თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » დისკუსია ბიოლის ფონდში _ „ვარდების რევოლუციის“ ანალიზი და მომავლის ხედვა

დისკუსია ბიოლის ფონდში _ „ვარდების რევოლუციის“ ანალიზი და მომავლის ხედვა

Written by Administrator   // 23/11/2012   // Comments Off

2012.11.22

ავტორი: მოამზადა ნინო დათაშვილმა

2012 წლის 21 ნოემბერს, 19:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში გაიმართა საჯარო დისკუსიაზე თემაზე: „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის, რომლის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, ახალი მემარჯვენეების წევრი მანანა ნაჭყებია, თავისუფლების ინსტიტუტის წევრი და ყოფილი კმარელი გიორგი მელაძე, და ასევე ყოფილი კმარელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, კინომცოდნე გიორგი გვახარია. დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლებას ჰქონდა ჯადოსნური სარკე მედიების სახით

დარბაზში დამსწრეების სიმცირე შეინიშნებოდა, რამაც დისკუსიის მოდერატორის შენიშვნა გამოიწვია: „როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება არაა დაინტერესებული ვარდების რევოლუციით“ _ აღნიშნა გოგი გვახარიამ.

მოწვეული სტუმრები შერჩეულნი იყვნენ იმ ნიშნით, რომ თავის დროზე მხარს უჭერდნენ „ვარდების რევოლუციას“ და ნაციონალურ მოძრაობას, გარდა ახალი მემარჯვენეებისა, რომელთა წარმომადგენელმაც გახსნა დისკუსია.

მანანა ნაჭყებიამ გაიხსენა რევოლუციამდელი პერიოდი, როცა ქვეყანაში იყო სრული სტაგნაცია და ქვეყანას სჭირდებოდა ცვლილება, რადგან „მოქალაქეთა კავშირი“ იყო მონსტრი იმ მხრივ, რომ მმართველი პარტია და სახელმწიფო ფაქტობრივად შეზრდილი იყო ერთმანეთში. მათი პარტიის წინაშე იდგა ამოცანა, ეღიარებინათ გაყალბებული არჩევნები და პარლამენტში გაეგრძელებინათ ლეგიტიმური ბრძოლა, ანუ პირველივე სხდომაზე გაეპროტესტებინათ არჩევნების გაყალბება და მოეთხოვათ ახალი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ მოხდა რევოლუცია. მოქალაქეთა კავშირიდან მალე ნაციონალურ მოძრაობაში მრავალი გადავიდა, თუმცა  ნაციონალური მოძრაობა თავიდან კოალიციის სახით იყო წარმოდგენილი, მაგრამ 6 თვეში დაიწყო ამ კოალიციის დაშლა და ნაციონალურმა მოძრაობამ შეინარჩუნა ერთპარტიულობა, რამაც დემოკრატიის პროცესი შეანელა, დეცენტრალიზაციის მაგივრად  მივიღეთ ცენტრალიზაცია, შენელდა ეკონომიკური ზრდა და გაიზარდა სახელმწიფოს გავლენა ეკონომიკაზე, სახელმწიფომ დაკარგა ტერიტორიები. მისი აზრით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამყარდა და ერთ კაცზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. 1 ოქტომბერს კი მოხდა „ელექტორალური რევოლუცია“ და ეს პროცესები გარკვეულწილად განაპირობა საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ინტერესმაც საქართველოს მიმართ.

“ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა თავისი პარტიის სახელით განაცხადა, რომ მათ სურდათ შემდგარიყო პარტიული კონსესუსი და არ მომხდარიყო ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანება, რაც შემდგომში განაპირობებდა მრავალპარტიულ პარლამენტს. ის მიიჩნევს, რომ დღესაც არსებობს ერთპარტიულობისა და ერთპიროვნული მმართველობის საფრთხე, რადგან მიმდინარე მოვლენები ადგილობრივ თვითმმართველობებში არ არის ჯანსაღი პროცესი _ „გუშინდელი ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება უნდა დარჩეს ერთგული იმ პრინციპებისა, რომლითაც ებრძოდა ის ნაცმოძრაობას და ერთი ძალის ქვეშ არ უნდა გვქონდეს მოქცეული მთელი ძალაუფლება, არამედ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი“ _ აღნიშნა მან.

დავით ზურაბიშვილი, რომელიც ვარდების რევოლუციის მხარდამჭერი იყო,  შემდგომში ოპოზიციაში გადაინაცვლა და ახლა მმართველი უმრავლესობის მიერ დანიშნულ მთავრობას წარმოადგენს, არ დაეთანხმა მანანა ნაჭყებიას  და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა კავშირზე მეტად ნაციონალური მოძრაობა შეერწყა სახელმწიფო სტრუქტურებს. მისი აზრითაც ვარდების რევოლუციის წინ იყო ძალიან მძიმე სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ იდგა სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ამასთანავე პრობლემა იყო აჭარის ავტონომიური ლიდერის, ასლან აბაშიძის ფიგურა, რომელიც ერთპიროვნულად მართავდა აჭარას. ქვეყანაში არსებობდა ერთი მხრივ ტოტალურად კორუმპირებული სისტემა და მეორე მხრივ კრიმინალური კლანების ძალაუფლება, _ „აქედან გამომდინარე, პროტესტი, რომელიც მოჰყვა არჩევნების გაყალბებას, იყო გულწრფელი და ახლა რომ იმ დროში დამაბრუნა, ალბათ ისევ იქ დავდგებოდი, სადაც ვიდექი“.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საზოგადოების უმრავლესობაში იყო სულ სხვაგვარი მოლოდინები ახალი ხელისუფლებისგან, ვიდრე პოლიტიკურად ანგაჟირებულ ახალგაზრდულ ნაწილში, რომელთაც ლიბერალურ-დემოკრატიული ხელისუფლების მოლოდინი გააჩნდათ. სხვადასხვა ფენებში იყო მოლოდინი, რომ კორუმპირებულებს დაიჭერდნენ, პენსიონერები ელოდნენ სოციალურ დაცვას და პენსიების გაზრდას. საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო ძლიერი ხელის, რასაც მოჰყვა კიდეც ტელედაჭერები.

მინისტრის მოადგილე წინა ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს, რომ მართლაც მოგვარდა პენსიების საკითხი, ასევე ენერგეტიკის პრობლემები, რაც შევარდნაძის დროს ყბადაღებული თემები იყო და დიდ პრობლემებს წარმოადგენდა, ასევე სერიოზული რეფორმა იყო პატრული. გარდა ამისა, არსებობს მიღწევები, რომლებიც მისი აზრით, საკამათოა, ასეთია, მაგალითად, კრიმინალის დაბალი დონე, ქვეყანაში  უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი იყო. მოწესრიგდა ბიუროკრატიული სისტემა, გაიხსნა იუსტიციის სახლები და ა.შ. ბიუჟეტის ზრდა გახდა თვითმიზანი, რისთვისაც ხდებოდა სახელმწიფო ობიექტების მრავალჯერ გადაყიდვა, ჩამოყალიბდა მონოპოლიური სტურქტურები. ყველაზე სამწუხარო მოვლენა კი ის იყო, რომ არ შეიქმნა დემოკრატიული ინსტიტუტები, _ „ის განაცხადი, რომ არსებული ლიბერალური რესურსით ჩვენ დავადგებოდით ევროპულ გზას, ვერ შესრულდა და კვლავ დავრჩით პოსტსაბჭოთა გაურკვევლობაში. ასეთი კონტროლი საქართველოში არასდროს ყოფილა სასამართლოზე, მედიასა და ბიზნესზე. რომ არა დასავლეთის ინტერესები და გავლენა, საქართველო ჩამოყალიბდებოდა ავტორიტარულ ქვეყნად. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა მთელი ძალაუფლება და მის სუბიექტურ ნებაზე იყო დამოკიდებული ყველაფერი“ _ განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მას მიაჩნია, რომ დღესაც იგივე მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ დღესაც ერთი ადამიანის ხელშია ძალაუფლება, რაც ფაქტობრივად მემკვიდრეობითია და უმრავლესობის წინაშე დგას საკმაოდ რთული ამოცანა, რადგან ეს ძალაუფლება არის გასაცემი. თუმცა დღეს სხვა მოცემულობაა იმ მხრივ, რომ მათ აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას იწვევს ერთპიროვნული მართვა, თანაც სამოქალაქო საზოგადოებაც უფრო კრიტიკულია და აღარ პატიობს შეცდომებს ხელისუფლებას, როგორც ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში.

მოდერატორმა გაიხსენა ვარდების რევოლუციის დროს შექმნილი ორგანიზაცია „კმარა!“ და მათი დევიზი _ „კმარა ყოველთვის ოპოზიციაში იქნება!“, რაც ასე არ მოხდა და ძალიან მალე დაიშალა კიდეც.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრის, ყოფილი კმარელის, გიორგი მელაძის აზრით, კმარა საინტერესო ორგანიზაცია იყო, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ერთგვარი გამაერთიანებლის როლი შეასრულა. კმარაც არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, ამავე დროს ორგანიზაციის მუშაობის გაგრძელების რესურსიც ამოწურული აღმოჩნდა და ამიტომაც დაიშალა.

ის მიიჩნევს, რომ 2003 წლის შემდეგ ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ცვლილებები ძირეული იყო _ „დავრწმუნდით, რომ კონსტიტუცია ჩვენთვის ადრეა, რადგან ძალიან ხშირად იცვლებოდა; შეიცვალა ბევრი კანონი და ეს იყო რევოლუციური ცვლილებები კანონდებლობაში“. მისი აზრით, მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ შეიცვალა საქართველოს ადგილი მსოფლიოს რუკაზე, ანუ გახდა ცნობადი ქვეყანა; დაიწყო ნატოსთან ურთიერთობა, ეკონომიკურ ნაწილში საქართველო იყო წამყვან ადგილას მსოფლიო რეიტინგებში, თუმცა ხალხის სოციალური მდგომარეობისთვის არაფერი შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყანამ გამოიარა ომი, შეიძინა დაჩაგრული ქვეყნის იმიჯი და დამკვიდრდა ტერმინი „ოკუპაცია“, რაც საქართველოსთვის დადებითი ფაქტორია. გიორგი მელაძე უარყოფითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არ მოხდა ლიბერალური აზროვნების ამაღლება, და მას მხედველობაში ჰქონდა საზოგადო მოღვაწეების შოვინისტური თუ ქსენოფობიური შეხედულებები და გამონათქვამები, _ „ლიბერალური აზრისთვის არაფერი შეცვლილა, ხოლო ეკლესია გახდა უფრო მეტად პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად ეკლესიები“ _ დაამატა მან.

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, მართალია შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებებს ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ გადააჭარბა დედა პარტიას.

ის არ დაეთანხმა გიორგი მელაძეს კმარას დაშლის ფაქტთან დაკავშირებით და გამოთქვა მოსაზრება, რომ კმარა ხელოვნურად დაშალა „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა მთავრობამ. ამ ორგანიზაციის წევრებს შესთავაზეს მაღალი თანამდებობები, თავად მასაც სთავაზობდნენ გარკვეულ პოსტებს, რაზეც უარი განაცხადა, მაგრამ კმარაშიც აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები და აღმოჩნდნენ ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან.

ლაშა ჩხარტიშვილმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და უამრავი უგემოვნო ნაგებობისთვის, გამსაკუთრებით კი კორტების განადგურებისთვის, რომელიც ამეირკავკასიაში ყველაზე დიდი კორტები იყო და მის ადგილას სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით იუსტიციის სახლი აშენდა. ასევე მწვავედ შეეხო ეკოლოგიის სფეროში მიღებულ კანონსაც, რომელსაც „მკვლელობის დაკანონება“ უწოდა.

