თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » ტორო ანუ სამოქალაქო კორიდა საქართველოში

ტორო ანუ სამოქალაქო კორიდა საქართველოში

Written by Administrator   // December 12, 2012   // Comments Off

უკვე შევთანხმდით, რომ ქართულ რევოლუციას ანალოგი არა აქვს არც თანამედროვე მსოფლიოში და არც, მით უმეტეს, საქართველოს ისტორიაში. ფიქრი და სჯა იმაზე, რაც საქართველოში 3-დან 23 ნოემბრამდე მოხდა, წინ არის. ჯერ არ გაგვიცნობიერებია, საიდან გამოვიხმეთ ქართული რევოლუციის სულები, სად იყო დაფარული ცოდნა, უხილავი საფუძველი, რომელიც რევოლუციის განხორციელებისას გამოვიყენეთ. მაგრამ ასეთი სიტყვებით – სულები, უხილავი, დაფარული ცოდნა და სხვა – ოპერირება ნიშნავს, რომ ქართულ რევოლუციას ირაციონალური მოტივები, გონებისათვის უწვდომელი დემონები წარმართავდნენ. არადა, მთელი ეს სამკვირიანი ისტორია სწორედ რომ გონების, რაციონალური საწყისის, თანმიმდევრულობის, ანგარიშისა და დრამატურგიის კანონების ტრიუმფით დასრულდა.

 

 

 

 

 

ჩვენ 13 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევეცადეთ, გაგვესტუმრებინა კომუნიზმი საქართველოდან და აღმოჩნდა, რომ შევძელით, დაუსრულებლად არ გვეღეჭა ერთი და იგივე ლუკმა. ჩვენ დავივიწყეთ დამარცხებული ნაციონალიზმის რიტორიკა, აღარ გვეყურებოდა ყავლგასული [პოსტ]კომუნისტური მეტყველებაც. ამ პირობებში ერთადერთი გასაგები ენა აღმოჩნდა დასავლური პოლიტიკის ენა, საკომუნიკაციო ნიშანთა ის სისტემა, რომელსაც დასავლელი პოლიტიკოსები იყენებენ. სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომელთაც სწამდათ და სხვებსაც არწმუნებდნენ, რომ კომუნიზმსა და პოსტკომუნისტურ ერაში ცხოვრებამ მოსახლეობას ვერ წაართვა საკუთარი ძალების რწმენა.

ამ ენას რამდენიმე საკვანძო სიტყვა თუ ტერმინი აქვს: კონსტიტუცია, კანონის უზენაესობა, პიროვნება და პიროვნული ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ხალხის ნება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, სამართლიანობა… კიდევ ბევრი, მაგრამ ახლა შევჩერდეთ ერთ ცნებაზე, რომელსაც კარგა ხანია ვიცნობთ, მაგრამ სულ ახლახანს გავიგეთ ადეკვატურად.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა საქართველოში აქამდე ერთხელ თითქოს სცადეს, მაგრამ ძნელად გაიხსენებ, რა მოჰყვა ამას კონკრეტულად. ჯერ ერთი, გასული საუკუნის 80-90-ანი წლების მიჯნაზე სიტყვა `სამოქალაქო~ მხოლოდ `სამხედროს~ ანტონიმი იყო და რომელიმე არსებით სახელზე მისი დართვა ცნებას ახალ შინაარსს ვერ მიანიჭებდა. ამიტომაც, მაშინდელი ლიდერები ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობდნენ. პირველი (და, ალბათ, უკანასკნელი) ასოციაცია, რასაც ეროვნული დაუმორჩილებლობის ხსენება იწვევს, სამტრედიის სარკინიგზო კვანძის გადაკეტვაა. ვერც ზვიად გამსახურდიამ და ვერც, მით უმეტეს, ირაკლი წერეთელმა იმპერიის წინააღმდეგ ეროვნული დაუმორჩილებლობის რეალიზება ვერ მოახერხეს. დიდწილად იმიტომაც, რომ ცხადად ვერავის გააგებინეს, რა აზრი და მიზანი ჰქონდა ამ ცნებას.

