონის აზრით,

„ერთი მთავრობის კორუფცია არის მეორის განვითარების საფეხური“.

ასევე ერთი სამთავრობო ორგანოს კორუფციამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მეორის ინსტიტუციონალიზაციას. მოდერნიზაციის პროცესში მყოფ უმეტეს ქვეყნებში, ბიუროკრატია იმ ინსტიტუტებზე მეტადაა განვითარებული, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინტერესთა გაერთიანებასა და პოლიტიკური სისტემის შიდა მართვაზე. იმდენად, რამდენადაც სამთავრობო ბიუროკრატია კორუმპირებულია პოლიტიკური პარტიების ინტერესების სასარგებლოდ, ამ მოვლენამ შესაძლოა, ხელის შეშლის ნაცვლად, ხელი შეუწყოს პოლიტიკური განვითარების პროცესს. პარტიის პატრონაჟი არის მხოლოდ მსუბუქი კორუფციის ფორმა, თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ უპრიანია ამ შეფასების აღნიშნულ კონტექსტში გამოყენება. საჯარო თანამდებობის მისაღებად სახელმწიფო მოხელისათვის ფულის გადახდა აშკარაა, არის კერძო ინტერესის საზოგადო ინტერესზე მაღლა დაყენება. საჯარო თანამდებობის მიღება პარტიისათვის გაწეული მუშაობის სანაცვლოდ ან პარტიისთვის გაღებული ფულის სანაცვლოდ არის ერთი საზოგადო ინტერესის დაქვემდებარება მეორე, უფრო საჭირო საზოგადო ინტერესისათვის. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ძლიერი პარტიული ორგანიზაცია იქმნება ან ქვემოდან რევოლუციის გზით ან ზემოდან მფარველობით. მე-19 საუკუნის ინგლისის და შეერთებული შტატების გამოცდილება წარმოადგენს ერთ ვრცელ გაკვეთილს, თუ როგორ გამოიყენო საჯარო ფონდები და საჯარო სამსახური პარტიული ორგანიზაციის შესაქმნელად. დღევანდელ განვითარებად ქვეყნებში ამ მოდელის გამოყენებამ ხელი შეუწყო ყველაზე ეფექტური პოლიტიკური პარტიებისა და ყველაზე სტაბილური პოლიტიკური სისტემების შექმნას. გვიანი მოდერნიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში კერძო სიმდიდრის წყარო ძალზედ მცირეა იმისათვის, რომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს პარტიის მშენებლობაში. ამ ტიპის ქვეყნების მთავრობებმა ასევე უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ეკონომიკური განვითარების პროცესში, ვიდრე ეს ინგლისისა და შეერთებული შტატების მთავრობებმა გააკეთეს, ამასთანავე მათ მეტად მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ პოლიტიკური განვითარების პროცესში. 1920-30-იან წლებში ათათურქმა გამოიყენა თურქეთის მთავრობის რესურსები სახალხო რესპუბლიკური პარტიის გასაძლიერებლად. 1929 წელს მექსიკის რევოლუციური პარტიაც ანალოგიურად სამთავრობო კორუფციითა და პატრონაჟით სარგებლობდა. 1960-იანი წლების დასაწყისში კორეაში რესპუბლიკურ-დემოკრატიული პარტიის ფორმირება სამთავრობო სახსრებისა და მთავრობის წევრთა დახმარებით განხორციელდა. ისრაელსა და ინდოეთში, მთავრობის პატრონაჟი მაფიის და კონგრესის სიძლიერის უმთავრესს საფუძველს წარმოადგენდა. დასავლეთ აფრიკაში კორუფცია ნაწილობრივ პოლიტიკური პარტიების მოთხოვნილებების გამო წარმოიქმნა. რა თქმა უნდა, ყველაზე აშკარა და თვალშისაცემი მაგალითი კომუნისტური პარტიებია, რომელთაც ძალაუფლება სამთავრობო ბიუროკრატიისა და სამთავრობო რესურსების საკუთარი მიზნებისთვის დაქვემდებარების გზით მოიპოვეს. პარტიის სასარგებლოდ ბიუროკრატიის კორუმპირებულობის მიზეზი არ არის უბრალოდ ერთი ორგანიზაციისთვის, მეორის საპირისპიროდ უპირატესობის მინიჭება. კორუფცია, როგორც ვნახეთ, არის მოდერნიზაციის და განსაკუთრებით პოლიტიკური შეგნებისა და პროცესებში პოლიტიკური ჩართულობის გაფართოების პროდუქტი. კორუფციის აღმოფხვრა ბოლოს და ბოლოს მოითხოვს ორგანიზებას და მონაწილეთა სტრუქტურიზაციას. თანამედროვე პოლიტიკაში პოლიტიკური პარტია არის ძირითადი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, იკისროს ამ ფუნქციის შესრულება. კორუფცია ჰყვავის იქ, სადაც არის დეზორგანიზაციაა, არ არსებობს სტაბილური ურთიერთობა ჯგუფებსა და ხელისუფლების აღიარებულ მოდელებს შორის. პოლიტიკურ ორგანიზაციათა განვითარება, რომელიც აყალიბებს ეფექტურ ხელისუფლებას და რომელიც აკმაყოფილებს ორგანიზებულ ჯგუფთა ინტერესებს _ `მანქანა“, `ორგანიზაცია“, `პარტია“ _ ამცირებს კორუფციის შესაძლებლობებს. კორუფცია პოლიტიკური ორგანიზაციის პირდაპირპროპორციულად იცვლება და რამდენადაც უწყობს ხელს კორუფცია პარტიების მშენებლობის პროცესს, იმდენად უთხრის ძირს ის საკუთარ არსებობას. კორუფცია ყველაზე უფრო გავრცელებულია ქვეყნებში, სადაც ეფექტური პოლიტიკური პარტიების ნაკლებობაა; საზოგადოებებში, სადაც პიროვნების, ოჯახის ან კლანის ინტერესები დომინანტურია. მოდერნიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში, რაც უფრო სუსტი და ნაკლებია პოლიტიკური პარტიები, მით უფრო მეტია კორუფციის ალბათობა. ისეთ ქვეყნებში, როგორც ტაილანდი და ირანია, სადაც, უკეთეს შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ნახევრადლეგალური სტატუსი გააჩნიათ, ფართოდაა გავრცელებული ინდივიდუალური და ოჯახური ინტერესების კორუფცია. ფილიპინებში, სადაც პოლიტიკური პარტიები სუსტია, კორუფცია ისევ და ისევ ფართოდაა გავრცელებული. ასევე ბრაზილიაში, სადაც პოლიტიკურ პარტიათა სისუსტე აისახა `კლიენტური~ პოლიტიკის მოდელში, კორუფცია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. საპირისპიროდ, კორუფციის სიხშირე მთლიანობაში ნაკლებია იმ ქვეყნებში, სადაც სამთავრობო რესურსები მოხმარდა პარტიის მშენებლობას, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც პარტიები სუსტები დარჩნენ. ეს მოდელი ასახა დასავლეთის ისტორიულმა გამოცდილებამ. პარტიები, რომლებიც თავდაპირველად ბიუროკრატიის წურბელებად გვევლინებიან, საბოლოოდ გარდაიქმნებიან მის გარსად, რომელიც მას კლანისა და ოჯახის გამანადგურებელი კალიებისაგან იცავს. როგორც ჰენრი ჯონ ფორდი ამტკიცებს,
„ პარტიზანობა და კორუფცია მართლაც ანტაგონისტური პრინციპებია. პარტიზანობა მიზნად ისახავს საყოველთაოდ აღიარებული, საზოგადო ვალდებულებებზე დაფუძნებული კავშირის ჩამოყალიბებას, როცა კორუფცია ანგარიშს უწევს კერძო და ინდივიდუალურ ინტერესებს, რომლებიც დაფარულია და თავისუფალია ყოველგვარი ანგარიშვალდებულებისგან. პარტიის ორგანიზაციული სისუსტე არის კორუფციის ხელსაყრელი პირობა“.

თარგმნა თამუნა ტაბატაძემ

გამოქვეყნების დრო 08/12/2012