მან ახალი მემარჯვენეები გააკრიტიკა შევარდნაძესთან ალიანსის გამო, რაც მანანა ნაჭყებიამ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილან მოქალაქეთა კავშირთან ალიანსში და მისთვის ორივე ხელისუფლება ერთნაირად მიუღებელი იყო, _ „რომ მკითხოთ, რომელი იყო უფრო უარესი ამ ორ ხელისუფლებას შორის, ვერ გეტყვით, რადგან ორივე ხელისუფლება იყო ერთნაირად ბოროტი და მახინჯი სისტემა“ _ განაცხადა მან.

რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, მართალია ახალი ძალა უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მაგრამ მისი კოალიციური ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია.

მომხსენებელთა მიმართ დაისვა შეკითხვები დარბაზიდან კონფლიქტებზე და ხაზი გაესვა ტერმინ „ოკუპაციას“, რომელმაც უარყოფითი როლი შეასრულა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში, ასევე ამჟამინდელ შრომის კოდექსზე, რასაც ლაშა ჩხარტიშვილმა „მონობის კოდექსი“ უწოდა, რადგან ის არ ითვალისწინებს დასაქმებულის ინტერესებს და მონურ პოზიციაში აყენებს მას.

საინფორმაციო ცენტრ Tspress-ის წარმომადგენელმა მომხსენებლებს შეკითხვით მიმართა: „თქვენ ბევრი ისაუბრეთ ძველი ხელისუფლების დადებით და უარყოფით მხარეებზე, მიღწევებსა თუ ნაკლოვანებებზე, მაგრამ არ გიხსენებიათ ის ტოტალიტარული ფორმები, რასაც ძველი მთავრობა იყენებდა მშვიდობიანი მანიფესტაციებისა და აქციების მონაწილეთა მიმართ, მაგალითად, 7 ნოემბერი, 26 მაისი და სხვა მოვლენები“.

ყველაზე ცხარე დებატი მოჰყვა დარბაზიდან დასმულ შეკითხვას ედუარდ შევარდნაძის დასჯის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მომხსენებელთა აზრები გაიყო. ლაშა ჩხარტიშვილი ამტკიცებდა, რომ ყველა დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, უარყო მანანა ნაჭყებიას არგუმენტი ექსპრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სულაც არაა აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, არამედ რაღაც სახით უნდა მ ოხდეს მისი გასამართლება.

ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ძველი ხელისუფლების დასჯისა და დაკავების საკითხი, რასაც დავით ზურაბიშვილმა „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უპასუხა და აღნიშნა, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ნაციონალური მოძრაობის შეცდომები, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონიერად და საფუძვლიანი მტკიცებულებებით, _ „მე ვარჩევდი შუალედურ კვეთას, მაგრამ არჩევანი რომ იყოს ადამიანთა დასჯასა და არდასჯას შორის, ვამჯობინებდი მეორეს“.

გამოითქვა მოსაზრებები და მოლოდინები ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელიც რთული ამოცანის წინაშე დგას, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებასაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და ასევე აუცილებელია თავისუფალი მედიის მხრიდან კრიტიკა, რადგან სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის დამარცხება არჩევნებში და მათი ხელისუფლების კრახი.

„ხელისუფლებას ჰქონდა ჯადოსნური სარკე მედიების სახით, ჩაიხედავდა ამ სარკეში და ჰკითხავდა: ვინ არის ყველაზე ლამაზი? _ სარკე უპასუხებდა:  შენ“ _ იუმორით აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

სამწუხაროდ დღემდე არ მომხდარა გაანალიზება იმ მოვლენებისა, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარდა საქართველოში. უნდა მოხდეს შეფასება და კრიტიკული ანალიზი ყველა ხელისუფლებისა, რათა არ დავუშვათ იგივე შეცდომები და არ წავიდეთ იმავე წრეზე, რომელზეც 20 წელზე მეტია დავდივართ, არამედ გავაანალიზოთ წარსული შეცდომები და ბოლოს და ბოლოს დავადგეთ ლიბერალურ-დემოკრატიულ გზას.


Similar posts

Comments are closed.