რუსული ტრენაჟორები და ფანჩატურები ქარელის მუნიციპალიტეტში

13 სექტემბერი 2023
რუსული ტრენაჟორები და ფანჩატურები ქარელის მუნიციპალიტეტში

ქარელის მუნიციპალიტეტმა, 2023 წლის მაისის თვეში, გამოაცხადა ტენდერი თერთმეტ ლოკაციაზე ფიტნეს ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურების მოწყობისთვის. თავისუფლების ინსტიტუტის მკვლევრები ვაკვირდებოდით ტენდერის მიმდინარეობას.

კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს “ჯეო პარკმა” მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია 63 სამუშაო დღეში ქარელის მუნიციპალიტეტში თერთმეტ ლოკაციაზე დაამონტაჟებს ტრენაჟორებს და მოაწყობს საჩრდილობელ ფანჩატურს.

ტექნიკური დოკუმეტაციის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ კომპანია შპს “ჯეო პარკი” რუსული ROMANA-ს მარკის ტრენაჟორებს დაამონტაჟებს. თერთმეტ ლოკაციას შორისაა დევნილთა დასახლება - რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს რუსეთში დამზადებული ტრენაჟორები უკვე დაუდგეს.

სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-12 პრიმა მუხლის მეექვსე ნაწილი ქარელის მუნიციპალიტეტს აძლევდა შესაძლებლობას, კანონის სრული დაცვით იმგვარად შეედგინა სატენდერო დოკუმენტები, რომ რუსული ნაწარმის შემომტან კომპანიას არ მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში და სხვა მეზობელ ევროპულ ქვეყნებშიც ამზადებენ ტრენაჟორებსა და საჩრდილობელ ფანჩატურს, მაგრამ ქარელის მუნიციპალიტეტმა ეს არ გაითვალისწინა და ხელშეკრულება გაუფორმა რუსული პროდუქციის შემომტანს, რომელსაც ბიუჯეტის ფული 318 423 ლარი გადაუხადა.

მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა გამოიძია კონკრეტულად შპს “ჯეო პარკის” მიერ მოგებული ტენდერები და აღმოჩნდა, რომ 2011-2023 წლებში კომპანიამ 268 ტენდერში გაიმარჯვა, ჯამში 36, 898,131 ლარზეა საუბარი. ტრენაჟორების შესასყიდად გამოცხადებული 20 ტენდერიდან კომპანიამ 19-ში უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა. ფლანგვის დეტექტორი თავის კვლევაში გამოთქვამს ეჭვს მორგებულ პირობებზე.

ასევე საინტერესოა, რომ ქარელს მცირე ბიუჯეტი და ბევრი ინფრანსტრუქტურული პრობლემა აქვს. 2023 წლის გეგმით ინფრასტრუქტურის განვითარებაში მუნიციპალიტეტში გამოყოფილია 5 688 100 ლარი. ამ დროს მუნიციპალიტეტმა 328 423 ლარი რუსეთში წარმოებული ტრენაჟორების ყიდვასა და დამონტაჟებაში დახარჯა.

სხვა საკითხია, რამდენად აკონტროლებს ქარელის თვითმმართველობა შესრულებული სამუშაოების ხარისხს. 2018-2019 წლის სახელმწიფო აუდიტმა შეისწავალა 109 ხელშეკრულების ფარგლებში, ღირებულებით 17,105.9 ათასი ლარის განხორციელებული პროექტები, და გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიამ ჩაიბარა მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ამასთან, არც დამრღვევების პასუხისმგებლობა დამდგარა, არც ცუდად გამკეთებლის ხარჯზე არ ხდება წუნის გამოსწორება. შესაბამისად, შეგვიძლია დავეჭვდეთ, რომ თუ ტენდერს იგებ და სათანადო კავშირები გაქვს, მომკითხავი ხარისხზე არავინ იქნება.

იმავე აუდიტის დასკვნაში გამოყოფილია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტი არაეფექტურად ხარჯავს და ვერ პატრონობს იმ ობიექტს, რასაც თანხას ახარჯავს. მაგალითად, სოფლებში ქვენატკოცსა და ზღუდერში გაკეთებულია ორი სკვერი, რაც 23.3 ათასი ლარი დაგვიჯდა, თუმცა აუდიტის 2021 წელს გამოქვეყნებული დასკვნით, სკვერები არ არის მოვლილი და არ ფუნქციონირებს. თან ქარელის მუნიციპალიტეტს სკვერების მოვლის ვალდებულებებით აიპის დაარსება არ გამორჩენია.

ქართული ოცნება, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ბიუჯეტის თანხით რუსული წარმოშობის არაერთ პროდუქციას ყიდულობს, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის გაუთვალისწინებლად. რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყების და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესების შემდეგაც არ შეცვლილა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური ხედვა.

უცნობია, რა ალტერნატიულ გზას პოულობენ ქართული კომპანიები ანგარიშსწორებისთვის, როდესაც რუსეთი საერთაშორისო სავაჭრო სივრციდან, სვიფტიდან, გათიშულია.

წყაროები:

  • ქარელის მუნიციპალიტეტის შესყიდვა - NAT230010814 https://shorturl.at/mqzA1
  • შპს “ჯეო პარკი” - 205261429
  • სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-12 მუხლის მეექვსე ნაწილი https://matsne.gov.ge/ka/document/view/31252?publication=82
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრის კვლევა რუსული წარმოშობის ტრენაჟორებზე: https://shorturl.at/tDN15
  • ქარელის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიში, 2021: https://shorturl.at/ktwG6

ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


მსგავსი სიახლეები