დროის ნიშანი (მათე 16,3)
1989 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიას ეროვნებით ბასკი კათოლიკე მღვდელი, რომის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლური ლიტურგიების აღიარებული სპეციალისტი მიხეილ არანცი ეწვია. მისი მიზანი სტუდენტებისა და პროფესორმასწავლებლებისათვის რამდენიმე ლექციის წაკითხვა გახლდათ. ყველაფერი გეგმისამებრ უნდა წარმართულიყო, მაგრამ სტუმარი უეცრად სემინარია-აკადემიის მაშინდელი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის და წამყვანი პედაგოგის არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) წინააღმდეგობას წააწყდა. ეს წინააღმდეგობა პირველ ეტაპზე ძირითადი მასპინძლის, უწმიდესი მღვდელმთავრის, საქმეში ჩარევის შედეგად განიმუხტა, მაგრამ ხსენებულმა მამებმა ფუნდამენტალური იდეებით თავმომწონე სტუდენტების ჯგუფი აამხედრეს. ისინი პროფესორს თავზე დაადგნენ, _ მართლმადიდებელთა ლიტურგიის შესახებ კათოლიკე მეცნიერის აზრები არ გვაინტერესებსო, და მოსთხოვეს, აკადემია დაეტოვებინა, რასაც სტუმარი დაემორჩილა.
ოთხმა თანამოაზრემ, ამ სტრიქონების ავტორის ჩათვლით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს თანაგრძნობის წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულ ფაქტს ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ობსტრუქციას ობსკურანტიზმი (`ობსკურანტიზმის გამოვლინება~) უწოდა.
წერილი გამოქვეყნდა და მასში აღწერილი ამბავი ფართო საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა. ჩვენ გაგვაოცა იმ პოლიტიკური ლიდერების, ჯერ კიდევ დისიდენტებად და არაფორმალებად ცნობილი პირების, გულგრილობამ, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ხელყოფაში ადანაშაულებდნენ, თავს დემოკრატებად და დასავლური ღირებულებების შემთვისებლებად თვლიდნენ. მათ ვერ განიცადეს (ან არ განიცადეს) ის ატმოსფერო, რომელიც რაღაც ეპიდემიური დაავადების სიმპტომებს შეიცავდა და რითაც ე.წ. ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა და, მასთან ერთად, ერიც და ბერიც იმთავითვე იმსჭვალებოდა. სწორედ 1989 წლიდან დაიწყო ლათინური წესის მღვდელმსახურებისათვის განკუთვნილ ტაძრებში მართლმადიდებელთა მოკალათება და სხვადმადიდებელთა ისეთი ლანძღვაგინება და, წარმოიდგინეთ, ზოგ შემთხვევაში წვერებით თრევაც კი, რაც სახელს უტეხს მართლმადიდებელ ეკლესიასაც და საქართველოსაც. პოლიტიკურ და რელიგიურ ასპარეზზე ძალებს შუა საუკუნოებრივი ბნელეთი იკრებდა. მაშინ ბევრი გვეკითხებოდა: რას ნიშნავს `ობსკურანტიზმი~, რომელსაც თქვენს წერილში ახსენებთ?
ცნება
სიტყვებით `ობსკურანტი~ და `ობსკურანტული~, როგორც წესი, იმ ადამიანებს, კოლექტივებს, პარტიებსა თუ სახელმწიფოებს მოიხსენიებენ, რომლებიც თავისუფლების, განათლებისა და პროგრესის წინააღმდეგნი არიან. მოვლენები და ფაქტები, რომელთა მისამართითაც ტერმინი `ობსკურანტიზმი~ გამოიყენება, არიან როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური, ანდა ერთდროულად რელიგიურიც და არარელიგიურიც, საკრალურიც და პროფანულიც, საეროც და სასულიეროც. `ობსკურანტიზმი~, მეტად რომ დავაკონკრეტოთ, ისეთ საზოგადოებრივპოლიტიკურ თუ სულიერ განწყობილებას აღნიშნავს, რომლის ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური, პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული მონობის აპოლოგია; ცოდნისადმი, სკოლისადმი, წიგნისადმი, გონების აქტივობისადმი, ზოგადად _ განათლებისადმი ნეგატიური, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულება; ყოველგვარი სიახლისა და წინსვლისადმი მტრობა. ამდენად ობსკურანტიზმი თავს იჩენს ყოფაცხოვრების როგორც პროფანულ, ისე საკრალურ უბნებზე და ზოგ შემთხვევაში ტოტალურ, ე.ი. სახელმწიფო მასშტაბს იძენს. ობსკურანტიზმი და, შესაბამისად `ობსკურანტობა~ არის შემეცნებისა და აზროვნების ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნებისა და მოვლენების აღქმის, შეფასებისა და ანალიზის გარკვეული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხედველობის ვიწრო ველი და ცალმხრივობა. ობსკურანტიზმის სინონიმია `სიბნელე~, გონების სიჩლუნგე და გაუკუღმართება. მაშასადამე, ცნობიერების ეს მდგომარეობა (ობსკურანტობა) განათლების (პედაგოგიკის) და მორალის სფეროს განეკუთვნება.
სიტყვა
ობსკურანტიზმის მნიშვნელობას და შინაარსს მისი ეტიმოლოგია ასაჩინოებს. იგი მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან obscurus, რაც ნიშნავს `ბნელი~, საიდანაც წარმოდგება ზმნა obscuratio `დაბნელება~ და მიმღეობა _ obscurans `დაბნელებული~. მისი მეორადი მნიშვნელობებია `გაუგებარი~, `გამოუცნობი~, `უცხო~, `უცნაური~. ობსკურანტიზმი, ჩვეულებრივ, `სიბნელედ~ და `ბნელეთად~ ითარგმნება.
სახელდება
განხილული ცნება და ლექსემა დადებით აზრსა და ემოციას მოკლებულია. ამიტომ ამ სახელწოდებით საკუთარ თავს არავინ მოიხსენიებს; არავინ არასდროს იფიქრებს, რომ იგი `ბნელეთის მოციქულია~.
ობსკურანტიზმი არაა თვითსახელწოდება, _ იგი სხვათა სახელდებაა. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სიტყვა ძველია და ანტიკური ეპოქის ლათინურენოვან ძეგლებში დასტურდება, ზემოაღნიშნული შინაარსით, ე.ი. როგორც ტერმინი, იგი ქრისტიანულ საეკლესიო ლიტერატურაში არ გვხვდება. სიტყვები `ობსკურანტიზმი~ და `ობსკურანტი~, როგორც ეთიკური კატეგორიის აღმნიშვნელი ტერმინი, პირველად XV-XVI სს-ის მიჯნაზე შექმნილ ერთ ლათინურენოვან ძეგლში დასტურდება, რომლის სათაურია `Epistolae Obscurorum Virorum~ (ბნელ კაცთა ეპისტოლეები). ესაა თავის დროს საკმაოდ გახმაურებული და პოპულარული პამფლეტი, რომელიც შეიქმნა იოჰანეს როიხლინსა (1455-1522) და კოლონის (იგივე კიოლნის) დომინიკანელ ბერებს შორის გამართული პაექრობის ამსახველი მასალების გაშარჟებისა და პაროდირების შედეგად. ავტორები ანუ პაროდისტები არიან გერმანელი ჰუმანისტები კროტუს რუბიანუსი (1486-1540) და ულრიხ ფონ პუტენი (1488-1523). კრებულის უდიდესი ნაწილი მიმართულია ორტვინ გრაციუსისადმი, რომელიც, თუმცა თვითონაც ჰუმანისტი იყო, თავს დომინიკანელთა ორდენს მიაკუთვნებდა და მათ გვერდით იდგა, რაც, როგორც ჩანს, ოპონენტებს განსაკუთრებით აღიზიანებდათ და ისრებს მეტწილად მისკენ მიმართავდნენ. სატირის ობიექტია აგრეთვე იაკობ ფონ ჰოხშტრახენი (გარდ. 1527 წ.), რომელიც ძველი სქოლასტიკური ტრადიციის წარმომადგენელი იყო. ეპისტოლეები დაწერილია ისეთი სტილით, რაც ბერმონაზვნური ლათინურის პაროდირებაა და იმ მეთოდების, ასკეტიზმის იმ ფორმისა და საეკლესიო-რელიგიური ცხოვრების იმ რეგლამენტის მწარე სატირას წარმოადგენს, რაც გვიანი შუა საუკუნეების სქოლასტიკასა და, ზოგადად, იმ პერიოდის კათოლიკურ ეკლესიას ახასიათებდა. აღნიშნული ძეგლის დიდმა პოპულარობამ ბევრად განაპირობა მაშინდელი კლერიკალიზმისა და მისი წარმომადგენლების დისკრედიტაცია და სხვადასხვაენოვან მწიგნობარ ხალხთა მეტყველებაში დაამკვიდრა ახალი სიტყვა _ ობსკურანტიზმი. `ობსკურანტიზმი~ ფრანგი განმანათლებლების, მწერლებისა და რევოლუციონერების საყვარელ სიტყვად იქცა. მას ხშირად ხმარობდა ბალზაკი, რუსო და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სხვა მწერალი, აგრეთვე ლენინი და, საერთოდ, რუსი ნაროდნიკები და სოციალდემოკრატები, ქართულ სინამდვილეშიც ეს სიტყვა უფრო პარტიული ელიტის ლიტერატურულ-პროპაგანდისტურ მეტყველებაში გამოიყენებოდა.
„ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს.“ (იოანე 3,19)- სიახლის შიში ასე გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა `ობსკურანტიზმის~ ძირითადი მნიშვნელობა _ სინათლის მტრობა ანუ სიბნელე სინათლის წილ.
ეს მნიშვნელობა და შინაარსი უფრო მორალის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე განათლებისას, წიგნიერებისას, ზოგადად _ ინტელექტისას, ვინაიდან იმ ფორმისა და იმ სახის სიბნელე, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს, არა მხოლოდ გაუნათლებლობისა და უწიგნურობის შედეგია, არამედ (და გაცილებით მეტად) გაუკუღმართებული ცნობიერების, რაც აზროვნების უნარს და ნიჭიერებას, მით უმეტეს _ წიგნების კითხვას, კარგ მეხსიერებასა და ინფორმირებულობას არ გამორიცხავს. მეტიც _ ობსკურანტები ერთობ ნაკითხი და განათლებული პიროვნებანი ბრძანდებიან. ობსკურანტიზმი აზროვნების, უფრო ზუსტად, _ ცნობიერების პრობლემა, მისი გარკვეული მდგომარეობაა. იგი საზოგადო მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზროვნებისეული სიბნელე, მეტნაკლებად ყველა ხალხსა და ყველა სოციუმს ახასიათებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ობსკურანტობის მიზეზი ანუ აზროვნების გაუკუღმართებისა და დაბნელების იმპულსი, ადამიანის ბუნებაშია ჩაფესვილი. ამიტომაა, რომ ჩვენშიც და სხვაგანაც მოუვლელი და `გაუმარგლავი~ საზოგადოება არჩევანს მიწიერების სასარგებლოდ აკეთებს ანუ, როგორც იესო ქრისტე იტყვის იოანეს ზემოწარმოდგენილ მუხლში, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ბოროტებისაკენ მიდრეკილი ადამიანები ღვთიურ სიბრძნეს წუთისოფლისეულ ბრძნადმეტყველებას ამჯობინებენ. წუთისოფელი კი ჩრდილით და წყვდიადითაა სავსე, რის გამოც ობსკურანტიზმის გამოვლინება მოსალოდნელია ყოფიერების ნებისმიერ სფეროში, პიროვნების ხასიათებში, ქცევებში და, რაც მთავარია, შეხედულებებში, თეორიებსა თუ პრაქტიკაში. ობსკურანტიზმი არსებობს მეცნიერებაშიც, პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც და რელიგიაშიც. მისი ნიშნებია შიში, სიძულვილი და ისტერია სიახლეებისადმი; საპირისპირო პოზიციის აუტანლობა; სხვა არგუმენტების მოუსმენლობა; საკუთარ აზრებში გაკერპება; ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა; სტერეოტიპებს ჩაბღაუჭება და სუბიექტური თვალსაზრისების ახირება. ობსკურანტიზმი კვებავს შეუწყნარებლობას, შეუწყნარებლობა, თავის მხრივ, კვებავს ობსკურანტიზმს. ობსკურანტობა ადამიანის არასრულყოფილების, გნებავთ, _ წუთისოფლისეულობის ერთ-ერთი ნიშანია. ცოდვისაკენ მიდრეკილება ამა თუ იმ დოზით ნებისმიერ ადამიანში იჩენს თავს. ასევე, და შეიძლება პარალელურადაც, თითოეულ კაცს გზადაგზა უბნელდება გონება. ეს პირველცოდვის ნაყოფი და ბუნებრივი ფაქტია, მაგრამ ადამის შვილთა ფარი და მახვილი ამ შემთხვევაში უფლის შეგონებაა:
„ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.“ (დაბ. 4,7)
ესაა მოწოდება ასკეტიზმისაკენ, რაც გონებრივსა და ზნეობრივ სიფხიზლეს ნიშნავს. რაც უფრო ფხიზელია პიროვნება, მით უფრო იმარჯვებს ცოდვებზეც და ობსკურანტიზმზეც. ობსკურანტიზმი იგივე რეგრესია, რადგან ყველგან და ყოველთვის დესტრუქციულ ძალად გვევლინება და საზოგადოების განვითარების პროცესს ამუხრუჭებს, მაგრამ არც ერთ სფეროში მას ისეთი ვრცელი ასპარეზი არ გააჩნია, გაღრმავების ტენდენციას არსად ისე არ ამჟღავნებს, როგორც რელიგიაში, ეკლესიაში, ანდა ეკლესიის გავლენის სფეროში. აქ იგი უსასრულოდ იზრდება და დამანგრეველ ძალებს იკრეფს, რითაც, ერთი მხრივ, სახელი უტყდება სარწმუნოებას და, მეორეს მხრივ, მახინჯდებიან პიროვნებები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ მისი ტყვეები ხდებიან.
“ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდათ.” (ეს. 9,1) -ობსკურანტები ბიბლიაში
ბიბლიური ანთროპოლოგია, რომლის ცენტრალური იდეა ნებისა და არჩევანის თავისუფლებაა, ობსკურანტიზმთან წინააღმდეგობასა და ანტაგონიზმშია. ღმერთმა ადამიანს ბოროტისა და კეთილის შემეცნების ხესთან მისასვლელი გზა არ გადაუკეტა, ხოლო დაცემის შემდეგ მას ზრდა-განვითარების საშუალება მისცა, რათა შეეცნო ჭეშმარიტება და ღვთის მსგავსება მოეპოვებინა. საღვთო ისტორიის ყოველ ნაბიჯზე ჩანს, რომ უზენაესი აკურთხებს ადამიანის სვლას სინათლისა და პროგრესისაკენ. გავიხსენოთ ესაიას წიგნის ის მონაკვეთი (თავი 5), რომელიც იწყება ასე: `ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს~. ვენახმა კი, თუმცა პატრონმა მოვლა არ დააკლო, სასურველი ნაყოფი არ გამოიღო. იქვე პირდაპირაა ნათქვამი, რომ `საბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია~. მიზეზი, რის გამოც ამ სახლმა და ამ ხალხმა ხენეში ნაყოფი გამოიღო, არის ის, რასაც დღეს ჩვენ ობსკურანტიზმს ვეძახით. უფალი საბაოთი ამბობს: `ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად; სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს სიმწარედ!~ ახალი აღთქმის ობსკურანტებიც ის ისრაელიანები არიან, რომლებსაც არ სურთ ნათელისა და ბნელის ერთმანეთისაგან გარჩევა; რომლებიც მთავარსა და მეორეხარისხოვანს ერთმანეთში ურევენ; საგნებისა და მოვლენების გარეგან მხარეს ყურადღებას აქცევენ, შინაგანს კი ივიწყებენ. მათ სინაგოგებში პირველ ადგილზე ჯდომა და მოედნებზე თავის გამოჩენა უყვართ. ისინი ვითომ წინასწარმეტყველთა ერთგულები არიან, სინამდვილეში კი წინასწარმეტყველებს და მოციქულებს ხოცავენ და სდევნიან. ესენი ის `რჯულის მეცნერები~ არიან, რომლებმაც `წარიტაცეს ცოდნის გასაღებები; არც თვითონ შევიდნენ და შემსვლელებიც დააბრკოლეს~ (ლუკა 11,52). აქ ობსკურანტიზმისა და ობსკურანტობის ქრესტომათიული სურათია წარმოჩენილი. სურათი მძიმეა, მაგრამ ისიც ფაქტი და ჭეშმარიტებაა, რომ ამ წუთისოფელში მხოლოდ სიბნელე და ყიამეთი როდია. იოანე ღვთისმეტყველი ესაიას ზემოციტირებულ სიტყვებს აგვირგვინებს და გვამცნობს: `ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი~ (იოანე 1,5). ადამიანი ატარებს ღვთის ხატებას და მსგავსებას ანუ `სიცოცხლის სულს~, რომელიც ღმერთმა მის ნესტოებს შთაბერა (დაბ. 2,7). ამიტომაა იგი უკვდავიც და მოკვდავიც, ზეციერიც და მიწიერიც. ერთსა და იმავე პიროვნებაში თანაარსებობს ცოდვაც და მადლიც, სინათლეც და სიბნელეც, ობსკურანტიზმიც და ინტელექტუალიზმიც. სიბნელე წუთისოფლის თანამდევია. იგი იარსებებს მანამ, სანამ წუთისოფელი იარსებებს. ამიტომ სიბნელისაგან თავის დაღწევა წუთისოფლის ბინადართა იდეალია, რომლის გაცნობიერება და ხორცშესხმა მხოლოდ გონიერ არსებებს ძალუძთ. საეკლესიო და საერო პედაგოგიკის მიზანი ადამიანში აზროვნების ველის გაფართობა ანუ ობსკურანტიზმის დაძლევაა. საღვთო წერილი, რომლის ყურადღების ცენტრში ადამიანი და ადამიანთა სამკვიდროა მოქცეული, ობსკურანტიზმსა და ობსკურანტობის კონკრეტულ გამოვლინებებს დიდ ადგილს უთმობს. ობსკურანტიზმია ყველაფერი, რაც ადამიანის მიერ ღვთის ნებისა და განგებულების საწინააღმდეგოდ წარმოითქმება ან კეთდება. ობსკურანტიზმი კვებავს ფანატიზმსა და ცრუმორწმუნეობას. მათგან პირველი რაღაც იდეისადმი ატაცებულობას და შეშლილობას ნიშნავს, მეორე კი ისეთ რწმენაწარმოდგენებს, რომლებიც უცხოა გამოცხადების რელიგიისათვის და მის დედააზრთან წინააღმდეგობაშია. ერთიც და მეორეც სიბნელეა და საზოგადოებისათვის საშიში რეალობა. ბიბლიაში ობსკურანტიზმის, ფანატიზმისა და ცრუმორწმუნეობის მაგალითებია ყველა ის ფაქტი, შეხედულება და ტენდენცია, რასაც ახალი აღთქმის თეოლოგია წარმართობას და ჰურიაებას უწოდებს. ასეთია, ვთქვათ, რწმენა ცოდვისა და მადლის შთამომავლობით გენეტიკური გადაცემის შესახებ, იმის შესახებ, რომ, თითქოს, შვილებს და შვილიშვილებს მამების და ბაბუების ცოდვები მოეკითხებათ (იერ. 31, 28-29); ერის რჩეულობის იუდაური აღქმა (რამაც იონა წინასწარმეტყველის ურჩობა განაპირობა); თავისუფლებისა და მეფობის მიწიერუტილიტარული გააზრება და შორს ვეღარ წასვლა (რაც ქრისტეს ჯვარცმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა). ობსკურანტული ცნობიერება იმ პირველქრისტიანებმაც გამოამჟღავნეს, რომლებმაც ნათლისღების შინაარსი სრულყოფილად ვერ გაიაზრეს და წინადაცვეთის ძალაში დატოვებას მოითხოვდნენ, რამაც მოციქულებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ობსკურანტიზმი საქართველოში
წმ. ნინო, რომელმაც საქართველო გააქრისტიანა, სინდისის თავისუფლების ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობდა. მან საერო ხელისუფალს ასე მიმართა: `არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღებაი, არამედ ჯერ-არს სახარებითა და პატიოსანითა ჯვარითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ~. ამ სიტყვებით იგი დაუპირისპირდა მეფისა და ერისთავის პოზიციას, რომლებიც სარწმუნოების სფეროში ძალადობას დასაშვებად მიიჩნევდნენ. საკუთარი ნების სხვისთვის თავსმოხვევის ჟინი ობსკურანტული ცნობიერების ნიშანია. ანალოგიური ცნობიერება ქართლის ცხოვრებაში, ისე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში, თავს გზადაგზა იჩენს და ზოგჯერ იქ ამოქმედდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით _ განათლებულ საერო და სასულიერო წრეებში. ამას პირველ რიგში ილია ჭავჭავაძე ამჩნევდა და ამბობდა: `იქ უფრო ბნელა, სადაც ნათელი გვეგულება~. საქართველოს უგვირგვინო მეფეც სწორედ ამ სიბნელემ _ პარტიულმა ობსკურანტიზმმა _ შეიწირა. ბოლშევიზმი და მისი რეჟიმი, როგორც ბევრი სხვა ტოტალიტარული იდეოლოგია და რეჟიმი, ობსკურანტობას თავის არსებაში შეიცავს (ერთპარტიულობა, კოლექტიურობის უზურპაცია, პლურალიზმთან შეუგუებლობა). კომუნისტების ობსკურანტობა იმაშიც, გამოიხატებოდა, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში, თავიანთი თავის გარდა, ობსკურანტიზმს ხედავდნენ. მათი ყველაზე დიდი სამიზნე ეკლესია იყო, რომელსაც უპირობოდ `ბნელეთის მოციქულად~ ნათლავდნენ. ამასთანავე, ჩანს, ისინი ხვდებოდნენ, რომ ეკლესიაში და, მით უმეტეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში, გაუნათლებლობისა და რეგრესული ნაკადის გარდა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, რეალურად არსებობდა, განათლებისა და მეცნიერების ლამპარიც ენთო. მებრძოლმა ათეისტებმა სწორედ ამ ლამპრის ჩახშობა დაისახეს მიზნად. ცნობილია ლენინის პირადი წერილი ერთ-ერთი პარტიული ლიდერისადმი, რომელიც შეიცავს მითითებას, ხელი შეუწყონ სამღვდელოთა რიგების გაუნათლებელი და ბნელი კადრით დაკომპლექტებას; ეკლესიათა თაღების ქვეშ უარყოფითი ტენდენციების გაღრმავებას; ხალხის დარწმუნებას, რომ საეკლესიო ცხოვრება სიბნელეა და სხვა არაფერი, ანტირელიგიური კამპანია კი მიზანშეწონილია და აუცილებელი. ბელადის კურსმა სათანადო ნაყოფი გამოიღო. აი, რას ვკითხულობთ ერთ ანონიმურ წერილში, რომელიც კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის არქივში ინახება (უთარიღოა, XX ს-ის 30-იანი წლების მიწურულს უნდა ეკუთვნოდეს): `მოგვევლინა ღვთის რისხვა… დაიჩაგრა სარწმუნოება და დაკნინდა სამღვდელოება. უკანასკნელი იდევნება ყველგან და ყველაფერში. იგი ისპობა ფიზიკურად და ჩლუნგდება გონებრივად. დღითიდღე ხელიდან გვეცლებიან საუკეთესო სასულიერო მოღვაწენი, ხოლო მათი შემცვლელი ნაკლებად ჩანს~. პიროვნებები, რომლებიც დღეს სახელმწიფო და საეკლესიო მმართველობის ზედაფენებს წარმოადგენენ, კომუნისტური დიქტატურის ხანაში გაიზარდნენ. ერთპარტიულობა, რაც მაშინდელი ცხოვრების ფუნდამენტად მოგვევლინა, განსხვავებული რწმენაწარმოდგენების, თვალსაზრისებისა და პოზიციების შეუწყნარებლობის ობსკურანტიზმს კვებავდა. აღნიშნულ თავდასხმა ფონიჭალაში მშვიდობიან კრებაზე. 17 ივნისი 2001 წელი პიროვნებათაგან ზოგი დისიდენტი იყო, ზოგი – კომფორმისტი. დისიდენტები ოფიციოზსა და მის თანამსახურებს შეზღუდულ აზროვნებაში, ინდივიდთა ღირსების შელახვასა და თავისუფლების ხელყაფაში სდებდნენ ბრალს და, თითქოს, სინდისის თავისუფლებისაკენ ისწრაფვოდნენ. ისინი, ერთი შეხედვით, ობსკურანტიზმს ებრძოდნენ, მაგრამ უცნაური და საკვირველი ისაა, რომ მათი უმრავლესობა გაცილებით მძიმე ობსკურანტობას, შეზღუდულ აზროვნებას, პიროვნების უპატივცემულობას, უცხო აზრის აუტანლობას ამჟღავნებდა და ამჟღავნებს, ვიდრე მათი სამიზნე კომუნისტები. ამის დასტურია 9 აპრილის წინა და შემდგომდროინდელი მანიფესტაციები და მიტინგები, რომლებიც ილია მართლის შესხმათა ფონზე მიედინებოდა, მაგრამ ილია მართლის პოზიციისა და სულისკვეთებისაგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა დედამიწისაგან. ყველა არაფორმალი ქრისტიანობას, ეკლესიურობას და მორწმუნეობას იჩემებდა, მაგრამ არც ერთს სახარებისეული სათნოების ნიშანწყალი არ ეცხო. ამ დროს იერემია წინასწარმეტყველის ხმასავით გაისმა მწერალ ნაირა გელაშვილის ხმა: `ალბათ ერთადერთი ცოდვა, რაც ბოლშევიკებს არ ჩაუდენიათ, ის იყო, რომ ქრისტიანობით არ შენიღბულან. მათ `პატიოსანი~ ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას, მოსპეს და მოაშთეს, რითაც ფაქტიურად ანგარიშში წააგეს …დღეს ქრისტიანობისთვის საშიში პერიოდი დგას. ხდება მისი `აყოლა~ სულის სიღრმეში გაუტარებდად~ (`ქართული ფილმი~, 1989, 1.XI. N 43). ეს ხმაც, ბევრი სხვა ხმის მსგავსად, უდაბნოსა შინა მღაღადებლის ხმად დარჩა, რადგან საქართველოში როგორც საერო, ისე საეკლესიო ობსკურანტიზმის არნახული აღზევება სწორედ 1989 წლიდან დაიწყო და ამ აღზევების ყველაზე დიდ სიმახინჯედ ჩვენ სარწმუნოების პროფანაციას, ე.ი. ეროვნული და პოლიტიკური მიზნებით მის `მოხმარებას~ ვთვლით. გულგრილობა, რომელიც სასულიერო სემინარია-აკადემიიდან მოწვეული კათოლიკე სტუმრის გაძევების მიმართ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ გამოამჟღავნა, სავალალო პროგნოზზე მეტყველებდა _ ის გეზი და ორიენტაცია, რომელიც ცხოვრების ახალ მდინარეს ჰქონდა აღებული, საზოგადოების გაკეთილშობილებას ხელს არ შეუწყობდა. საეკლესიო ობსკურანტიზმი ორი მიმართულებით განვითარდა:
1) პროვინციული კოსმოპოლიტიზმი და
2) პროვინციული ნაციონალიზმი, რასაც ეკლესიის ენაზე ფილეტიზმი ჰქვია.
ისინი თითქოს ურთიერთშეუთავსებელი პოზიციებია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში მათ ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ასე ჩამოყალიბდა მორწმუნეობის ის ფორმა, რომელიც მოკლებულია სიყვარულს, სითბოს და სინათლეს. აზროვნების სტილით, ხედვის ჰორიზონტით და განათლებასთან, წიგნიერებასთან, მეცნიერებასთან და საერო კულტურასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით იგი ტიპიური ობსკურანტიზმია. იფეთქა ანტიეკუმენურმა ისტერიამ. ეკლესიებში და მათი გალავნების გარეთ _ პრესაში, მიტინგებზე, ეთერში, დაწესებულებებში და სამთავრობო ტრიბუნებზეც დაიწყო ქადაგება: ეკუმენიზმი არის `მასონობა~, `ერესთა ერესი~(?!), `ანტიმართლმადდებლობა~, `სატანისტობა~. ეკუმენიზმი ასოცირდა დასავლეთთან და საქართველოში ანტიეკუმენურმა ისტერიამ ანტიდასავლური კამპანიის შინაარსი შეიძინა. ამიტომ უცნაურია ის ფაქტი, რომ ანტიეკუმენურ ლოზუნგებს ჩვენში ის პოლიტიკური პარტიებიც ეთანხმებოდნენ, რომლებსაც, მათი თქმით, კურსი დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნებისაკენ ჰქონდათ აღებული. ალბათ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა და მისმა საჭეთმპყრობელმა 1997 წლის 20 მაისს ობსკურანტთა პრეტენზიები დააკმაყოფილეს და ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე ოფიციალურად უარი განაცხადეს. საეკლესიო ობსკურანტიზმმა ქვეყნის უმაღლეს ეშელონებშიც იოლად გაიკაფა გზა. მთავრობის კაცთა და მთავრობის კაცობაზე მეოცნებეთა ყველა გამოსვლა, რაც კი თემატიკით რელიგიასთანაა დაკავშირებული, ობსკურანტიზმის სუნითაა გაჯერებული. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის დადგენილება `მართლმადიდებლური ეკლესიების, ყველა საკულტო ნაგებობისა და უძრავ-მოძრავი ქონების~ საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადების შესახებ წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საზოგადოების ნორმასთან,რომლის თანახმად, ქვეყნის ისტორიის მემკვიდრე და ისტორიული ძეგლების მესაკუთრე არის ქვეყნის მთელი მოსახლეობა ეთნიური წარმომავლობისა და რელიგიისადმი კუთვნილების განუსხვავებლად. ობსკურანტიზმი ჟონავს გამოთქმაში `მართლმადიდებლური ეკლესიები~, რადგან სატაძრო არქიტექტურა უფრო ადგილობრივი რეალიების გავლენით ყალიბდება, ვიდრე კონფესიის. ამიტომაა, რომ ერთი და იმავე სტილის ნაგებობებში შეიძლება მართლმადიდებლებმაც იღვაწონ და კათოლიკეებმაც. გავითვალისწინოთ, რომ ბათუმელ, ქუთაისელ, გორელ თუ უდელ მართლმადიდებლებს რომაული არქიტექტურის შენობებში ღვთისმსახურების ჩატარება არ ეუხერხულებათ. კათოლიკეებიც ასევე იქცევიან და ეს ჩვეულებრივი ამბავია (მხედველობაში გვაქვს უნიატური პრაქტიკა). იქნებ დაფიქრდნენ ამ და სხვა, შინაარსით მსგავს, დადგენილებათა ავტორები და მეხოტბეები: რომელ ადმინისტრაციულ უწყებას აქვს იმის კომპეტენცია, გაარკვიოს და დაასკვნას, ესა თუ ის ტაძარი, მაგალითად, თბილისის ნორაშენი `სომხურმონოფიზიტურია~ თუ `ქართულდიოფიზიტური~? გამოთქმები ამა თუ იმ არქიტექტურის მისამართით: `მართლმადიდებლური~, `კათოლიკური~ და ა.შ. პირობითია, განეკუთვნება ხელოვნებათმცოდნეობის სფეროს და არავითარ შემთხვევაში იურისპრუდენციის, ადმინისტრაციის თუ თელოგიის დარგებს. აღნიშნულმა დადგენილებამ საფუძველი შეუმზადა `კონსტიტუციურ შეთანხმებას~, რომელიც მთლიანად და განსაკუთრებით მე-8 მუხლი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ობსკურანტულია. ობსკურანტიზმი საქართველოს განათლების სისტემაშიც ბატონობს. სათანადო იმპულსს შეიცავს კანონი განათლების შესახებ, რომლის მე-18 მუხლის თანახმად განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები საპატრიარქოსთან უნდა შეათანხმოს. დარღვეულია პრინციპი სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის შესახებ, რის გამოც ეკლესიას სკოლის ფუნქციებში შეჭრის იურიდიული საფუძველი ეძლევა. ზოგადსაგანმანათლებლო საგანი `რელიგიების ისტორია და კულტურა~ მასწავლებელთა უმრავლესობის მიერ `საღმრთო რჯულადაა~ მოაზრებული და გაკვეთილებს მეტწილად კონფესიურკატეხიზმური ხასიათი აქვს, რაც ბევრ შემთხვევაში ანტიგანმანათლებლობაში და ანტიკულტურულობაში გადადის. არცაა გასაკვირი, რადგან ამ გაკვეთილებს მეტწილად იმ მღვდლების სულიერი შვილები ატარებენ, რომლებიც, შესაძლებელია თვითონ `გარეშე~ სიბრძნის შემცველ წიგნებსაც კითხულობენ, როკისა და სმოკის მანერებშიც ერკვევიან, საერთაშორისო, აკადემიური თუ `სვეტური~ ტერმინებიც აქვთ ათვისებული და გაშინაურებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, სხვის გასაგონად, დასამოძღვრად და შესაგონებლად საერო მეცნიერების, ხელოვნების და, ზოგადად, ინტელექტუალურობის დისკრედიტაციას ეწევიან. განათლების სამინისტრო ან საღათას ძილშია, ან დაშინებულია, ან კმაყოფილია. ყოველ შემთხვევაში ამ სავალალო და საგანგაშო მოვლენების მიმართ საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს. სკოლის ობსკურანტიზმმა სასამართლოშიც შეაღწია, რის ნიმუშად დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს ერთი გახმაურებული და ოდიოზური პროცესი გამოგვადგება. მოსამართლემ თავს უფლება მისცა, განეხილა `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის~ სარჩელი, რომელშიც თეოლოგიურ-ეკლესიოლოგიური საკითხები იყო დასმული და ორი წიგნისათვის სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მოხსნას ისახავდა მიზნად. სარჩელი დაკმაყოფილდა, რითაც სკოლაში ობსკურანტულ ტენდენციებსა და ქმედებებს მწვანე შუქი აენთო (იხ. ჩვენი წიგნი `მსოფლიო რელიგიები საქართველოში~, თბ., 2002, გვ. 222).
მუხლი 8
1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).
2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმინდა ნაწილებისა და წმინდა რელიქვიების გარდა).
პოლიტიკურ არენაზე `რელიგიური სოცშეჯიბრია~ გაჩაღებული, რომელშიც თითქმის ყველა პარტია მონაწილეობს და ერთი მეორეს ტოლს არ უდებს. ზოგიერთ პოლიტიკოსს საქართველოში იერუსალიმის ცეცხლი ჩამოაქვს, ზოგს _ ინდოეთის მტვერი (წმ. ქეთევანის ნაწილთა სამარხიდან უნდა იყოსო?!), ზოგი კი ჩვენი წინაპრების ძვლებს საფლავებში აღარ ასვენებს (მაგალითად, ასტრახანში), რითაც, ფაქტობრივად, უცხოეთის ცის ქვეშ ქართველი მოღვაწეების ნატერფალსა და ქართული კულტურის კვალს შლის. უდავოა: საქმე ან პოლიტიკურ დემაგოგიასთან, ან სიბეცესთან, ერთი სიტყვით, _ ობსკურანტიზმთან, გონების წყვდიადთან გვაქვს. სარკაზმად აღიქმება ქვეყნის პირველი პირის, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ისეთი სარწმუნოებრივი ექსპრესიები, როგორიცაა, შიში _ მგონი ცუდი ფეხი მაქვს; სოხუმი რომ არ დავტოვე და იქ ბოლომდე დავრჩი, ქალაქი დაეცა. ახლა შემეშინდა და ქუთაისში ამიტომ აღარ გავჩერდიო. ასეთი განცხადება გააკეთა მან 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც ექსპრეზიდენტი ქუთაისს მიუახლოვდა. გავიდა წლები და იგივე პრეზიდენტი გვარწმუნებს: რასაც ღმერთი შთამაგონებს, იმას ვაკეთებო… მეტყვიან: არც პრეზიდენტი და არც ჩვენი სხვა პოლიტიკოსები მორწმუნეები არ არიან; რელიგიურობა და, კერძოდ, მართლმადიდებლობა მათთვის პროფესიული ანკესია, ბადეა, ამომრჩევლები კი მათ თვალში თევზები არიანო. მით უარესი. მათ ჩვენი საზოგადოების ძირითადი მასა, ჩანს, გონებრივად იმდენად ჩამორჩენილი ჰგონიათ, რომ მის გულს და გონებას ობსკურანტიზმის სუნით გაჟღენთილი ტაქტიკა და ცრუმორწმუნეობა ესალბუნება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისთებლიშმენტს შესაბამისი სამსახურები საქართველოს მოქალაქეთა ინტელექტის შესახებ ასეთ ინფორმაციას აწოდებენ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს სრულად შეესაბამებოდეს, საქართველოში მხოლოდ ყიამეთი ბატონობდეს (ნუ იყოფიან!). ასე ჩვენი პარტიების ლიდერებს სურთ და ჰგონიათ. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, მათი მსუნაგი მადა ილუზიაა და მეტი არაფერი ანუ შესაბამისი სამსახურების ინფორმაცია მთლიანად ყალბია. საგოდებელი აღნიშნული მადის უსაშველოდ მზარდი კოეფიციენტია, რაც, თავის მხრივ, მოსახლებაში მახინჯი აზრებისა და, კერძოდ, პათოლოგიური მისტიციზმის (ნაირნაირი სარეველა ბალახების) აღმოცენებას უწყობს ხელს. ესაა ინტელექტუალური და ზნეობრივი მონობის ნიშანი, რის შესახებაც სახარე-ბაში ნათქვამია: ნათესავი ბოროტი და მრუში სასწაულს ეძიებს (მათე 16,4). სამკალი ბევრია (მათე 9,37; ლუკა 10,2) ნათელი სადაა? _ მკითხავს მკითხველი. ნათელიც აქვეა, ჩვენს გვერდით, ჩვენს ცხოვრებაში. ესაა: ერში _ დემოკრატიული სექტორი, რომლის მიზანი პიროვნების პატივისცემა, უფლებათა დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. ხოლო ბერში _ თბილისის სასულიერო აკადემია, სადაც საღვთისმეტყველო პირველხარისხოვანი ძეგლების თარგმნისა და ათვისების პროცესი მყარ საფუძველზე დგას. ეს დაწესებულება ბოლო დროს კათალიკოსპატრიარქის უშუალო ზედამხედველობის არეში მოექცა, რაც იმედის სხივია. დღესაც არ მოკლებია ცხოველმყოფელი ძალა გაზეთ `საქართველოს~ 1917 წლის 1 ოქტომბრის სიტყვებს: ჩვენი ეკლესიიდან განიდევნება შეუსაბამი თეატრალობა, ხოლო მმართველობაში მოისპობა ის შესაზარი ბიუროკრატიული წესები, რომელიც ახშობდა სარწმუნოებას და მის ნაცვლად ამყარებდა კლერიკალობას და მწვალებლობას. განათლებული კათალიკოსის დახმარებით ჩვენი ეკლესია აღადგენს ძველ მარტივ წესებს და ნამდვილ ეროვნულ ადათებს; დაგმობს ცეზაროპაპის პოლიტიკას და მართვა-გამგეობის წესებს მოაწყობს ისე, როგორც მოითხოვს თანამედროვე ცხოვრების პირობები. ვლადიმერ ალბრეხტი 1983 წლის აპრილში ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა კავშირში იგი იმ ტექსტის დაწერისა და გავრცელებისათვის დააპატიმრეს, რომელსაც მცირედი შემოკლებით ქვემოთ გთავაზობთ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #57912/17-83. საბრალდებო დასკვნაში ალბრეხტის ამ ნაშრომის შესახებ ნათქვამია:
`აღსანიშნავია გარკვეული გულმოდგინება, რომლითაც ავტორს ხელნაწერი ლიტერატურულად დაუმუშავებია; აღსანიშნავია ღვარძლიანი ცინიზმისა და ანტისაბჭოთა სატირის მოზღვავება, რაც ხელნაწერს უფრო მიმზიდველს ხდის იმ პირებისთვის, რომლებიც ხანგრძლივ კონფლიქტში იმყოფებიან სამართალდამცავ ორგანოებთან…~ ალბრეხტის ეს თხზულება საბჭოთა კავშირის კანონმდებლობის და საერთოდ, საბჭოური რეალობის კონტექსტშია დაწერილი, მაგრამ იგი სავსებით აქტუალური შეიძლება იყოს ყველასთვის, ვინც კი საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობს და ვისაც ამაში სამართალდამცავი სტრუქტურები ხელს უშლიან. ყოველ შემთხვევაში დაკვირვებული მკითხველი იმას მაინც დააფიქსირებს, რომ თუნდაც არასრულყოფილ კანონმდებლობაზე დაყრდნობითაც სავსებით შესაძლებელია სისტემის დამარცხება მისივე იარაღით.
გამოქვეყნების დრო 30/11/2012