რეფორმების საგზაო რუკა ახალი რესპუბლიკისათვის
13/04/2022 // Comments Off
თავისუფლების ინსტიტუტი რეფორმების საგზაო რუკის მზადებას იწყებს.
პროექტი ახალი რესპუბლიკა შეიმუშავებს პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს მომავალ ლიდერებს ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან ყველა ძირითადი სფეროს ფუნდამენტურ გარდაქმნაში დაეხმარება.
ნდობის მანდატი მოპოვებისთანავე იმ რეფორმებში უნდა დაბანდდეს, რომლებიც თავისუფლებას, სამართლიანობასა და სოლიდარობას მაღალი იდეალებიდან პრაქტიკულ ცვლილებებად აქცევს. ამის გარეშე, დასავლური ღირებულებების კეთილისმყოფელ გავლენას თითოეული მოქალაქე საკუთარ ცხოვრებაზე უშუალოდ ვერ იგრძნობს და თავს კიდევ ერთხელ ჩათვლის მოტყუებულად.
გარდაუვალი კრახისთვის განწირული ბოროტების იმპერიის უკანასკნელი გაბრძოლება ტოლი ძალის უკუქმედებას აღძრავს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხელახალი დამონების წარუმატებელი მცდელობა თავისუფლების მძლავრ იმპულსად გარდაიქმნება. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ეს ენერგია უაზროდ გაიფლანგება თუ საქართველოს ევროპულ მომავალს მოხმარდება.
30 წლის წინ ჩვენი ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ხალხთა საპყრობილის ნგრევით მოცემულ შანსს, ცენტრალური ევროპის ერებთან ერთად დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის წიაღში.
20 წლის წინ თავისუფლების ინსტიტუტის მონაწილეობით შემუშავებული გარდაქმნების გეგმა – 10 ნაბიჯი თავისუფლებისათვის – რეფორმისტული ძალების კონსოლიდაციის საფუძველი გახდა და თავისი წვლილი შეიტანა ვარდების რევოლუციის წარმატებაში. ამის მიუხედავად, საბჭოთა გადმონაშთებისგან სრული გათავისუფლება ვერ მოვახერხეთ, შემდეგ კი, ჩავარდნების გამოსწორების ნაცვლად, მკვეთრი უკუსვლა დავიწყეთ.
სახელმწიფოს გადაგვარება იმ ხარისხისაა, რომ მისი ხელახლა დაფუძნების გარეშე ყველა ცალკეული რეფორმა ფუჭი იქნება. მიტაცებული სახელმწიფო საერთო სიკეთის სამსახურში უნდა ჩადგეს და მისი ცენტრი პიროვნების ღირსება გახდეს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკა, როგორც ბუნებით სამართალზე დაფუძნებული, წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა ურღვევი ხელშეკრულება.
ჯერაც ძნელია იმის თქმა, თუ როდის შევძლებთ ისტორიის ამ ფურცლის დახურვას, მაგრამ როცა ეს მოხდება, დიდია ალბათობა, რომ შესაძლებლობათა ახალი ფანჯარა კვლავაც ვერ გამოვიყენოთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართველი პოლიტიკოსების უმწიფრობა შეიძლება გახდეს. მათ შემზარავ უმრავლესობას არ გააჩნია საზოგადოების წინ წაყვანის არც ინტელექტუალური და არც მორალური რესურსი.
ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გაამყარა განცდა, რომ პოლიტიკური კლასი უპრინციპო ოპორტუნისტებისა და ეგომანიაკი პოპულისტებისგან შედგება. ნიჰილისტური მოლოდინი, რომ ოპოზიციიდან მთავრობაში შესაკრებთა გადანაცვლებით რიგითი მოქალაქისათვის სასიკეთოდ საერთო ჯამში არაფერი იცვლება, წინსვლას შეუძლებელს ხდის.
უიმედობას, ცინიზმსა და დემაგოგიას მხოლოდ იდეათა შეჯიბრში დავამარცხებთ. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ბრძოლაა, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სამოქალაქო საზოგადოებას ეკისრება. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ იმ ძალების გაძლიერებას, რომლებიც მზად არიან, პოლიტიკაში შემოიტანონ მორალური სიცხადე და აქვთ ინტელექტუალური პოტენციალი, იმოქმედონ ისტორიული გამოწვევების შესაბამისად, არც ცივსისხლიანობა შემოგვასაღონ პრაგმატიზმად და არც ცხელთავიანობა – პატრიოტიზმად.
პირველ რიგში, თავი უნდა დავაღწიოთ ყალბი დილემების ხაფანგს – თითქოს ქრისტიანობა და ლიბერალიზმი, უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, ერთმანეთთან შეუთავსებელია და ან ერთი უნდა ავირჩიოთ ან მეორე. ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია იმის გაცნობიერებაზე, რომ ტრადიცია და ინოვაცია, ინდივიდუალიზმი და სოლიდარობა არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ფასეულობებია.
ყოველივე ეს ახლებური საჯარო ალიანსების მშენებლობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან. ეს პარტია მზადაა, ამომრჩეველთა მანდატის მოპოვების შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ჩვენ მიერ ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით მომზადებული რეფორმების პროგრამის განხორციელებაზე.
Similar posts
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა არ ჩავარდება ...
25/12/2019 // Comments Offსაქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, მზადდება კანონპროექტი რომლითაც ცვლილება შევა...
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა - თავისუფლების ინსტიტუტის განცხ ...
15/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გავრცელდეს...
-
NDI: 51% – მუსლიმ მოქალაქეებს მსახურების ჩატარების უფ ...
15/01/2013 // Comments Offეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღე...
-
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება ...
14/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ჯაშუშობასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევის გამო მს...
-
არასამთავრობოები: ეს შესაძლოა გახდეს ეთნიკური და რელ ...
18/12/2012 // Comments Offარასამთავრებო ორგანიზაციები „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ სოფელ წინ...
-
სოფელ წინწყაროში მუსლიმთა ღვთისმსახურებას მოსახლეობ ...
18/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ადგილობრივი ეკომიგრანტი სვანები,...
-
ქართველ მუსლიმთა კავშირი: მდგომარეობა წინწყაროში დემ ...
18/12/2012 // Comments Offსოფელ წინწყაროში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების შესახებ ქართველ მუსლიმთა კა...
-
საპატრიარქო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუ ...
18/12/2012 // Comments Offსაპატრიარქო ხელისუფლებასა და საზოგადოებას "მსგავსი ქმედებისა და "ცილისწამების...