თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » ადამიანის ღირსება და მისი მნიშვნელობა

ადამიანის ღირსება და მისი მნიშვნელობა

Written by Administrator   // 28/11/2012   // Comments Off

ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა მნიშვნელობა საქართველოს კონსტიტუციით შექმნილი ახალი ქართული სახელმწიფო ეფუძნება თავისუფალი, დემოკრატიული წესწყობილებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის უმთავრესი საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ხელისუფლების უშუალოდ შემბოჭავი ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია (შემდგომში _ `ძირითადი უფლებები~). ამ ნაშრომის მიზანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლების _ ადამიანის ღირსების განხილვაა, მაგრამ თავდაპირველად აუცილებელია, გავეცნოთ ძირითადი უფლებების არსს, მათ მნიშვნელობას და ადგილს საქართველოს სამართლებრივ სისტემაში.

 

 

ა) ძირითადი უფლებების მნიშვნელობა:

უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმით, რომ ზემოაღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლს. მასში მოცემული დებულება კონსტიტუციის უდიდესი მონაპოვარია. აღნიშნული დებულების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით~. ცხადია, რომ ამ დებულების საფუძველი, ისევე როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა ამღიარებელი სხვა ისტორიული დოკუმენტებისა, ბუნებითი სამართალია. საქართველო აღიარებს ადამიანის უფლებებს, როგორც ადამიანის ბუნებრივ (ბუნებით) უფლებებს, რომლებიც მას აქვს იმიტომ, რომ ადამიანია. ეს უფლებები ადამიანის დაბადებასთან ერთად წარმოიშობა, ზოგიერთი მათგანი კი ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფ ნაყოფსაც (ნასციტურუს) აქვს. შესაბამისად სახელმწიფოს არ შეუძლია, წაართვას ან მიანიჭოს ისინი ადამიანს; სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ამ უფლებებს და იმავდროულად უზრუნველყოს, დაიცვას ისინი. ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, მოქმედი სამართლის შემადგენელი ნაწილია, თავის მხრივ, უშუალოდ მოქმედებს და შესაბამისად ობიექტურ სამართალს წარმოადგენს, განსხვავებით ზოგიერთი სხვა (მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რამდენიმე მხარის) კონსტიტუციისაგან, რომლებშიც ადამიანის უფლებები მხოლოდ პროგრამული, დეკლარაციული ხასიათისაა. ამასთან, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიხედვით, ამ უფლებებით შეზღუდულია არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ხალხიც, რომელიც თავისი ნების გამოხატვისას ვალდებულია, გაითვალისწინოს ისინი და ყოველი კონკრეტული საკითხი მათ შესაბამისად გადაწყვიტოს. ძირითად უფლებებსა და სახელმწიფოს ნებისმიერ აქტს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას ესუკანასკნელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ძალას კარგავს და არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ აქტად. როგორც ცნობილია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს: საკანონმდებლო ხელისუფლება შებოჭილია კონსტიტუციით, უფრო კონკრეტულად _ კონსტიტუციით შექმნილი და განმტკიცებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგით, აღმასრულებელი ხელისუფლება და მართლმსაჯულება კი _ კონსტიტუციითა და მის შესაბამისად მიღებული კანონებით, ანუ სამართლით. `ხელისუფლების მბოჭავ~ ნორმებში, უპირველეს ყოვლისა, ისევ ადამიანის ძირითადი უფლებები უნდა ვიგულისხმოთ. სწორედ ისინი ბოჭავს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს. აღმასრულებელი ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს მოქმედი სამართლის ნორმებზე, ანუ კანონებზე, მაგრამ თვით ამ კანონების მიღებისას, საკანონმდებლო ხელისუფლება შეზღუდულია ძირითადი უფლებებით, რადგან ყველა კანონი სწორედ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს უნდა შეესაბამებოდეს. ასევე შეზღუდულია სასამართლო ხელისუფლებაც, რომელმაც ისე უნდა განმარტოს და გამოიყენოს კანონის ნორმები, რომ არ დაირღვეს ძირითადი უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ საერთო სასამართლოები იყენებენ მოქმედ სამართალს, იხილავენ და წყვეტენ მოქალაქეთა შორის, მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოებს შორის დავათა უდიდეს ნაწილს. მათი გადაწყვეტის პროცესში სამართლის ნორმათა განმარტებისა და გამოყენების დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ კონსტიტუციის საფუძველზე ადამიანის ძირითადი უფლებებით შექმნილი ღირებულებათა სისტემა. საქართველოს კანონმდებლობით, საქმის საპროცესო მხარე, თავად პროცესი, მოცემული საქმის შინაარსის შეფასება, გარემოებათა ანალიზი, სამართლის ნორმათა განმარტება და გამოყენება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი საერთო სასამართლოს კომპეტენცია. მაგრამ სასამართლო ვალდებულია, საქმეთა განხილვისას და კონკრეტულ ნორმათა გამოყენებისას, გაითვალისწინოს ძირითად უფლებათა მნიშვნელობა. ეს აუცილებელია იმ შემთხვევებშიც, როცა საქმე ეხება სამოქალაქოსამართლებრივ დავას ორ (ფიზიკურ თუ კერძო სამართლის იურიდიულ) პირს შორის. მიუხედავად იმისა, რომ, საყოველთაოდ გაბატონებული შეხედულებით, ძირითადი უფლებები უშუალოდ მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფოსა და მოქალაქეს და არა მოქალაქეთა (ან მოქალაქეთა და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა) შორის ურთიერთობებში, იმავე შეხედულების მიხედვით, ძირითადი უფლებები ავითარებს ე.წ. შუალობითი (არაპირდაპირი) მოქმედების ძალას ასეთ ურთიერთობებზე. შესაბამისად, ამ შემთხვევებშიც სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტება, გამოყენება და შეფარდება ორიენტირებული უნდა იყოს ძირითადი უფლებების მნიშვნელობასა და შინაარსზე. კონსტიტუციური ნორმები ირღვევა მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში იკვეთება ნორმათა განმარტებისას დაშვებული შეცდომა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული ძირითადი უფლების მნიშვნელობისა და გამოსაყენებელ საკანონმდებლო ნორმებზე მისი ზეგავლენის ძალის, განსაკუთრებით კი ამ უფლებით დაცული სფეროს ფარგლების მცდარი შეფასებით. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: თუ სასამართლო ცდება და საქმის განხილვისას, მართებულად ვერ აფასებს ძირითადი უფლებების ნამდვილ შინაარსსა და სამართლის ნორმებზე მათი ზემოქმედების ძალას, ეს ნიშნავს, რომ საერთო სასამართლო, როგორც საჯარო ხელისუფლების მფლობელი, უყურადღებოდ ტოვებს ძირითადი უფლების მნიშვნელობას, ამის შედეგად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კი არღვევს ამ უფლებას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის კომპეტენტური სასამართლოს მიერ.

ბ) ძირითად უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციით არ არის დადგენილი ზოგიერთი ძირითადი უფლების შეზღუდვის საფუძველი. ასეთი ძირითადი უფლება აბსოლუტურად უზრუნველყოფილად ითვლება და სახელმწიფოს არც ერთ შემთხვევაში, თვით კანონის საფუძველზეც კი არ შეუძლია მისი შეზღუდვა. მაგალითად, ინტელექტუალური შემოქმედების ანუ ხელოვნების თავისუფლება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებაა. კონსტიტუციით შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაზე: გავრცელება შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არღვევს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. რაც შეეხება თავად შემოქმედებით პროცესს, მასში ჩარევა და შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. ასეთი აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს ისევ და ისევ მხოლოდ სხვა ძირითად უფლებასთან კონფლიქტის დროს, როცა კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა სწორედ აბსოლუტურად უზრუნველყოფილ ძირითად უფლებასთან კოლიდირებულ, არანაკლები მნიშვნელობისა და მოქმედების ძალის მქონე ძირითად უფლებას უნდა მიენიჭოს. მიუხედავად ზემოთქმულისა, ძირითადი უფლებების უმრავლესობა შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამისათვის სახელმწიფომ უნდა დაიცვას რამდენიმე აუცილებელი პირობა. უპირველეს ყოვლისა, (1) შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, თავად კანონი და კანონის ნორმათა გამომყენებელი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ძირითადი უფლებების არსს. გარდა ამისა, თავად კანონი უნდა იყოს ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მისი ნორმები  ცხადი, კონკრეტული და არაორაზროვანი, კანონის ნამდვილი აზრი  ადვილად მისახვედრი და გასაგები, მისი დარღვევის შედეგები კი  ადვილად განჭვრეტადი;

(2) კანონის საფუძველზე განხორციელებული ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს ამ აუცილებლობაზე (მაგალითად, 22-ე მუხლის მე-3 და 24-ე მუხლის მე-4 პუნქტებში), რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ძირითად უფლებათა შესაზღუდად დაეყრდნოს ზოგად აუცილებლობას; შეზღუდვა გამოწვეული უნდა იყოს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს, თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების შენარჩუნებისა და არსებობის აუცილებლობით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ტერმინი `აუცილებელი~ არ არის `საჭიროს~ სინონიმი; მას ასევე არა აქვს ისეთი გამოთქმების მნიშვნელობა, როგორიცაა: `დასაშვები~, `მისაღები~, `საკმარისი~ ან `სასურველი~. თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება, თავის მხრივ (როგორც ზემოთ აღინიშნა), გამორიცხავს ყოველგვარ ტოტალიტარულ და ძალმომრეობით მმართველობას და წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის სისტემას. იგი ეფუძნება (უზენაესი) მოქმედი უმრავლესობის ნებას, შესაბამისად ხალხის თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და თანასწორობას. ამ წყობილების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი კი კონსტიტუციით აღიარებული და კონკრეტიზებული ადამიანის უფლებების, უპირველესად _ ადამიანის ღირსების, სიცოცხლისა და საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების პატივისცემაა; (3) კანონი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ძირითადი უფლების შეზღუდვა, აუცილებლად უნდა იყოს ზომიერი, ანუ უნდა შეესაბამებოდეს ზომიერების პრინციპს. ზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონს უნდა ჰქონდეს

(ა) ლეგიტიმური საჯარო მიზანი,

(ბ) უნდა იყოს გამოსადეგი (მიზნის მისაღწევად),

(გ) აუცილებელი (საჭირო) (მიზნის მისაღწევად) და

(დ)შესაბამისი (ანუ ზომიერი ვიწრო გაგებით).

გ) ძირითად უფლებათა ცნების ელემენტები

როგორც ზემოთ აღინიშნა, ძირითადი უფლებები საქართველოს სამართლებრივი სისტემის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მე-7 მუხლით, რომელიც ძირითად უფლებებს `უშუალოდ მოქმედ სამართალს~ უწოდებს. წმინდა სამართლებრივი ენით რომ ვთქვათ, ისინი `ობიექტურ სამართალს~ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოს კონსტიტუცია შეიცავს ძირითად უფლებებს მხოლოდ პროგრამის, რეკომენდაციების, მიზნების მნიშვნელობით. ძირითადი უფლებები პერსონალურ პრეტენზიას (მოთხოვნას) წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს: ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ დარღვეულია მისი ძირითადი უფლება, შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს (მ. 89, პ. 1, ქვპ. `ვ~). ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ძირითად უფლებებს პატივი უნდა სცენ არა მხოლოდ მათ, ვინც ვალდებულია (საჯარო ხელისუფლებამ), არამედ თვით ამ უფლებებით აღჭურვილმა ადამიანებმაც, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს დახმარებით შეუძლიათ, მოითხოვონ თავიანთ უფლებათა დაცვა და დაფასება. ამდენად, ძირითადი უფლებები სუბიექტური უფლებებია. ზემოთქმულიდან უკვე იკვეთება ძირითად უფლებათა მთავარი არსი: ძირითადი უფლებები, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსაგან ადამიანის დამცავი უფლებებია. ისინი იცავს ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მათი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში ჩარევისაგან და ამით უზრუნველყოფს ადამიანებისათვის ცხოვრების (სახელმწიფოსაგან) თავისუფალ სფეროებს. ძირითადი უფლებები ბოჭავს სახელმწიფოს, სახელმწიფო ხელისუფლებას და გამორიცხავს იმას, რომ ხელისუფლებას ყველაფერის უფლება ჰქონდეს. თუ კარგად დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ძირითადი უფლებების ეს მიზანი (სახელმწიფოს შებოჭვა) მათი ისტორიული განვითარების თავისებურებიდან გამომდინარეობს და დღესაც მათ ტიპურ ფუნქციას წარმოადგენს. ძირითადი უფლებები ავალდებულებს სახელმწიფო ხელისუფლებას. ამ დებულების სამართლიანობა გამომდინარეობს ძირითადი უფლებების ისტორიული ფუნქციიდან, ზემოთ ციტირებული კონსტიტუციის მე-7 მუხლის ნორმიდან და პრაქტიკული მოსაზრებიდან. სახელმწიფოს ეს ვალდებულება მოქმედებს როგორც ნეგატიური (სახელმწიფოს მიერ რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება), ისე პოზიტიური (მოქალაქეთათვის სამსახურის გაწევა და მათი ძირითადი უფლებების აქტიური დაცვა) თვალსაზრისით. მაგალითად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს უფლება, თვითნებურად შეაწუხოს ან რაიმე უპირატესობა მიანიჭოს მოქალაქეს. აქვე შევნიშნავ: რაკი ძირითადი უფლებები სახელმწიფოს ზღუდავს და არა კერძო პირებს, მათ საჯარო უფლებებსაც უწოდებენ. ძირითადი უფლებები კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია: ადამიანები ფლობენ მრავალ სუბიექტურ უფლებას სახელმწიფოს მიმართ, მაგალითად, ზედმეტად გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების, ანაზღაურების უფლებას, მაგრამ ეს არ არის ძირითადი უფლება. ძირითადი მხოლოდ ის უფლებებია, რომლებიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამდენად, მაგალითად, საქართველოში არ არსებობს შრომის ძირითადი უფლება, რადგან სათანადო ფორმულირება კონსტიტუციაში არ არის (კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში მხოლოდ აღნიშნულია, რომ `შრომა თავისუფალია”). თუმცა, ბევრი მეცნიერის აზრით, კონსტიტუციის შესაბამისი უფლებები, რომლებიც არ არის შეტანილი ძირითადი უფლებების კატალოგში, მიუხედავად ზემოთქმულისა, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ძირითად უფლებებად, უფრო ზუსტად _ ძირითად უფლებათა თანაბარ (მსგავს) უფლებებად. დ) ძირითად უფლებათა დაჯგუფების პრინციპები ადამიანის ძირითადი უფლებების დაჯგუფება სხვადასხვა პრინციპების საფუძველზე ხორციელდება. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სახელმწიფო ხელისუფლებაზე ორიენტირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ძირითად უფლებათა დაყოფის საფუძველია საკითხი, თუ რა უნდა გააკეთოს, რა უნდა მოითმინოს და რა არ უნდა გააკეთოს ვალდებულმა, ანუ სახელმწიფო ხელისუფლებამ. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად შეიძლება გამოვყოთ:

1. თავისუფლების უფლებები

თავისუფლების უფლებების მიზანია, უზრუნველყონ ადამიანისათვის სახელმწიფოსაგან თავისუფალი სფერო. ამ უფლებებს ე.წ. `ნეგატიური სტატუსი~ აქვს, ანუ სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს არავითარი ინტერვენცია ადამიანიების ცხოვრებისა და საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში (სტატუს ნეგატივუს). თავისი კანონებით სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მესამე პირიც პატივს სცემდეს ამ უფლებებს, რომლებსაც მიეკუთვნება: ადამიანის ღირსება, სიცოცხლის უფლება, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის, ინფორმაციის, აზრისა და პრესის, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებები.

2. სამოქალაქო უფლებები

ძირითადი უფლებების პირველი კატალოგები თავისუფლების უფლებებთან ერთად შეიცავდა ე. წ. სამოქალაქო (იგივე პოლიტიკურ) უფლებებს. სამოქალაქო უფლებებით, რომლებსაც ე.წ. `აქტიური სტატუსი” (სტატუს აცტივუს) აქვს, ხორციელდება ზემოქმედება სახელმწიფოზე. მაგალითად, პარლამენტმა უნდა მოითმინოს და აიტანოს ახალი არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დეპუტატების პარლამენტის წევრობის საკითხი. საყურადღებოა, რომ თავისუფლების უფლებები შესაძლოა ავტორიტარულ სახელმწიფოშიც არსებობდეს, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას არ ცნობს, მაგრამ სამოქალაქო უფლებების იქ არსებობა გამორიცხულია. უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო უფლებაა საარჩევნო უფლება. თუმცა ასევე ცხადია, რომ თავისუფალი არჩევნები მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა სახეზეა სიტყვის თავისუფლება, აზრისა და პრესის თავისუფლება, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებები.

3. სოციალური უფლებები

სოციალური უფლებების პირველი ფორმულირება მოხდა მე-19 საუკუნეში ე.წ. ძმობის სულის გავლენით. ამ უფლებებს ე.წ. `პოზიტიური სტატუსი~ (სტატუს პოსიტივუს) აქვს და ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრების პირობები იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ეს სჭირდებათ. აქ უპირველესად იგულისხმება საკვები, ტანსაცმელი და საცხოვრებელი. ძირითად უფლებათა ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ აგრეთვე განათლების, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებები. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უნივერსიტეტებში დამკვიდრებული სასწავლო კურსის მიხედვით ძირითადი უფლებების უკეთ შესასწავლად მათი დაჯგუფება ხდება დაცული სამართლებრივი სიკეთის მიხედვით. ასეთი დაყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძირითადი უფლებების შინაარსის უკეთ გასაგებად, არამედ მათი დარღვევის შემოწმების პროცესისთვისაც. აღნიშნული დანაწილების მიხედვით გამოიყოფა:

(1) თავისუფლების უფლებები.

ძირითადი უფლებების უმეტესი ნაწილი ე.წ. თავისუფლების უფლებებს წარმოადგენს.

(2) თანასწორობის უფლებები.

თანასწორობის უფლებები წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო თანასწორად მოეპყრობა თავის მოქალაქეებს. დაუშვებელია ადამიანისათვის უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭება ან სხვებთან შედარებით მისი უარეს მდგომარეობაში ჩაყენება. სახელმწიფოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოეპყრას ადამიანებს უთანასწოროდ, როცა ამისათვის განსაკუთრებული საფუძველი აქვს (იურიდიულად ეს შეიძლება ასეც ვთქვათ: როცა სახელმწიფოს აქვს დიფერენცირების არსებითი საფუძველი). ამასთან, კანონის წინაშე თანასწორობა ვრცელდება ყველა სფეროზე;

(3) საპროცესო უფლებები;

საპროცესო უფლებები, რომლებსაც `მართლმსაჯულების ძირითად უფლებებსაც~ უწოდებენ, უპირველესად უზრუნველყოფს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, დაცვის უფლებას, აგრეთვე განსაზღვრავს დაკავებისას, დაპატიმრებისას და თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საფუძვლებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. შესავალი ადამიანის ძირითად უფლებათაგან თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებული ადამიანის ღირსება. თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება კონსტიტუციის უზენაესი ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპია. კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი. ამ უნარიდან გამომდინარე, ყველა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობით. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური სფეროებისათვის ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სახელმწიფო ვალდებულია, ადამიანს ამისათვის შეუქმნას შესაბამისი პირობები და მისცეს თავისუფალი ცხოვრებისა და საქმიანობის საშუალება. სწორედ აქ არის თვითმმართველობისა და დემოკრატიის ფესვები.

 

2. დაცული სფერო

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ იმავე მუხლის მეორე პუნქტით კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება.“ კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში მოცემული ძირითადი უფლების შინაარსისა და ამ უფლებით დაცული სფეროს განსაზღვრა მეტად რთულია. ფილოსოფიური მოძღვრებები მას სხვადასხვაგვარად განსაზღვრავდნენ. თუმცა უდავოა ის ფაქტი, რომ `ადამიანის ღირსება~ ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ამის საფუძველი ადამიანის ღმერთთან მსგავსებაა: შექმნა ღმერთმა კაცი სახედ თვისად, თავის ხატად შექმნა იგი”. სწორედ აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ღირსება, ღირებულება, რის გამოც იგი არ შეიძლება იქცეს რაიმეს ობიექტად ან ინსტრუმენტად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი არასოდეს უნდა იქცეს მიზნის მისაღწევ საშუალებად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს. აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ღირსების ძირითადი უფლებით დაცული სფერო მოიცავს აბსოლუტურად ყველა ადამიანს. აქ ადამიანთა დიფერენცირება რაიმე ნიშან- თვისების მიხედვით დაუშვებელია. ღირსება ერთდროულად აქვს ქალს და კაცს, ბავშვს და მოხუცს, კანონმორჩილ მოქალაქეს და რეციდივისტს. თვით დედის სხეულში მყოფ მომავალ სიცოცხლესაც შეუძლია მოიხმოს საკუთარ უფლებათა დასაცავად ადამიანის ღირსება. ღირსება არ არის დაკავშირებული: ა) უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობასთან; ბ) ღირსების შეგრძნების შესაძლებლობასთან; გ) შეგნებასთან, რომ ღირსების მფლობელი ხარ. შესაბამისად, ღირსება აქვს როგორც ნაყოფს (ნასციტურუს), ისე რაიმე ფიზიკური ნაკლით დაბადებულს და სულით ავადმყოფს. ადამიანის ღირსება ვრცელდება აგრეთვე გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზე. პატიმრებსაც, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან უმძიმესი დანაშაულებისათვის, აქვთ ღირსება. როგორც აღინიშნა, ადამიანის ღირსების პატივისცემა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ადამიანი აღიარებულია საკუთარი

პასუხისმგებლობის მქონე დამოუკიდებელ და თავისუფალ პიროვნებად. არავინ არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს საქმიანობის `შიშველი ობიექტი”. ადამიანის ღირსება დაირღვევა მაშინ, როცა მას დევნის, დამცირების, უფლების აყრის გზით მოეპყრობიან, როგორც საგანს. ამასთან, ღირსება არ არის ხელშესახები, ასევე არ შეიძლება მისი დაკარგვა. არც სახელმწიფოს შეუძლია, რაიმე პირობების არსებობისას, ადამიანს ღირსება მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოართვას და არც ადამიანი კარგავს ღირსებას თავისი უღირსი საქციელით, საქმიანობით თუ ცხოვრების სტილის გამო. სადაც კი არსებობს ადამიანი, იქვეა მისი ღირსებაც და არა აქვს მნიშვნელობა, ღირსების მფლობელს ესმის თუ არა ეს.

ღირსების განსაკუთრებული, ფუნდამენტური მნიშვნელობა იკვეთება იმაშიც, რომ იგი არა მხოლოდ დამცავი ძირითადი უფლებაა (სტატუს ნეგატივუს _ სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს არავითარი ინტერვენცია ადამიანის ღირსებით დაცულ სფეროში, არ უნდა შელახოს ადამიანის ღირსება), არამედ მას ე.წ. `აქტიური სტატუსიც~ (სტატუს აცტივუს) აქვს _ იგი სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანების ელემენტარული სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას. ადამიანებს არ შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული (დაბალი და მაღალი რანგის) სამართლებრივი სტატუსი. სწორედ აქედან გამომდინარე, დაუშვებელია და ადამიანის ღირსების შელახვად ითვლება მონობა და რასისტული დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ღირსების ძირითადი უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური მატერიალური პირობების შექმნას. აქ იგულისხმება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი, ისე სოციალური სისტემა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი უნარის შესაბამისად, მიიღოს საჭირო განათლება და საკუთარი შრომით კანონიერად მოიპოვოს ის შემოსავალი, რაც აუცილებელია ღირსეულად ცხოვრებისათვის. აქედან გამომდინარე, ადამიანის ღირსებისდარღვევად შეიძლება შევაფასოთ სახელმწიფოში არსებული ძალიან მაღალი, არაგონივრული გადასახადები, რომელთა გადახდის შემდეგაც ადამიანს რჩება ის შემოსავალი, რაც არ აძლევს მას ღირსეულად ცხოვრების საშუალებას (მაგალითად, არ შეუძლია საკუთარი თავი და ოჯახი უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით (შესაბამისი საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით და ა.შ.)) და აიძულებს არაკანონიერი გზით მოიპოვოს საჭირო შემოსავალი. ადამიანის ღირსების მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ჩანს აგრეთვე სისხლის სამართალში, სადაც ეს ძირითადი უფლება ადგენს სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობის საზღვრებს და ზღუდავს მას. სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი და შეესაბამებოდეს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და დამნაშავის ბრალს; დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. დანაშაულის ჩამდენი პირი არ უნდა იქცეს დანაშაულთან ბრძოლის შიშველ ობიექტად. ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი ინდივიდუალური და სოციალური პირობები შენარჩუნებული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ეხება სასჯელის აღსრულებასაც. ამ მოთხოვნის გამო უნებურად ჩნდება კითხვა: სამართლიანია თუ არა სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთის დადგენა და გამოყენება?

აღნიშნულ კითხვას პასუხი შეიძლება გავცეთ კონკრეტული სასამართლო საქმის საფუძველზე:

მაგალითი 1: სამართლის ერთ-ერთმა ცნობილმა პროფესორმა, რომელიც იმავდროულად საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი თავისი კლიენტის სახელით, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. იგი სარჩელში მოითხოვდა სასჯელის ამ ზომის გაუქმებას. მისი აზრით, უვადო თავისუფლების აღკვეთა არღვევდა ადამიანის ღირსებას, რადგან ამით ადამიანი მთელი სიცოცხლე ოთხ კედელს შორის იქნებოდა გამომწყვდეული, ვეღარ შეძლებდა საკუთარი პიროვნების განვითარებას და როგორც ინდივიდი, სიცოცხლეშივე მკვდარი იქნებოდა, რადგან იცოდა, რომ საერთოდ არ ჰქონდა გათავისუფლების რეალური, სამართლებრივი შანსი. პროფესორის აზრით „შეწყალების პრინციპი ამ მოთხოვნას შეესაბამება, ხოლო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს შეწყალების პრინციპის სამართლის ნორმის დონეზე აყვანას.“ სასამართლომ განიხილა საქმე და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ეს სასჯელი წარმოადგენს ადამიანის ღირსების უმძიმესს დარღვევას, მაგრამ მისი არსებობა დასაშვებია, თუ იმავდროულად დამნაშავეს ექნება შანსი, გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოიპოვოს თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსთხოვა კანონმდებელს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეეტანა ნორმა, რომლის მიხედვითაც, დამნაშავე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეიძლება გათავისუფლებულიყო 20 წლის შემდეგ, შესაბამისი პირობების არსებობისას (თუ მას არა აქვს განსაკუთრებით მძიმე ბრალი და ა. შ.). კანონმდებელმა ეს მოთხოვნა შეასრულა (იგივე ნორმა არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: ყოველ ადამიანს აქვს ღირსება, რის გამოც დაუშვებელია, იგი იყოს რაიმე საქმიანობის ობიექტი ან ინსტრუმენტი. ადამიანი არასოდეს არ შეიძლება იყოს საშუალება მიზნის მისაღწევად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს.

 

3. დაცულ სფეროში ჩარევა

მიუხედავად ზემოხსენებული იმპერატიული მოთხოვნისა, ადამიანი არცთუ იშვიათად მაინც ხდება საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და სამართლის ნორმების, რომელთაც იგი უნდა დაემორჩილოს, შიშველი ობიექტი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსების ძირითადი უფლების დარღვევად. აუცილებელია, ამ ყოველივეს თან ახლდეს გარემოება, რომლის გამოც ადამიანი განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ ხვდება, რაც პრინციპულად ეჭვქვეშ აყენებს მისი, როგორც ინდივიდის, სუბიექტის ხარისხს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების ფუნდამენტური მნიშვნელობა, მისი უზენაესი ღირებულება არ უფასურდება დაცულ სფეროში მსუბუქი ჩარევით. ადამიანის ღირსების დარღვევა ხდება ამ უფლებით დაცულ სფეროში მხოლოდ მძიმე ჩარევის დროს.  ნაკლები ინტენსივობის ღონისძიებები კი, რომლებიც მხოლოდ დროებით გავლენას ახდენს და რომელთა მიზანი სულაც არაა ადამიანის დამცირება, არ არღვევს ადამიანის ღირსებას.

 მაგალითი 2:

ესპანეთში წარმოებდა გამოძიება ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენა. დაკავებისას მას ჰქონდა ულვაშები და ქერად შეღებილი თმა, ასევე რამდენიმე ყალბი პასპორტი, რომლებშიც იგი სულ სხვა სახით (განსხვავებული წვერითა და ულვაშებით, ვარცხნილობითა და თმის ფერით) იყო წარმოდგენილი. მოწმეებთან დაპირისპირების მიზნით გამომძიებელმა ბრძანა, ეჭვმიტანილის სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით შეეღებათ მისთვის თმა, საერთოდ,გრიმიორების დახმარებით ეჭმიტანილს უნდა მიეღო ისეთი იერი, როგორითაც იგი მოწმეებმა ნახეს. მიუხედავად დაკავებულის წინააღმდეგობისა, მას რამდენჯერმე (დაპირისპირების რაოდენობის შესაბამისად) შეუცვალეს იერი, სპეციალური საშუალებებით მიაკრეს ულვაშები, წვერები, შეუღებეს თმა და შეუცვალეს ვარცხნილობა. დაკავებულის საჩივრის განხილვის შემდეგ კომპეტენტურმა სასამართლომ განმარტა, რომ აქ არ მომხდარა ადამიანის ღირსების შელახვა, რადგან: გამომძიებლის მიერ მიღებული ზომები იყო (1) ნაკლები ინტენსიურობის და (2) დროებითი ხასიათის, (3) არ წარმოადგენდა ბრალდებულს შიშველ ობიექტად და (4) მიზნად ისახავდა არა მის დამცირებას, არამედ მძიმე დანაშაულთა გახსნას.

 

ადამიანი დამცირებულია, როგორც შიშველი ობიექტი. ეს დამცირება პრინციპულად ეჭვქვეშ

აყენებს მისი, როგორც სუბიექტის ხარისხს. დროთა განმავლობაში, დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა მდიდარი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე გამოიკვეთა შემთხვევათა ჯგუფები, რომელთა დროსაც ირღვევა ადამიანის ღირსება. ესენია: (რასისტული) დისკრიმინაცია, რომელიც დისკრიმინირებული პირის ადამიანობას უარყოფს; მონობა, ადამიანებით ვაჭრობა; წამება, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა, ფიზიკური სასჯელი; ე.წ. ტვინის გამორეცხვა, ფსიქიკური წამება ან ჰიპნოზი; სისტემატური დამცირება და შეურაცხყოფა; ფიზიკური და სულიერი სიმშვიდისა და ერთიანობის მასობრივი შელახვა და დარღვევა; საარსებო მინიმუმის ხელიდან გამოცლა (მაგალითად: ძალიან მაღალი, არასამართლიანი გადასახადებით); გამოუვალ, უიმედო მდგომარეობაში ჩაყენება; ინდივიდის მიმართ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის მასობრივი უარყოფა; ადამიანის გენებზე კანონსაწინააღმდეგო კვლევების ჩატარება; ბავშვის მიჩნევა ზიანად; ღირსების შემლახველი მოწოდებებისა და შეხედულებების გავრცელება. დასკვნა: ყოველ ადამიანს აქვს ღირსება; ეს ღირსება გამომდინარეობს ადამიანად ყოფნისაგან. ღირსებას ადამიანს არ ანიჭებს სახელმწიფო (პრეზიდენტი, პარლამენტი ან სასამართლო). იგი იმანენტურია ადამიანად ყოფნისათვის. ადამიანის ღირსების ძირითადი უფლებით გარანტირებული დაცვა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე.

მაგალითები

თანასწორობის დარღვევა,

მაგალითად: მონობა ფიზიკური ხელშეუვალობის და ერთიანობის დარღვევა,

მაგალითად: წამება სულიერი სიმშვიდის დარღვევა,

მაგალითად: ჰიპნოზი საპროცესო უფლებების დარღვევა სისხლის სამართლის პროცესში

შესავალი

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის ძირითადი უფლებები საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. კონკრეტულად ამ უფლების შესახებ კონსტიტუცია არაფერს ამბობს, მაგრამ, როგორც აღინიშნა, იგი გამომდინარეობს უპირველესად ადამიანის ღირსების, აგრეთვე სიცოცხლის ძირითადი უფლებებიდან; გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების საფუძველი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება~. მიუხედავად ამ დებულებისა, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება შინაარსობრივად გაცილებით ფართო და მრავლისმომცველია, არ შემოიფარგლება მხოლოდ წამებისა და სასტიკი მოპყრობის აკრძალვით და იმდენად მნიშვნელოვანი ძირითადი უფლებაა, რომ აუცილებელია მისი განხილვა ღირსების ძირითად უფლებასთან ერთად, თუმცა როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ნაწილის.

2. დაცული სფერო

ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება არის ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე. იგი, სიცოცხლის უფლების მსგავსად, დამცავი უფლებაა და, უპირველეს ყოვლისა, იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. გარდა ამისა, იგი იცავს ადამიანს ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან, რომელიც ტკივილს იწვევს და ამით უთანაბრდება ფიზიკურ დაზიანებას. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, თვითმფრინავების ხმაური, რომელიც იწვევს მშვიდი ძილის დარღვევას, აგრეთვე ფსიქიკური ზემოქმედება ადამიანზე. საინტერესოა, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული (სასამართლოში წარსადგენი შესაბამისი სარჩელის არარსებობის გამო) საკითხი, შეესაბამება თუ არა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობა არის `ადამიანის სრულყოფილი ფიზიკური, სულიერი და სოციალური არსებობა~ და არა მხოლოდ ავადმყოფობისა და დაზიანებებისაგან თავისუფალი ყოფნა.

3. დაცულ სფეროში ჩარევა და ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი

ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითად უფლებაში, ანუ ადამიანის ფიზიკურ მთლიანობაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე და მხოლოდ ზომიერების პრინციპის დაცვით. ასეთ ჩარევებს ადგილი აქვს, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს, როცა აუცილებელია ჩადენილი დანაშაულის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა. ზომიერების პრინციპი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოითხოვს, რომ ჩარევა იყოს აუცილებელი, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი და არსებული ეჭვის სიძლიერით გამართლებული. სისხლის აღება, როგორც წესი, დასაშვებია, თუ ეს კეთდება (საკმარისი ეჭვის დროს) ექიმის მიერ და მიმართულია იმ ფაქტების დადგენისაკენ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს

III. ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება სისხლის სამართლის საქმისათვის.

ამის საპირისპიროდ ტვინისა და ზურგის სითხის ამოღება წარმოადგენს მძიმე ფიზიკურ ჩარევას, რომელიც დასაშვებია მხოლოდ მძიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდების დროს, პირის ქმედუნარიანობის დასადგენად და არა უმნიშვნელო დელიქტების გახსნის მიზნით. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც უკეთესს (ან ისეთივე) შედეგს იძლევა და იმავდროულად ნაკლებად არღვევს პირის ფიზიკურ მთლიანობას. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დღეისათვის საუკეთესო ტექნიკური საშუალების _ კომპიუტერული ტომოგრაფიის და არა ძველი სამედიცინო საშუალებების გამოყენება, რომლებიც მძიმედ არღვევს ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითად უფლებას. კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე არ არის დაკავშირებული პირის ჯანმრთელობის რისკთან. დაუშვებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროზე ირიბი ზემოქმედება. ასეთია, მაგალითად, მდგომარეობა, როცა არსებობს აშკარა და კონკრეტული საფრთხე, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობას შეიძლება მძიმე ზიანი მიადგეს ან იგი შეიძლება გარდაიცვალოს სასამართლო პროცესებზე სიარულითა და ფიზიკური გადატვირთვის გამო. თუმცა ჯანმრთელობის დარღვევის ყოველგვარი საფრთხე არ იწვევს პროცესის შეჩერებას. საკითხი _ გაგრძელდეს თუ არა პროცესი _ უნდა გადაწყდეს ყველა გარემოების შეფასებით და გათვალისწინებით, განსაკუთრებით დანაშაულის სიმძიმის, პროცესის გაგრძელების სავარაუდო ვადისა და პირის ჯანმრთელობის დარღვევის განგრძობითი თუ დროებითი ხასიათის მიხედვით. ასეთივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა დგას სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროებითი ან ხანგრძლივი შეჩერების საკითხი. მაგალითად, საცხოვრებელი ფართის დაცლის შესახებ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება მოქირავნის მიმართ, რომელიც მძიმედ არის ავად და რომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გამოსახლების შემთხვევაში აშკარა საფრთხე დაემუქრება, დაუშვებელია.

მაგალითი 3: 60 წლის მოხუცმა მოქირავნემ წააგო სასამართლო დავა მესაკუთრესთან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაევალა საცხოვრებელი ფართის დაცლა, სადაც 3 წელი ცხოვრობდა. მოგვიანებით მოხუცმა მიიღო შეტყობინება, რომ ფართის დაცლა მოხდებოდა იძულებით. მან მოითხოვა ფართის იძულებითი დაცლის მოთხოვნის გაუქმება, ვინაიდან დიდი ხანია დაავადებული იყო მძიმე ენდოგენური დეპრესიით, რისგან განკურნებისთვისაც მხოლოდ თერაპიული ჩარევა არ იყო საკმარისი, თანაც დაავადებას თან ახლდა გულის ფუნქციონირებისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ამასთან, ამ წლების განმავლობაში მოხუცს ჰქონდა თვითმკვლელობის სამი მცდელობა და მისი გადარჩენა სტაციონარული მკურნალობით მოხერხდა. საცხოვრებლის (ოთახის) დაკარგვის შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო მძიმე ფსიქიკური დარღვევები და თვითმკვლელობის მუდმივი საფრთხე. აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, მოქირავნეს გადაუვადეს საცხოვრებლის დაცლის ვადა 7 თვით. თუმცა ამ ვადის შემდგომი გაგრძელება რაიონულმა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უარყვეს, მიუხედავად მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობისა. სასამართლოთა გადაწყვეტილებებით, დაირღვა მოხუცის ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, რადგან თუ მოქირავნის მიერ მითითებული საფრთხე მართლაც არსებობდა და მისი აცილება მხოლოდ ფართის დაცლის გადავადებით იყო შესაძლებელი (როგორც ჩანს, ეს მართლაც ასე იყო, რადგან მოხუცს ჰქონდა დამამტკიცებელი საბუთები საავადმყოფოდან), მაშინ მისი აღსრულება კიდევ დიდი ხნით უნდა გადავადებულიყო.


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments