თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » რა არის კარგი მმართველობა ?

რა არის კარგი მმართველობა ?

Written by Administrator   // December 16, 2012   // Comments Off

 

შესავალი

არც ისე დიდი ხანია, რაც ტერმინები “მმართველობა” და “კარგი მმართველობა” სულ უფრო მეტად გამოიყენება განვითარებად ლიტერატურაში. ცუდი მმართველობა კი ჩვენი საზოგადოების ყველა უბედურების უმთავრეს პრობლემად ფასდება. ძირითადი დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკუთარი დახმარებებისა და სესხების გაცემის პირობებს სულ უფრო მეტად უკავშირებენ რეფორმებს, რომლებიც “კარგ მმართველობას” უზრუნველყოფენ. ჩვენ ამ სტატიაში შევეცდებით, რაც შეიძლება მარტივად ავხსნათ, თუ რას ნიშნავს “მართვა” და “კარგი მმართველობა”.

 

მართვა

“მართვის” კონცეფცია იმდენადვე ძველია, რამდენადაც მსოფლიო ცივილიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, “მართვა” ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებისა და ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების პროცესს. ტერმინი მართვა შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში ვიხმაროთ. მაგალითად, კორპორაციული მართვა, საერთაშორისო ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება და ადგილობრივი მმართველობა. მას შემდეგ, რაც “მართვა” აღიქმება როგორც გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი იმპლიმენტაციის პროცესი, “მართვის” ანალიზი ფოკუსირებას ახდენს ამ პროცესებში ჩართულ ფორმალურ და არაფორმალურ მოთამაშეებზე და იმ ფორმალურ თუ არაფორმალურ სტრუქტურებზე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისა და დანერგვის პროცესზეა ორიენტირებული. ხელისუფლება მმართველობის ერთ-ერთი სუბიექტია.

მმართველობაში ჩართული სხვა მოთამაშეები იცვლებიან ხელისუფლების დონეების მიხედვით. მაგალითად, სოფლის ტიპის დასახლებებში სუბიექტები შეიძლება იყვნენ გავლენიანი მიწის მესაკუთრეები, გლეხთა ფერმერული ასოციაციები, კოოპერატივები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები, რელიგიური ლიდერები, საფინანსო ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, სამხედროები და სხვები. ქალაქის ტიპის დასახლებებში ვითარება უფრო კომპლექსურია. N1 ცხრილი ასახავს ურთიერთკავშირს იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ქალაქის მმართველობაში. საერთო ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების, ან გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტთა გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია, ლობისტები, საერთაშორისო დონორები, მულტი-ნაციონალური კორპორაციები და ა.შ. ხელისუფლებისა და ჯარის გარდა, ყველა მოთამაშე ერთიანდება ერთ ჯგუფად, როგორც სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელი ნაწილი. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, სოფლად, სამოქალაქო საზოგადოების გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ასევე გავლენას ახდნენ ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატები. ფორმალური სამთავრობო სტრუქტურები გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლიმენტაციის ერთი საშუალებაა. ეროვნულ დონეზე შეიძლება არსებობდნენ გადაწყვეტილების მიღების არაფორმალური სტრუქტურები, როგორიცაა მაგალითად, “კულუარული კაბინეტები” ან არაფორმალური მრჩეველები. სოფლის ტიპის დასახლებებში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ ასევე ორგანიზებული დანაშაულის ისეთ სინდიკატებს, როგორიცაა მაფია, ზოგიერთ დასახლებაში კი _ გავლენიან ადგილობრივ ოჯახებს. გადაწყვეტილების მიღების ასეთი არაფორმალური პროცესი ძირითადად კორუფციული პრაქტიკის შედეგია ან კორუფციას გვიქადის. კარგ მმართველობას აქვს 8 ძირითადი მახასიათებელი. ესაა მონაწილეობითობა, კონსენსუსზე ორიენტირება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, სწრაფი რეაგირება, ეფექტურობა და შედეგიანობა, მიუკერძოებლობა და ყოვლისმომცველობა და კანონისუზენაესობის მიმდევრობა.

აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, უმცირესობებისა და საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ფენების შეხედულებების გაზიარება და გათვალისწინება. კარგი მმართველობა ასევე უნდა პასუხობდეს საზოგადოების დღევანდელ და სამომავლო საჭიროებებს.

მონაწილეობა

ეფექტური მმართველობის ქვაკუთხედი არის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების მონაწილეობა. მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე ლეგიტიმური მედიატორული ინსტიტუტების მეშვეობით, ან წარმომადგენლობითი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი, წარმომადგენლობითი დემოკრატია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე წევრების შეხედულებების უცილობელ გათვალისწინებას ნიშნავდეს. მონაწილეობისათვის საჭიროა, იყო ინფორმირებული და ორგანიზებული. ეს, ერთის მხრივ, გულისხმობს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და მეორეს მხრივ კი, ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებას.

კანონის უზენაესობა

კარგი მმართველობა მოითხოვს სამართლიან სამართლებრივ სისტემას, მიუკერძოებელი აღსრულებითურთ. ის ასევე მოითხოვს ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი უმცირესობების, სრულ დაცვას. კანონების მიუკერძოებელი განხორციელებისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მიუკერძოებელი და არაკორუმპირებული პოლიცია.

გამჭვირვალობა

გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება და მათი იმპლიმენტაცია ხორციელდება დადგენილი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. გამჭვირვალობა ნიშნავს იმასაც, რომ ინფორმაცია თავისუფლად ხელმისაწვდომი იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისზეც ასეთი გადაწყვეტილების მიღებამ ან მისმა განხორციელებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს. ასევე საჭიროა საზოგადოება უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ინფორმაციით, რომლის მიწოდება მოხდება ადვილად გასაგები ფორმითა და მედიის საშუალებით.

რეაგირება

ეფექტური მმართველობა გულისხმობს, რომ ინსტიტუტები და პროცესები უნდა ემსახურებოდნენ ყველა დაინტერესებულ პირს, დროის რაციონალურ ვადაში.

კონსენსუსზე ორიენტირება

ამა თუ იმ საზოგადოებაში არაერთი მოთამაშე და იმდენივე თვალსაზრისია. კარგი მმართველობა მოითხოვს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ ინტერესებს შორის მედიაციას, რათა მოხერხდეს ფართო კონსენსუსის მიღწევა იმ საკითხზე (და მისი განხორციელების გზებზე), რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება მთელი საზოგადოების ინტერესს. ის ასევე მოითხოვს საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის და მისი მიღწევის გზებისათვის ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივის არსებობას. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მოცემული საზოგადოების ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გზით არის შესაძლებელი.

მიუკერძოებლობა და ჩართულობა

საზოგადოების კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გრძნობს მისი ყველა წევრი თავს ამ საზოგადოების ნაწილად და არ არიას გარიყული მისგან. საჭიროა, ყველა ჯგუფს, განსაკუთრებით კი ყველაზე მგრძნობიარეებს, მიეცეთ შესაძლებლობა, გამოასწორონ და დაიცვან საკუთარი კეთილდღეობა.

 ეფექტურობა და შედეგიანობა

კარგი მმართველობა ნიშნავს, რომ რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით, არსებული ინსტიტუტებისა და მიმდინარე პროცესების მეშვეობით ვიღებთ შედეგს, რომელიც პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს. შედეგიანობის კონცეფცია კარგი მმართველობის კონტექსტში მოიცავს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოს დაცვას.

ანგარიშვალდებულება

ანგარიშვალდებულება ეფექტური მმართველობის უმთავრესი მოთხოვნაა. არა მარტო სახელისუფლებო ინსტიტუტები, არამედ კერძო სექტორიცა და სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული ხალხისა და მათთან ინსტიტუციუნალურად დაკავშირებული ადამიანების წინაშე. ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება _ ორგანიზაციის ან ინსტიტუტის გარეთ თუ შიგნით. ძირითადად ორგანიზაციები ან ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე, ვისზეც გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილებები ან ქმედებები. ანგარიშვალდებულება გამჭვირვალობისა  და კანონის უზენაესობის გარეშე ვერ მიიღწევა.

დასკვნა

დასასრულს შეიძლება დავასკვნათ, რომ კარგი მმართველობა არის იდეალი, რომლის ერთბაშად მიღწევა ძნელია. ძალზედ ცოტა ქვეყანა და საზოგადოება თუ მიუახლოვდა ერთბაშად ეფეტურ მმართველობას. თუმცა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს იდეალი რეალობად იქცეს.


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments