თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » “სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს”

“სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს”

Written by Administrator   // 24/11/2012   // Comments Off

,,ამიტომ მე ვამბობ: წინ, ილია ჭავჭავაძისაკენ”

ილია ჭავჭავაძე ვისთვის ხატია, ვისთვის _ კერპი, ვისთვის _ მითი და ვისთვის კიდევ _
კოზირი ბანქოს თამაშის დროს, რომელსაც პერიოდულად ჩამოდიან ოპონენტებთან კამათში.
ილიას იმოწმებენ, იყენებენ და იცავენ არარსებული თავდასხმებისგან. ილიას ერთმანეთს
ეცილებიან, ერთის მხრივ, ძველი სისტემის მემკვიდრენი თუ რუდიმენტები, მეორეს მხრივ კი
_ ახალი თაობის ინტელექტუალებად წოდებულნი, ვინც მისი მოღვაწეობისა და `შემოქმედების
გააზრებას ახლებურად ცდილობს. ილია `ახერხებს”, იყოს არგუმენტი ალალ ქართველ
ნაციონალისტ-პატრიოტთა ხელში და, ამავე დროს, მოკავშირეობა გაუწიოს ლიბერალურ იდეათა
აღმსარებლობას. დღევანდელობა ილიას მიმართ ულმობელია _ ის უამრავ ადამიანს სჭირდება
და ილიას სახელს ყველა საკუთარ ინტერესს ახმარს.
ამასთან, ძალიან საეჭვოა, რომ ილია ჭავჭავაძის ყველაზე აქტიურ ექსპლუატატორებს
ჩვევად ჰქონდეთ ძილის წინ მისი ნაწერების კითხვა ან შეეძლოთ რომელიმე `კლასგარეშე”
ციტატის ექსპრომტად მოხმობა. ამ ხალხის დისკურსებში ილიას სახელი მხოლოდ სამხილია
იმათ წინააღმდეგ, ვინც `ილიას გზას ასცდა”, `ილია ხელმეორედ მოჰკლა”, `მამა-პაპათა
ტრადიციებზე ხელი აიღო” და `ქართველობას განუდგა”.
მოგეხსენებათ, ასეთთა რიცხვს ის ადამიანებიც მიეკუთვნებიან, დღეს თავს უფლებადამცავებს
რომ უწოდებენ. ლოგიკა, რომლითაც ამათ ლანძღავენ, მარტივია: თუ არა გამრუდებული ეროვნული
ცნობიერება, დოლარებზე გაყიდული სული და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიძულვილი,
რატომ უნდა მოგინდეს ვიღაც გადამთიელი სექტანტების დაცვა, რომელთაც, ზრდილობის
გულისთვის, სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფებსა და რელიგიურ უმცირესობებს უწოდებენ?
ამათი ცხადი მიზანი ხომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა, უსაფრთხოების მოშლა
და სულიერი საძირკველის დანგრევაა?!
რა ხელი აქვს ამ ყველაფერს ილია ჭავჭავაძესთან? განა მას შეეძლო რაიმე საწინააღმდეგო
ეთქვა? ისე, ამ 125 წლის წინათ ილია წერდა:
`სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს, ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის
ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არა არის
მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა.
სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ
წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და დაჩაგრულნი – აქ, ჩვენში
ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა./ არ გვაშინებსმეთქი
ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს
მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ
ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ,
კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდის ხნის
განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას
ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ- მორეული ქართველი.”
`ოსმალოს ქართველი”, 1877 წ.
გამოდის, ილიას აზრით, რელიგიური ტოლერანტობა აუცილებელი პირობაა ერის
გასამთლიანებლად. სხვათა შორის, `ტოლერანტობა”, მისი ფუძის თავდაპირველ მნიშვნელობას
თუ გავითვალისწინებთ, მოთმენას, ატანას ნიშნავს. ამას კარგი და ძველი ქართული სიტყვა,
შემწყნარებლობა სჯობია. მისი შინაარსი მიგვანიშნებს, რომ შემწყნარებელი კაცი, ერი თუ
საზოგადოება არა მარტო იტანს და ითმენს განსხვავებულის არსებობას, არამედ არ მიიჩნევს
მას პრობლემად და ემოციური ან სხვაგვარი დისკომფორტის წყაროდ. სწორედ `შემწყნარებელს”
უწოდებს ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებელს. არ დაიზაროთ, ბოლომდე ჩაიკითხეთ:
`ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა,
არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა
და მართმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და
სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლადშემძლებელ
მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების ერისა, ამასთანა სხვა
ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა,
ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვისი ეროვნებისა, სხვისი სარწმუნოებისა, ნუთუ
საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!
მეტი-ღა დიდ-ბუნებოვანობა მოეთხოვება განა მეთორმეტე საუკუნის კაცს მაშინ, როცა დღეს,
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, საკვირველებად მიგვაჩნია გლადსტონი, რომ ირლანდიის
ეროვნებას და სარწმუნოებას ესარჩლება იმავე კაცთმოყვარეობით, რა კაცთმოყვარებითაც
დავით აღმაშენებელი სხვა ერს პატივსა-სცემდა! ჩვენს მატიანეებს თავი დავანებოთ და
ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ დავით აღმაშენებელს,
როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებელს სხვა ერისას და სხვა რჯულისას.
სომეხი მ ა თ ე ე დ ი ს ე ლ ი ამბობს:
`დავითი იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით და მართლმსაჯული, დავითის
გარშემო იკრიბებოდა დანარჩენი სომეხთა ნათესავი, რომელთათვის მან დააფუძნა საქართველოში
ქალაქი კორი (გორი), სადაც მრავალი ეკლესია და მონასტერი ააშენა. მიაგო ჩვენს ნათესავს
ყოველგვარი ნუგეშის ცემა და შვება”.
ვ ა რ დ ა ნ დ ი დ ი წერს:
`დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა-ლოცვისა და ეკლესიისა: იგი
ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოცვა-კურთხევას”.
ეგ კიდევ არაფერი, რომ დავით აღმაშენებელი ასე ექცეოდა სომხებს, რომელნიც, რაც
უნდა იყოს, ქრისტიანები იყვნენ და არიან. დიდ-ბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა
მაჰმადიანებსაც მიეფინათ, და მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები თვით
დავით მეფისა და მისის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად.
მაჰმადიანთა მწერალი ა ლ – ა ი ნ ი აი რასა წერს:
`დავითს სთხოვეს მუსულმანებმა, რომ ქრისტიანეთ არა ჰქონოდათ ნება მუსულმანებთან
ერთად შესვლისა აბანოში და აღეკრძალნა გიაურებისათვის მათი ავად ხსენება. დავითმა
ყოველივე ეს თხოვნა აუსრულა. დავითი თავის შვილის დიმიტრითურთ ყოველ-დღე დადიოდა
უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყურანის კითხვას. დავითი უხვად
აძლევდა ფულს ქატიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები, და პოეტთათვის,
რომელთაც ულუფას უნიშნავდა. თუ ვინმე ისურვებდა ტფილისის დატევებას, გულ-სავსებით
ხელს უპყრობდა და მგზავრობის ღონისძიებას აძლევდა ფულით. დავითი უფრო მეტს პატივსასცემდა
მუსულმანთ, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი”.
ყოველივე ეს დიდსულოვანობა და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა
ძლევამოსილი იგი მეფე სრულიად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა
პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო ამის დიდბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს
და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა
ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.”
`დავით აღმაშენებელი”, 1888 წ.
დავით აღმაშენებელს და მის ეპოქას დღეს ბევრი შენატრის. სწორედ წარსულ დროში და
ნატვირთს კილოში ამოიგმინა ისტორიულ მეცნიერებათა ერთმა დოქტორმა, რომელიც დღეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს, მსტოვრების ინსტიტუტის წყალობით,
თვითეულ ქართულ ოჯახში რა ხდებოდა, დავით აღმაშენებელმა ისიც კი იცოდაო.
მაგრამ ილია ჭავჭავაძისთვის სხვა რამ გახლავთ მნიშვნელოვანი: ილია ყურადღებას იმდენად
არ ამახვილებს დავით აღმაშენებელის, ვითარცა პოლიტიკოსის სიბრძნესა და გამჭრიახობაზე,
რამდენადაც მეფის პიროვნულ ღირსებებზე. ილიასთვის რელიგიური შემწყნარებლობის
პოლიტიკური მიზანშეწონილობა თავისთავად ცხადი რამ არის; საგანგებო აღნიშვნა ამას არც
სჭირდება. მთავარია, რომ საზოგადოებაში მშვიდობისა და წონასწორობის შესანარჩუნებლად
გაღებული ძალისხმევა ეფუძნება არა მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას ან თუნდ პოლიტიკურ
ნებას, არამედ ხელმწიფის ეთოსსაც.
აქ უნდა ვედაოთ რელიგიური პლურალიზმის იმ ადეპტებს, ვისაც ილია ჭავჭავაძე თავისი
მოკავშირე ჰგონიათ: თითქოს ილია ლაპარაკობს სხვა სარწმუნოების და არა სხვა აღმსარებლობის
მიმართ შემწყნარებლობაზე. სამიოდე წლის წინ, ერთი რელიგიური უმცირესობის გახმაურებული
დარბევის შემდეგ გამართულ საპროტესტო შეკრებაზე მართლმადიდებელთა სახელით გამოსულმა
პიროვნებამ შეწყნარების ობიექტთა შორის სწორედ ეს მიჯნა გაავლო: ტოლერანტული უნდა იყო
სხვა კონფესიათა მიმართ, მაგრამ არ შეიძლება ტოლერანტული ვიყოთ სხვა აღმსარებლობათა
მიმართ. უნაყოფო და სასაცილო მარჩიელობას დაემსგავსება ჩვენი დავა, ილია ახლა ცოცხალი
რომ ყოფილიყო, დაიცავდა თუ არა დღევანდელ რელიგიურ უმცირესობებს, გამოექომაგებოდა
და ხმას აიმაღლებდა დარბევების წინააღმდეგ თუ იტყოდა, დარბევა და კაცის ცემა ცუდია,
მაგრამ ამ სექტებს რამე ხომ უნდა მოვუხერხოთო? ამას სჯობს, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ
ილია ჭავჭავაძეს:
`რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული —– ენაა, ამიტომაც ტლანქი
ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა. თუ რომელსამე მოხელის
ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა
შეუძლებელია იქ,საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო.
უგნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობაც ამასავე
სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი
სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო.
რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია: დაამტკიცა, რომ ერთსა და
იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის
კავშირის საძირკველიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო, და გვგონია _ დიდის ხნის
ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ
ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად.”
`შინაური მიმოხილვა”, 1881 წ. მარტი


Similar posts

Comments are closed.