დაუმორჩილებლობა ქართულმა საზოგადოებამ მთელი სისავსით ახლაღა გამოხატა: ახლა, როცა მას უთხრეს, რას ნიშნავს სამოქალაქო (და არა ეროვნული) დაუმორჩილებლობა; ახლა, როცა საზოგადოების ცნობიერებაში ცნება სამოქალაქო გასცდა რუსული “გრაჟდანსკი“-ს სემანტიკურ ველს და ინგლისური “Civil”-ის მნიშვნელობაც შეითავსა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას საქართველოში არ დაუფრთხია ჩვენში მოსახლე ეთნიკური უმცირესობები, რადგან ნათელი იყო: ეს არ გახლდათ მხოლოდ ქართველების დაუმორჩილებლობა. ყველა, ვინც ამ დღეებში დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობდა, ბუნებრივად არ ახსენებდა ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა ეროვნული, სატიტულო, ავტოქტონური და ა.შ. ადამიანებს მოუწოდებდნენ საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ და ყოველი მოწოდებისას ახალი კონკრეტული შინაარსით ამდიდრებდნენ ამ ცნებას. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კონცეფცია მე-19 საუკუნის შუახანებში ჩამოაყალიბა ამერიკელმა მოაზროვნემ ჰენრი დევიდ ტორომ. ნაწყვეტები მისი ცნობილი ესედან `სამოქალაქო მმართველობის წინააღმდეგ ანუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა~ წინამდებარე ჟურნალის წლევანდელ ნომრებში ქვეყნდებოდა. მე არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ეს პუბლიკაცია, მაგრამ ფაქტია: ტოროს 160 წლის წინანდელ ნაწერში პოულობ სიტყვებს, რომელიც პირდაპირ ქართული რევოლუციის აღსაძვრელ, მისი მამოძრავებელი ძალების გამომწვევ შელოცვად გაისმის. საქართველოში 70 წლის მანძილზე ცრუმეცნიერებისა და ცრურელიგიის, მარქსიზმ-ლენინიზმის სახელით კომუნიზმის ძალადობრივ და, როგორც გაირკვა, მარცხიან ექსპერიმენტს ატარებდნენ. 2003 წლის ნოემბერში კი სამ კვირაში გაიმარჯვა პრაქტიკამ, რომლის თეორიაც სულ ოციოდ გვერდზე ეტევა. ქვემოთ ჩვენ მოვიხმობთ რამდენიმე ამონარიდს ჰენრი დევიდ ტოროს ესედან იმის დასტურად, თუ როგორ მუშაობს და რას უნდა დაეფუძნოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. მაგრამ მანამდე გავიხსენოთ, როგორ გვთავაზობდა საკუთარ თავს ხელისუფლება. სამოქალაქო ომის დასრულება, კონსტიტუციის მიღება, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება, შეიარაღებულთა თარეშის აღკვეთა, ნავთობსადენის პროექტის წამოწყება – ამ და კიდევ სხვა ყველაფერს გამუდმებით შეგვახსენებდნენ, ვითარცა მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად უმაღლესი ხელისუფალის გაუხუნარ მიღწევას. ჩვენ ვხედავდით, თუმცაღა ვდუმდით, როცა მიღწევას ახლდა პოლიტიკური კორუფცია, ჩრდილოვანი ბიზნესი, პოლიციის ძალადობა, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევა და ხელისუფლების გულგრილობა ამ მოვლენებისადმი. როგორც ტორო იტყვის,

მმართველობის სხვადასხვა ფორმა თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რაოდენი წარმატებით შეიძლება ხალხის მოტყუება და მეტიც, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე როგორი წარმატებით იტყუებს ხალხი თავს.

თავის მოტყუება, ფარისევლობა, შემგუებლობა, უმრავლესობის ჩუმი დასტური, სამოქალაქო სექტორისა და ნაწილობრივ თავისუფალი მედიის თითქოსდა ამაო გარჯა, ოფიციალური და ოფიციოზური არხებისა და გაზეთების მოუღლელი პროპაგანდა – ეს იყო ფონი, რომელზედაც ჩვენ ტოროსებრ ვფიქრობდით:

საკითხს ზერელედ თუ შევხედავთ, ეს კონსტიტუცია, მთელი თავისი ხარვეზებით, არც ისე ცუდია, კანონები და სასამართლოებიც ღირსეული გვაქვს; ეს შტატი და ამერიკის ეს მთავრობაც კი, მრავალი თვალსაზრისით, მხოლოდ აღტაცებას იმსახურებენ და, როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ, მათი დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ, მაგრამ მდგომარეობას პრინციპულად თუ შევაფასებთ, ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ესენი თუნდაც იმის ღირსნი იყვნენ, რომ ვინმემ სერიოზულად იმსჯელოს და იფიქროს მათზე?

ჭეშმარიტების მომენტი, ანუ ზერელე თვალსაზრისზე უარის თქმისა და პრინციპული შეფასების დრო ამა წლის ნოემბერში დადგა. ბათილი საპარლამენტო არჩევნების დღიდან გიორგობის ჩათვლით ქართული საზოგადოება უსისხლოდ ეომებოდა მისსავე ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური წინაპარი ათწლეულების მანძილზე ხალხში მორჩილებას ამკვიდრებდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის უმეტეს ნაწილში ხელისუფლებამ სასურველი შედეგიც მიიღო: ხალხმა თითქმის დაკარგა გადაწყვეტილების მიღებისა და დაცვის უნარი, დღესაც ბრძანებულებათა მოლოდინით ცხოვრობს, ვერ ახერხებს საკუთარი ბედის განსაზღვრას და ძლიერ ხელს ან ნატრობს, ან უკვე ემორჩილება. საქართველოს ხელისუფლებასაც, როგორც ჩანს, სწორედ ხალხის მორჩილება ეიმედებოდა. მან მორჩილებად აღიქვა წინა ორი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან შეგუება და ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა 2002 წლის 2 ივნისი თბილისში – ადგილობრივი არჩევნების დღე. 2 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ ღიად მოითხოვა მორჩილება ხალხისაგან, როცა წარბშეუხრელად აქვეყნებდა არჩევნების შედეგთა `საკანცელარიო~ ვერსიას და მთელ საქართველოს აშინებდა მისი ყველაზე ავტორიტარული რეგიონის `წესრიგით~. ხელისუფლება ცდილობდა კანონზე აპელირებას და, ამდენად, მორჩილების ლეგიტიმაციას. მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს, მათ შორის იმ სამხედრო პირებს, რომელთაც იარაღი, ფარები და ხელკეტები მიწაზე დაალაგეს და განზე გადგნენ, თითქოს წაკითხული, გააზრებული და გათავისებული ჰქონდათ ჰენრი დევიდ ტოროს ეს სიტყვები:

თუკი საქმე სამართლიანობას ეხება, არ ღირს კანონმორჩილება ჩავუნერგოთ ადამიანს. ერთადერთი ვალდებულება, რომლის აღების უფლებაც მაქვს, არის ვალდებულება, ყოველთვის ვაკეთო ის, რაც სამართლიანად მიმაჩნია. პრინციპული ქმედება, სამართლიანობის გაცნობიერება და მისი აღსრულება არსებითად ცვლის გარემოს და ურთიერთობებს; ის რევოლუციურია თავისი ბუნებით და ვერ შეეთავსება ყველაფერ იმას, რაც იქამდე ყოფილა. არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ საზოგადოებას არ აქვს სინდისი. მაგრამ შეგნებული ადამიანების საზოგადოებას აქვს ცნობიერება. კანონის მოქმედება ვერ აიძულებს ადამიანს იყოს უფრო სამართლიანი; ამავე დროს, კანონმორჩილება ადამიანთა შორის საუკეთესოებსაც კი უსამართლობის იარაღად აქცევს. სწორედ მეტისმეტი კანონმორჩილების ბუნებრივი შედეგია ჯარისკაცების, პოლკოვნიკების, კაპიტნების, კაპრალებისა და რიგითების მწყობრი კოლონები, რომლებსაც სად აღარ აგზავნიან საომრად, ისე, რომ სულაც არ ადარდებთ მათი ნება, საღი აზრი თუ სინდისის ქენჯნა.

ერთი სული მაქვს, ტოროს მორიგი ციტატა შეგახსენოთ, რომელიც, უნებლიეთ, იმ გმირული და დრამატული სამი კვირის ლაიტმოტივი იყო:

ყველა აღიარებს რევოლუციის შესაძლებლობას; ანუ იმ მთავრობის მიმართ არალოიალურობისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რომლის ტირანიაცა და უუნარობაც უსაზღვრო და აუტანელია.

 

შესაძლოა, ვინმეს ეჩვენოს, რომ ტირანია აქ, ანუ საქართველოს ყოფილ მთავრობასთან მიმართებით, უადგილო და უსამართლო სიტყვაა. მაგრამ ტირანია იმთავითვე სულაც არ ნიშნავდა მაინცდამაინც სისხლიან დიქტატურას. ძველ საბერძნეთში ტირანს უწოდებდნენ ხელისუფლების სათავეში არალეგიტიმური გზით მოსულ კაცს, ხოლო ტირანია, შესაბამისად, იყო ასეთი კაცისა და მისი მემკვიდრეების მმართველობა. ქართულ საზოგადოებას, ცხადია, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ჰეპი ენდის არავითარი გარანტია არ ჰქონდა, როცა არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა და წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო. არ ჰქონდა არც თავდაჯერება, რომ აიძულებდა ხელისუფლებას, პატიოსნად დაეთვალა ხმები; უმაღლესი ხელისუფალის გადადგომაზე ხომ არაფერს ვამბობ. ბევრ ჩვენგანს ჯერ ფილარმონიაში, მერე თავისუფლების მოედანზე და პარლამენტის წინ მსუბუქად მაინც აწვალებდა კითხვები და ეჭვი, რომელიც, ალბათ, ეიმედებოდა ხელისუფლებას. ამ ეჭვს ჰენრი ტორო ასე აყალიბებს:

“არსებობენ უსამართლო კანონები: როგორ უნდა მოვიქცეთ, დავემორჩილოთ მათ, შევეცადოთ მათ შეცვლას და ვიდრე ამას მოვახერხებდეთ, არ დავარღვიოთ, თუ იმთავითვე არ დავემორჩილოთ ასეთ კანონებს? ასეთი მმართველობის პირობებში ხალხი, როგორც წესი, ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოიცდის, ვიდრე შეძლებდეს უმრავლესობის დარწმუნებას მათი შეცვლის აუცილებლობაში. მათი აზრით, თუკი აჯანყდებიან, შედეგი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ეს დღესაა. მაგრამ თუკი უკეთურებას კიდევ უფრო დაამძიმებს მისი გამოსწორების მცდელობა, ამაში ხომ მთავრობაა დამნაშავე. სწორედ ის ამძიმებს მდგომარეობას. რატომ არ ცდილობს რეფორმების დროულ გატარებას? რატომ არ ისმენს უმცირესობის საღ აზრს? რატომ ტეხს ალიაქოთს და მიმართავს ძალისმიერ ზომებს იქამდე, ვიდრე ვინმე რამეს დაუშავებდეს? რატომ არ თავაზობს თავის მოქალაქეებს გამოავლინონ მისი შეცდომები?”

 

საზოგადოების ყოყმანსა და ეჭვებს ტორო მარტივი და ისევ განსაცვიფრებლად პროფეტული სიტყვებით უპასუხებს:

“მოქალაქეთა მიერ მთავრობის უფლებამოსილების გააზრებული და ქმედითი უარყოფა ის ერთადერთი დარღვევაა, რომლის შესაძლებლობა იმავე მთავრობას ვერც კი წარმოედგინა.”

საქართველოს მთავრობას ნამდვილად ვერ წარმოედგინა, რომ მისთვის ჩვეულ, `უწყინარ~ პრაქტიკას – არჩევნების გაყალბებას – არ შეარჩენდნენ და მმართველობის დასასრულად შემოუბრუნებდნენ. მთავრობას ეგონა, რომ კარგად იცნობდა ხალხს და ტრადიციულად, კრიტიკული ანგარიშების, ინტელექტუალთა ბუზღუნისა და ჩუმი საჯარო უთანხმოების ფონზე თავისას გაიტანდა. სულ ცოტა ხნის წინ, ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ქართულ რევოლუციას გონიერი ადამიანების რევოლუცია უწოდა. საქართველოს ხელისუფლება არ ელოდა, თუ ხალხი ესოდენ გონიერი იყო. მაგრამ, აი, რას ამბობს ტორო:

ხმის მიმცემი არაფერზე არ აგებს პასუხს. მე ხმას ვაძლევ ჩემი სურვილისამებრ, ხმას ვაძლევ იმას, რაც სამართლიანად მიმაჩნია; მაგრამ დიდად არ დაგიდევთ, გაიმარჯვებს თუ არა ეს სამართალი. დაე, ეს უმრავლესობამ გადაწყვიტოს. ამდენად, მორალური ვალდებულება არასდროს არ დაჩრდილავს მიზანშეწონილობის მოთხოვნას. მაშინაც კი, როცა ხმას აძლევთ სამართლიანობას, ბევრს არაფერს აკეთებთ მისი დამკვიდრებისთვის. თქვენ მხოლოდ მოკრძალებით გამოხატავთ თქვენ სურვილს. კეთილგონიერი ადამიანი სამართალს არასდროს მიატოვებს ბედის ანაბარა და არც უმრავლესობას გადაულოცავს მის აღსრულებას. მიეცით ხმა, ოღონდ მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯს კი ნუ ჩააგდებთ ყუთში, გამოიყენეთ მთელი თქვენი გავლენა და შესაძლებლობები. უმცირესობა იქამდეა სუსტი, ვიდრე უმრავლესობის ნებას მიჰყვება, მაგრამ ის უძლეველი იქნება, თუკი პრინციპულობას გამოიჩენს. საზოგადოებამ, ისევე როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს სამართლიანობას. თუკი მე წყალწაღებულს ხელიდან გამოვგლიჯე ხის ნაფოტი, მე ვალდებული ვარ, დავუბრუნო ის ამ ადამიანს, თუნდაც თვითონ დავიხრჩო”.

შეგნება, რომ საზოგადოება სამართლიანობის აღსადგენად მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაეხადა, თანდათან მოვიდა. აქამდე კეთილგონიერება ჩვენში დათმობის, შეგუების, კონფორმიზმის სინონიმი იყო. ჩვენს თვალწინ, 3 ნოემბრიდან კეთილგონიერება უწყვილდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა რისკი, შეუპოვრობა, ვაჟკაცობა. ვთქვათ პირდაპირ: წინააღმდეგობის პირველ დღეებში ქუჩაში გამოსული მოქალაქეები უმცირესობაში იყვნენ, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით იცოდნენ: ამ (უკაცრავად, იმ) მთავრობის დასაცავად ქუჩაში არავინ გამოვიდოდა. მაგრამ საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობამდე ჯერ ბევრი რჩებოდა. გარდა ქუჩაში გამოსულთა მეტი რაოდენობისა, საჭირო იყო დაუმორჩილებლობის რამდენიმე ნიშანი. ამ ნიშანთა გაჩენა მიხეილ სააკაშვილმა იკისრა, რომელსაც, ვერავინ დამაჯერებს, რომ ჰენრი ტორო თუ არ წაუკითხავს, არ გაუგონია მაინც:

წელს ათასმა კაცმა რომ არ გადაიხადოს თავისი გადასახადი, ამას ვერ დავარქმევთ სისხლიან და ძალადობრივ აქციას, პირიქით, გადახდის შემთხვევაში ისინი საშუალებას აძლევენ შტატს განაგრძოს ძალადობა და ღვაროს უმანკო სისხლი. ფაქტიურად, მშვიდობიანი რევოლუციაც ხომ სხვა არაფერია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ საერთოდ არის შესაძლებელი. თუ გადასახადების ამკრეფი ან სხვა რომელიმე მოხელე მკითხავს, როგორ მოვიქცეო (როგორც ეს ერთმა მათგანმა გააკეთა), მე მას ვპასუხობ _ თუკი მართლა გსურს რაიმეს გაკეთება, უარი თქვი ამ სამუშაოზე. როცა მოქალაქე უარს ამბობს ლოიალურობაზე მთავრობის მიმართ, მოხელე კი თავს ანებებს სამსახურს, ჩათვალეთ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა.

მოწოდებას, მოქალაქეებს არ გადაეხადათ გადასახადები და მოეხდინათ მმართველობის ორგანოთა პარალიზება, საქართველოში ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ცნობილმა მეწარმემ უარი განაცხადა გადახდაზე, რეგიონებში ბევრგან განხორციელდა მმართველობითი ფუნქციების მოშლა. და მაინც, სიტყვა რევოლუციას ბოლო დღეებამდე არავინ ხმარობდა. ასევე არავინ იყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლების მთავარი საყრდენი – ჯარი და პოლიცია უარს იტყოდა ძალის გამოყენებაზე. აქ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კათალიკოსპატრიარქის სიტყვებმა, რომ სისხლისღვრა არც ერთ მხარეს არ უნდა დაეშვა. რადგან სისხლის დაღვრა მხოლოდ ერთ მხარეს – ხელისუფლებას შეეძლო, პატრიარქის მიმართვა, ფაქტიურად, განიარაღების ბრძანების ტოლფასი იყო ოფიციალური შეიარაღებული სტრუქტურებისათვის. ესეც კიდევ ერთი ბიძგი გახლდათ რევოლუციისკენ. განზე გამდგარი პოლიცია, ძალა, რომელიც ხელისუფლებას დააკლდა, თავისთავად გახდა ხალხის მოკავშირე. ტოროს მოვუსმინოთ:

ვფიქრობ, საკმარისია, რომ ღმერთი მათკენაა, და აღარაა საჭირო კიდევ რაღაცის ლოდინი. მეტიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფრო მართალია, ვიდრე მისი მეზობელი, უკვე თავად წარმოადგენს უმრავლესობას.

22 ნოემბერს უმრავლესობა უკვე კრიტიკულ მასად იქცა. ის საკმარისი იყო კანცელარიის ალყისთვის, ფლობდა პარლამენტს და ეყოფოდა კრწანისის აღებას. მიხვდებით, რატომ მოვიხმობ აქ ისევ ჰენრი დევიდ ტოროს:

ამ მთავრობის მხრიდან რაიმე სასარგებლო წამოწყების მხარდაჭერა მხოლოდ იმით თუ გამოიხატებოდა, რომ დროულად ხვდებოდა, როდის უნდა ჩამოცლოდა გზიდან საზოგადოებას.

30 წლის მანძილზე ხნიერი ტორეადორი ყოველთვის უვნებელი რჩებოდა. მარტო ორჯერ სასიკვდილო დარტყმებს გადაურჩა. მაინც არ იშლიდა თავისას: გამუდმებით აფრიალებდა წითელ მულეტს და სასწაულად ახერხებდა თავის დაძვრენას. ხარიც რამდენჯერმე დაჭრა მძიმედ, მაგრამ რატომღაც ინდობდა. გადამწყვეტი დარტყმის წინ კი აღმოჩნდა, რომ არც ძალა შერჩენოდა და აღარც მოქნილობა. ის დროზე გაათრიეს არენიდან. სამოქალაქო კორიდა საქართველოში დასრულდა.

P.S.

სახელმწიფო ჭეშმარიტად თავისუფალი და განათლებული მხოლოდ მაშინ გახდება, როცა აღიარებს და საკადრისი პატივისცემითაც მოეპყრობა პიროვნებას, როგორც უმაღლეს და თვითკმარ ფასეულობას, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს მთელი ძლიერება და ძალაუფლება. მე ვოცნებობ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც სამართლიანი იქნება ყველა თავისი ქვეშევრდომის მიმართ და ყოველ პიროვნებას, როგორც თავის მოყვასს, ისე მოეპყრობა; რომელსაც სრულიადაც არ დაურღვევს სიმშვიდეს განს გამდგარ ადამიანთა ის მცირერიცხოვანი კატეგორია, აქტიურად რომ არ იქნება ჩართული მის საქმეებში და არც განაკუთრებული ქვეშევრდომული აღტყინებით ნიშანდებული, მაგრამ პატიოსნად მოიხდის თავის ვალს მოყვასთა მიმართ. სახელმწიფო, რომელიც მოისხამს ამგვარ ნაყოფს და დამწიფებისთანავე დაუნანებლად მოიწყვეტს ტოტიდან _ ასეთი სახელმწიფო ნიადაგს შეამზადებს სხვა, კიდევ უფრო სრულყოფილი სახელმწიფოსათვის, რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია.

ჰენრი დევიდ ტორო


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments