თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » მართლმსაჯულების ლოგიკა

მართლმსაჯულების ლოგიკა

Written by Administrator   // January 15, 2013   // Comments Off

ამბობენ, კარგ იურისტს ორი რამ მოეთხოვება _ ლოგიკის უნარი და იმის ცოდნა, თუ სად რომელი კანონი უნდა ეძებო. ამ ორი კომპონენტის აუცილებლობაში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკის გაცნობაც დაგარწმუნებთ, რომელიც ერთგვარი ტესტია ლოგიკაში. ტესტის პასუხების საძებნელად, ალბათ, მიზანშეწონილია გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელ საერთაშორისო სტანდარტებს ჩავხედოთ. და არა იმიტომ, რომ ყველაფრის გასაღები სადღაც ჩვენგან შორსაა. უბრალოდ იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლება თავისი ბუნებით უნივერსალური უფლებაა, რომელიც გეოგრაფიული საზღვრებით არ იზღუდება და მისი რეგულირება საერთაშორისო სამართალს ექვემდებარება. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ადამიანის სიტყვის თავისუფლება და ქართული სასამართლო პრაქტიკა

 

„თავისუფლებას, დაუბრკოლებლად მისდევდეს თავის მრწამსს და მოიძიოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

 

გამოხატვის თავისუფლების სფეროში საქართველოს ბოლო რვაწლიანი გამოცდილება თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლების ერთგვაროვანი გაგება ქართულ სამართლებრივ სივრცეში ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება. 2004 წლის 24 ივნისს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებით რადიკალურად შეიცვალა ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო რეფორმის შედეგად გამოხატვის თავისუფლება მაღალი საერთაშორისო სტანდარტებითაა დაცული, უახლესი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ უფლებით სარგებლობაში დაუსაბუთებელ ჩარევას ხშირად იმ მოსამართლეთა მსოფლმხედველობრივი პრობლემა განაპირობებს, რომელთაც უჭირთ ლიბერალური ღირებულებების გათავისება და დღესაც საბჭოთა კოდექსებით ხელმძღვანელობენ.

 

წინამდებარე პუბლიკაცია ეფუძნება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას1, რომელიც რვა წლის (1996-2004) განმავლობაში საერთო სასამართლოების მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით განხილული სასამართლო გადაწყვეტილებების2 ანალიზს მოიცავს. პუბლიკაციაში ასახულია ის ძირითადი ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში ქართულ მართლმსაჯულებაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში გამოიკვეთა.

 

ცილისწამების დეკრიმინალიზაცია

 

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნოვაციად, რომელიც ახალმა კანონმა შემოიტანა, დიფამაციის დეკრიმინალიზაცია ითვლება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმა გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლი, რომელიც ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. სახელდობრ, ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.

 

პირველი პოზიტიური შედეგი, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის ამოქმედების შედეგად სასამართლო პრაქტიკაში გამოვლინდა, იყო ის, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას სწორედ ახალი კანონის ნორმა დაედო საფუძვლად. საქმეზე მამუკა ნოზაძე საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ კასპის რაიონულმა სასამართლომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის საფუძველზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დიფამაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული არ არის, სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლი კი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს ცილისმწამებლური განცხადებების გამო გაუქმებულია. იმისათვის, რომ გავაანალიზოთ, თუ რამდენად არსებობდა ცილისწამების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა იმ პირობებში, როცა გასული წლების განმავლობაში საქართველოში არც ერთი პირი არ ჩაუსვამთ ციხეში ცილისწამების ბრალდებით, მიზანშეწონილია, მიმოვიხილოთ წინა წლების სასამართლო პრაქტიკა. თუ ჩვენს ხელთ არსებულ სისხლის სამართლის საქმეების სტატისტიკას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ნორმის გამოყენების ნეგატიური ეფექტი უფრო საწყის პერიოდში აღინიშნებოდა, როდესაც ჟურნალისტ კლარა აბრამიას დეპუტატ ნესტან კირთაძის კორუფციაში მხილების, ხოლო მოქალაქე კლარა შუკვანს პოლიტიკური შეხედულების გამოთქმის გამო , აღმკვეთი ღონისძიება მიუსაჯეს და შემდეგ პირობითი სასაჯელით შეუცვალეს. რვაწლიანი პერიოდის განმავლობაში ცხრა სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ კლარა აბრამიასა და კლარა შუკვანის ზემოხსენებულ საქმეებზე გამოიტანა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ერთჯერ ქალაქის პროკურატურამ ლავრენტი ნაჭყებიასა და კლარა აბრამიას საქმეზე, რაც საბოლოოდ გააუქმა კიდეც გენერალურმა პროკურატურამ და განმცხადებლის მოთხოვნა არც სასამართლომ დააკმაყოფილა; ერთჯერ რაიონულმა და საოლქო სასამართლოებმა საქმეზე ბუაჩიძე ლ. ლომსაძის წინააღმდეგ, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს პირი იმ განცხადებების გამო, რომელიც მხარეებს შორის საჯარო პოლემიკის დროს გამოითქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ პროცესუალური დარღვევების მოტივით 2004 წლის დასაწყისში გააუქმა.

ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, არსებული პრაქტიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის „გამყინავი ეფექტი“ მაინც მოქმედებდა. სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში არსებული ნორმა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლების გაკონტროლების განსაკუთრებულ ცდუნებას აღძრავდა სახელმწიფო ორგანოებში, პოლიტიკოსებსა და საჯარო თანამდებობის პირებში. განვლილი პერიოდის სტატისტიკაც სწორედ ამ ტენდენციაზე მეტყველებს. კერძოდ, ამ პერიოდში განხილული ცხრა სისხლის სამართლის საქმიდან:

მხოლოდ ორ შემთხვევაში მიმართა კერძო პირმა სასამართლოს სისხლის სამართლის წესით თავისი უფლებების დასაცავად;

ოთხ შემთხვევაში კერძო ბრალმდებლად საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი მოგვევლინა: ორი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრები _ ნესტან კირთაძე და გურამ შარაძე;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი _ ლავრენტი ნაჭყებია; ქ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე _ თ. წურწუმია;

ორ საქმეში საჯარო თანამდებობის პირი: ახალციხის განათლების განყოფილების გამგე _ ნანა იოსელიანი, ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე _ მამუკა ნოზაძე;

ორში კი ბრალმდებელი სახელმწიფო იყო: კლარა შუკვანისა და ლავრენტი ნაჭყებიასა და კლარა აბრამიას საქმეებში.

ამდენად, რვაწლიანი პერიოდის ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ცილისწამების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა იმისდა მიუხედავად არსებობდა, თუ რამდენი ადამიანი გაამწესეს ან არ გაამწესეს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო დროის ამ მონაკვეთში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ამ საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას უფრო ის გარემოება განსაზღვრავს, ამგვარი არალიბერალური საკანონმდებლო ნორმისა და თუნდაც შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სასამართლო პრაქტიკის სიმწირის პირობებში, თუ რამდენ ადამიანს დაეკარგა საკუთარი შეხედულების გამოხატვის სურვილი.

 

მსოფლმხედველობრივი პრობლემა

 

ახალი კანონის მიღებამ სასამართლო პრაქტიკაში გამოავლინა როგორც პოზიტიური ტენდენცია, ასევე ის მსოფლმხედველობრივი პრობლემა, რომელიც მოსამართლეთა კორპუსის ნაწილს ლიბერალური ღირებულებების მიღებაში უშლის ხელს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად გორის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე მამუკა ნოზაძე `თრიალეთის~ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება გამოდგება. მოსამართლე გ. გოჩიტაშვილმა ანტიკონსტიტუციურად და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოაცხადა ახალი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით მოსამართლის მიერ საინფორმაციო საშუალებისათვის ბოდიშის მოხდის დაკისრება ისევ და ისევ მსოფლმხედველობრივი კონფლიქტის შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ამ ინსტიტუტს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც უკვე გაუქმებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონი იცნობდა. ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა საბჭოთა კანონმდებლობა, კერძოდ, 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომელიც 1997 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, როგორც რვაწლიანი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, საერთო სასამართლოები ისევ საბჭოთა კანონმდებლობას ანიჭებდნენ უპირატესობას და ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ პასუხისმგებლობის ამ ფორმას.

ახალი კანონის მიღებამდე სასამართლოებმა თერთმეტ საქმეში5 გამოიტანეს გადაწყვეტილება ბოდიშის მოხდის დაკისრების შესახებ და მხოლოდ ხუთ შემთხვევაში გადასინჯეს ასეთი კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებები ზემდგომმა ინსტანციებმა. სწორედ არსებული მახინჯი პრატიკა გახდა საფუძველი იმისა, რომ ახალ კანონში ჩაიდო სპეციალური ნორმა (17-ე მუხლის მე-3 პუნქტი), რომელიც კრძალავს პირის იძულებას, მოიხადოს ბოდიში. აღნიშნულ ნორმას ითვალისწინებს საქარ-თველოს კონსტიტუციაც, რომლის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის იძულება, გამოთქვას საკუთარი მრწამსისა და შეხედულებების საწინააღმდეგო მოსაზრებები. მამუკა ნოზაძისა და `თრიალეთის~ საქმეზე კანონმდებლობის რეფორმირების შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება წამოჭრის, ერთის მხრივ, მოსამართლეთა კორპუსის გადასინჯვის, ხოლო, მეორეს მხრივ, ახალი კანონმდებლობის პოპულარიზაციის აუცილებლობის საკითხს.

 

პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენა
აღნიშნული პერიოდის სასამართლო პრაქტიკა ყველაზე ნათლად ასახავს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ ცვლილებებს. 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციამდე ტელეკომპანია `რუსთავი-2~-ის ეთერით მოძრაობა `კმარას~ კლიპების ტრანსლირების აკრძალვა, კლარა შუკვანის საქმის შემდეგ, პოლიტიკური გამოხატვის ყველაზე უხეში ხელყოფის ნიმუში იყო. სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად მოგვევლინა, როდესაც საქმეზე საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არაეთიკურად გამოაცხადა და აკრძალა `კმარას~ კლიპების ჩვენება, ასევე არაგონივრული ფინანსური სანქცია _ 127 716, 96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში _ დააკისრა საინფორმაციო საშუალებას. ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვა ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცესუალური დარღვევების მოტივით მოხდა, უკვე მეტყველებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე. პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენისაგან სასამართლო თავისუფალი არც რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა.

საქმეზე თემურ შაშიაშვილი დავით კუპრეიშვილისა და `ახალი ვერსიის~ წინააღმდეგ ერთი და იგივე სასამართლო კოლეგიის მიერ დროის სხვადასხვა მონაკვეთში (2003 წლის 23 ნოემბრამდე და 23 ნოემბრის შემდეგ) გამოტანილი გადაწყვეტილება თვალნათლივ წარმოაჩენს იმ საშიშ ტენდენციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საერთოდ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს. თემურ შაშიაშვილის საქმე თანამედროვე ქართული სასამართლოების პრაქტიკაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კურიოზული გადაწყვეტილება, როგორიც ქუთაისის საოლქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოიტანა. თავად ის ფაქტი, რომ თემურ შაშიაშვილის პატივისა და ღირსების გამო, სასამართლოში დაიბარეს დავით მუმლაძე, რომელმაც მისი წინამორბედისაგან (თემურ შაშიაშვილისაგან) მხოლოდ იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება გადაიბარა, ღიმილის მომგვრელიცაა და იმ სამწუხარო რეალობის ამსახველი, რომლის თანახმად, რევოლუციამდეც და რევოლუციის შემდეგაც სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური კონიუნქტურის შესატყვისად უფრო მოქმედებდა, ვიდრე კანონიერების. იმ დროისათვის, როცა თემურ შაშიაშვილი საჯარო თანამდებობის პირს _ იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს წარმოადგენდა, ქუთაისის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შაშიაშვილის სასარგებლოდ ბიზნესმენ დავით კუპრეიშვილს 1 338 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის გადახდა დააკისრა, ამ უკანასკნელის მიერ გუბერნატორის მიმართ გაზეთ „ახალი ვერსიის“ ფურცლებზე გაკეთებული განცხადებების გამო. ეს იყო ყველაზე დიდი ფინანსური სანქცია, რაც კი დიფამაციურ საქმეებზე სასამართლოებს აქამდე დაუკისრებიათ. ქვეყანაში პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, რასაც შაშიაშვილის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას ხსენებული გადაწყვეტილების გადასინჯვა მოუწია. ქუთაისის საოლქო სასამართლომ კი ამ შემთხვევაში მარტივი გამოსავალი იპოვა _ მან განუხილველი დატოვა საქმე იმ მოტივით, რომ თემურ შაშიაშვილის უფლებამონაცვლე, დავით მუმლაძე პროცესზე არ გამოცხადდა და არ დააკმაყოფილა თემურ შაშიაშვილის შუამდგომლობა იმ საბაბით, რომ ეს უკანასკნელი საკუთარ პატივსა და ღირსებას რწმუნებულის რანგში იცავდა, სარჩელის განხილვის მომენტისთვის კი შესაბამისი თანამდებობა სულ სხვა პირს, სახელდობრ, დავით მუმლაძეს ეკავა. ასეთმა ლოგიკამ, შესაძლოა, ისეთ აბსურდულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის მისამართით გავრცელებული ცნობების გამო, მის უფლებამონაცვლე პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწიოს შევარდნაძის პატივისა და ღირსების დაცვა, შევარდნაძეს _ გამსახურდიას და ა. შ. აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება არა მარტო ლოგიკას, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასაც. თემურ შაშიაშვილის სასარჩელო განცხადება მართალია, სახელმწიფო რწმუნებულის ბლანკზე იყო დაბეჭდილი, მაგრამ მოსარჩლედ მითითებული იყო ფიზიკური პირი _ თემურ შაშიაშვილი, განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო მოსარჩლის საცხოვრებელი მისამართი. ეს ფაქტობრივი გარემოება თავიდანვე გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ სარჩელი სახელმწიფო რწმუნებულის სახელით იყო შეტანილი.

თავისთავად პატივი და ღირსება არ შეიძლება ახასიათებდეს თანამდებობას, გავრცელებული ცნობების გამო გარკვეული ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვები შესაძლოა, მიადგეს მხოლოდ ფიზიკურ პირს. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ბუნდოვანი დარჩა, თუ ვის დაეკისრა 5 ათასი ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა _ თემურ შაშიაშვილს თუ მის უფლებამონაცვლე დავით მუმლაძეს, რომელმაც, შესაძლოა, არც კი იცოდა დავით კუპრეიშვილის მიერ თემურ შაშიაშვილის შესახებ გავრცელებული ცნობების შინაარსი.

ალბათ, საჭიროა ყურადღების გამახვილება იმაზეც, თუ რამდენად კანონიერი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რევოლუციამდელი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტო ფინანსური კომპენსაციის გამო საჯარო თანამდებობის პირების შესახებ საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილს დაუკარგავდა ნებისმიერ ადამიანს. ანუ სახეზე იყო გადაწყვეტილების „გამყინავი ეფექტი“. პირველ რიგში, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის, რომ დავით კუპრეიშვილსა და თემურ შაშიაშვილს შორის საჯარო პოლემიკა სადავო საგაზეთო პუბლიკაციამდე გაცილებით ადრე მიმდინარეობდა და მოპასუხის საგაზეთო გამონათქვამები არ წარმოადგენდა ე.წ. „პირველ თავდასხმას“ გუბერნატორის მისამართით. დავით კუპრეიშვილის ცნობით, მოპასუხე მას  კაცის მკვლელს, ყაჩაღსა და ბანდიტს უწოდებდა. საჯარო ინტერესის საგანზე _ სილიკომანგანუმის თემაზე მხარეებს შორის მიმდინარე საჯარო დისკუსია უკვე თავად განაპირობებდა სიტყვის თავისუფლების დაცვის გაცილებით მაღალ სტანდარტს. ამასთანავე დისკუსიის ერთ ერთი მხარის თანამდებობრივი სტატუსი ამ უკანასკნელს თმენის გაცილებით მეტ ვალდებულებას აკისრებდა. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა სახის ცნობა გაავრცელა მოპასუხემ _ ფაქტი თუ მოსაზრება, უნდა აღინიშნოს, რომ დავით კუპრეიშვილის ბრალდება, რომ სახელმწიფო რწმუნებული ქარხანაში 6%-ს ფლობდა, მტკიცებით ფორმაში არ იყო გადმოცემული. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ როგორც ქარხნის მუშები ამბობენ, თემურ შაშიაშვილი წილის 6%-ს ფლობდა.“ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობები წარმოადგენდა არა ფაქტებს, არამედ ერთ შემთხვევაში _ შეფასებით მსჯელობას, მეორე შემთხვევაში კი _ ასახავდა ქარხნის მუშებში მოარულ ხმებს. ამდენად, იმ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი არ იძლეოდა ცნობების უარყოფის დაკისრების შესაძლებლობას, რადგან პასუხისმგებლობის ამ ფორმას მხოლოდ სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების გავრცელების დროს მიმართავდნენ. ცხადია, ცალკე საუბრის თემაა ის სანქციები, რომელიც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა, რასაც არ ითვალისწინებდა და არც ამჟამად ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა; მორალური ზიანის კომპენსაცია და კომპენსაციის ოდენობად 1 338 000 აშშ-ის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის დაკისრების არავითარი საფუძველი არ არსებობდა: გავრცელებული ცნობა არ წარმოადგენდა ფაქტს, ამდენად, ვერ შელახავდა მოსარ- ჩლის პატივსა და ღირსებას, ხოლო მოპასუხის ბრალეულ მოქმედებაზე თავად მოსარჩლესაც კი არ ჰქონია წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი სასარჩელო განცხადებაში. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრას, პროპორციულობის პრინციპი ამ შემთხვევაში აშკარად დარღვეული იყო. მოპასუხეს მართლაც რომ გაევრცელებინა დიფამაციური ცნობები, ანუ სახეზე რომ ყოფილიყო სანქციის დაკისრების კანონიერი მიზანი, ასეთი ზომის სანქციის დაკისრება მაშინაც კი გაუმართლებელი იქნებოდა და ბევრს დაუკარგავდა ხელისუფლების წარმომადგენლის გაკრიტიკების სურვილს.

არაგონივრული ფინანსური სანქციების დაკისრების საშიშ ტენდენციაზე დაწვრილებით ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. რაც შეეხება განსახილველ საქმეს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საკითხის გამარტივება იქნებოდა, თუ პრობლემას მარტოოდენ `ტელეფონის მართლმსაჯულებაში“ დავინახავდით. სასამართლო ხელისუფლების ტრადიციის არარსებობამ გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ მოსამართლეთა კორპუსის ნაწილი თავადვე ცდილობს მოარგოს საკუთარი გადაწყვეტილებები ყოველი მორიგი სახელისუფლებო ძალის ინტერესებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კომპეტენციაზე მეტად ხშირ შემთხვევაში საქმე ისევ და ისევ მოსამართლეთა მსოფლმხედველობრივ პრობლემასთან გვაქვს.

 

 არაგონივრული ფინანსური სანქციები

 

ზოგადად ფინანსური სანქციების მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრამდე იჩინა თავი, უკვე იმის მომასწავებელი იყო, რომ იმ დროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის შეზრუდვას რეპრესიული მეთოდებით ცდილობდა და რეპრესიულ აპარატად სწორედ სასამართლო ხელისუფლებას იყენებდა. პოლიტიკური ხელისუფლების სურვილი, სასამართლოს მეშვეობით გაეკონტროლებინა სიტყვის თავისუფლება, ჩხარტიშვილი-ბერძენიშვილის საქმის შემდეგ, ყველაზე თვალნათლივ 2003 წელს გამოვლინდა. სწორედ დროის ამ მონაკვეთს, ანუ წინა ხელისუფლების მმართველობის კრიზისის პერიოდს უკავშირდება ყველაზე მაღალი და არაგონივრული ფინანსური სანქციის დაკისრების სამი შემთხვევა: თბილისის საოლქო სასამართლომ საქმეში აკაკი ჩხაიძე `რუსთავი 2~-ის, აკაკი გოგიჩაიშვილისა და ალექსანდრე მაღლაფერიძის წინააღმდეგ მოპასუხეებს დააკისრა 1 000 000 ლარის გადახდა; ქუთაისის საოლქო სასამართლომ წინა თავში განხილულ საქმეში თემურ შაშიაშვილი დავით კუპრეიშვილისა და `ახალი ვერსიის~ წინააღმდეგ დავით კუპრეიშვილს _ 1 338 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის გადახდა ლარებში; ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ კი საქმეში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური `რუსთავი 2~-ის წინააღმდეგ დაავალდებულა ტელეკომპანია, გადაეხადა 127 716, 96 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარებში. ცხადია, თავად დაკისრებული ფინანსური სანქციების მოცულობა განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ამგვარი ფორმის გონივრულობასაც და დანიშნულებასაც. გამოიკვეთა საშიში ტენდენცია იმ მხრივ, რომ იმჟამინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ განსხვავებულ აზრთან ანგარიშსწორების პროცესი სასამართლო სისტემის ხელით დაიწყო. არაგონივრული მაღალი სანქციის დაკისრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მედია საშუალების გაკოტრება, რაც სახიფათოა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. ამავე დროს ასეთ სანქციებს ახლავს „გამყინავი ეფექტი“, რაც სხვა საინფორმაციო საშუალებებსა თუ ცალკეულ ინდივიდებს საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილს უნელებს. სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებითა და პლურალიზმის შენარჩუნებით, პასუხისმგებლობის ამგვარ ზომებს არ მიმართავს.

 

დისკრიმინაციული გადაწყვეტილება

 

ვახტანგ ხმალაძისა და „ჯორჯიან თაიმსის”

 

საქმე აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა იმ მხრივ, რომ შეურაცხმყოფელად აცხადებს კონკრეტულ ეროვნებას. ეს გადაწყვეტილება არატიპიურია ქართული სასამართლოების პრაქტიკისთვის იმ თვალსაზრისითაც, რომ წამოჭრის საკითხს, რომელიც უფრო თვითრეგულირების სფეროა, ვიდრე სამართლებრივის. მართალია, ჯერჯერობით საქართველოში თვითრეგულირება ინსტიტუციონალიზებული სახით არ არსებობს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ამართლებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, როგორიც აღნიშნულ საქმეზე ჯერ კრწანისიმთაწმინდის რაიონულმა, ხოლო შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოებმა მიიღეს. ერთ შემთხვევაში, როცა საკითხი მოსარჩლის მიერ გვარის გამოცვლას შეეხებოდა, გაზეთმა `ჯორჯიან თაიმსმა~ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. კერძოდ, ის რომ ვახტანგ ხმალაძეს გვარი ჰქონდა გადაკეთებული და მე-8 კლასამდე იგი მანუკიანად იწოდებოდა. დაშვებული შეცდომა სასამართლო პროცესზე თავად საინფორმაციო საშუალებამაც აღიარა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არასწორი ცნობის გავრცელება არ შეიძლება გამხდარიყო ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საფუძველი. საქმის განხილვის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა პასუხისმგებლობა არასწორი ცნობების გავრცელების გამო, სადავო ცნობები ერთდროულად უნდა ყოფილიყო სინამდვილესთან შეუსაბამოც და იმავდროულად შეურაცხმყოფელიც. ასეთი იყო სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნა. შემდეგი შეკითხვა, რომელზეც სასამართლოს უნდა გაეცა პასუხი, იყო ის, თუ რამდენად შეიძლება ხელყოფდეს პირის პატივსა და ღირსებას არასწორი ინფორმაციის გავრცელება მის მიერ საკუთარი ეროვნების შეცვლის შესახებ. თუკი მოსარჩლე და სასამართლო თვლიან, რომ თავისთავად სომხური გვარის გადაკეთება ქართულ გვარად შეიძლება წარმოადგენდეს პატივისა და ღირსების შემლახველ, შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, მაშინ ისინი აპრიორი ამბობენ, რომ სომხობა თავისთავად არის სირცხვილი. ამით კი თავად ავლენენ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ამ ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ და აშკარა მორალურ ზიანს აყენებენ მათ. სასამართლომ არასწორად დააკისრა პასუხისმგებლობა საინფორმაციო საშუალებას იმ ზოგადი მსჯელობის გამო, რომელიც გარკვეული დეპუტატების მხრიდან ანტიქართული პოლიტიკის გატარებას შეეხებოდა. პუბლიკაციის ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის, რომ მოსარჩლე ამ შემთხვევაში ცალსახად იდენტიფიცირებული არ ყოფილა, ანუ გაზეთს კონკრეტულად მასზე არ მიუთითებია. ეს გარემოება კი არ იძლეოდა სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ პირს ედავა ისეთი გამონათქვამების გამო, რომლებშიც იგი ცალსახად იდენტიფიცირებული არ ყოფილა. ხსენებულ გამონათქვამში მოსარჩლე იდენტიფიცირებული კიდევაც რომ ყოფილიყო, სასამართლოს მაინც არ ექნებოდა მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება, რადგანაც სადავო ფრაზა წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, აზრს და არა მტკიცებას ფაქტის შესახებ. ხოლო მოსაზრების გამო, რაც არ უნდა კრიტიკული და მიუღებელი იყოს იგი ვინმესთვის, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება, რადგანაც აზრის თავისუფლებას იცავს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია. ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ საოლქო სასამართლოს  გადაწყვეტილება გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1000 ლარის დაკისრების შესახებ წარმოადგენდა კანონის უხეშ დარღვევას.

მორალური ზიანის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გავრცელებული ცნობები ლახავს პირის პატივსა და ღირსებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რეგულირების რა მექანიზმები მოქმედებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც გავრცელებული ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს, ან სხვა ტიპის ეთიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე? უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პასუხის უფლებას, მაგრამ ამ ნორმის ამოქმედების წინაპირობაც პატივისა და ღირსების შემლახველი არასწორი ცნობების გავრცელების ფაქტი უნდა ყოფილიყო. ამდენად, ერთადერთი გამოსავალი ასეთ შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმების ამოქმედებაა. ტრადიციული დემოკრატიისა და ზოგიერთი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში აპრობირებულია საზოგადოების წინაშე მედიის ანგარიშვალდებულების სხვადასხვა სისტემა.ამერიკული მოდელი ითვალისწინებს ცალკეულ საინფორმაციო საშუალებაში მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობას. ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალების ომბუდსმენი იხილავს მკითხველთა საჩივრებს და ახდენს რეაგირებას არასწორი ცნობის გავრცელების თუ სხვა ეთიკური ნორმის დარღვევის ფაქტზე, მკითხველის წერილის გამოქვეყნების ან სხვა ფორმით. ევროპაში აპრობირებული მოდელი შვედურ გამოცდილებას ეფუძნება და ითვალისწინებს მკითხველთა საჩივრების განხილვას კოლექტიური ორგანოს _ პრესის საბჭოს მხრიდან. საჩივრების განხილვას მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან შემდგარი ორგანო მედიის მიერვე აღიარებული ეთიკის კოდექსების საფუძველზე ახდენს. თითქმის ყველა ქვეყნის ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ ნორმას, როგორიცაა სიზუსტის დაცვა და არასწორი ფაქტების გამოქვეყნების შემთხვევაში, პასუხის საშუალებას აძლევს მკითხველს საინფორმაციო საშუალების მიერ დაშვებული უზუსტობის გამო. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ტიპის ნორმებს სავალდებულო ძალა არა აქვთ და მათი დაცვა უფრო მედიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ პროფესიული სტანდარტისა და ეთიკური ნორმების დარღვევის კუთხით უნდა განხილულიყო აღნიშნული დავა. საქართველოში თვითრეგულირების ინსტიტუტის არარსებობა კი ვერ გამოდგება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების გამართლებად.

 

არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა

 

დასასრულს უნდა ითქვას იმ ნეგატიური ტენდენციის შესახებაც, რაც სასამართლოების მიერ კანონის არაერთგვაროვან ინტერპრეტაციაში გამოიხატა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ საქართველოს შიდა კანონმდებლობა პრეცედენტულ სამართალს არ ითვალისწინებს, ეს გარემოება სრულებითაც არ განაპირობებს კანონის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის დასაშვებობას. ყველაზე პარადოქსული, ალბათ, ის არის, რომ არაერთგვაროვან და წინააღმდეგობრივ პრაქტიკას ხშირად ამკვიდრებენ არა მხოლოდ სხვადასხვა დონის სასამართლო ინსტანციები, არამედ ერთი და იგივე სასამართლოს ერთი და იგივე მოსამართლეები. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ (მოსამართლეები _ მ. წიქვაძე, ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი) დროის სხვადასხვა მონაკვეთში ანალოგიური ტიპის საქმეებზე მიიღო არსობრივად წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები. ესენია: ვლადიმერ კერესელიძე ნოდარ ჯაიანის წინააღმდეგ; თამაზ წივწივაძე და საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირი აკაკი გოგიჩაიშვილისა და `რუსთავი 2~-ის წინააღმდეგ; თამაზ ნადარეიშვილი ჯონდი ბაღათურიას წინააღმდეგ; ივანე ჩხარტიშვილი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ; კახა თარგამაძე, ავთანდილ ჩხაიძე, ვასილ დავითაია, ზაქარია ვარაზიშვილი, ნიკოლოზ ივანიშვილი, ზურაბ უროტაძე, რევაზ მაჭავარიანი `რეზონანსისა~ და ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ. ასეთი წინააღმდეგობრივი პრაქტიკა, როდესაც არა თუ სხვადასხვა სასამართლოები, ერთი და იგივე მოსამართლეები არ არიან შებოჭილი მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილებებით, წამოჭრის კანონის ერთგვაროვანი გაგების დამკვიდრების აუცილებლობის საკითხს, რაც კონსტიტუციური პრინციპების _ თანასწორობისა და წინასწარგანჭვრეტადობის დასაცავად არის საჭირო.


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments