კორუფცია და ადამიანის უფლებები

ფრიდონ საყვარელიძე

25 იანვარი 2023

ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ კორუფციისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის ბრძოლა, საქართველოს რეალიებზე რომ არაფერი ვთქვათ, კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაცაა. უკანასკნელ წლებში საქართველოში საკმაოდ ბევრი იწერება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ. ჩვენს პირობებში კორუფციის თემაც ერთერთი ყველაზე აქტუალურია და ამ მიმართულებით არაერთი სერიოზული პროექტი თუ გამოკვლევა განხორციელდა. თუმცა ნაკლებად მაგონდება პუბლიკაცია, რომელშიც ამ ორი მოვლენის ურთიერთმიმართებაზე იქნებოდა ლაპარაკი. ცხადია, რომ კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც უარყოფს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, ადამიანის უფლებების პატივისმცემლად და დამცველად ვერ გამოდგება. ამიტომ, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული ქმედებები ორი სხვადასხვა შეუთავსებელი პროცესი არ არის. ეს რთული და ურთიერთდამოკიდებული პროცესია. როგორც კორუფციის დაძლევა, ისე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება მოითხოვს ძლიერი და ინტეგრირებული სისტემის შექმნას. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში, ისე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი როლი სამოქალაქო საზოგადოებას ენიჭება. როდესაც სახელმწიფო არ ებრძვის კორუფციას და მის სხვა გამოვლინებებს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ვერც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს დაიცავს.

მაინც რომელი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უწყობს ხელს კორუფცია? ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში ნათქვამია:
„ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თავისი ღირსებითა და უფლებებით თანასწორი…“


ადამიანის ღირსება – მისი განუყოფელი და თანდაყოლილი თვისება, რელიგიური და ფილოსოფიური საფუძვლების მიუხედავად, თავისუფლებასა და თანასწორობასთან ერთად, ის ფუნდამენტია, რომელზედაც დაფუძნებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.


როდესაც ილახება ადამიანური ღირსება, არ არის თანასწორობა და სახელმწიფოს მხრიდან საშიშროება ექმნება ადამიანის თავისუფლებას, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ადამიანი ვერ განახორციელებს ვერც ერთ თავის უფლებასა და თავისუფლებას.


მაგრამ რა კავშირი აქვს ყოველივე ამასთან კორუფციას? _ იკითხავს მკითხველი. აქვს, და თანაც უშუალო. და მე შევეცდები, მარტივი მაგალითების მოშველიებით უფრო მკაფიო გავხადო ამ პუბლიკაციის ძირითადი თეზისი _ რომ კორუფცია ხელს უწყობს და ხშირად თავადაა ადამიანის უფლებების დარღვევის მთავარი მიზეზი. კორუფცია ხელს უწყობს ადამიანის ღირსების შელახვას, ხშირად კი თავად იწვევს მას.



ფაქტია, რომ ღირსების ცნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში გამოტანილი უმაღლესი ფასეულობაა. ჩვენ ვამბობთ, რომ ღირსება უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველია. როდესაც ადამიანის ღირსების შელახვაზე ვსაუბრობთ, წამსვე თვალწინ წარმოგვიდგება ნაცემი, შეურაცხყოფილი, ელექტროშოკთან მიერთებული და ნაწამები ადამიანი. ეს ყველაზე მკაფიო სურათია, რომელიც ადამიანის ღირსების შელახვაზე საუბრისას წარმოგვიდგება. მაგრამ განა ყველაზე ხშირად პატიმრის უფლებები ილახება? როდის ილახება ჩვენი ღირსება განსაკუთრებით ძლიერ? ყოფილხართ რომელიმე გამგეობაში _ რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე? ან რომელიმე სამინისტროს ჩინოვნიკთან ხომ არ გქონიათ საქმე? უთუოდ გექნებოდათ. ჰოდა გაიხსენეთ, როგორ ხასიათზე წამოხვედით იქიდან. ასეა, ჩვენი ღირსება განსაკუთრებით ილახება მაშინ, როდესაც ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო დაწესებულებებს, სადაც შეხება გვაქვს ჩინოვნიკების უხეშობასთან, სადაც ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი მოსამსახურეც კი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ მის განკარგულებაში ვართ, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ვისაც არ სურს საკუთარი ღირსების შელახვა ან პრობლემების სწრაფად მოგვარება და ცხოვრების გამარტივება წადია _ ძალიან მარტივ და ამასთან ერთად ეფექტურ გზას ირჩევს _ კორუფციულ გარიგებაში შედის ზემოთ ხსენებულ ჩინოვნიკთან და ამას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს. ჩინოვნიკიც უმალ დამყოლი, ყურადღებიანი და თავაზიანი ხდება. ვისაც ასეთ გარიგებებზე წასვლა არ შეუძლია, ან არ კადრულობს მსგავს ქმედებას _ განწირულია, საათობით იყურყუტოს პასპორტის რიგში, გამგეობებში და მერიებში, იდგეს მხრებაწურული და ღირსებაშელახული. ეს მომქანცველი საათები არა მარტო თრგუნავს ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი სახელმწიფოსთან შედარებით მხოლოდ პატარა კაცუნად წარმოუდგენია, არამედ ანგრევს მის ინდივიდუალობასაც. თუმცა, აქ არის ადამიანური ღირსების ერთი ასპექტი _ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებების დაკმაყოფილების მოთხოვნა, ანუ უფლების გაცხადება. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უფლების გაცხადება, გარკვეულწილად მოკლებულია ღირსებას. ადამიანი, რომელიც აცხადებს უფლებას, რომელიც არ იხვეწება გაწვდილი ხელით _ მომეცით, არამედ აცხადებს, რომ ეს მას ეკუთვნის _ ღირსეულად იქცევა. აი, მარტივი მაგალითი კორუფციისა და საკუთარი ღირსების შელახვის წინააღმდეგ ბრძოლისა.


კორუფცია საფრთხეს უქმნის ადამიანის თავისუფლებას


ადამიანის უფლებების უმრავლესობა არ არის აბსოლუტური, ყოველთვის გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვა იმ ღირებულებათა დასაცავად, რომელთაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, მაგრამ ეს ყოველთვის კანონის საფუძველზე და კონტროლის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა ასახავდეს არსებულ ვითარებას. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს.


თავისუფლებაა, როდესაც მე არ მაიძულებენ რაიმეს კეთებას, როცა არ არსებობს მრავლობითი აკრძალვები. მაგრამ სრული თავისუფლება და შესაძლებლობა _ ყველაფერი აკეთო, რაც თავში მოგივა _ ადამიანს იშვიათად აქვს. არის აკრძალვები მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო ნორმებში.


ზემოთ ვახსენეთ, რომ ბავშვობიდან მუდმივად გვაქვს შეხება სახელმწიფო დაწესებულებებთან, სახელმწიფო მოხელეებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან (სახელმწიფო საავადმყოფოებში), ჩინოვნიკებთან, რომელთა ნებაზეა დამოკიდებული მოგვცემენ თუ არა ბინის ორდერს, ჩაგვირთავენ თუ არა ტელეფონს და როგორ მოგვემსახურებიან, როდესაც გადასახადების გადასახდელად მივალთ. ვითარება კიდევ უფრო მძაფრდება ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც ხელისუფალნი დაეჭვდებიან, რომ ჩვენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩავდივართ, როდესაც საქმეში ჩაერთვება პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო… აი, სწორედ აქ არის ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე _ თვითნებური დაპატიმრება, დაკავება, გაძევება, ან თვითნებური ჩხრეკა იწვევს ადამიანის თავისუფლების (ამ შემთხვევაში ხელშეუხებლობის უფლების) დარღვევას. ამასთან ერთად, კორუფცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე არანაკლებ არღვევს ადამიანის უფლებებს.


საგამოძიებო ორგანოების დაქსაქსულობა, დანაშაულის აღრიცხვის არსებული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერ მოხელეს, არ აღნუსხოს დანაშაულის ფაქტი, ეჭვმიტანილისგან ფულის გამოძალვისა და საქმის მიჩქმალვის საშუალებას იძლევა; ექსპერტიზის სისტემაში არსებული უაღრესად საშიში კორუფციული გარემო; კორუფციული გარიგების გზით მიღებული დიპლომი და, ამის შედეგად იურისტ მოხელეთა დაბალი პროფესიონალიზმი; მართლმსაჯულების სისტემის დაბალი ავტორიტეტი, რაც, თავის მხრივ, სულ უფრო მეტ მოსამართლეს უბიძგებს კორუფციისკენ _ აი, ძალიან მოკლე ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც კორუფციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას.


უფრო მეტიც, ზოგიერთი, ერთი შეხედვით "უწყინარი" კორუფციული გარიგების შედეგად კორუფცია ჩვენი ძირითადი უფლების _ სიცოცხლის თავისუფლების შემლახველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, თუ განათლების სამინისტროს კორუმპირებული თანამდებობის პირის მიერ სამშენებლო კომპანიასთან დადებული გარიგების საფუძველზე სკოლის მშენებლობისათვის შეიძინეს დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალა (მაგალითად ცემენტი), სკოლის შენობა შეიძლება ჩამოინგრეს და უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეიწიროს. ამრიგად, ამ შემთხვევაშიდაირღვა არა მხოლოდ განათლების უფლება (სკოლა კი, როგორც მოგეხსენებათ განათლების უფლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია), არამედ მოსწავლეთა და მასწავლებელთა სიცოცხლის უფლება.



კორუფცია ხელს უწყობს უთანასწორობის დამკვიდრებას, ეს კი დისკრიმინაციის მიზეზი ხდება. ვაგრძელებთ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ციტირებას:


„ ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა…“


თანასწორობა, როგორც პოლიტიკური მოთხოვნა მე-18 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. ამერიკის ვირჯინიის შტატის უფლებათა ქარტია აცხადებდა, რომ ყველა ხალხი თავისი ბუნებით ფლობს თანასწორ თავისუფლებებს, დამოუკიდებლობის უფლებას და რიგ თანდაყოლილ უფლებებს. საფრანგეთში მიღებულმა 1793 წლის კონსტიტუციამ გამოაცხადა, რომ ხელისუფლება ყალიბდება იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს საკუთარი ბუნებრივი და განუყოფელი უფლებებით _ თანასწორობით, თავისუფლებით, უსაფრთხოებით და საკუთრების უფლებით. 120 წლის შემდეგ ბოლშევიკურმა რევოლუციამ აღიარა მუშებისა და გლეხების უპირატესობა და საყოველთაო თანასწორობის ნაცვლად შემოიღო პროლეტარიატის დიქტატურა, მაგრამ პრაქტიკულად პროლეტარიატის დიქტატურა პარტიული ნომენკლატურის დიქტატურად გადაიქცა (რევოლუციების შემდეგ მსგავს მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი).



თანასწორობის ცნება თავისი მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია კი, ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ უფლებათა თანასწორობა ნიშნავს ადამიანების დაუსაბუთებელი დიფერენციაციის აკრძალვას. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შესაძლებელია სამართლებრივი სისტემის შექმნა დისკრიმინაციული დებულებების გარეშე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა თანასწორობა კანონის წინაშე. ასეთი თანასწორობის მიღწევა გაცილებით რთულია. კორუფციის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ყველგან და ყოველთვის თანამდებობის პირები სხვადასხვაგვარად ექცევიან მდიდრებსა და ცნობილ ადამიანებს და განკიცხულებსა თუ საზოგადოებისათვის საძულველ ჯგუფებს. როდესაც სასამართლოში მდიდარი ადამიანი მოხვდება, ის საუკეთესო ადვოკატებს მიმართავს და მას უფრო მეტი ადვოკატი ეყოლება, ვიდრე ღარიბს. მაგრამ უთანასწორობა გაცილებით თვალშისაცემი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული, როდესაც შესაძლებელია, უფრო მეტიც, სახელმწიფოს მიერაა წახალისებული ქრთამის აღება, როდესაც შეიძლება მოისყიდო ნებისმიერი ჩინოვნიკი, კლერკი, მოსამართლე და პროკურორი. ამრიგად თანასწორობის დარღვევა იწვევს ადამიანის სამოქალაქო უფლებების, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების, აგრეთვე მისი საპროცესო უფლებების დარღვევას. საპროცესო თანასწორობა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ელემენტი გაქრება, თუ ერთ-ერთმა მხარემ მოისყიდა მოსამართლე, ან სასამართლოს რომელიმე თანამდებობის პირი, ან შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა იმ დოკუმენტებს, რომელზეც მეორე მხარეს ხელი არ მიუწვდებოდა, ან ამავე გზით გააქრო რომელიღაც მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მოსყიდული მოსამართლე ვერც მიუკერძოებელი იქნება და ვერც დამოუკიდებელი. როდესაც ადამიანი ქრთამს თავაზობს საჯარო პირს (არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება ეს _ ფულის, ძვირფასი საჩუქრის თუ უკიდურესად ხელგაშლილი `სტუმართმოყვარეობის~ სახით), ის სხვა ადამიანებთან შედარებით მყისვე იძენს პრივილეგირებულ სტატუსს, მათთან შედარებით, ვისაც ამავე მიზნით ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია. პრივილეგია იმაში გამოიხატება, რომ ეს ადამიანი სხვაზე სწრაფად და გამოცდის გარეშე აიღებს მართვის უფლებას, ან ურიგოდ მიიღებს კონტეინერს ბაზრობაზე, აიღებს პასპორტს ან ვიზას, სხვაზე სწრაფად და უპრებლომოდ განაბაჟებს ან სულაც არ განაბაჟებს შემოტანილ საქონელს, თავს აარიდებს გადასახადების გადახდას, სხვისი უბედურების ხარჯზე მოიგებს საქმეს სასამართლოში. ეს კი ავტომატურად იწვევს სხვა ადამიანების დისკრიმინაციას, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია ხელს უწყობს და ხშირ შემთხვევაში თავად იწვევს უთანასწორობის, და აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციის დამკვიდრებას. ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ კორუფცია ადამიანური ღირსების, თანასწორობის და თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ადამიანის ყველა უფლება და თავისუფლება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ სწორედ ამ ცნებებზეა დაფუძნებული. ამრიგად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართული ბრძოლაცაა.

გამოქვეყნების დრო 22/12/2012