"ქართულ-ჯიგრულ პონტში ვიღაცამ რაღაცა", ანუ არჩევნები საქართველოში

სალომე ხვადაგიანი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი

9 იანვარი 2023

"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია". - ლევ ტოლსტოიმ ასე დაიწყო ანა კარენინა და, ალბათ, პირიქით დაწერდა ერთი-ორი ოლქისთვის თვალი რომ შეევლო ქართული არჩევნებზე. უბედურება ჩვენს ოლქებზე მეტისმეტად მსგავსია, ამიტომ, მინდა ქართული არჩევნების დრამა მოგიყვეთ ერთი უბნის - თბილისის მეშვიდე ოლქის 31-ე უბნის მაგალითზე.

არჩევნების მთელ პროცესს გასდევს და აჯამებს ფრაზა, რომელიც ყოფილ პრემიერს ეკუთვნის: "ქართულ-ჯიგრულ პონტში ვიღაცამ რაღაცა". ეს ჯიგრული პონტი გახლავთ უბანზე ჩამოყალიბებული ახლობლურ-ნათესაურ-მეზობლურ-კაიბიჭური სიტუაცია, სადაც წესები უხერხულია, ხოლო არაფორმალური კავშირები - უპირატესი სიკეთე.

აქ ღირებულებათა იერარქიაში არაფორმალური კავშირების ერთგულება აღემატება პარტიულ კუთვნილებსაც - მეზობელი ნაცი მეზობელ ქოცს საჩივარს ხომ არ დაუწერს? არამეზობლურია - პარტიები წავლენ და წამოვლენ, მეზობლობა დარჩება; "ერთმანეთში მოვრიგდეთ, ინტრიგანი ხომ არ ხარ", "დედაშენის ტოლი ვარ, ენას რას მიტლიკინებ", "უფროსი-უმცროსი უნდა იცოდე, ნუ მეწინააღმდეგები" - ეს და სხვა ფრაზები საუკეთესოდ ამჟღავნებს საუბნო კლიმატს.

შინაურული სიტუაცია იყო 31-ე უბანზეც - ნაცი-ქოცი-ცეკსო ყველა ერთმანეთს რომ იცნობს, ემეგობრება, ენათესავება. უბანზე შესვლისთანავე მდივანმა წარმოშობა მკითხა, შეეცადა, ნათესაური კავშირები გამოეძებნა, რაც დასაწყისში მეგობრულ ჟესტად აღვიქვი, მაგრამ რა თქმა უნდა და ჩემი გაშინაურების სტანდარტული სტრატეგია აღმოჩნდა. მოგვიანებით გულწრფელად ნაწყენი იყო, რომ კეთილად მიმიღო, თბილად, შვილივით, მაგრამ ბებიაჩემისა და მისი ქმრის მოგვარეობამ არ შემაჩერა და ინტრიგნული კითხვები მაინც დავსვი. უფრო მეტიც, უსაყვედურეს სხვა დამკვირვებელს, რომელმაც გამოსარჩლება სცადა, შენი კლასელის დედა ვარ და შენმა მეგობარმა არ უნდა იცოდეს ჩემთან სხვანაირად რომ უნდა მოქცევაო.

საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და ცივილიზებულად ჩატარებას ხელს უშლის ცუდი სამუშაო პირობები. 31-ე საარჩევნო უბანი განთავსებული იყო სარდაფში, არ ჰქონდა საპირფარეშო, პირადი საჭიროებისთვის, როგორც უბნის კომისიის წევრებმა აღნიშნეს, უნდა სწვეოდი ქუჩაში მდგარ ჩეჩმას. კოვიდ ეპიდემია მძვინვარებს და ვერც ჰიგიენის დაცვას შეძლებდი ადამიანი. უბანი იყო მცირედ განათებული. ამომრჩეველი კაბინაში ვერ ახერხებდა სასურველი ნომრის შემოხაზვას და კაბინის გარეთ გამოსვლაც უწევდა უკეთ შესახედად.

უბნების მიხედვით ეს პირობები მცირედით უარესდება ან უმჯობესდება. ზოგ უბანზე დაკვირვებასაც კი ექმნება პრობლემა - სარეგისტრაციო მაგიდები არის კედელთან მიმდგარი და დამკვირვებელს არ ეძლევა საშუალება რეგისტრატორს დააკვირდეს. არადა, თუ არჩევნების გაყალბება აქვს ჩაფიქრებული ვინმეს, ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ რეგისტრატორთან ხდება. შეიძლება რეგისტრატორმა ხელი არ მოუწეროს ამომრჩეველს, ან ყველა ბიულეტენზე არ მოუწეროს, ან ბეჭედი არ დაარტყას და მხოლოდ ხელმოწერით შემოიფარგლოს, ან ცუდად მოხიოს და ამით ბიულეტენის გაუქმების საფუძველი შექმნას. ბიულეტენის გაფუჭების ხერხს ძირითადად მაშინ მიმართავენ, როცა რეგისტრატორი იცნობს მოსულ ამომრჩეველს, იცის, რომ ოპოზიციის მხარდამჭერია და ამ გზით მის ხმას აუქმებს. გარდა ამისა, შესაძლებელია მარკირების სითხე არ დაასხას, ან საკუთარ ხელზე დაისხას, ან ხელსახოცზე, მარკირების სითხის ნაცვლად სადენზიფექციო სითხე დაასხას, სხვა პირადობით მოსულს სხვა გრაფაში მოაწერინოს ხელი და ა.შ.

ვინ მოსთვალოს.

ცუდი სამუშაო პირობები არაადამიანურად გადაგვარდება ხოლმე გამთენიისას, დათვლის პროცესში. ახალი კანონის თანახმად, პირველი მთვლელი ვიდეო კამერის წინ ყველა ბიულეტენს შლის და სიტყვით ამბობს ვინ არის შემოხაზული. პირველ მთვლელს ვერავინ ჩაენაცვლება დასვენების მიზნით. ასე სათითაო თვლა კი 3-4 საათი გრძელდება და სიქას გააცლის ნებისმიერს. შესაძლოა, ასეთი პირობებით იმართლებენ თავს არჩევნების პროცესში ჩართული ადამიანები და არაკეთილსინდისიერი მუშაობა ნაკლებად ამორალურად ეჩვენებათ. სახელმწიფო თუ ღორებივით გვექცევა, ჩვენ ადამიანებივით რატომ ჩავატაროთ არჩევნები?

არჩევნების პროცესში ჩართული ადამიანების (ოპოზიციის თუ მთავრობის წარმომადგენლების) უმეტესობის მოტივაცია კონკრეტული გასამრჯელოს აღება და სახლში წასვლაა. დემოკრატიული წესით ჩატარებული არჩევნები მათ სადარდელს არ წარმოადგენს. ასეთ დროს კი, ბუნებრივია, რომ არაფორმალურ ურთიერთობებს ენიჭება უპირატესობა.

ეს ყველაფერი კარგად ჩანს ვიდეოში, რომელიც 31-ე უბანზეა გადაღებული. ვიდეო ასახავს თავმჯდომარის კომისიის წევრებთან მსჯელობას ბალანსის კუსტარულად დასმის თაობაზე. მოდი, ქოცები და ნაცები შევთანხმდეთ და, როგორც შევთანხმდებით, ისე იყოს, ვთქვათ, რომ ბალანსი დაჯდაო. ერთადერთი საფიქრალი ჰქონდათ - ვინმემ არ გათქვას ეს შეთანხმება და საჩივარი არ დაწეროს, მაგალითად ჩემნაირმა ინტრიგანმა. როგორც გაგდებამდე ჩემზე იყვირა ერთ-ერთმა, ამას ინტრიგნობა ეტყობოდა, რაც მოვიდა, იმის მერე რაღაცას აკვირდებაო.

დამკვირვებლის უკანონო და ძალადობრივი გზით გაძევების საქმე საოლქოში განხილვისას მოვიგეთ. სანამ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას შემდგარად გამოაცხადებთ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ქართულ ჯიგრულ პონტში რაც გამოვიდა ისეთი დემოკრატია მივიღეთ. საოლქო კომისიას ჩვენი მტკიცებულებები არ ეყო იმის დასადგენად, რომ ძალადობით გამაგდეს უბნიდან - ჩხუბის ვიდეო არის, მაგრამ კონკრეტულად თმა როგორ მოგქაჩა მაგის ვიდეო არ არისო, გაძევების ოქმი კი არ შეუდგენიათ, მაგრამ გაძევებაც არ ყოფილა, იმ ჩხუბსა და ჯიკაობაში არ ჩანდა, რომ ადგილი დაგატოვებინესო და ა.შ.

ბრალდებულები ირწმუნებოდნენ, რომ მათ შეურაცხყოფა მივაყენე და 200 ლარზე გაყიდული ვეძახე, ამის დასტურად კი უბნის ოპოზიციური წევრების ხელმოწერებიც ექნებოდათ. ასეთი ტყუილის მოწმედ ოპოზიციის წარმომადგენელი რომ ეგულება, ეს ხომ იმას აჩვენებს, რომ მეზობლურ-ნათესაური კავშირები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნების ჩატარების სამართლებრივი პროცედურები, სიმართლე ან ტყუილი.

როგორც ვთქვი საქმე მოვიგეთ. იცით, რატომ? ოლქის სხდომაზე გავუშვით ჩხუბის მომენტამდე ბევრად ადრე გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანდა სულ სხვა კანონდარღვევა, კერძოდ, თავმჯდომარის მსჯელობა ბალანსის თაღლითურად დასმაზე.

ძალადობით უბნიდან გაძევების საქმეზე დამკვირვებლისთვის ხელისშეშლისთვის გაფრთხილება გამოეცხადა უბნის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს, ოღონდ გაძევებულად არ ჩამთვალეს. როგორც ცისფერ მთებშია - იგავ-არაკები არ მიუღიათ, მაგრამ უარიც არ უთქვამთ. კამერის წინ ასე კომიკურად რომ არ ეხლართა თავმჯდომარეს თაღლითური სქემები, ჩემი უკანონო გაძევებისთვის არავინ მოსთხოვდა პასუხს. ეს არის შეჯამება იმისა თუ რის წინაშე დგება დამკვირვებელი თუ მართლაც დასაკვირვებლად მიდის უბანზე და როგორი დაუცველია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოყოლილი პროტესტი და ბოიკოტი არც მთლად გასაგები იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. უხეშად რომ შევაჯამო - ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ხმების გადათვლასთან დაკავშირებული ხარვეზები გასაგებია, მაგრამ 30 წელი ასე ხარვეზებით ტარდება თქვენთან არჩევნებიო.

როგორ გავარღვიოთ არჩევნების ქართულ ჯიგრულ პონტში გაყალბების 30 წლიანი ურყევი ტრადიცია? 3 664 ყოჩაღი დამკვირვებელია უბანზე საჭირო. ოლქში სიყოჩაღე არ ყოფნის, ოლქამდე უბანზე იკარგება ხმები. საჭიროა 3 664 ადამიანი, რომელიც მეტად ერთგული იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების იდეის, ვიდრე მეზობლის, კლასელის, ნაცნობის ან თუნდაც პარტიის. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ღირებულების მქონე 3 664 ჯიუტი, პრინციპული, "ინტრიგანი" ადამიანი, არჩევნებზე მართლა დასაკვირვებლად რომ მივა.

სტატია არ ცდილობს არაფორმალური კავშირებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭებას. რა თქმა უნდა, გაყალბების ბევრი საშუალებაა მთავრობის არსენალში, მათ შორის ადამიანების დაშინება და მოსყიდვა, და დამკვირვებელთა სიყოჩაღე ყველაფერს არ გაწვდება, თუმცა უბანზე თითოეული ხმის დაცვის საქმეში დამკვირვებლის თუ კომისიის წევრის წვლილი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, შემდეგი არჩევნებისთვის დამკვირვებლები და კომისიის წევრები გვყავს მხარდასაჭერი, გასაძლიერებელი და მათი რიგები შესავსები.